წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ სანქცირების თაობაზე

ნომერი: 237 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 25, 2013

მიღების თარიღი აპრილი 05, 2013

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

    ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 20 მარტის №10/209-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, კომისიაში 2013 წლის 15 მარტს შემოსული შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 203844723) №1357-13 წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა კომისიაში 2013 წლის 15 მარტს  შემოსული შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ წერილის საფუძველზე  გამოარკვია, რომ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2013 წლის 15 თებერვალს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ დამფუძნებელი (ნაირა კვესელავამ თავისი კუთვნილი 14 % წილი გაასხვისა ილია ინჯიას სასარგებლოდ).

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 29 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევასთან დაკავშირებით, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 5 აპრილს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით  და   მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 5 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ წარმომადგენელი ლიანა ამაშუკელი (მოქმედი შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ დირექტორის მიერ 2013 წლის 5 აპრილს გაცემული მინდობილობის საფუძველზე). შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ დამფუძნებლის ილია ინჯიას მიერ დაგვიანებით მოხდა კომპანიის დირექტორის ინფორმირება სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე. ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის ფაქტს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

 შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ წარმომადგენელ ლიანა ამაშუკელის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომპანიის პოზიცია კომისიის მიერ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედუნარიანობას, კერძოდ, 74-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ,,ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი.“ მისი განმარტებით, დღეს კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი არ იმყოფება საქართველოში, ხოლო  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, კარლო კვიტაიშვილს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მოქმედების ვადა გაუვიდა 2013 წლის 14 თებერვალს. ლ. ამაშუკელის განცხადებით, იგივე მოთხოვნას ითვალისწინებს ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტი, კერძოდ, კომისიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს, ასევე, კომისიის თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ წარმომადგენლის განმარტებით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-16 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ ,,კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვაზე და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვაზე“. შესაბამისად, ლ. ამაშუკელის აზრით, დღევანდელი კომისია თავმჯდომარის გარეშე არათუ ქმედუუნაროა, არამედ მოკლებულია შესაძლებლობას ჩაატაროს სხდომაც კი, ვინაიდან სხდომას არ უძღვება არც კომისიის თავმჯდომარე და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნებიც. კერძოდ, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, ,,ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში მიმდინარეობს იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის დადგენილი“. ზემოაღნიშნული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ,,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით“, ხოლო 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს ამ ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, ხოლო მისი არყოფნის შემთხევაში - კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე“. ლ. ამაშუკელის განმარტებით, ვინაიდან დღევანდელ სხდომაზე ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები არის დარღვეული და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე, ამგვარი ადმინისტრაციული წარმოების და სხდომის პირობებში, კომისია არ არის უფლებამოსილი მიიღოს რაიმე სახის გადაწყვეტილება, ვინაიდან, ამგვარი გადაწყვეტილება ბათილია.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 20 მარტის №10/209-13 სამსახურებრივი ბარათი;

2.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ 2013 წლის 15 მარტის №6/1357-13 წერილი თანდართული შესაბამისობის დეკლარაციით;

3.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ 2013 წლის 15 თებერვლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ;

4.       კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ შესახებ მონაცემები;

5.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ წარმომადგენლის მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

6.       კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 3 აპრილის №10/248–13 სამსახურებრივი ბარათი.

                ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკა“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B17 და №B18 ლიცენზიებს.

2.       2013 წლის 15 თებერვალს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას’’ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, რომლის შედეგად კომპანიის 100 % წილის მფლობელი გახდა ილია ინჯია (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ამონაწერის მომზადების თარიღი -  15/03/2013 15:58:14, განაცხადის ნომერი 579746, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B13014785).

3.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში არ წარმოუდგენია კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით. შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკამ“ კომისიაში შესაბამისობის დეკლარაცია ცვლილებების გათვალისწინებით წარმოადგინა მხოლოდ 2013 წლის 15 მარტს (შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ 2013 წლის 15 მარტის წერილი, კომისიაში რეგისტრაციის №6/1357-13).

4.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებულ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქცია, კერძოდ, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ კომისიის 2013 წლის 22 იანვრის №41/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება.

   ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას” პოზიციას იმის შესახებ, რომ კომისიაში შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილების მე-7 მუხლის დარღვევით, კომისიაში სხდომის კომისიის თავმჯდომარის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის გარეშე წარმართვისა და კომისიის მიერ კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების კომისიის თავმჯდომარის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის გარეშე მიღების გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის გ) პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოისლების ფარგლებში. ამავე კანონის მე-3 მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი კანონი არის საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს. კომისია აღნიშნავს, რომ ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხოლოდ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მასზე დელეგირებულია შესაბამისი კანონით. კომისია  აღნიშნავს, რომ შესაბამისი კანონის – ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.

კომისია  განმარტავს, რომ  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციაა მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. შესაბამისად, კომისია მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კოლეგიური საჯარო დაწესებულება არის საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს, ხოლო ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კოლეგიალური ორგანო. შესაბამისად, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში მიმდინარეობს იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის დადგენილი.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის  ბრძანება. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე კოლეგიალურად. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

კომისია განმარტავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს კოლეგიური ორგანოს სხდომის მიმდინარეობის წესს, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს ამ ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე. ამასთან,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის ერთ-ერთი წევრი.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, უდავოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომისია არის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც ადმინისტრაციული წარმოების დროს პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღები შემადგენლობა (კომისიის სამი წევრი მაინც) და არა კომისიის თავმჯდომარე, როგორც შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ წარმომადგენელ ლ. ამაშუკელს მიაჩნია. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ პოზიციას იმის თაობაზე, რომ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  დარღევით მიმდინარეობს. საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი, ხოლო ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად, კომისიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს. კომისია განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 74-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებს და  კოლეგიალურ  ორგანოში ადმინისტრაციულ წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის ქვეშ იგულისხმება კომისიის გადაწყვეტილების მიმღები შემადგენლობა და არა კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის № 3 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მესამე პირებთან ურთიერთობისას კომისიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს.

კომისია განმარტავს, რომ  კომისიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ქმედუნარიანობის და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების განმსაზღვრელ პირობას არ წარმოადგენს აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისიის თავმჯდომარის მონაწილეობა. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება არა კომისიის თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად, არამედ კომისიის წევრების მიერ წევრთა ხმების უმრავლესობით. ამასთან, კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის არყოფნა არ აბრკოლებს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, თუკი კომისიის სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ანუ კომისიის არანაკლებ სამი წევრი. მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად არ მოითხოვს კომისიის სხდომას ხსნიდეს და დახურულად აცხადებდეს კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული ფუნქციის შესრულების უფლებამოსილებით, კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სარგებლობს სხდომაზე დამსწრე კომისიის ნებისმიერი წევრი, რომელიც არჩეულ იქნება სხდომის თავმჯდომარედ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების მიერ. კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს კომისიის წევრს უძღვებოდეს კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსის გარეშე. შესაბამისად, კომისიის დღევანდელი შემადგენლობა უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ სანქცირების საკითხი და აღნიშნულ საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ პოზიცია იმის შესახებ, რომ კომისიაში შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილების მე-7 მუხლის დარღვევით, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ უნდა იქნას გაზიარებული.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკა“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები;

                ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილებების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე.  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელერადიო კომპანია ევრიკას“ მიერ დარღვეულ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან  2013 წლის 15 თებერვალს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შესაბამისობის დეკლარაცია  კომისიაში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 2013 წლის 15 მარტს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

   კომისია აღნიშნავს, რომ  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო ამავე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში. ამავე კანონის 72–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

        კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ მიმართ კომისიის 2013 წლის 22 იანვრის №41/18 გადაწყვეტილებით, სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და აღნიშნული გაფრთხილების გამოყენების დღიდან არ გასულა ერთი წელი. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 3 აპრილის №10/248–13 სამსახურებრივი ბარათის  თანახმად, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების  საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის (დღგ–ს გარეშე) 0,5 % შეადგენს 2500 ლარზე ნაკლებს.  შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ უნდა დაეკისროს ჯარიმის მინიმალური  ოდენობის – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის გადახდა ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

        ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71–ე მუხლის მე–2 პუნქტის და 72–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკას“ დაეკისროს ჯარიმა 2500  (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკამ“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის  30 დღის ვადაში გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-          ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  -  200122900,

-          ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

-          სახაზინო კოდი - 300773251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან სამი სამუშაო დღის ვადაში;

3.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ერვიკას“ სანქცირების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.       გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,ტელე–რადიო კომპანია ევრიკასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

9.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2 და მე–3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

                  კომისიის წევრი                                                                     კარლო კვიტაიშვილი                                                                    

                  კომისიის წევრი                                                                     აკაკი სიხარულიძე

                  კომისიის წევრი                                                                     ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები