წვდომის მენიუ

შპს ,,ოპტიკა ტივის“ სანქცირების თაობაზე

ნომერი: 277 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2013

მიღების თარიღი აპრილი 24, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ,  აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 25 იანვარს კომისიაში შემოვიდა საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/542-13), რომლის თანახმად,  შპს ,,ოპტიკა ტივი“ უარს აცხადებდა ,,Niltex Holding Limited”-ისთვის მის მიერ რეტრანსლირებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალის მიწოდებზე, რის გამოც ,,Niltex Holding Limited”-მა ამავე წერილით კომისიისგან მოითხოვა შპს ,,ოპტიკა ტივის“ მონიტორინგი და მის მიერ საკუთარ საკაბელო ქსელში განთავსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალის მიწოდება, ასევე, სატელევიზიო არხების ,,НСТВ”, ,,Еврокино”, ,,Иллюзион”, ,,Детский”, ,,Зоопарк”, ,,Оружие”, ,,Феникс плюс Кино”-ს ტრანზიტის შესახებ ,,Niltex Holding Limited”-თან შპს ,,ოპტიკა ტივის” მიერ გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული არხების უკანონო რეტრანსლაციის შეწყვეტა.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2013 წლის 20 თებერვალს განხორციელდა შპს ,,ოპტიკა ტივის“ შემოწმება კომპანიის სათაო ოფისში და შედგა შემოწმების აქტი №5. 2013 წლის პირველ მარტს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის პირველი მარტის №10/168-13 სამსახურებრივი ბარათი და შპს ,,ოპტიკა ტივის“ შემოწმების აქტი №5 თანდართული მასალებით (მათ შორის, შპს ,,ოპტიკა ტივის შემოწმების ვიდეო ჩანაწერი - 1 CD, შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობების ასლები), რომელთა თანახმად, ირკვევა, რომ 2013 წლის 20 თებერვალს შპს ,,ოპტიკა ტივი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “Music Box ru”, ,,Культура”, ,,Fashion TV”, ,,Мир”, “Russian Music Box”, “XXI TV” (TV 21), “Travel”, ,,РТР-Планета”, “TV3” (რეალტივი), “Детский’’, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი”, ,,რუსთავი 2“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,იმედი“, ,,აჭარა“, ,,ერთსულოვნება“, ,,კავკასია“, “GDS”, ,,მზე”, ,,ენკი-ბენკი“, ,,მაესტრო“, ,,აფხაზეთის ხმა“, ,,მეცხრე არხი“, ,,კომედი არხი“ (ახალი არხი), ,,ობიექტივი“, ,,Интер+“ ,,Охота и рыбалка“, ,,Шансон ТВ“, “RTVi”, ,,Детский мир“, ,,24 Техно“, “Music Box თბილისი”. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ოპტიკა ტივის“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა - 01.01.2013 – 31.12.2013) რიგი სამაუწყებლო არხების, მათ შორის, სამაუწყებლო არხ ,,Детский“-ს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების შესახებ. ამასთან, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიაში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ სამაუწყებლო არხ  ,,Детский”-ს საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ი. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2013 წლის 21 იანვრის წერილით, რომელიც თან ერთვის ხსენებულ სამსახურებრივ ბარათს, კომპანია აცნობებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, რომ 2013 წლის პირველი იანვრიდან არ ფლობს სამაუწყებლო არხ ,,Детский“-ს საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის  რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიერ სამაუწყებლო არხ ,,Детский“-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

                კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ასევე, კომისიის აპარატის მაუწყებლობს რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 11 მარტის №10/184-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, კომისიაში 2013 წლის 7 მარტს შემოსულია კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის წერილი, რომელშიც კომპანია განმარტავს, რომ შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიერ უკანონოდ ხორციელდება სამაუწყებლო არხების - ,,Детский“ და ,,24 Техно“ რეტრანსლირება. ამასთან, კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ოპტიკა ტივის“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“ -ს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“, ხოლო ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ განმარტებით, ,,Арт Медиа Маркт“-თან გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების შესახებ ძალაშია, ვინაიდან, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შეთანხმებას ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ ხელი არ მოაწერა. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიერ სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანსლირება უტყუარად არ დასტურდება.

                კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (01.03.2013; №10/168-13) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 12 აპრილს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ოპტიკა ტივის“ სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 19 აპრილს 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ოპტიკა ტივის“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. საკითხის ყოველმხრივ და საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“ და საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ი.

                2013 წლის 19 მარტის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ოპტიკა ტივის“ დირექტორი ირაკლი ქორიძე, საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის წარმომადგენელი თეონა ბერუაშვილი (№03/04 მინდობილობა გაცემული 2013 წლის 19 აპრილს ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ თავმჯდომარის გურამ ბერუაშვილის მიერ) და საერთაშორისო კომპანია Niltex Holding Limited–ის წარმომადგენელი არჩილ თაბაგარი (მოქმედი ,,Niltex Holding Limited“–ის აღმასრულებელი დირექტორის ვ. ვენედიაპინის მიერ 2013 წლის 19 აპრილს გაცემული მინდობილობის საფუძველზე).

                შპს ,,ოპტიკა ტივის“ დირექტორის ახსნა–განმარტებით,  შპს ,,ოპტიკა ტივის“ საკუთარი საკაბელო ქსელით 2013 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს არამართლზომიერ ტრანზიტი არ განუხორციელებია, ვინაიდან, შპს ,,ოპტიკა ტივის“ არ მიუღია ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირიდან“ წერილი იმის თაობაზე, რომ სამაუწყებლო არხი ,,Детский“ –ს ტრანზიტი შპს ,,ოპტიკა ტივის“ უნდა შეეწყვიტა. ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის 2013 წლის 21 იანვრის წერილი, რომლითაც ტრანზიტით მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს ეცნობათ სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს ტრანზიტის უფლებაზე ხელშეკრულების 2013 წლის პირველი იანვრიდან შეწყვეტის თაობაზე, შპს ,,ოპტიკა ტივის“ არ გადაეგზავნა. ამასთან, მისი განმარტებით, შპს ,,ოპტიკა ტივისთან“ აღნიშნული არხის ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულება საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა შეცდომით.

                კომპანია  ,,Niltex Holding Limited“–ის წარმომადგენლის განმარტებით, სატელევიზიო არხ ,,Детский“–ს თაობაზე კომისიამ თავისი ინიციატივით გამოითხოვა  დოკუმენტაცია უშუალოდ უფლებამფლობელი კომპანიისგან 2012 წლის სექტემბერში. შესაბამისად, კომისიამ აუწყა ყველა ოპერატორს და ისინი ინფორმირებულნი იყვნენ, რომ კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ი ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს დისტრიბუციის ექსკლუზიურ  უფლებას. კომპანია ,,Niltex Holding Limited“–ის წარმომადგენლის განცხადებით, ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ შპს ,,ოპტიკა ტივისთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის გაფორმების უფლება არ ჰქონდა. კომპანია  ,,Niltex Holding Limited“–ის წარმომადგენლის განცხადებით, როდესაც ოპერატორი დისტრიბუტორის მეშვეობით აფორმებს ხელშეკრულებას, მას  უნდა ჰქონდეს ასევე, საავტორო უფლების მფლობელის ლეგიტიმაციის წერილი.  კომპანია  ,,Niltex Holding Limited“-ი როდესაც აფორმებს ხელშეკრულებას, ის  აძლევს ოპერატორს ლეგიტიმაციის წერილსაც. მისივე განმარტებით, როდესაც კომპანიამ საქართველოს ტერიტორიაზე მოიპოვა სატელევიზიო არხების ტრანზიტის უფლება, აღნიშნულის შესახებ ელექტრონული ფოსტით ეცნობათ ტრანზიტით მაუწყებლებს, მათ შორის, შპს ,,ოპტიკა ტივის“.

კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის წარმომადგენლის განცხადებით, დღეის მდგომარეობით შპს ,,ოპტიკა ტივი“ არ ახორციელებს საკუთარი საკაბელო ქსელით სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს რეტრანსლირებას. ამასთან, კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შპს ,,ოპტიკა ტივი“ ახორციელებს სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს უნებართვო ტრანზიტს. მისივე განმარტებით, კომპანია ,,Niltex Holding Limited“-თვის მიუღებელია მისი ნებართვისა და სათანადო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიერ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი.

,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტების თანახმად,  ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ მიმართა კომისიას, მასსა და შპს ,,АртМедиа Маркт“ –ს შორის 2011 წლის პირველ ივნისს სატელევიო არხ ,,24 Техно“–ს ტრანზიტის უფლებაზე გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით და წერილში მიუთითა ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები, რომელთა მიხედვითაც ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“ ძალაში ტოვებდა აღნიშნულ ხელშეკრულებას და ითხოვდა კომისიისგან მხედველობაში მიეღო წარმოდგენილი ინფორმაცია. ამასთან, ის ითხოვდა კომისიას მართლზომიერად ჩაეთვალა ,,24 Техно“–ს ტრანზიტით მიწოდებაზე კავშირსა და ტრანზიტით მაუწყებლებს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება. ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ წარმომადგენლის განცხადებით, მას არ მიუღია კომისიისგან წერილი იმის თაობაზე, რომ  ,,საქარველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ ტრანზიტით მაუწყებლებთან ზემოაღნიშნული სატელევიზიო არხის ტრანზიტის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება უნდა შეეწყვიტა. ამასთან, მისივე განმარტებით, კომისია ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ  ზემოაღნიშნული სალიცენზიო  ხელშეკრულება იყო ძალაში. შესაბამისად, ტრანზიტით მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები მართლზომიერი იყო იმ დრომდე, სანამ ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ ამის უფლებამოსილება ჰქონდა. ამასთან, ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე არ არსებობს.

კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის წარმომადგენლის განმარტებით, ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და შპს ,,АртМедиа Маркт“ –ს შორის 2011 წლის პირველ ივნისს სატელევიზიო არხ ,,24 Техно“–ს ტრანზიტის უფლებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, რის თაობაზეც არაერთხელ ეცნობა ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ უფლებამფლობელი კომპანიისგან, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი არის კერძო–სამართლებრივი ურთიერთობის საგანი. კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამის შესახებ არაერთხელ აცნობა კომისიას უშუალო უფლებამფლობელმა. მისივე განმარტებით, უფლებამფლობელს აქვს უფლება მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე მისი უფლებების დაცვა და კომისია ვალდებულია ეს უზრუნველყოს ავტორიზებულ პირებში. კომპანია ,,Niltex Holding Limited“–ის წარმომადგენლის განცხადებით, შპს ,,ოპტიკა ტივი“ ახდენს სატელევიო არხ ,,24 Техно“–ს არამართლზომიერ ტრანზიტს და კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ი კომისიის წინაშე კვლავ აყენებს აღნიშნულ საკითხს. ამასთან, მისი განმარტებით, თუ ოპერატორი ახდენს სამაუწყებლო არხის ტრანზიტს მან უნდა წარმოაგდინოს ხელშეკრულება ამ არხის ტრანზიტზე და თუ ხელშეკრულება ფორმდება შუამავლის მეშვეობით, ოპერატორმა უნდა წარმოადგინოს უფლებამფლობელი კომპანიის დასტური.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია ,,Niltex Holding Limited“-მა 2013 წლის 22 მარტს კომისიაში წარმოადგინა შპს ,,АртМедиа Маркт”-ის 2013 წლის 15 მარტის წერილი (კომპანიის რეგისტრაციის №54), რომლის თანახმად, შპს ,,АртМедиа Маркт”-ის გენერალური დირექტორი ს. კოვალიოვი  ადასტურებს, რომ სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“–ს ტრანზიტის თაობაზე ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“ გაფორმებული ხელშეკრულება სისტემატიური დარღვევების გამო შეწყვეტილია და ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“ არ არის უფლებამოსილი შპს ,,АртМедиа Маркт”-ის პაკეტში შემავალი სამაუწყებლო არხების ტრანზიტის თაობაზე გააფორმოს ხელშეკრულება და აღნიშნული არხების რეტრანსლაციის უფლება გადასცეს ვინმეს.

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის განხილვის 2013 წლის 24 აპრილს, 16.00 საათზე გადადების შესახებ, რის თაობაზეც შპს ,,ოპტიკა ტივის“ დირექტორი, კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ისა და ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ წარმომადგელები სხდომაზე გაფრთხილდნენ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 24 აპრილის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ოპტიკა ტივის“ დირექტორი ირაკლი ქორიძე და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის წარმომადგენელი თეონა ბერუაშვილი, ხოლო კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 23 აპრილის №10/335–13 სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ  საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის  2012 წლის 3 სექტემბრის განცხადების საფუძველზე (კომისიაში რეგისტრაციის №6/4913–12), კომისიას, შპს ,,ოპტიკა ტივისთვის“ არ გაუგზავნია წერილი საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის  მიერ სამაუწყებლო არხ ,,Детский”–ს ტრანზიტზე ექსკლუზიური უფლების ფლობის შესახებ. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის განმარტებით, აღნიშნული წერილი გაიგზავნა მაუწყებლობის ავტორიზებულ იმ პირებთან, რომელთაც კომისიაში 2012 წელს წარმოდგენილი ჰქონდათ ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები. ამასთან, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, შპს ,,ოპტიკა ტივის“ დაცული აქვს შუამავალ/დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ტელეარხის მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად აუცილებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება; კერძოდ, კომისიაში შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიერ წარმოდგენილია მასსა და ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2012 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია მასსა და შპს ,,Контент Юнион Джуниор”–ს შორის 2011 წლის 12 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2013 წლის 23 აპრილს შემოვიდა კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/2229-13), რომელშიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვ. ვენედიაპინი განმარტავს, რომ კომპანია ,,Niltex Holding Limited”-მა არაერთხელ აცნობა ყველა საკაბელო ოპერატორს, რომ ,,Клуб 100“–ის  შემადგენლობაში შემავალი არხების დისტრიბუცია ხორციელდებოდა კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის მიერ. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად კომპანია ,,Niltex Holding Limited“-მა წარმოადგინა შპს ,,ოპტიკა ტივისთვის“ მისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: optika.tivi@mail.ru 2012 წლის 9 ივლისს, 2012 წლის 2 ოქტომბერს და 2012 წლის 10 ოქტომბერს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილების ასლები (ამონაბეჭდები). 2012 წლის 9 ივლისის ელექტრონული წერილის თანახმად, კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ი 2012 წლის პირველი ივლისიდან გახდა რიგი სააუწყებლო არხების, მათ შორის, „Детский“-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე წერილით, კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ი  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ მათი ხელშეკრულება 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ტელეარხების ,,Еврокино“ ,,Иллюзион+“, ,,Русский Иллюзион“, ,,Детский“ და ,,Русский Экстим“ საქართველოში რეტრანსლაციაზე განიხილება როგორც შეწყვეტილი და თუკი მათ სურთ არხების რეტრანსლაციის გაგრძელება, შესაბამისი ხელშეკრულება უნდა გააფორმონ კომპანია ,,Niltex Holding Limited“-თან. ამავე წერილით, კომპანია ,,Niltex Holding Limited“-მა მოუწოდა ტრანზიტით მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს დროულად დაეწყოთ მოლაპარაკების პროცესი შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2012 წლის 2 ოქტომბრისა და 10 ოქტომბრის ელექტრონული წერილების თანახმად, კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ი აცნობებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ოპტიკა ტივის“, რომ კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ი წარმოადგენს ,,Клуб 100“-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, შესაბამისად, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ყველა ოპერატორი ვალდებულია კომპანია ,,Niltex Holding Limited”-თან გააფორმოს ხელშეკრულება არხების რეტრანსლაციის თაობაზე. ამავე წერილით, კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ი წერილის ადრესატებს აცნობებს, რომ ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ თავმჯდომარეს გურამ ბერუაშვილს ხელშეკრულებების გაფორმების და თანხის მიღების არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

შპს ,,ოპტიკა ტივის“ დირექტორის მიერ 2013 წლის 24 აპრილის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მას არ მიუღია კომპანია ,,Niltex Holding Limited“-გან 2012 წლის 9 ივლისის, 2012 წლის 2 ოქტომბრისა და 10 ოქტომბრის წერილები მისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რადგან შპს ,,ოპტიკა ტივის“ ელექტრონული ფოსტა არ მუშაობდა ზემოაღნიშნული წერილების გაგზავნის პერიოდში. ამასთან, შპს ,,ოპტიკა ტივის“ დირექტორის განცხადებით, მან გააფორმა კომპანია ,,Niltex Holding Limited“–თან ხელშეკრულება სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“–ს ტრანზიტის თაობაზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  • კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (01.03.2013; №10/168-13);
  • 2.       2013 წლის 20 თებერვლის შემოწმების აქტი №5;

  • შპს ,,ოპტიკა ტივის“ შემოწმების დამსწრე მოწმეების პირადობის მოწმობის ასლები;
  • შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD)-1 ცალი;
  • კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (11.03.2013; №10/184–13);
  • კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (23.04.2013; №10/335–13);
  • 7.       მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ოპტიკა ტივის“ შესახებ მონაცემები;

  • კომისიის 2013 წლის 14 იანვრის წერილი №04/80–13 მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს;
  • კომისის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილის შპს ,,ოპტიკა ტივისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს;
  • კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილის შპს ,,ოპტიკა ტივისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2013 წლის 21 იანვრის წერილი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს;
  • ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2013 წლის 19 მარტის №6/1455–13 წერილი;
  • საერთაშორისო კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის 2013 წლის 25 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/542–13);
  • შპს ,,Контент Юниор Джуниор” –ის (,,Клуб 100“)  2012 წლის 4 ივლისის წერილი;
  • შპს ,,Контент Юниор Джуниор” –ის (,,Клуб 100“)  2012 წლის 17 ოქტომბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №8/175–12);
  • შპს ,,Контент Юниор Джуниор” –ის (,,Клуб 100“)  2013 წლის 23 იანვრის წერილი;
  • ,,Niltex Holding Limited”–ის 2013 წლის 23 აპრილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/2229-13) თანდართული  2012 წლის 9 ივლისის, 2012 წლის 2 ოქტომბრის, 2012 წლის 10 ოქტომბრის  ელექტრონული წერილების ასლებით;
  • კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის 2012 წლის 26 ოქტომბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/6242-12 თანდართული შპს ,,АртМедиа Маркт”-ის წერილით;
  • კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის 2013 წლის 4 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/643–13) თანდართული კომპანია ,,Niltex Holding Limited“-სა და შპს ,,АртМедиа Маркт”-ს შორის 2012 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული №39/3C/2012 ხელშეკრულებით;
  • კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის 2013 წლის 22 მარტის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1624–13) თანდართული შპს ,,АртМедиа Маркт”-ის 2013 წლის 15 მარტის წერილით (კომპანიის რეგისტრაციის №54);
  • ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ,,АртМедиа Маркт”-ს შორის 2011 წლის პირველ ივნისს გაფორმებული №24/3C/2011 ხელშეკრულება;
  • ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და სატელევიზიო არხ ,,Детский“-ს შორის 2011 წლის 12 მაისს გაფორმებული №389/dj/d/ge ხელშეკრულება;
  • შპს ,,ოპტიკა ტივის“ 2013 წლის 24 იანვრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/512–13) თანდართული შპს ,,ოპტიკა ტივის“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს შორის 2012 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით;
  • შპს ,,ოპტიკა ტივის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება;
  • კომპანია ,,Niltex Holding Limited“–ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება;
  • ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ წარმომადგენლის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება;
  • კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის მიერ 2013 წლის 24 აპრილის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება.
  • ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

    1.       კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,ოპტიკა ტივი“ წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, რომელსაც გავლილი აქვს კომისიაში ავტორიზაცია 2009 წლის 30 დეკემბერს და რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;

    2.       2013 წლის 20 თებერვალს, 13.30 საათზე განხორციელდა შპს ,,ოპტიკა ტივის“ შემოწმება ქ. თბილისში, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანი, 1 მიკრორაიონი, ნონეშვილის ქ. 3ა, შპს ,,ოპტიკა ტივის“ სათაო ოფისში, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდნენ მოწმეები – ირაკლი ქორიძე (პირადი № 01009002926 და ნატო იობაშვილი (პირადი №54001047880). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №5. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: მარიამ აროშიძე და ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები – ირაკლი ქორიძე და ნატო იობაშვილი.

    3.       შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2013 წლის 20 თებერვალს შპს ,,ოპტიკა ტივი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას:“Music Box ru”, ,,Культура”, ,,Fashion TV”, ,,Мир”, “Russian Music Box”, “XXI TV” (TV 21), “Travel”, ,,РТР-Планета”, “TV3” (რეალტივი), “Детский’’, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი”, ,,რუსთავი 2“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,იმედი“, ,,აჭარა“, ,,ერთსულოვნება“, ,,კავკასია“, “GDS”, ,,მზე”, ,,ენკი-ბენკი“, ,,მაესტრო“, ,,აფხაზეთის ხმა“, ,,მეცხრე არხი“, ,,კომედი არხი (ახალი არხი), ,,ობიექტივი“, ,,Интер+“ ,,Охота и рыбалка“, ,,Шансон ТВ“, “RTVi”, ,,Детский мир“, ,,24 Техно“, “Music Box თბილისი”.

    4.       შემოწმების სისწორე დადასტურდა 2013 წლის 20 თებერვლის №5 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

    5.       2012 წლის 27 დეკემბერს შპს ,,ოპტიკა ტივი“–სა და ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელევიზიო არხების, მათ შორის, სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს  და სამაუწყებლო არხ ,,24 Техно-ს“ ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ (ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 01.01.2013–31.12.2013).

    6.       საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და შპს ,,Контент Юниор Джуниор” –ს შორის 2011 წლის 12 მაისს გაფორმდა №389/dj/d/ge ხელშეკრულება ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისთვის“ ტელეარხ ,,Детский“–ის დისტრიბუციაზე სააგენტო უფლებების გადაცემის თაობაზე (მოქმედების ვადა: 01.06.2011–31.12.2012, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების პირობით, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 კალენდარული თვით ადრე ერთ–ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინება არ გაეგზავნა მეორე მხარეს);

    7.       შპს ,,Контент Юниор Джуниор” –ის 2012 წლის 4 ივლისის, 2012 წლის 17 ოქტომბრის, 2013 წლის 23 იანვრის  წერილების თანახმად, კომპანია ,,Niltex Holding Limited“–ი წარმოადგეს შპს ,,Контент Юниор Джуниор” –ის ექსკლუზიურ უფლებამოსილ წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს დისტრიბუციაზე და გავრცელებაზე. შპს ,,Контент Юниор Джуниор” –ის 2012 წლის 17 ოქტომბრის წერილის თანახმად, შპს ,,Контент Юниор Джуниор”–მა კომპანია ,,Niltex Holding Limited“–თან 2012 წლის პირველ ივლისს გააფორმა ხელშეკრულება მისთვის ტელეარხზე ,,Детский” ექსკლუზიური სალიცენზიო უფლებების გადაცემის თაობაზე.

    8.       კომისიას შპს ,,ოპტიკა ტივისთვის“ არ უცნობებია ,,Niltex Holding Limited“–ის მიერ სამაუწყებლო არხ ,,Детский“-ის დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების მოპოვების შესახებ. ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ შპს ,,ოპტიკა ტივისთვის“ სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური უფლების კომპანია ,,Niltex Holding Limtied“-ის მიერ ფლობის თაობაზე წერილის გაგზავნის ფაქტი არ დასტურდება.

    9.       2012 წლის 9 ივლისს შპს ,,ოპტიკა ტივის“  ,,Niltex Holding Limited“–ის მიერ  ელექტრონული ფოსტით ეცნობა, რომ სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური დილერი 2012 წლის პირველი ივლისიდან გახდა ,,Niltex Holding Limited“–ი, ხოლო 2012 წლის 2 ოქტომბრისა და 10 ოქტომბრის ელექტრონული წერილებით ,,Niltex Holding Limited“-მა აცნობა შპს ,,ოპტიკა ტივის“, რომ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ,,Niltex Holding Limited“-ი არის ,,Клуб 100“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის თაობაზე მასთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ამავე წერილებით, შპს ,,ოპტიკა ტივის“ ეცნობა, რომ ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ თავმჯდომარეს გურამ ბერუაშვილს ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის მიღების არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

    10.    2013 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, შპს ,,ოპტიკა ტივი“ ახდენდა სამაუწყებლო არხის ,,Детский“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას კომპანია ,,Niltex Holding Limited“-თან აღნიშნული არხის ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

    11.    კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ოპტიკა ტივის“ ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე არ რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ. ავტორიზებული პირის მიერ ტელე ან რადიო არხის ტრანზიტის შუამავალ/დიტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელების შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, კომისიაში ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე შპს ,,ოპტიკა ტივის“ ეცნობა ასევე, 2012 წლის 27 თებერვალს კომისიის №04/462-12 წერილით.

    12.    ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და შპს ,,АртМедиа Маркт“-ს შორის 2011 წლის პირველ ივნისს გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება №24/3C/2011 სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე (მოქმედების ვადა: 01.06.2011–31.12.2013).

    13.    სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის ექსკლუზიურ უფლებას 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ფლობს ,,Niltex Holding Limited”-ი, რაც დასტურდება ,,Niltex Holding Limited“-სა და შპს ,,АртМедиа Маркт“-ს შორის 2012 წლის პირველ სექტემბერს დადებული №39/3C/2012 ხელშეკრულებითა და ,,Niltex Holding Limited”-ის 2012 წლის 26 ოქტომბრის წერილზე თანდართული და კომისიაში წარმოდგენილი შპს ,,АртМедиа Маркт“-ის წერილით  (კომისიაში რეგისტრაციის №6/6242-12).

    14.    2013 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, შპს ,,ოპტიკა ტივი“ ახდენდა სამაუწყებლო არხის ,,24 Техно“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას კომპანია ,,Niltex Holding Limited”-თან აღნიშნული არხის ტრანზიტის უფლებაზე ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

    15.    სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების ,,Niltex Holding Limited“-ის მიერ ფლობის თაობაზე შპს ,,ოპტიკა ტივის“ არ ეცნობა ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისა“ და არც ,,Niltex Holding Lmited“-ის მიერ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე. შესაბამისად, შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიერ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე აღნიშნული ინფორმაციის ფლობის ფაქტი არ დასტურდება.

    16. ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისა“ და კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის წარმომადგენლების ახსნა–განმარტებებიდან, ასევე, საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის 2013 წლის 19 მარტის №6/1455–13 წერილისა და კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის მიერ კომისიაში 2013 წლის 22 მარტს წარმოდგენილი შპს ,,АртМедиа Маркт“-ის 2013 წლის 15 მარტის (კომპანიის რეგისტრაციის №54) წერილებიდან გამომდინარე, სადაოა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და შპს ,,АртМедиа Маркт“-ს შორის 2011 წლის პირველ ივნისს სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“–ს ტრანზიტის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. აღნიშნული საკითხი არაავტორიზებული პირების – ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და შპს ,,АртМедиа Маркт“-ს შორის კერძო–სამართლებრივი ურთიერთობის საგანია და სცდება კომისიის კომპეტენციას.

    17.    შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

    18.    შპს ,,ოპტიკა ტივის“ კომისიის 2013 წლის 24 აპრილის სხდომაზე არ წარმოუდგენია კომპანია ,,Niltex Holding Limited–თან სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“–ს ტრანზიტის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებია:

    1.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

    2.         „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

    3.         „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

    4.         „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;

    5.         „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან; 

    6.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

    7.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; 

    8.      „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ„ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფთხილოს;

    კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ოპტიკა ტივის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ოპტიკა ტივის“ არ მიუღია კომპანია ,,Niltex Holding Limited“-გან 2012 წლის 9 ივლისის, 2012 წლის 2 ოქტომბრისა და 10 ოქტომბრის წერილები მისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ვინაიდან, კომპანია ,,Niltex Holding Limited”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2012 წლის 9 ივლისის, 2012 წლის 2 ოქტომბრისა და 10 ოქტომბრის ელექტრონული წერილების ამონაბეჭდებიდან ირკვევა, რომ შპს ,,ოპტიკა ტივის“ ეცნობა, რომ სამაუწყებლო არხ ,,Детский“–ს საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური დილერი 2012 წლის პირველი ივლისიდან გახდა ,,Niltex Holding Limited“–ი, ხოლო 2012 წლის 2 ოქტომბრისა და 10 ოქტომბრის ელექტრონული წერილებით ,,Niltex Holding Limited“-მა აცნობა შპს ,,ოპტიკა ტივის“, რომ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ,,Niltex Holding Limited“-ი არის ,,Клуб 100“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის თაობაზე მასთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები.

    კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია ,,Niltex Holding Limited”-თან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, სამაუწყებლო არხ ,,Детский“-ის საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ასევე, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები, რის გამოც მას უნდა დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია გაფრთხილების სახით.

    კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და შპს ,,АртМедиа Маркт“-ს შორის 2011 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შპს ,,АртМедиа Маркт“-ის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის საკითხზე კომისია ვერ იმსჯელებს და ვერ შეაფასებს აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა თუ არა მოქმედი კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო პირობების დაცვით, ვინაიდან, აღნიშნული საკითხი არაავტორიზებული პირების -  ,,საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და შპს ,,АртМедиа Маркт“-ს შორის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის საგანია და სცდება კომისიის კომპეტენციას. თუმცა, აქვე კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის ექსკლუზიურ უფლებას 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ფლობს კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ი. შესაბამისად, ტრანზიტით მაუწყებლობაზე ყველა ავტორიზებული პირი, რომელსაც სურს აღნიშნული არხის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე რეტრანსლაცია, ვალდებულია გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია ,,Niltex Holding Limited“-თან, როგორც ექსკლუზიურ დისტრიბუტორთან. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,ოპტიკა ტივის“ არ ეცნობა კომპანია ,,Niltex Holding Limited“-ის, საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისა და კომისიის მიერ სამაუწყებლო არხ ,,24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ,,Niltex Holding Limited“-ის მიერ ფლობის თაობაზე და შესაბამისად, შპს ,,ოპტიკა ტივისთვის“ უცნობი იყო, რომ მას არ ჰქონდა გაფორმებული სათანადო ხელშეკრულება სამაუწყებლო არხ ,,24 Техно-ს“ დისტრიბუციის უფლების მფლობელ პირთან, აღნიშნული ვერ გახდება შპს ,,ოპტიკა ტივის“ სანქცირების საფუძველი, თუმცა, მას უნდა დაეკისროს ვალდებულება შეწყვიტოს   სამაუწყებლო არხ ,,24 Техно-ს“ არამართლზომიერი ტრანზიტი.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45–ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას)

    გადაწყვიტა:

    1.     შპს ,,ოპტიკა ტივის“ მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ”  ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

    2.     აეკრძალოს შპს ,,ოპტიკა ტივის“ სამაუწყებლო არხების ,,Детский“-ს და ,,24 Техно“-ს ტრანზიტი აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის უფლებამფლობელ კომპანიასთან აღნიშნული სამაუწყებლო არხების  საქართველოს ტერიტორიაზე  ტრანზიტის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე;

    3.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ოპტიკა ტივისთვის“ და კომპანია ,,Niltex Holding Limited”-თვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

    4.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ოპტიკა ტივის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

    5.     გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ოპტიკა ტივისთვის“ და კომპანია ,,Niltex Holding Limited”-თვის ჩაბარების დღიდან;

    6.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს ,,ოპტიკა ტივისთვის და კომპანია ,,Niltex Hoolding Limited“-თვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

    7.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

    8.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე–7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

    კომისიის თავმჯდომარე                                     კარლო კვიტაიშვილი

    კომისიის წევრი                                                   აკაკი სიხარულიძე

    კომისიის წევრი                                                   ირაკლი მოსეშვილი

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები