შპს „სუფსა ტექნოკომის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2013
მიღების თარიღი მაისი 10, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „სუფსა ტექნოკომმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/468-13, 23.01.2013) ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
შპს „სუფსა ტექნოკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 2010 წლის 22 თებერვალს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სუფსა ტექნოკომს“ კომისიაში არ წარმოუდგენია მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე აბონენტების გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს რეგულირების საფასური. შპს „სუფსა ტექნოკომს“ გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია 2012 წლის ივნისის თვიდან.
ამავე დროს, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა. შპს „სუფსა ტექნოკომს“ კომისიაში საერთოდ არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული სტატისტიკური ფორმები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № 01/300-13, 06.02.2013წ., რომელიც შპს „სუფსა ტექნოკომს“ ჩაბარდა 2013 წლის 9 თებერვალს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
კომისიამ მოისმინა ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და კომისიის აპარატის საფინანსო და ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტებს მისცა მითითება ზემოაღნიშნული კანონდარღვევების შესწავლისა და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფისათვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „სუფსა ტექნოკომის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/468-13, 23.01.2013) ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
