წვდომის მენიუ

შპს ,,მაგთიკომისათვის“ შპს ,,სკაი სერვისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 312 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2013

მიღების თარიღი მაისი 08, 2013

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.                             

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) შპს ,,მაგთიკომმა“ მიმართა განცხადებით (08.04.2013 N13/063-6) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,სკაი სერვისს” მის მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში (08.04.2013 N13/063-6) აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომსა“ და შპს ,,სკაი სერვისს“ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,სკაი სერვისის“ დავალიანებამ შეადგინა 18 750.81 (თვრამეტიათას შვიდასორმოცდაათი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარი. დავალიანება წარმოიშვა  2012 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვლის პერიოდში. დავალიანების არსებობა შპს ,,სკაი სერვისის“ მიერ დადასტურებულია მხარეთა შორის ხელმოწერილი საოქმო გადაწყვეტილებებით და შპს ,,სკაი სერვისს“ სადავო არ გაუხდია შპს ,,მაგთიკომის“ წინაშე არსებული ფულადი დავალიანება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ განცხადების (08.04.2013 N13/063-6) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,სკაი სერვისს” შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, შპს ,,მაგთიკომის მიერ კომისიის თანხმობის მიღების თაობაზე, ხოლო  საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის პირველ მაისს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,მაგთიკომსა” და  შპს ,,სკაი სერვისს”. შეტყობინებასთან ერთად შპს ,,სკაი სერვისს”, შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით,  გადაეგზავნა შპს ,,მაგთიკომის” განცხადება (08.04.2013 N13/063-6) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.   

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის პირველი მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური და არ გამოცხადდა შპს ,,სკაი სერვისის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, შპს ,,სკაი სერვისასათვის“ გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა მისამართზე, რომელიც არ შეესაბამებოდა კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ შპს ,,სკაი სერვისის“ მისამართს, კომისიამ მიიჩნია, რომ შეტყობინება შესაძლოა არ ჩაბარებოდა ადრესატს და მიიღო გადაწყვეტილება სხდომის გადადების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 8 მაისს და აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სკაი სერვისს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც ჩაბარდა შპს ,,სკაი სერვისის“ დირექტორს ვალერიან თუმანიშვილს 2013 წლის პირველ მაისს, რაც დასტურდება შეტყობინების ასლზე მისი ხელისმოწერით.

კომისიის 2013 წლის 8 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი გიორგი ხოჯევანიშვილი (მინდობილობა გაცემული 08.05.13 N13/082-10), კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,სკაი სერვისის“ წარმომადგენელი; გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,სკაი სერვისს“ კომისიის სხდომის გამართვის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით, ხოლო სხდომის გადადების თაობაზე შპს ,,სკაი სერვისს“ კომისიისათვის არ მოუმართავს, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის დაუსწრებლად.

შპს ,,მაგთიკომის წარმომადგენელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მხარი დაუჭირა შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებას (08.04.2013 N13/063-6)  და განმარტა, რომ შპს ,,მაგთიკომის“ თანამშრომელი ესაუბრა შპს ,,სკაი სერვისის“ დირექტორს, რომელმაც აცნობა, რომ სხდომაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს, ვალს აღიარებს და პრეტენზია შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ არ გააჩნია.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       შპს ,,მაგთიკომის განცხადება (08.04.2013 N13/063-6);

2.       შპს ,,მაგთიკომსა და შპს ,,სკაი სერვისს“ შორის 2010 წლის 8 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;

3.       შპს ,,მაგთიკომისა” და შპს ,,სკაი სერვისის” მიერ ხემოწერილი, 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით შედგენილი საოქმო გადაწყვეტილებები;

4.       მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

5.       შპს ,,სკაი სერვისისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება და შეტყობინების ჩაბარების დოკუმენტი (შეტყობინების ხელმოწერილი ასლი);

6.       შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის გიორგი ხოჯევანიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2013 წლის 8 მაისის კომისიის სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:

1.       შპს ,,მაგთიკომსა” და შპს ,,სკაი სერვისს” შორის 2010 წლის 8 ივნისს გაფორმდა   ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომელიც დღემდე ძალაშია;

2.       შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,სკაი სერვისს“ შორის, 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 მარტის ჩათვლით, გაფორმებულია საოქმო გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე; აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებების მიხედვით, შპს ,,სკაი სერვისს“, შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 32010.81 (ოცდთორმეტიათას ათი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარის ოდენობით; აღნიშნული თანხიდან შპს ,,მაგთიკომი“ შპს ,,სკაი სერვისს“ ედავება 18 750.81 (თვრამეტი ათას შვიდასორმოცდაათი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარს.

3.       შპს ,,სკაი სერვისს“ 2013 წლის პირველ მაისს ჩაბარდა შეტყობინება მაგთიკომის განცხადებასა (08.04.2013 N13/063-6) და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს ,,სკაი სერვისის“ წარმომადგენელი კომისიის 2013 წლის 8 მაისის კომისიის სდომაზე არ გამოცხადდა და არც წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია კომისიისათვის, შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებასთან (08.04.2013 N13/063-6) დაკავშირებით;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული ურთიერთჩართვის შედეგად  შპს ,,სკაი სერვისის“ მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება  შპს ,,მაგთიკომის” მიმართ შეადგენს 18 750,81 (თვრამეტი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი)  ლარს  2013 წლის 10 მარტის მდგომარეობით;  შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის” მოთხოვნა შპს ,,სკაისერვისთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის  შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     შპს ,,მაგთიკომის“ განცხადება შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ,  დაკმაყოფილდეს;

2.     შპს ,,სკაი სერვისს”, შპს ,,მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვიდან გამომდინარე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, მის მიმართ 18,750.81 (თვრამეტიათას შვიდასორმოცდაათი ლარი და ოთხმოცდაერთი ლარი) ლარის დასაფარად  მიეცეს 10 კალენდარული დღე, წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სკაი სერვისისათვის”  ჩაბარებიდან;

3.     შპს ,,სკაი სერვისის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების, ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, შპს ,,მაგთიკომს“ მიეცეს თანხმობა შპს ,,სკაი სერვისთან”  მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე;

4.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისათვის“ და შპს ,,სკაი სერვისისათვის” გაგზავნა;

5.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,სკაი სერვისისათვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში,;

6.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

7.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 და მე-6 პუნქტების გარდა)  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს   (კ. ყურაშვილი).

    კომისიის თავმჯდომარე                                                                      კ. კვიტაიშვილი 

    კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე

    კომისიის წევრი                                                                                      ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები