მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადების განხილვისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2013
მიღების თარიღი აპრილი 11, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 4 აპრილს კომისიას განცხადებით N115/01 (კომისიაში რეგისტრაციის N6/1818-13) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა” რიგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელების მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მათთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის მოთხოვნით. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისათვის მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა” მიმართა შპს “ტელეკომპანია კავკასიას”, სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს”, შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს, შპს “სტუდია მაესტროს”, შპს “ტელეიმედს” და შპს “მეცხრე არხს” და მოსთხოვა უფასო პოლიტიკური რეკლამისათვის განკუთვნილ საეთერო დროში კანონით დადგენილი წესით განეთავსებინათ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს “სტუდია მაესტრომ”, შპს “ტელეიმედმა” და შპს “მეცხრე არხმა” უფასო პოლიტიკური რეკლამის საკუთარ ეთერში განთავსებაზე უარი განაცხადეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მიზნებისათვის წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ კვალიფიციურ საარჩენო სუბიექტს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-14 პუნქტი განსაზღვრავს შუალედური არჩევნების დროს უფასო პოლიტიკური რეკლამის გამოყოფის ვალდებულებას მხოლოდ ადგილობრივი მაუწყებლებისათვის, ხოლო “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მაუწყებლობა არის მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განმარტებით ასეთი შეიძლება იყოს ის მაუწყებელი, რომელიც ადგილობრივად მაუწყებლობს (ბაღდათი, სამტრედია, თბილისი), ასევე ის მაუწყებლები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობენ და ადგილობრივად ფარავენ იმ სამ რეგიონს სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.
მოთხოვნა:
კომისიის მიერ შპს “სტუდია მაესტროს”, შპს “ტელეიმედის” და შპს “მეცხრე არხის” მიმართ შედგენილ იქნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, კომპანიების მიერ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო;
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადების საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული განცხადების განხილვის მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებებით ეცნობათ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (08.04.2013 - N04/674–13), შპს „ტელეიმედს“ (08.04.2013 - N04/673–13), შპს “სტუდია მაესტროს” (08.04.13 - N04/671–13), შპს “მეცხრე არხს” (08.04.13 - N04/672–13) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შპს „ტელეიმედს“, შპს “სტუდია მაესტროს” და შპს “მეცხრე არხს” ასევე გადაეგზავნათ ადმინისტრაციული წარმოების მასალები; მათ, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 11 აპრილის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენელი შალვა ლომსაძე, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი აკაკი გიგინეიშვილი და შპს “მეცხრე არხის“ წარმომადგენელი ნატალია ტყეშელაშვილი. შპს “სტუდია მაესტროს” წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, თუმცა კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „სტუდია მაესტროსადმი“ გაგზავნილი შეტყობინება N04/671–13 მიმდინარე წლის 8 აპრილსვე ჩაბარდა მაუწყებელს, შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ ,,სტუდია მაესტროსათვის“ ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიამ გადაწყვიტა შპს ,,სტუდია მაესტროს“ წარმომადგენლის დაუსწრებლად განეხილა საკითხი.
კომისიის სხდომაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით მიმართა ტელეკომპანიებს, შეესრულებინათ კანონისმიერი ვალდებულება და განეთავსებინათ თავიანთ ეთერში უფასო წინასაარჩევნო რეკლამა. შპს “სტუდია მაესტრომ”, შპს “ტელეიმედმა” და შპს “მეცხრე არხმა” აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულეს, რითაც უხეშად დაარღვიეს კანონის მოთხოვნა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმომადგენლის განმარტებით, ადგილობრივი მაუწყებელი გულისხმობს კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის 90% დაფარვის შესაძლებლობის მქონე მაუწყებელს. შესაბამისად, თბილისში, ნაძალადევის საარჩევნო ოლქში შპს ”ტელეიმედი” ფარავს მოსახლეობის 90%-ს, ასევეა ბაღდადსა და სამტრედიაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მაუწყებლების უარი განათავსონ წინასაარჩევნო რეკლამა, განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხრიდან აღქმულია კანონის უხეშ დარღვევად და ოპოზიციაზე ზეწოლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ შპს “სტუდია მაესტროს”, შპს “ტელეიმედის” და შპს “მეცხრე არხის” მიმართ კომისიის მხრიდან უნდა შედგეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.
შპს “მეცხრე არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ”მეცხრე არხს”, ისევე, როგორც სხვა მაუწყებელს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის ეკისრება გარკვეული ვალდებულებები. თუმცა, ეს ვალდებულებები განსხვავდება ძირითად და შუალედური არჩევნების პერიოდებში. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელი ვალდებულია, საკუთარ ეთერში განათავსოს ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამა, ასეთი ვალდებულება უკანასკნელად შპს ”მეცხრე არხს” დაკისრებული ჰქონდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, რომელსაც პირნათლად ასრულებდა. 2013 წლის 27 აპრილს დაინიშნა შუალედური არჩევნები 3 საარჩევნო ოლქში. შუალედური არჩევნებისას მაუწყებლებს წინასაარჩევნო საინფორმაციო უზრუნველყოფა ასევე ეკისრებათ, თუმცა განსხვავებული სახით. კერძოდ, მაუწყებელი ვალდებულია, განათავსოს მხოლოდ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამა. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, შუალედური არჩევნებისას, უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებლებს. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”ადგილობრივი მაუწყებლობაა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის”; ამავე კანონის, 71-ე მუხლის მე-11 პუნქტით, კომისია იღებს დადგენილებას ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად დაყოფის შესახებ. კომისიამ, 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. შპს ”მეცხრე არხის” ლიცენზიაში გაწერილია, რომ მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის საქართველო, შესაბამისად, შპს ”მეცხრე არხი” არ წარმოადგენს ადგილობრივ მაუწყებელს და მას არ გააჩნია ვალდებულება, განათავსოს უფასო პოლიტიკური რეკლამა შუალდეური არჩევნებისას. შპს “მეცხრე არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ”მეცხრე არხს” გააჩნია მხოლოდ უფლებამოსილება განათავსოს „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, რაც გულისხმობს, რომ უშუალოდ მისი გადასაწყვეტია, გაუშვებს თუ არა უფასო პოლიტიკურ რეკლამას თავის ეთერში. ვინაიდან შპს ”მეცხრე არხმა” გადაწყვიტა, რომ არ განათავსოს უფასო პოლიტიკური რეკლამა, ეს გადაწყვეტილება ეხება ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს, იქნება ეს ”ქართული ოცნება”, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ”ქრისტიან-დემოკრატები” თუ სხვ. შესაბამისად, შპს ”მეცხრე არხი” უარს არ ამბობს ფასიანი პოლიტიური რეკლამის განთავსებაზე და აღნიშნულის დამადასტურებელია ის დოკუმენტაცია, რომელსაც შპს ”მეცხრე არხი” ყოველკვირეულად წარმოადგენს კომისიაში და ტვირთავს საკუთარ ვებ–გვერდზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ”მეცხრე არხის” წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ შპს ”მეცხრე არხმა” საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს უფასო პოლიტიკური რეკლამა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ”ტელეიმედის” მფლობელობაში არსებული ლიცენზიის სახეა: კერძო ტელემაუწყებლობა; სახეობა: საერთო მაუწყებლობა; მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საქართველოს ტერიტორია. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს ”ტელეიმედი” ახორციელებს ეროვნულ მაუწყებლობას, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არაქნაკლებ 90%-სათვის, მაშინ, როდესაც ადგილობრივი მაუწყებლობა წარმოადგენს მაუწყებლობას, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-სათვის. ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ”ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიები ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლობისათვის გაიცემა ცალ-ცალკე კონკურსის საფუძველზე”; ამავე კანონის 76-ე მუხლის მე-11 პუნქტით, კომისიას ევალებოდა, 2006 წლის 1 ივლისამდე მიეღო დადგენილება ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ, რაც განხორციელდა კიდეც კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით და მასში შეტანილი ცვლილება-დამატებებით. ამ დადგენილებებით, ადგილობრივი სამაუწყებლო ზონად განისაზღვრა სახმელეთო ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრულია მითითებული გეოგრაფიული კოორდინატების შესაბამისი წერტილების მომვლებით. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის განმარტებით, მოყვანილი ამონარიდები კანონიდან და კომისიის დადგენილებებიდან, ნათლად ცხადყოფს, რომ მაუწყებლობა, როგორც ეროვნული, ასევე ადგილობრივი, წარმოადგენს მკაცრად რეგლამენტირებულ ლიცენზირებად საქმიანობას და მისი თვითნებური ინტერპრეტირება და/ან გადაფარვა მაუწყებლის მხრიდან, აღქმული იქნება, როგორც კანონიდან გადახვევა და წარმოადგენს დასჯად ქმედებას. აქედან გამომდინარე, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „ტელეიმედი“ ვერ გაიზიარებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას, რომელიც ეფუძნება კანონებიდან მათ სასარგებლოდ, ცალმხრივად ამოკრეფილ დეფინიციებსა და მის საფუძველზე შეგნებულად გაკეთებულ არასწორ დასკვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-მუხლის მე-14 პუნქტი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ამ მუხლით გათვალისიწნებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება, შუალედურ არჩევნებზე, ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე, რომლის დეფინიციაში არ ჯდება შპს ”ტელეიმედი”.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადების შესწავლა და წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დასკვნა. კერძოდ, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს ეროვნულ და ადგილობრივ მაუწყებლობას და იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მეცხრე არხის“, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ტელეიმედის“ (კერძო მაუწყებლობის NB94 ლიცენზიის ფარგლებში) ლიცენზიებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონებს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორია და მათი მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც), აღნიშნული მაუწყებლები ვერ ჩაითვლებიან ადგილობრივ მაუწყებლებად, რომლებზედაც გავრცელდება საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით, გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-მუხლის მე-14 პუნქტის შინაარსიდან.
შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“, შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „მეცხრე არხის“ ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არ არსებობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა ზემოაღნიშნული მაუწყებლების მიმართ არ უნდა განხორციელდეს.
კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეროვნულ მაუწყებლობას განმარტავს როგორც ისეთ მაუწყებლობას, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. კანონი არ აკონკრეტებს მაუწყებლის გავრცელების ტექნოლოგიას (თანამგზავრული სისტემები, რადიოსიხშირეები, საკაბელო მეურნეობა), ანუ კანონის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, თუ მაუწყებელი ნებისმიერი ტექნოლოგიით ფარავს საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, ანუ უზრუნველყოფილია მისი ხელმისაწვდომობა საქართველოს მოსახლეობის 90%-სათვის, მაშინ ყველა მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს თანამგზავრული სისტემების გამოყენებით, ეროვნული მაუწყებელია; იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „მეცხრე არხი“ და შპს „ტელეიმედი“ ფლობენ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიებს საქართველოს ტერიტორიაზე და მათი მაუწყებლობა საქართველოს მოსახლეობის 90%-სათვისაა ხელმისაწვდომი, მათ შუალედურ არჩევნებზე წინასაარჩევნო რეკლამის უფასოდ განთავსების ვალდებულება არ გააჩნიათ, გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-მუხლის მე-14 პუნქტიდან, რომლის თანახმადაც უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის აზრით, ეროვნული მაუწყებელი, იმავდროულად ვერ ჩაითვლება ადგილობრივ მაუწყებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
- საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან მიჯნავს ადგილობრივ და ეროვნულ მაუწყებლობას;
- ეროვნული მაუწყებლობა არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
- ადგილობრივი მაუწყებლობა არის ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
- ადგილობრივი მაუწყებლობის ზონები დადგენილია კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის N10 დადგენილებით;
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისათვის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უზრუნველყოფის მოთხოვნით მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზეპირსიტყვიერად მიმართა შპს “სტუდია მაესტროს”, შპს “ტელეიმედს” და შპს “მეცხრე არხს”.
2. შპს “სტუდია მაესტრომ”, შპს “ტელეიმედმა” და შპს “მეცხრე არხმა” უარი უთხრეს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის უფასო პოლიტიკური რეკლამის საკუთარ სამაუწყებლო ბადეებში განთავსებაზე.
კომისია, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტისა და სამართლებრივი დეპარტამენტის დასკვნების მოსმენისა და ფაქტობრივ გარემოებათა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.
2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ რომელიც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტს, ერთმანეთისგან მიჯნავს ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლების ვალდებულებებს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას უფასო სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით; კერძოდ, თუ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლებს, აგრეთვე სხვა მაუწყებლებს, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ეკისრებათ ვალდებულება მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულებას აკისრებს საერთო მაუწყებელს, აგრეთვე მაუწყებელს, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, მიუხედავად იმისა მათი მომსახურების ზონაში მიმდინარეობს თუ არა საარჩევნო კამპანია; თუმცა, ამავე მუხლის მე-14 პუნქტი აწესებს საგამონაკლისო ნორმას, რომლის შესაბამისადაც, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს ეროვნულ და ადგილობრივ მაუწყებლობას, კერძოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის:
ა) მე-2 მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მაუწყებლობა განმარტებულია როგორც ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
ბ) მე-2 მუხლის თ) პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მაუწყებლობა განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
4. შპს „სტუდია მაესტრო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB107 ლიცენზიას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე; კომპანიას ასევე კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობაზე საქართველოს ტერიტორიაზე;
5. შპს „მეცხრე არხი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB112 ლიცენზიას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე; კომპანიას ასევე კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობაზე საქართველოს ტერიტორიაზე;
6. შპს „ტელეიმედი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB96 ლიცენზიას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე და კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიას.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედზე“, შპს „სტუდია მაესტროსა“ და შპს „მეცხრე არხზე“ სავარაუდოდ არ ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა შუალედური არჩევნების დროს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით, გამომდინარე ამავე მუხლის მე-14 პუნქტის შინაარსიდან.
ამასთან, კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ცალსახად და ერთგვაროვნად შეუძლებელია დაადგინო ზემოაღნიშნული ნორმა ეროვნულ მაუწყებლებს მთლიანად ათავისუფლებს შუალედურ არჩევნებზე წინასაარჩევნო რეკლამის უფასოდ განთავსების ვალდებულებისაგან, თუ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით აკონკრეტებს, რომ შუალედური არჩევნებისას უფასო რეკლამის გაშვება ევალება მხოლოდ იმ ადგილობრივ მაუწყებელს, რომლის დაფარვის ზონაშიც მიმდინარეობს წინასაარჩევნო რეკლამა. თუ დავუშვებთ, რომ წინასაარჩევნო რეკლამის უფასოდ განთავსების ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე არ აქვს ეროვნულ მაუწყებელს და აქვს მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელს, მნიშვნელოვანი ხდება გავარკვიოთ ვინ წარმოადგენს ადგილობრივ და ვინ ეროვნულ მაუწყებელს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეროვნულ მაუწყებლობას განმარტავს, როგორც ისეთ მაუწყებლობას, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის. კანონი არ აკონკრეტებს მაუწყებლის გავრცელების ტექნოლოგიას (თანამგზავრი, სიხშირეები, კაბელი), ანუ კანონის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, თუ მაუწყებელი ნებისმიერი ტექნოლოგით ფარავს საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, ანუ უზრუნველყოფილია მისი ხელმისაწვდომობა, მაშინ კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, უნდა მივიჩნიოთ, რომ ყველა ამ ტიპის მაუწყებელი, ეროვნული მაუწყებელია და მას შუალედურ არჩევნებზე წინასაარჩევნო რეკლამის უფასოდ განთავსების ვალდებულება არ გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „მეცხრე არხი“ და შპს „ტელეიმედი“ ფლობენ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიებს საქართველოს ტერიტორიაზე და მათი მაუწყებლობა მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არა თუ 90%, არამედ 100% სთვის; მაგრამ, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 2 წელიწადში თანამგზავრული მაუწყებლობის უფლება მოიპოვა ადგილობრივი სიხშირული მაუწყებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც. კერძოდ, ბოლო სამი წლის მანძილზე თანამგზავრულ მაუწყებლობაზე გაიცა ათზე მეტი ახალი ლიცენზია, მოდიფიცირდა მოქმედი ოცამდე ლიცენზია, ისე რომ მათ თანამგზავრული მაუწყებლობის უფლება მიენიჭათ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მაუწყებლებიც ეროვნულ მაუწყებლებად შეიძლება ჩაითვალნონ, ეროვნული მაუწყებლის კანონის განმარტებიდან გამომდინარე. ასეთ ვითარებაში, შეიძლება მივიღოთ ისეთი სიტუაცია, რომ შუალედური არჩევნებისას ცალკეულ საარჩევნო ოლქებში არც ერთი ადგილობრივი მაუწყებელი არ აღმოჩნდეს, რომელსაც უფასოდ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულება ექნება, რაც კომისიის აზრით ნამდვილად არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ცალსახად იმის მტკიცება, რომ სახეზეა კანონდარღვევა და საჭიროა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა რთული იქნება, თუმცა, კანონის მიზნებიდან, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის ამომრჩეველთათვის ხელმისაწვდომ ფორმატში გაშუქების საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია რეკომენდაცია მიეცეს ყველა საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „მეცხრე არხს“ და შპს „ტელეიმედს“, რათა მათ მიმდინარე შუალედური არჩევნებისას, იმის გათვალისწინებით რომ ადგილობრივთან ერთად ისინიც ფარავენ ბაღდათს, თბილისსა და სამტრედიას, განათავსონ წინასაარჩევნო რეკლამები უფასოდ, კანონით განსაზრული მოცულობით.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-მუხლის მე-5, მე-14, მე-15 პუნქტების, 83-ე და 93-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, მე-100 მუხლების, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) და თ) პუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის, 66-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადება (05.04.13 – N6/1818–13), უარი ეთქვას მას, შპს “სტუდია მაესტროს”, შპს “ტელეიმედის” და შპს “მეცხრე არხის” მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და შეწყდეს სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, შპს “ტელეიმედის”, შპს “სტუდია მაესტროს” და შპს “მეცხრე არხის” მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. მიეცეთ რეკომენდაცია შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „მეცხრე არხს“ და შპს „ტელეიმედს“, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მიმდინარე შუალედური არჩევნებისას, უზრუნველყონ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის, არადისკრიმინაციულად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, შპს „ტელეიმედისთვის“, შპს „სტუდია მაესტროსათვის“ და შპს „მეცხრე არხისთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ შპს “ტელეიმედისათვის”, შპს “სტუდია მაესტროსათვის” და შპს “მეცხრე არხისათვის” ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის წევრი: სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი: კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი: აკაკი სიხარულიძე
