წვდომის მენიუ

შპს „რეალკომსა“ და შპს „ბლექ სი სატს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 234 / 5

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 25, 2013

მიღების თარიღი აპრილი 05, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/640-13, 01.02.2013) მიმართეს შპს „რეალკომმა“ და შპს „ბლექ სი სატმა“ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „რეალკომის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიის შპს „ბლექ სი სატისთვის“ დროებით გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რეალკომი“ კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის №93/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის №67/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 10.705-11.181 გჰც   ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 თებერვლამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2008 წლის 22 თებერვლიდან 1 (ერთი) წელი;

დ) უზრუნველყოს შპს ”რეალკომ”-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2012 წლის 12 ოქტომბრის №663/11 გადაწყვეტილებით წინასწარი თანხმობა მიეცა შპს “რეალკომს“ მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის, შპს “ბლექ სი სატის“ მიერ შეძენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, “რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისიის 2013 წლის 22 თებერვლის №108/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რეალკომსა“ და შპს „ბლექ სი სატს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2013 წლის 25 მარტს 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება; 

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან  მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 25 მარტის №10/1029-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „რეალკომს” კომისიის და საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურისა ან/და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება. ამდენად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 6 თებერვლის №10/119-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიით გადაპირებას ექვემდებარება ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლიდან (10.705-13.25 გჰც) 0.476გჰც. დღეის მდგომარეობით შპს ”ბლექ სი სატი” ქ. თბილისში 11 გჰც დიაპაზონში ფლობს 0.028 გჰც-იან რადიოსარელეო ხაზს (კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №860/7 გადაწყვეტილება). გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”ბლექ სი სატი” 10.705-13.25 გჰც დიაპაზონში არ ფლობს სხვა სიხშირეებს, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა, ვინაიდან ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის (0.476გჰც) გადაპირების შემდგომ იგი გახდება 0.504 გჰც-ს მფლობელი, რაც ნაკლებია რადიოსიხშირული მონაკვეთის (10.705-13.25 გჰც) 25 პროცენტზე.

კომისია აღნიშნავს, 2013 წლის 18 მარტს შპს ”რეალკომის” მიერ დამატებით წარმოდგენილი წერილიდან ირკვევა, რომ შპს ”რეალკომს” ჰყავს მხოლოდ ერთი აბონენტი შპს ”ბლექ სი სატი”. ამდენად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2013 წლის 25 მარტს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „რეალკომსა“ და შპს „ბლექ სი სატს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის გადაპირების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ორი ერთის წინააღმდეგ (კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას)

გადაწყვიტა:

1.       რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F60 ლიცენზიის მფლობელად, დროებით ერთი წლის ვადით  2014 წლის 5 აპრილამდე განისაზღვროს შპს „ბლექ სი სატი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული ზოლი: 10.705-11.181 გჰც   ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 თებერვლამდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”ბლექ სი სატმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე)

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი).

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რეალკომისთვის“ და შპს „ბლექ სი სატისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა).

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წეცრი                                                                                                          კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები