წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის №1347 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 212 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2013

მიღების თარიღი აპრილი 02, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/143-13, 29.03.2013წ.) მიმართა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა კუთვნილი  №1347 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” ფლობს №1347 ლიცენზიას კომისიის 2003 წლის 29 აპრილის №180/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული და/ან საერთაშორისო სისტემებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: თანამგზავრული ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 29.04.2013.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული არ აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს უნდა მიეცეს ვადა, რათა ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის – 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. გამომდინარე იქიდან, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის №1347 ლიცენზია ითვალისწინებს ტელემაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით, აღნიშნული სახის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ვერ იქნება გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება.  

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა                  შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის №1347 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, 2003 წლის 29 აპრილის №180/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურების, ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი მაუწყებლობის №1347 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა სალიცენზიო პირობები მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-ის №1347 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების თაობაზე.

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 1 მაისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა 2013 წლის 1 მაისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე                           (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”რუსთავი 2”-სთვის გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები