წვდომის მენიუ

შპს „სუპერ ტვ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 276 / 6

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2013

მიღების თარიღი აპრილი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 მარტს კომისიას განცხადებით (№7/112-13) მიმართა შპს „სუპერ ტვ“-იმ და მოითხოვა მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 4 მარტის №108/5 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „სუპერ ტვ“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2013 წლის 21 აპრილამდე;

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.

შპს ”სუპერტ ტვ”-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2013 წლის 21 აპრილს. შესაბამისად, შპს ”სუპერ ტვ”-ის მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

“ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“  შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

 ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/205-13, 19.03.13), რომლის შესაბამისად  ვინაიდან უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ბოლო ორი წლის, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად  დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა არც ერთი  აუქციონი, შპს ”სუპერ ტვ-ის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტით.

         კომისია აღნიშნავს, რომ უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ბოლო სამი აუქციონის შედეგები ასეთია:

1. 2006 წლის 29 დეკემბერს ჩატარებულ 2500-2596 მჰც სიხშირულ სპექტრში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის მისაღებად ქ.ბათუმში გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა შპს ”თანამგზავრმა”, აღნიშნულ აუქციონზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 51,282.00 (ორმოცდათერთმეტი ათას ორასოთხმოცდაორი და 00) ლარით (კომისიის გადაწყვეტილება №565/10, 29.12.06წ.).

2. 2006 წლის 29 დეკემბერს ჩატარებულ 2604-2700 მჰც სიხშირულ სპექტრში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის მისაღებად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა შპს ”სერვისლაინმა”, აღნიშნულ აუქციონზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 92,308.00 (ოთხმოცდათორმეტი ათას სამასრვა და 00) ლარით (კომისიის გადაწყვეტილება №565/10, 29.12.06წ.).

3. 2006 წლის 22 დეკემბერს ჩატარებულ 2284-2382 მჰც სიხშირულ სპექტრში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა)  გამოცხადებულ აუქციონში  გაიმარჯვა შპს ”დელტანეტმა”, აღნიშნულ აუქციონზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 1,153,845.00 (ერთი მილიონ ასორმოცდაცამეტი ათას რვაასორმოცდახუთი და 00) ლარით (კომისიის გადაწყვეტილება №552/10, 22.12.06წ.).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის მიხედვით, შპს სუპერ ტვ-ის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს ამ ბოლო სამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისათვის გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  ბოლო სამ აუქციონზე გამოტანილი სიხშირეების საერთო რაოდენობამ შეადგინა  290 მჰც, ხოლო გადახდილმა თანხამ - 1,297,435.00 (ერთი მილიონ ორასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასოცდათხუთმეტი და 00) ლარი. შესაბამისად გადახდილი თანხის საშუალო არითმეტიკულის 1,297,435/3 ფარდობა აუქციონზე გამოტანილი სიხშირეების საშუალო არითმეტიკულთან (290/3) შეადგენს 4,473.9138 (ოთხი ათას ოთხასსამოცდაცამეტი და 91.38) ლარს, რაც წარმოადგენს 1 მჰც-ის საფასურს.  ვინაიდან შპს “სუპერ ტვ”-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზია ითვალისწინებს სიხშირულ რესურსს 104 მჰც-ის ოდენობით, შესაბამისად,  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, შეადგენს 4,473.9138x104 = 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის  სალიცენზიო მოსაკრებელს. ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000 (ერთი ათას) ლარს. შპს „სუპერ ტვ“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/1735-13, 01.04.2013)

        კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 19 აპრილს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი სოფიო ნემსაძე, რომელმაც დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, გადახდაზე მზადყოფნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  49-ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე–5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „სუპერ ტვ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას 2013 წლის 22 აპრილიდან – 2023 წლის 22 აპრილამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;

ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;

გ) გეოგრაფიული ზონა:  ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;

ე) შპს „სუპერ ტვ“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

2. შპს „სუპერ ტვ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიისთვის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს  – 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარით;     

3. უზრუნველყოს შპს „სუპერ ტვ“-იმ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ა/ა  - N200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -TRESGE22;

 საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

4. შპს „სუპერ ტვ“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. შპს „სუპერ ტვ“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების, მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „სუპერ ტვ“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ“-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“ -სთვის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა დ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), გ) და ე) ქვეპუნქტებისა, მე-2, და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                       ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                       ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები