წვდომის მენიუ

შპს „ქართული რადიოსთვის“ დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 307 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2013

მიღების თარიღი მაისი 02, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის №117/10 გადაწყვეტილებით დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ქართულ რადიო”. შპს ”ქართულ რადიოს” მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის (344.25 ლარი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის №117/10 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ფოსტის” ინფორმაციით (გზავნილის კოდი: 040002250757) შპს ”ქართულ რადიოს” კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის №117/10 გადაწყვეტილება ჩაბარდა 2013 წლის 22 მარტს, შესაბამისად კომპანიას სალიცენზიო გადასახდელის 20% (344.25 ლარი) უნდა გადაეხადა 2013 წლის 23 აპრილამდე. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/368-13, 29.04.13) შესაბამისად შპს ”ქართულ რადიოს” 2013 წლის 23 აპრილამდე აღნიშნული თანხის გადახდა არ განუხორციელებია და შესაბამისად, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია კომისიაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს რომ 2013 წლის 1 მაისს შპს ”ქართულ რადიომ” კომისიაში წარმოადგინა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/2404-13) ქ. ბორჯომში, ქ. ახალციხეში,                        ქ. ოზურგეთში, ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში და დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად სალიცენზიო გადასახდელების 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თანხები კომპანიის მიერ გადახდილია 2013 წლის 30 აპრილს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/368-13, 29.04.13) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ქართული რადიოსთვის” დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 2 მაისს 16:00 საათზე, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ”ქართულ რადიოს” (წერილი №01/856-13, 29.04.13)

კომისია აღნიშნავს, რომ  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართა 2013 წლის 2 მაისს 16:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა  შპს ”ქართულ რადიოს” უფლებამოსილი წარმომადგენელი ტარიელ კიკაბიძე. ტარიელ კიკაბიძემ დაადასტურა 2013 წლის 22 მარტს, კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის №117/10 გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარება. მან აღნიშნა, რომ ზურაბ კოტოშაშვილი, რომელიც შპს ”საქართველოს ფოსტის” ინფორმაციით ხელს აწერს გზავნილის (კოდი: 040002250757) ჩაბარებაზე, ნამდვილად წარმოადგენს შპს ”ქართული რადიოს” თანამშრომელს. ტარიელ კიკაბიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიამ თანხა ჩარიცხა 2013 წლის 30 აპრილს. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით თანხები ჩარიცხულია და დოკუმენტაცია წარმოდგენილია კომისიაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის №117/10 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას შპს ”ქართულ რადიოს” დაბა გუდაურში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის №117/10 გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო;

2. შეეზღუდოს შპს ”ქართულ რადიოს” კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის უფლება 2 წლის ვადით;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ქართული რადიოსთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ქართული რადიოსთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                            კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                            ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                            ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                            ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები