წვდომის მენიუ

შპს ”სისტემა გამას“ კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და №B82 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 210 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2013

მიღების თარიღი აპრილი 02, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/108-13, 11.03.2013წ.) მიმართა შპს ”სისტემა გამამ” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B81 და  №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სისტემა გამა”  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82  ლიცენზიებს  2013 წლის 1 მაისამდე, კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

  ა) № B81

ა.ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ა.ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო  რადიომაუწყებლობა;

ა.გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიო მაუწყებლობა 104,3 მჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

ა.დ)  დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი;

ბ) № B82;

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით-საგანმანათლებლო) რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 102,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ”სისტემა გამას”  მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ”სისტემა გამას” მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული არ აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სისტემა გამას” უნდა მიეცეს ვადა, რათა ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის – 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ”სისტემა გამას”  კერძო მაუწყებლობის:

ა) №B81 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 9,720.00 ლარი.

ბ) №B82 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 8,262.00 ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა  შპს ”სისტემა გამას“ მაუწყებლობის №B82 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 28 ივლისის №340/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებით-საგანმანათლებლო) რადიომაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტს და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელთა შესაბამისად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ წერილობით (№01/1479-12, 18.06.2012წ.) მიმართა შპს ”სისტემა გამას” და მოსთხოვა სპეციალიზებული მაუწყებლობის ფარგლებში ერთი თემატიკის დაზუსტება. შპს ”სისტემა გამამ”  სპეციალიზებული მაუწყებლობის №B82 ლიცენზიის თემატიკად განსაზღვრა შემეცნებითი რადიომაუწყებლობა (შპს ”სისტემა გამას” წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/3436-12, 29.06.2012).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს „სისტემა გამას“ კუთვნილი მაუწყებლობის №B82 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზიიის სახე და სახეობა მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სისტემა გამას“ კერძო მაუწყებლობის №B81 და №B82 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მაუწყებლობის №B82 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 1 მაისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს ”სისტემა გამამ” სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენა 2013 წლის 1 მაისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”სისტემა გამასთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები