”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2013
მიღების თარიღი აპრილი 22, 2013
”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 31 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები: მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი; ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი. ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი წერილით მომართეს სს ”გლობალ ერთმა”, შპს ”სერვისნეტმა”, შპს ”ლაგმა”, შპს ”ჯეონეთმა”, შპს ”მაიფონმა”, შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები გუდვილკომმა” (წერილი №6/1277-13, 11.03.2013წ.), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად და ეფექტიანად დარეგულირდა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ეს სეგმენტი და ყველა ავტორიზებული პირი მოექცა თანაბარ პირობებში, გასაყიდ ფასსა და ხარჯს შორის მიღებულმა სხვაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ავტორიზებულ პირთა შემოსავლები, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა მეტი ფულადი სახსრები. წერილში აღნიშნულია, რომ ამ დროებითმა რეგულაციამ განსაკუთრებული დადებითი შედეგი მოიტანა საშუალო და მცირე ოპერატორებისთვის, რომელთაც არ გააჩნდათ დიდი ქსელი და იძულებული იყვნენ აღნიშნული მომსახურება შედარებით ძვირად გაეყიდათ, ვიდრე ქსელის მფლობელ ოპერტორებს, რაც მძაფრი კონკურენციის პირობებში შეუძლებელი იყო და ფაქტიურად ხდებოდა მცირე ოპერატორების განდევნა ბაზრის ამ სეგმენტიდან. ერთობლივ წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ზარის ტერმინაციის ტარიფები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფად რჩება, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში ანალოგიურ მომსახურებაზე არსებულ ფასებთან შედარებით. მაგალითად მოყვანილია რუსეთი, სადაც მობილურ ქსელებში ზარის ტერმინაცია თავდაპირველად 0.03-0.04 აშშ დოლარს შეადგენდა, შემდეგ გაიზარდა 0.08 აშშ დოლარამდე, ხოლო დღეის მდგომარეობით 0.14 აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიები ითხოვენ კომისიისგან ინფორმაციას, იგეგმება თუ არა კომისიის მიერ საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფების ძალაში დატოვება.
კომისიას აგრეთვე მომართა ავტორიზებულ პირთა მეორე ჯგუფმა, კერძოდ, შპს ”მაგთიკომმა”, შპს ”ჯეოსელმა”, შპს ”მობიტელმა” და სს ”სილქნეტმა” ერთობლივი წერილით (წერილი №6/7541-12, 27.12.2012წ.). წერილში აღნიშნულია, რომ მომართვის მიზანს არ წარმოადგენდა კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების მოქმედების საწყის ეტაპზე ისეთი დადებითი გარემოებების დისკრედიტაცია, როგორიცაა: ავტორიზებული პირების შემოსავლების ზრდა; უცხოელ პარტნიორებთან უარყოფითი ბალანსის შემცირება; ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების შემცირება/შეჩერება; სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ზრდა, ავტორიზებული პირების დამატებითი შემოსავლების ზრდის ხარჯზე.
ამავე დროს, წერილის მიზნად განსაზღვრულია იმ უარყოფითი ტენდენციების დაფიქსირება, რომლებიც წარმოიშვა საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მიმართულებით საბითუმო ტარიფების ირგვლივ. გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ რიგმა საერთაშორისო ოპერატორებმა და სავარაუდოდ ადგილობრივმა ავტორიზებულმა პირებმა დაიწყეს საქართველოს მიმართულებით კომისიის მირ დადგენილ საერთაშორისო ტარიფებზე ნაკლები ტარიფების შეთავაზება. წერილში აღნიშნულია მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც წერილის ავტორთა აზრით შემდეგში გამოიხატება:
რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიზებული პირების არაკეთილსინდისიერი მოქმედებების გამო საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მობილური ქსელების მიმართულებით შეთავაზების ტარიფი შეადგენს 0.07-0.75USD-ს, ხოლო ფიქსირებული ქსელების მიმართულებით 0.03-0.035 USD-ს; მაისის თვესთან შედარებით, შემცირდა იმ ოპერატორების შემოსავლები, სადაც სრულდება საერთაშორისო ზარები; დაიწყო უცხოელ პარტნიორებთან უარყოფითი ფინანსური ბალანსის და ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების ზრდა; რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიზებული პირების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოში შემომავალი ზარების ხარისხი; არაპროგნოზირებადი ტარიფების გამო შეუძლებელი ხდება პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორებთან ტრაფიკების გაცვლაზე მოკლევადიანი შეთანხმების დადებაც კი; ყველა ეს აღნიშნული გარემოება უარყოფითად აისახება საქართველოს პრესტიჟზე კომუნიკაციების სფეროში.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ წერილში აღნიშნულია რიგი ქვეყნების მიმართულებით ტარიფების ზრდის ტენდენციის შესახებაც. მაგალითად, 2012 წლის ნოემბერში დაიწყო რუსეთის მობილურ ქსელებში (მთლიანი გამავალი საერთაშორისო ტარიფის დაახლოებით 35%) ზარის დასრულების ტარიფის ზრდა 0.10 USD-დან 0.14 USD-მდე, აგვისტოს თვიდან თურქეთის მობილური ქსელების მიმართულებით (მთლიანი გამავალი საერთაშორისო ტარიფის დაახლოებით 55%) ტარიფი გაიზარდა 0.028USD-0.0315-დან 0.107 USD-მდე, 2012 წლის განმავლობაში უკრაინის მობილური ქსელების მიმართულებით ტარიფები გაიზარდა 0.115 USD-დან 0.153 USD-მდე.
არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შემოთავაზებულია საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ახალი (გაზრდილი) ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის საკითხის განხილვა, აგრეთვე, ადგილობრივ ოპერატორებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარისწორების შესაძლო მოდელის დადგენა, რომლის მიხედვითაც ავტორიზებულ პირებს შორის ანგარიშსწორება საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე განხორციელდება დადგენილი (გაზრდილი) ქვედა ზღვრული ტარიფების შესაბამისად.
ამავე კომპანიებისაგან კომისიაში შემოსულია კიდევ ერთი ერთობლივი წერილი (№6/695-13, 07.02.2013წ.), რომელშიც წარმოდგენილია მოსაზრებები არსებული პრობლემების აღმოფხვრის თაობაზე. წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ტერმინაციის საფასურის ზრდამ გამოიწვია უარყოფითი ბალანსის გაზრდა და შესაბამისად, ქვეყნიდან მეტი თანხების გადინება, ამ ნეგატიური ტენდეციის აღმოსაფხვრელად საჭიროა არსებული ქვედა ზღვრული ტარიფის ცვლილება - მობილურ ქსელში 0.1 აშშ დოლარი შეიცვალოს 0.15 აშშ დოლარით, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 0.05 აშშ დოლარი შეიცვალოს 0.075 აშშ დოლარით.
ერთობლივი წერილის ხელმომწერი კომპანიები თვლიან, რომ დღეს საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არსებული რეგულაცია არ არის ეფექტიანი და არ იძლევა არაკეთილსინდისიერი პირების გამოვლენის და მათთან ბრძოლოს შესაძლებლობას. აღნიშნულის გარეშე კი შეუძლებელია იმ უარყოფითი ტენდენციების აღმოფხვრა, რაც თან ახლავს არსებული რეგულაციის ამოქმედებას. წარმოდგენილია წინადადება, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები დადგინდეს ავტორიზებული პირების ქსელში ზარის დასრულებაზე და არა საზღვარზე. არამნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, შემოთავაზებულია ასეთი ავტორიზებული პირების საშუალებით ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე ტრანზიტული მომსახურების ფიქსირებული საფასურის შემოღება (მაგ. 0.01 აშშ დოლარის ოდენობით).
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე, კომისია უფლებამოსილია, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციები.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი რეგულაციის დადგენა უნდა მოხდარიყო კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიის მიერ 2013 წლის 22 მარტს მიღებულ იქნა №182/23 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2013 წლის 22 აპრილს 16:00 საათზე.
ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ: ვ. აბაშიძე - სს ”სილქნეტის” ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე; დ. თუთბერიძე - შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორი; ი. ჭანტურია - შპს ”კავკასუს ონლაინის” საერთაშორისო გაყიდვების და ოპერატორებთან ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი; ზ. გორგაძე - შპს ”მობიტელის” ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; ი. ესართია - შპს ”მობიტელის” მთავარი იურისტი; გ. შამანაძე - შპს ”მაგთიკომის” ურთიერთჩართვის სამსახურის უფროსი; დ. ძიძიგური - შპს ”მაგთიკომის” იურისტი; გ. მაჩიტიძე - სს ”გლობალ ერთის” დირექტორი; გ. არღანაშვილი - სს ”გლობალ ერთის” ტექნიკური დირექტორი; რ. გოგინავა - სს ”გლობალ ერთის” იურისტი; ქ. ჩლაიძე - შპს ”მაიფონის” დირექტორი; გ. მელიქიძე - შპს ”მაიფონის” ფინანსური დირექტორი; მ. გოხაძე - შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” მენეჯერი; მ. გოთოშია - შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები -გუდვიკომის” წარმომადგენელი; გ. ხუროძე - შპს ”ჯეოსელის” იურისტი; ხ. პეტრიაშვილი - შპს ”სერვისნეტის” დირექტორი.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ (მ.კანკავა) წარმოდგენილი იქნა კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი დროებითი რეგულირების შედეგები, კერძოდ:
აღინიშნა, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მიერ ყოველთვიურად ხდებოდა შემომავალი და გამავალი საერთაშორისო ტრაფიკების შესახებ ინფორმაციების წარმოდგენა უცხო ქვეყნის სატელეკომუნიკაციო კომპანიების დასახელებითა და შესაბამისი ანგარიშსწორების მიხედვით; ასევე შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ავტორიზებული პირების მიხედვით.
ანალიზისთვის ასევე გამოყენებული იქნა კომისიაში არსებული ინფორმაცია ავტორიზებულ პირთა მიერ განხორციელებული საერთაშორისო ტრაფიკების შესახებ 2005-2012 წლებში.
ინფორმაციის წარმოდგენა ხდებოდა შემდეგი ავტორიზებული პირების მიერ: შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“, სს “გლობალ ერთი“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები – გუდვილკომი“, შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „სისტემნეტი“, შპს „ლაგი“, შპს „ჯეონეთი“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია – ჯტს“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელები“, შპს „ახალი ტექნოლოგიები“, შპს „ინტელფონი“, შპს „მაიფონი“, შპს „სერვისნეტი“ და შპს „შავი ზღვის ტელეკომი“.
არსებული მონაცემების ანალიზით საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ტრაფიკის მოცულობა (როგორც გამავალი, ასევე შემომავალი საერთაშორისო ზარები) 2005-2012 წლების განმავლობაში მატების ტენდეციით ხასიათდება, რომელიც გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №1
2005-2011 წლების განმავლობაში შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის 54%–ის ტერმინაცია ხდებოდა ფიქსირებულ ქსელებში, ხოლო 46%–ის ტერმინაცია მობილურ ქსელებში. 2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის იანვრის თვის ჩათვლით, ავტორიზებულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის 37%–ის ტერმინაცია განხორციელდა ფიქსირებულ ქსელებში, ხოლო 63%–ის ტერმინაცია მობილურ ქსელებში, რაც გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №2
გამავალი საერთაშორისო ტრაფიკი მობილური და ფიქსირებული ქსელებიდან 2011-2012 წწ. გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №3
გამავალი და შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის მოცულობა 2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №4
2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით გამავალი და შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკიდან მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯი გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №5
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიების მიერ მიღებული დადებითი ფინანსური ბალანსი უცხო ქვეყნის ოპერატორებთან ანგარიშსწორებისას გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №6
კომპანიების მიერ განხორციელებული გამავალი და შემომავალი საერთაშორისო ზარები 2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №7
კომპანიების მიერ განხორციელებული შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაცია მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში 2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №8
2012 წლის მაისის თვეში საერთაშორისო შემომავალი ზარების ტერმინაციის 82,06%-ს ახორციელებდნენ აბონენტების მფლობელი მსხვილი კომპანიები, კერძოდ, შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“ და სს „სილქნეტი“, ხოლო 17,94%-ს – სხვა დანარჩენი ავტორიზებული პირები. 2013 წლის თებერვლის თვის მონაცემებით კი საერთაშორისო შემომავალი ზარების ტერმინაციის 50,56% განახორციელა ზემოთ მოხსენიებულმა მსხვილმა კომპანიებმა (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“ და სს „სილქნეტი“), ხოლო 49,44% – შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა: სს “გლობალ ერთი“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები – გუდვილკომი“, შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „სისტემნეტი“, შპს „ლაგი“, შპს „ჯეონეთი“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია – ჯტს“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელები“, შპს „ახალი ტექნოლოგიები“, შპს „ინტელფონი“, შპს „მაიფონი“ და შპს „სერვისნეტი“. აღნიშნული მონაცემები გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
გრაფიკი №9
|
შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის ხვედრითი წილი კომპანიების ჯგუფების მიხედვით 2012 წლის მაისიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება: გრაფიკი №10
|
||||||||||||||
|
შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის ხვედრითი წილი კომპანიების მიხედვით 2012 წლის მაისიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება: გრაფიკი №11
საქართველოში ზარების ტერმინაციისათვის 2011 წელს ავტორიზებული პირების მიერ გაწეული მომსახურების მოცულობამ შეადგინა 16,2 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 1,35 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო უცხო ქვეყნებში ზარის ტერმინაციისათვის ავტორიზებული პირების მიერ გადასახდელმა თანხებმა შეადგინეს 12,7 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 1,06 მლნ. აშშ დოლარი), ანუ საერთო ჯამში დადებითმა სალდომ შეადგინა 3,5 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 0,291 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო 2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით ავტორიზებული პირების მიერ გაწეული მომსახურების მოცულობამ შეადგინა 36,2 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 3,62 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო უცხო ქვეყნებში ზარის ტერმინაციისათვის ავტორიზებული პირების მიერ გადასახდელმა თანხებმა შეადგინა 15,5 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 1,55 მლნ. აშშ დოლარი), ანუ საერთო ჯამში დადებითმა სალდომ შეადგინა 20,7 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 2,07 მლნ. აშშ დოლარი), რაც გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება: გრაფიკი №12
|
||||||||||||||
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში შემოსულია წერილობითი მოსაზრებები, კერძოდ:
1. შპს “კავკასიის ციფრული ქსელებისაგან“ კომისიაში შემოსულია 3 წერილი:
ა) №2689, 04.04.2013წ. წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განვითარებას, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოში შემოსული ვალუტის ნაკადი, ოპერატორების შემოსავლები და შესაბამისად ბიუჯეტის შემოსავლებიც. ჩამოთვლილი ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესება მოხდა არა მომხმარებელთა ინტერესების ხელყოფის შედეგად, არამედ საბითუმო ტარიფების გონივრული რეგულირების გზით. კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების დადებითი შედეგების შენარჩუნების და განმტკიცების მიზნით, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ შემოთავაზებულ იქნა კომისიის გადაწყვეტილების შემდეგი პროექტი:
„1. 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების მოქმედება გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით 2014 წლის 1 მაისამდე;
2. 2012 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში პირველი მუხლი მოდიფიცირდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით, დადგინდეს საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები:
- მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,012 აშშ დოლარი -1 წუთი;
- ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,007 აშშ დოლარი -1 წუთი.“
ბ) №2699, 12.04.2013წ. წერილით კომპანია კომისიას დამატებით აცნობებს, რომ საერთაშორისო სატელეფონო ტრაფიკის ტერმინაციის ბაზარზე ფასების შენარჩუნებისათვის აუცილებლად მიაჩნია:
1. გამკაცრდეს კომისიის მონიტორინგი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის პროცესზე, რისთვისაც უნდა ჩამოყალიბდეს კომისიისა და ოპერატორების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს მინიტორინგის მეთოდებსა და განახორციელებს ამ მონიტორინგს;
2. საერთაშორისო სატელეფონო ტრაფიკის ტერმინაციის ნაწილში საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაციის მაქსიმალური გამჭვირვალობა ისე, რომ ტრაფიკის რაოდენობრივი მაჩვენებლები თითოეული ოპერატორისა და მიმართულების მიხედვით ხელმისაწვდომი იყოს კომისიის საიტზე ნებისმიერი ოპერატორისათვის.
გ) №2712, 18.04.2013წ. წერილში განხილულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ანგარიშსწორების მოდელი. კერძოდ, შპს “კავკასიის ციფრული ქსელები” აღნიშნავს, რომ ე.წ. დიდი ოპერატორების მიერ №6/7541-12, 27.12.2012წ. წერილით წარმოდგენილი შეთანხმების მოდელი შეიცავს აშკარა საფრთხეს მცირე ზომის ოპერატორებისთვის. კერძოდ, თუ დიდი ოპერატორები გადაწყვეტენ შესთავაზონ საზღვარგარეთის ოპერატორებს უფრო დაბალი ან იგივე ფასი, რაც დადგენილი იქნება მათი ქსელის საზღვარზე ადგილობრივი ოპერატორებისთვის, მცირე ზომის ოპერატორები ვეღარ შეძლებენ საერთაშორისო ტრაფიკის მოზიდვას მარჟის არარსებობის გამო და საბოლოოდ გაძევებული იქნებიან ბაზრის ამ სეგმენტიდან. აღნიშნული მოდელი გულისხმობს ადგილობრივ ქსელებზე ზარის დასრულების ორ ტარიფს - ლოკალური და საერთაშორისო ზარებისთვის. წერილში აღნიშნულია, რომ, საკითხის ასეთი დაყენება არამართლზომიერია, ვინაიდან თუ გათვალისწინებული იქნება გასული წლების არცთუ სასიამოვნო გამოცდილება, ნათელია რომ მსგავსი სატარიფო პოლიტიკა ოპერატორებს უბიძგებს სამართალდარღვევებისა და მრავალი მანკიერი სქემებისკენ, რაც საბოლოო ჯამში აისახება საბიუჯეტო შემოსავლებზე. შესაბამისად, აღნიშნული საფრთხეების და წინააღმდეგობების გათვალისწინებით, შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” მიაჩნია, რომ აღნიშნული მოდელი ვერ გამოდგება ოპერატორებს შორის სამართლიანი, ურთიერთმომგებიანი და გრძელვადიანი შეთანხმების საფუძვლად. ამავე წერილში შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ წარმოდგენილია ოპერატორების შეთანხმების ალტერნატიული მოდელი, რომელიც კომპანიის აზრით, დაფუძნებული უნდა იყოს შემდეგ სქემაზე: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უნდა გამოყოს მის ქსელზე დასასრულებელი საერთაშორისო ტრაფიკის ყოველთვიური თანაბარი ლიმიტი მასთან ჩართული ყველა ოპერატორისთვის და აღნიშნული ლიმიტი ასახოს ხელშეკრულებაში; გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში, ლიმიტის მიმღები, ლიმიტის გამცემ ოპერატორს გადაუხდის ურთიერთჩართვის ტარიფს; ყოველთვიური ლიმიტის გადაჭარბებისას ლიმიტის მიმღები ლიმიტის გამცემ ოპერატორს გადაუხდის ურთიერთჩართვის ტარიფს დამატებულ ჯარიმას საერთაშორისო ტრაფიკის ყოველ გადაჭარბებულ წუთზე.
შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” აზრით, აღნიშნული მოდელი აკმაყოფილებს სამართლიანობის, ურთიერთმომგებიანობის და გრძელვადიანი პერსპექტივის პრინციპებს. შესაბამისად, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” კომისიას მიმართავს, რომ:
ა) კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოება შემოიფარგლოს გადაწყვეტილების გაგრძელება/მოდიფიკაციის საკითხით;
ბ) კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების გაგრძელება/მოდიფიკაციის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ჩატარდეს ე.წ. დიდი ოპერატორების მიერ წარმოდგენილი შეთანხმების მოდელისა და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული მოდელის შედარებითი ანალიზი.
2. სს ”გლობალ ერთმა” და შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები გუდვილკომმა” ერთობლივი წერილით (№6/2075-13, 19.04.2013წ.) მიმართეს კომისიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიამ 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით “საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ“ დაარეგულირა საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის ეს სეგმენტი. ყველა ავტორიზებული პირი ჩააყენა თანაბარ პირობებში, რამაც გამოიწვია ის, რომ თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო და პატარა ოპერატორები ბაზრის ამ სეგმენტზე ვერ ოპერირებდნენ, 2012 წლის 1 მაისიდან საშუალება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ ბაზარზე (ზღვრულ ტარიფს - 10 ცენტსა და მობილური ქსელში ზარის დასრულების ტარიფს - 8 თეთრს შორის და ზღვრულ ტარიფს - 5 ცენტსა და ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულების ტარიფს - 2 თეთრს შორის არსებული სხვაობის ხარჯზე) და კონკურენცია გაეწიათ ქსელის მფლობელი დიდი ოპერატორებისათვის.
გასაყიდ ფასსა და ხარჯს შორის მიღებულმა სხვაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ყველა ავტორიზებული პირის შემოსავლები ისე, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის არ გაზრდილა საერთაშორისო ზარების საცალო ტარიფი. შესაბამისად, ქვეყანაში შემოვიდა მნიშვნელოვნად მეტი ფულადი სახსრები.
წერილში აღნიშნულია იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 22 მარტს კომისიის №44 სხდომაზე, “საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა განაცხადეს, რომ პატარა და საშუალო ოპერატორების მხრიდან მოხდა დადგენილი ზღვრული ტარიფის დარღვევა და გაცილებით დაბალი ტარიფით საერთაშორისო ზარების ტერმინაცია, რის შედეგად მათ დაკარგეს საერთაშორისო ოპერატორებისაგან შემომავალი წუთების გარკვეული რაოდენობა (და არა შემოსავალი) და დააყენეს საკითხი რომ პატარა და საშუალო ოპერატორებისაგან ამ მომსახურებაზე მათ ქსელში დასრულების ტარიფი ყოფილიყო განსხვავებული ან გაუქმებულიყო ზღვრული ტარიფები ან მომხდარიყო მათი კიდევ უფრო გაზრდა.
წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ პატარა და საშუალო ოპერატორების ცალსახად დადანაშაულება ზღვრული ტარიფის დარღვევაში და ამ მიზეზით მათთვის განსხვავებული ტარიფის დადგენის ან/და მისი გაუქმების მოთხოვნა ყოვლად მიუღებელია, რადგან აღნიშნული გამოიწვევს პატარა ოპერატორების განდევნას არა მარტო ბაზრის ამ სეგმენტიდან, არამედ მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზრიდან, ვინაიდან პატარა და საშუალო ოპერატორებისათვის მომსახურების ეს სახე (ტერმინაცია) წარმოადგენს არსებობის ძირითად საშუალებას, მაშინ როცა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებისათვის მომსახურების ეს სახე არის მათი შემოსავლის ერთ–ერთი დამატებითი წყარო.
ამასთან, წერილში აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ ტრანზიტორი (არარეზიდენტი) ოპერატორები, საქართველოში ტერმინირებულ ტრაფიკს ყიდიან უფრო იაფად, ვიდრე კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფებია. აქედან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს გარკვეული კონტროლის ბერკეტების შემუშავება.
წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ტარიფის ხელოვნური შემცირებისაგან საქართველოს ბაზრის დაცვის, სავალუტო სახსრების ქვეყნიდან გადინების მაქსიმალურად შეზღუდვის და ყველა ავტორიზებული პირის თანაბარ პირობებში მოქცევის მიზნით, სს ”გლობალ ერთი” და შპს”კეთილი ნების კომუნიკაციები–გუდვილკომი” კომისიას წარმოუდგენენ შემდეგ მოსაზრებებს:
1. საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფი გაიზარდოს და გახდეს მობილური ქსელებისათვის 0,12 აშშ დოლარი, ხოლო ფიქსირებული ქსელებისათვის 0,07აშშ დოლარი; როგორც წერილშია აღნიშნული, ეს წინადადება განპირობებულია იმით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეზობელ ქვეყნებში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ფასმა მოიმატა. შესაბამისად, რომ არ მოხდეს უარყოფითი სალდოს წარმოშობა, საჭიროა საქართველოში ტერმინირებული ზარების ადეკვატური გაზრდა;
2. გაანალიზდეს ბოლო 1 წლის (2012 წლის მაისი – 2013 წლის აპრილი) განმავლობაში საერთაშორისო შემომავალი ტრაფიკის რაოდენობა. რამდენი წუთი სრულდებოდა, თვეების მიხედვით, სააბონენტო ქსელის მქონე ოპერატორებთან, რომლებიც აღიარებულნი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე;
3. ბაზარზე მოქმედი ყველა ტრანზიტორი ოპერატორისათვის დაწესდეს საერთაშორისო შემომავალი ტრაფიკის ლიმიტი. ყოველი თვის ლიმიტი განისაზღვროს ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემების მინიმუმით;
4. ქსელის ოპერატორებმა დაასრულონ საკუთარ ქსელში ტერმინირებული საერთაშორისო ტრაფიკის გარკვეული პროცენტი, ხოლო დარჩენილი პროცენტი თანაბრად გადაუნაწილონ ყველა ტრანზიტორ ოპერატორს, რომელთაც 1 მარტის მდგომარეობით გააჩნიათ შესაბამისი ავტორიზაცია, ქსელის ოპერატორებთან აქვთ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და ფიზიკურად პირდაპირი მიერთებით არიან ჩართულები ქსელის ოპერატორებთან;
5. ტრანზიტორი ოპერატორი ქსელის მფლობელ ოპერატორს გადაუხდის ზარის დასრულების ტარიფს მისთვის გამოყოფილი სატრანზიტო საერთაშორისო ზარების ლიმიტის ფარგლებში, ხოლო თუ ტრანზიტორი ოპერატორი ოპერატორის ქსელში დაასრულებს მისთვის განკუთვნილ ლიმიტზე მეტ საერთაშორისო ზარს, იგი უნდა გახდეს ვალდებული ოპერატორს გადაუხადოს ზარის დასრულების წუთობრივი ტარიფი და საერთაშორისო ზარის ტერმინაციის დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობა. აღნიშნული გამორიცხავს საქართველოში ტერმინირებულ ტრაფიკზე ფასების ხელოვნურ შემცირებას ტრანზიტორი ოპერატორის მიერ ტრაფიკის მოცულობის გაზრდის მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქსელის მქონე ოპერატორი თავის ქსელში დაასრულებს მისთვის განკუთვნილი წუთების ლიმიტზე მეტს, მის მიმართ კომისიის მიერ გამოყენებულ იქნას შესაბამისი სანქციები.
6. ყველა ოპერატორს დაევალოს საერთაშორისო ტრაფიკის შესახებ ყოველთვიური ინფორმაცია კომისიას მიაწოდოს არა მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, არამედ მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. აღნიშნული საშუალებას მისცემს ოპერატორებს დროულად მოახდინონ რეაგირება გაუთვალისწინებლად წამოჭრილ საკითხებზე.
7. ყოველ 3 თვეში ერთხელ მოხდეს ტრაფიკების გაანალიზება და შესაძლო ახალი ოპერატორების აღნიშნული რეგულაციის ქვეშ მოქცევა.
წერილში მოცემულია წინადადება, რომ მ/წლის 1 მაისიდან გაგრძელდეს არსებული ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა. ამ პერიოდში კომისიისა და ოპერატორების წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყოს სამუშაო შეხვედრები, რათა განხილულ იქნეს ყველა ავტორიზებული პირის წინადადება, ასევე გამოიკვეთოს ოპერატორთა პოზიციები და კომისიის ძალისხმევით შეჯერდნენ როგორც კომისიის, ისე ქსელის მფლობელი ოპერატორების და ტარნზიტული ტიპის ოპერატორებისათვის მისაღებ ვარიანტზე, ზღვრული ტარიფების შენარჩუნებისა და კონტროლის მიზნით.
3. შპს“ მაიფონმა“ წერილით (№033, 18.04.2013წ.) მომართა კომისიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის განვითარებას. კერძოდ, ეფექტურმა ზღვრულმა ტარიფებმა კომპანიებს საშუალება მისცეს წარმოშობოდათ დადებითი ფინანსური ბალანსი უცხო ქვეყნის ოპერატორებთან ანგარიშსწორებისას. გარდა ამისა, დადგენილმა ტარიფებმა გამოიწვია სავალუტო სახსრების საგრძნობი შემოდინება ქვეყანაში და შესაბამისად გაჩნდა დამატებითი შემოსავლები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტშიც. ასევე, შემოსავლები გაეზარდა საქართველოში არსებულ ავტორიზებულ პირებს, რამაც გამოიწვია დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა სექტორში, რაც საკმაოდ დადებითად აისახა დარგისა და შესაბამისად მთელი ქვეყნის განვითარებაზე. ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, აღნიშნული მომსახურების გაზრდა ფაქტიურად არ შეხებია ჩვენი ქვეყნის მომხმარებელს.
წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს საერთაშორისო და რეგიონალურ ბაზარზე არსებულ ტარიფებთან შედარებით სრულიად ადეკვატურ ზღვარს და 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილება შეფასებულია, როგორც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ტელეკომუნიკაციის დარგის რეგულირების სფეროში. კომპანია კომისიას მიმართავს წინადადებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, რათა მოხდეს უაღრესად დადებითი შედეგების შენარჩუნება და ბაზრის შემდგომი განვითარება.
ამასთან ერთად, შპს ”მაიფონს” გასათვალისწინებლად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტრაფიკის საქართველოში ტერმინაციის დიდი ოდენობით მოზიდვის მიზნით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ზოგიერთი ავტორიზებული პირისაგან არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. აღნიშნული ქმედებების მაქსიმალურად გამოსარიცხად კომისიას სთავაზობს შეიქმნას ერთი უნიფიცირებული ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ყველა ავტორიზებული პირი დააფიქსირებს თავის პოზიციას, თუ იგი შეამჩნევს, რომ ბაზარზე ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. აღნიშნული ელექტრონული ფოსტა იქნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და შესაბამისად, კომისიას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს მონიტორინგი და არაკეთილსინდისიერი ქმედებების შემთხვევაში განახორციელოს დადგენილი პრევენციული ზომები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ავტორიზებული პირებისაგან 2012 წლის 27 ნოემბერს გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ: უცხო ქვეყნის სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები, ინფორმაცია განხორციელებული ტრაფიკებისა და მასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების შესახებ: ინფორმაცია ავტორიზებული პირების მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რომელთა შესწავლის შემდეგ კომისიის მიერ რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირებული არ იქნა. ამევე დროს კომისიამ მიიჩნია, რომ რიგი ავტორიზებული პირების მიერ ერთობლივ წერილებში (№6/7541-12 27.12.2012. №6/695-13. 07.02.2013) მოყვანილი ფაქტები, რომელიც ეხებოდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ოპერატორების მიერ კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ხელოვნურ შემცირებას, დამატებით შესწავლას საჭიროებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მსგავსი ტიპის დარღვევების გამოვლენა სცილდებოდა კომისიის კომპეტენციას, კომისიამ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შეესწავლათ არსებული გარემოებები (წერილი №08/361-13, 13.02.2013წ.).
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას 2013 წლის 25 მარტის №2214/15-04-03/4 წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აცნობა, რომ კომისიის წერილში მითითებული ფაქტები არ შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით და მათ ხელთ არსებული მასალებისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საქართველოში ავტორიზებულ კომპანიებს (რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ზარების ტრაფიკს საქართველოში) კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების დაცვით აქვთ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები არარეზიდენტ საწარმოებთან სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე. გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის საგადასახადო ან სხვა სახის ვალდებულებები გასაზღვრული აქვთ არსებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად აღნიშნული საკითხის შესწავლისას არ იკვეთება ბიუჯეტისათვის ან სხვა იურიდიული/ფიზიკური პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს გამოძიების დაწყებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილია განსხვავებული მოსაზრებები კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების ცვლილებებთან დაკავშირებით. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან ნათლად გამოიკვეთა, რომ უმრავლესობა კომპანიებისა, რომლებიც, ძირითადად ახორციელებენ ტრანზიტულ მომსახურებას და არ გააჩნიათ საკუთარი ქსელი, ბევრად უფრო კომფორტულად მოერგნენ ახალ რეგულაციას, ვიდრე ქსელის მფლობელი ოპერატორები. ეს უკანასკნელნი პრინციპულად მოითხოვენ საერთაშორისო ტრაფიკის ტერმინაციაზე მიიღონ ურთიერთჩართვაზე დადგენილი ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფი, ხოლო ტრანზიტის განმახორციელებელმა ოპერატორებმა მიიღონ მხოლოდ საშუამავლო მომსახურების (ტრანზიტული მომსახურების) ანაზღაურება. ქსელის არამფლობელი ოპერატორები ასევე აფიქსირებენ, რომ შესაძლებელია მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა ავტორიზებული პირისათვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული წინადადებების უმრავლესობა არ იქნება შესაბამისობაში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან, აგრეთვე ზოგიერთი წინადადების გაზიარების შემთხვევაში შესაძლოა ამ ბაზრის სეგმენტზე ახალშემოსულთა სერიოზული დაბრკოლებები გაჩნდეს.
კომისიამ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლების გაზრდის კუთხით ცალსახად დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ, ამავე დროს, რიგი ოპერატორების აზრით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ხარვეზები გააჩნია, რაც ძირითადად დადგენილი ზღვრული ტარიფების ხელოვნურ შემცირებაში და ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ საერთაშორისო ტრაფიკების და შესაბამისად შემოსავლების მკვეთრ შემცირებაში გამოიხატა, მიიჩნია რომ 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა, უცვლელი რედაქციით, ამ ეტაპზე შესაძლოა გაგრძელდეს სამი თვით. ამავე დროს, კომისიამ მიიჩნია, რომ დაინტერესებულ ავტორიზებულ პირებს უნდა ეთხოვოს წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი დროებითი რეგულაციის მათ მიერ აღნიშნული უარყოფითი გარემოებების თავიდან ასაცილებლად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ზღვრული ტარიფები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 1 აგვისტომდე;”
2. ეთხოვოს დაინტერესებულ პირებს შეთანხმებული წინადადებების კომისიისთვის წარმოდგენა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საკითხის სისტემურად დარეგულირების მიზნით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
