წვდომის მენიუ

შპს ”სისტემ ნეტის” წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „სისტემ ნეტის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 273 / 12

გამოქვეყნების თარიღი მაისი 02, 2013

მიღების თარიღი აპრილი 19, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  შპს ”სისტემ ნეტმა” კომისიას მიმართა განცხადებით (12.02.2013 N29) და მოითხოვა კომისიისგან თანხმობა  შპს ”სისტემ ნეტის” პარტნიორის ვახტანგ მაჭარაშვილის კუთვნილი 1.496 % წილის, ამავე კომპანიის ორ პარტნიორზე - ავთანდილ იაშვილსა და ხათუნა ინჯიაზე გასხვისების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.

2. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

3. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

4. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას.

5. კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სისტემ ნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შეტყობონება (12.02.2013 N29) წილის გასხვისების თაობაზე არ შეიცავდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს, კომისიამ 2012 წლის 28 თებერვალს №08/411-13 წერილით შპს ”სისტემნეტს” მოსთხოვა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით  განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 6 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „სისტემ ნეტის“ წერილი №45, სადაც აღნიშნულია, რომ კომისია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არის კოლეგიალური საჯარო ორგანო, რომელიც ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, იღებს სამართლებრივ აქტებს, კომიისიის დადგენილებების, კომისიის გადაწყვეტილების და კომისიის თავმჯდომარის ბრძანების სახით, ხოლო კომისიის მიერ შპს ”სისტემ ნეტისთვის” 2013 წლის 28 თებერვალს, კომისიის ოთხი წევრის ხელმოწერით მიწერილი წერილი არ წარმოადგენს არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ სამართლებრივ აქტს. ამასთან, შპს ”სისტემ ნეტი” წერილში აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე-5 მუხლის თანახმად, კომისიის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის კომისიის აპარატის ადმინისტრირებას, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარე, შესაბამისად, შპს „სისტემ ნეტს“ მიაჩნია, რომ კომისიის წევრებს არც ცალ-ცალკე და არც ერთად არ აქვთ უფლება კომისიის სახელით გამოვიდნენ მესამე პირებთან ურთიერთობაში ანუ განახორციელონ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”სისტემ ნეტი” იტოვებს უფლებას არ გასცეს წერილობით, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 19 აპრილის სხდომაზე; საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით მოწვეულ იქნა შპს „სისტემ ნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი (შეტყობინება N08/744-13,  16.04.2013წ.) რომელიც კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებული პირის, შპს „სისტემ ნეტის“ წილის  შეძენის გამოკვლევისა და შემდგომი რეგულირების მიზნით, ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, შპს „სისტემ ნეტს“ მოსთხოვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, რაც არ იქნა განხორციელებული შპს „სისტემ ნეტის“ მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 26-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად დარჩეს შპს ”სისტემ ნეტის” განცხადება №29 12.02.2013წ., შპს „სისტემ ნეტის“ წილის გასხვისების თაობაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სისტემ ნეტისთვის“ დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ”სისტემ ნეტისთვის” ჩაბარებისთანავე; 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე);

კომისიის თავმჯდომარე:                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი:                                                               ს.ბრიტანჩუკი                                                                    

კომისიის წევრი:                                                               ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი:                                                               ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები