შპს ”მეტრო TAXI”-ს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2013
მიღების თარიღი მაისი 02, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”მეტრო TAXI”-მა (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ, ს.კ. № 404978468) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/76-13, 19.02.13) ქ. თბილისში, მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მონიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეტრო TAXI”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (№ 7/76-13, 19.02.13) თანდართული არ ჰქონდა სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 1000 ლარის (500 ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს
ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 06/481-13, 06.03.13წ., რომელიც ჩაბარდა შპს ”მეტრო TAXI”-ს 2013 წლის 7 მარტს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტები არ წარმოუდგენია.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს ”მეტრო TAXI”-ს განცხადება № 7/76-13, 19.02.13წ. სიხშირეების მინიჭების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მეტრო TAXI”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
