წვდომის მენიუ

შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ კერძო მაუწყებლობის № B68 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 346 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2013

მიღების თარიღი მაისი 20, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/114-13, 13.03.2013), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო ზონაში ბაზარი გაჯერებულია საინფორმაციო გადაცემებით, მომხმარებლის მხრიდან კომპანიაში შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე მოთხოვნადი გახდა მუსიკალური და გასართობი გადაცემების არსებობა, შესაბამისად შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალი“ ითხოვს ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის განსაზღვრას.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 34-ე სატელევიზიო არხზე   100 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. საგარეჯო;

ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 6 საათი;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 17 აპრილის №262/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ კერძო მაუწყებლობის № B68 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 15 აპრილის №10/290-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ მოთხოვნა კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრულ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს, რომლის შესაბამისად კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭებოდა კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით ვადა გაუვიდა 2013 წლის 18 აპრილს. შესაბამისად კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებისას კომისია იხელმძღვანელებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამასთან,  შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის” კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალის“ კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა”.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე–რადიო კომპანია „თვალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები