შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ კერძო მაუწყებლობის № B68 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2013
მიღების თარიღი აპრილი 17, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალმა“ (№7/114-13, 13.03.2013), მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო ბაზარი გაჯერებულია საინფორმაციო გადაცემებით, მომხმარებლის მხრიდან კომპანიაში შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე მოთხოვნადი გახდა მუსიკალური და გასართობი გადაცემების არსებობა, შესაბამისად შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალი“ ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის განსაზღვრას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 34-ე სატელევიზიო არხზე 100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. საგარეჯო;
ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 6 საათი;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 15 აპრილის №10/290-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ მოთხოვნა კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამასთან, შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის” კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის” მოთხოვნა შესაბამისობაშია კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრულ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ეტაპისთვის კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭება კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 20 მაისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
