შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2013
მიღების თარიღი მაისი 13, 2013
შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” (25.04.2013 N6/2288-13), შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით შპს „მობიტელთან“ დავის განხილვისა და შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელი“ წარმოადგენს სატელეფონო მომსახურების მიწოდების ბაზარზე ავტორიზებულ პირს. შპს „მობიტელი“ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილების შესაბამისად ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტიდან გამომდინარე კომპანიას დაეკისრა დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:
ა) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის;
ბ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების პირობების (მათ შორის ტექნიკური ხასიათის) თაობაზე ინფორმაციის ყველა მსურველი ავტორიზებული პირისათვის შეუზღუდავად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად მიწოდება.
შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაჩნია, რომ შპს „მობიტელი“ არღვევს კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას იმით, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ სთავაზობს მობილურ, ფიქსირებულ სადენიან და ფიქსირებულ უსადენო ქსელებზე ზარის დასრულების ბევრად მაღალ ტარიფს, ვიდრე ამას სთავაზობს საკუთარ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, შესაბამისად, შპს „მობიტელი“ უკანონოდ იღებს მნიშვნელოვან უპირატესობას სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზარზე, რაც როგორც შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაჩნია, არათანაბარ პირობებში აყენებს კომპანიას და უქმნის არაკონკურენტულ გარემოს.
მოთხოვნები:
1. დაევალოს შპს „მობიტელს“ განუხრელად დაიცვას კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებები და შესთავაზოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ ურთიერთჩართვის (ზარის დასრულების) ისეთი ტარიფი, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის შეთავაზებული ტარიფი;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ სანქცირების მიზნით, ამ უკანასკნელის მიერ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
კომისია აღნიშნავს, რომ:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისათვის სათანადო განცხადების წარდგენით.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომის 2013 წლის 13 მაისს გამართვის თაობაზე, შეტყობინებით ეცნობათ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“ (30.04.2013 N03/864-13) და შპს „მობიტელს“ (30.04.2013 N03/861-13); შპს „მობიტელს“ ასევე ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2013 წლის 13 მაისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2013 წლის 13 მაისს. სხდომას ესწრებოდნენ შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელი დავით თუთბერიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მე-2 მოთხოვნასთან დაკავშირებით გაკეთებული იქნა განმარტება, კერძოდ, რომ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა მიმართ სანქცირებასთან (გაფრთხილება ან/და ჯარიმა) დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო, არამედ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორს მოსამზადებელ სხდომაზე მიეცა წინადადება რათა დაეზუსტებინა განცხადებაში აღნიშნულ მე-2 მოთხოვნასთან დაკავშირებული პოზიცია; შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა, ბატონმა დავით თუთბერიძემ დააზუსტა მოთხოვა და აღნიშნა, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ მე-2 მოთხოვნა იყო შპს „მობიტელის“ სანქცირება ამ უკანასკნელის მიერ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხოლო რაც შეეხება სანქცირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, დავით თუთბერიძემ აღნიშნა, რომ სანქცირება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული წარმოების იმ სახის გამოყენებით, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა კომისიის სხდომაზე ასევე დააყენა მე-3 მოთხოვნა, კერძოდ, რომ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დავის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ირაკლი ესართიამ აღნიშნა, რომ კომპანია არ ეთანხმება შპს „კავკასიის ცირფული ქსელის“ განცხადებაში აღნიშნულ პოზიციას, რომ შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები; მან ასევე აღნიშნა, რომ განცხადებაში შპს „კავკასიის ციფრულ ქსელის“ არ აქვს მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაზედაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ ამყარებს თავის პოზიციას და რის საფუძველზედაც კომპანია ედავება შპს „მობიტელს“ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ და არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დავა კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება ვინაიდან:
ა) შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ და შპს „მობიტელი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს;
ბ) შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის არსებობს დავა შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს მიეცათ წინადადება, რომ შეთანხმდნენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით და დავა მორიგებით დაასრულონ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის დავის განხილვა შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით, ხოლო დავის განხივლის დღე უნდა დაინიშნოს მხარეებს შორის მორიგებისთვის გონივრული პერიოდის აღებით, რათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სადავო საკითხთან დაკავშირებით მორიგების პირობების შესათანხმებლად; ამავე დროს, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს უნდა დაევალოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ დავის განხილვის პროცესში მხარეთათვის მორიგებისთვის მიცემული ვადების, ასევე სადავო საკითხების სირთულიდან გამომდინარე, მათი სრულყოფილად შესწავლისა და განხილვის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მიმდინარე დავის განხილვისთვის განსაზღვროს ადმინისტრაციული წარმოების 3 თვიანი ვადა, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ კომისიაში განცხადების რეგისტრაციის დღიდან (25.04.2013 N6/2288-13).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის დავის განხილვა შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით დაინიშნოს 2013 წლის 4 ივნისს 16 საათზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიისთვის დასკვნის წარმოდგენა 2013 წლის 4 ივნისამდე;
3. დავის განხილვის დღის შესახებ შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ და შპს „მობიტელის“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის 2013 წლის 13 მაისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 3 თვე შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ განცხადების კომისიაში რეგისტრაციის დღიდან (25.04.2013 N6/2288-13);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
