წვდომის მენიუ

შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 243 / 23

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2013

მიღების თარიღი აპრილი 10, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით მიმართა (11.03.2013; კომისიაში რეგისტრაციის №6/1260–13) შპს ,,ბათუმის წყალმა“ და ფიზიკურმა პირმა ირაკლი სოფრომაძემ, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შპს ,,ბათუმის წყლისთვის“ დარიცხული 7837.50 ლარის  გაუქმებისა და 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 ოქტომბრამდე  პერიოდში შპს ,,ბათუმის წყლის” სააბონენტო ნომერზე დარიცხული თანხის კორექტირების მოთხოვნით. კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, 2012 წლის 14 დეკემბერს შპს ,,ბათუმის წყალმა“ სადაო დავალიანებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა შპს ,,მაგთიკომს“, თუმცა, შპს ,,მაგთიკომმა“ არ დააკმაყოფილა შპს ,,ბათუმის წყლის“ მოთხოვნა სადაო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და ე) ქვეპუნქტით დადგენილი წესები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ბათუმის წყლის“ და ფიზიკურ პირ ირაკლი სოფრომაძის საჩივრის განსახილველად მიღებისა და საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 10 აპრილს, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ  შპს ,,ბათუმის წყალს“, ფიზიკურ პირ ირაკლი სოფრომაძეს და შპს ,,მაგთიკომს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს ,,მაგთიკომს“ ასევე, გაეგზავნა შპს ,,ბათუმის წყლისა“ და ფიზიკურ პირ ირაკლი სოფრომაძის საჩივარი დანართებითურთ.

2013 წლის 10 აპრილის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ფიზიკური პირი ირაკლი სოფრომაძე, რომელიც სათანადოდ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა შპს ,,ბათუმის წყლის“ ინტერესებს (№26 მინდობილობა  გაცემული შპს ,,ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის ჯანსუღ ვარშალომიძის მიერ; მინდობილობა ძალაშია 2013 წლის 10 აპრილის მდგომარეობით) და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური.

2013 წლის 10 აპრილის კომისიის სხდომაზე განმცხადებელმა ირაკლი სოფრომაძემ დააზუსტა, რომ მოდავე მხარეს წარმოადგენდა შპს ,,ბათუმის წყალი“, ხოლო თავად ირაკლი სოფრომაძე სათანადოდ გაცემული მინდობილობის საფუძველზე წარმოებაში მონაწილეობდა, როგორც შპს ,,ბათუმის წყლის“ წარმომადგენელი.

შპს ,,ბათუმის წყლის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დააზუსტა, რომ შპს ,,ბათუმის წყალი“ სადაოდ ხდის იმას, რომ მისთვის გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული ტარიფი დარიცხულ იქნა არა იმ ოდენობით მიღებულ მომსახურებაზე, რა ოდენობით მომსახურებაც გაეწია მას, ხოლო მოპასუხე მხარედ დაასახელა შპს ,,მაგთიკომი“.

2013 წლის 10 აპრილის კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა აღნიშნა, რომ არ არის წინააღმდეგი კომისიამ განიხილოს ზემოაღნიშნული საჩივარი. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის ახსნა–განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ბათუმის წყალს“ მომსახურება გაუწია შპს ,,ბი მობაილმა“, რომელთანაც შპს ,,მაგთიკომს“ გაფორმებული აქვს ვალდებულებით–სამართლებრივი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,მაგთიკომი“ ახდენს შპს ,,ბი მობაილთან“ ანგარიშსწორებას, როდესაც შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტები სარგებლობენ შპს ,,ბი მობაილის“ სერვისით. გამომდინარე აქედან, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საქმის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, დავის განხილვაში კომისიამ ჩართოს შპს ,,ბი მობაილი“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტების, შპს ,,მაგთიკომის“ წერილობითი შეპასუხების და მასზე თანდართული დოკუმენტების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივარი შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ წარმოებაში უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებებსი დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

შპს ,,მაგთიკომი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სააბონენტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2012 წლის 30 იანვარს შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,ბათუმის წყალს“ შორის გაფორმდა შეთანხმება მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ, რის შედეგად შპს ,,ბათუმის წყალი“ გახდა შპს ,,მაგთიკომის“ მომხმარებელი. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, შპს ,,მაგთიკომი“ კისრულობს ვალდებულებას გაუწიოს შპს ,,ბათუმის წყალს“ მობილური სატელეფონო მომსახურება მომხმარებლისათვის გამოყოფილ სააბონენტო ნომრებზე შეთანხმების დანართში განსაზღვრული პირობებით.

შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის თანახმად, ირაკლი სოფრომაძე წარმოადგენს შპს ,,ბათუმის წყლის“ დირექტორის მოადგილეს. მას, როგორც კომპანიაში დასაქმებულ პირს სარგებლობაში გადაცემული აქვს შპს ,,მაგთიკომის“ კორპორატიული მობილური სატელეფონო ნომერი, რომელზეც დარიცხულია სადაო დავალიანება.

კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დავის განხილვაში შპს ,,ბი მობაილის“ ჩართვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) პუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.         შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის საფუძველზე შპს ,,მაგთიკომთან“ დავის განხილვის მიზნით, დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2.         საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს კომისიაში 2013 წლის 26 აპრილს, 16.00 საათზე;

3.         დაკმაყოფილდეს შპს ,,მაგთიკომის“ შუამდგომლობა და ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის სტატუსით ჩართულ იქნას შპს ,,ბი მობაილი“;

4.         შპს ,,ბათუმის წყლის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი სოფრომაძე და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

5.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  შპს ,,ბი მობაილისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

6.         გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7.         გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებიდან;

8.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

9.         კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–5 და მე–8 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

        კომისიის წევრი                                                                         კარლო კვიტაიშვილი

        კომისიის წევრი                                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

         კომისიის წევრი                                                                        ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები