შპს ,,ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2013
მიღების თარიღი მაისი 02, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის რეგულირებასა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 10 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას სამსახურებრივი ბარათი (№10/266-13; 10.04.13), საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის 4 აპრილს, შპს ,,ახტელმა” კომისიას წერილობით აცნობა შპს ,,ახტელის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2013 წლის 20 მარტს განხორციელებული ცვლილების თაობაზე, კერძოდ, შეიცვალა კომპანიის დირექტორი (ავთანდილ იაშვილის ნაცვლად დირექტორად განისაზღვა ნანა შარაშენიძე), რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან. აღნიშნული ცვლილების თაობაზე შპს ,,ახტელმა” კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 4 აპრილს, რითაც დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 10 აპრილის №10/266-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 26 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახტელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 2 მაისს, რის შესახებ შპს ,,ახტელს” ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 2 მაისის სხდომაზე. 2013 წლის 2 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ახტელის“ წარმომადგენელი ნოშრევან ჟღენტი. შპს ,,ახტელის“ წარმომადგენელი ადასტურებს, რომ შპს ,,ახტელის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია შპს ,,ახტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, მისი განმარტებით, კომპანიიის დირექტორის შეცვლა მოულოდნელი იყო და მას კომპანიაში მოჰყვა რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში დაგვიანებით წარმოდგენა. ამასთან, ნ. ჟღენტის განმარტებით, ინფორმაციის კომისიაში დაგვიანებით წარმოდგენას არავის მიმართ არ მოჰყოლია რაიმე ზიანი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (10.04.2013; №10/266-13);
2. შპს ,,ახტელის“ 2013 წლის 4 აპრილის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1782–13);
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ახტელის“ შესახებ მონაცემები;
4. შპს ,,ახტელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ახტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 28.02.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახე: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება, ინტერნეტ მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი და სხვ.); შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ის ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. 2013 წლის 20 მარტს შპს ,,ახტელის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, შპს ,,ახტელის“ დირექტორად ავთანდილ იაშვილის ნაცვლად განისაზღვრა ნანა შარაშენიძე, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი:20.03.2013; 15:42:35, განაცხადის ნომერი: 593695, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B13028347). აღნიშნული ცვლილების თაობაზე შპს ,,ახტელმა“ კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 4 აპრილს.
3. შპს ,,ახტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირისთვის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ახტელის“ წარმომადგენლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, კომპანიის დირექტორის მოულოდნელი შეცვლა, რეორგანიზაცია კომპანიაში, კომისიაში კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით წარმოდგენის შედეგად რაიმე ზიანის არდადგომა, ვერ იქნება მიჩნეული შპს ,,ახტელზე“, როგორც ავტორიზებულ პირზე ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებად. კომისია განმარტავს, რომ ავტორიზებულ პირს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება პასუხისმგებლობა ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნულს შედეგად მოჰყვა თუ არა ვინმეს მიმართ რაიმე ზიანის დადგომა.
კომისიას მიაჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიისთვის მიუწოდებლობით, შპს ,,ახტელმა“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ახტელის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ახტელს“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ახტელისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ახტელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახტელისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახტელისთვის“ ჩაბარების დღიდან.
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
