წვდომის მენიუ

შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 354 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2013

მიღების თარიღი მაისი 24, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

     ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის პირველ მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის  ი.ხარებავას  სამსახურებრივი ბარათი  (№10/392–13; 01.05.13), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ტელეიმედმა“ კომისიას წერილობით აცნობა მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2013 წლის 29 მარტს განხორციელებული ცვლილების თაობაზე, კერძოდ, შეიცვალა კომპანიის დირექტორი (რევაზ საყევარიშვილის ნაცვლად გენერალურ დირექტორად განისაზღვრა დან ბეითსი). აღნიშნული ცვლილების თაობაზე შპს ,,ტელეიმედმა“ კომისიას აცნობა ცვლილების განხორციელებიდან არა 10 დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 30 აპრილს, რითაც დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი.

    კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის პირველი მაისის №10/392-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 8 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეიმედისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის  17 მაისს,  რის შესახებ  შპს ,,ტელეიმედს” ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

    კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 17 მაისის სხდომაზე. 2013 წლის 17 მაისის კომისიის სხდომაზე  გამოცხადდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი აკაკი გიგინეიშვილი (მოქმედი შპს ,,ტელეიმედის“ გენერალური დირექტორის დან ბეითსის მიერ 2013 წლის 15 მაისს გაცემული №0031 მინდობილობის საფუძველზე). შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა კომისიის 2013 წლის 17 მაისის სხდომაზე დაადასტურა, რომ  შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა 2013 წლის 29 მარტს და განახლებული  შესაბამისობის დეკლარაცია შპს ,,ტელეიმედის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით დადგენილი ვადის დარღვევით. ა. გიგინეიშვილის განცხადებით, კომპანიის ახალდანიშნულ დირექტორს მოუწია მივლინებაში წასვლა, რამაც განაპირობა განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში დაგვიანებით წარმოდგენა. ამასთან, მისი განცხადებით, განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის ელექტრონული ვერსია კანონით დადგენილ ვადაში იქნა ატვირთული ვებ–გვერდზე, თუმცა, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა ამჟამად კომპანიას არ შეუძლია. ამასთან, შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელ აკაკი გიგინეიშვილის განმარტებით, განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის  ვებ–გვერდზე გამოქვეყნების თარიღები არ არის ვებ–გვერდზე მითითებული. ა. გიგინეიშვილის განცხადებით, კომპანიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისობის დეკლარაცია დაზუსტდა და მასში ასევე აისახა, შპს ,,ტელეიმედში“ შექმნილი ხელმძღვანელი ორგანოს – სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც. აღნიშნულის თაობაზე, მისი განცხადებით, კომისიაში წარმოდგენილია ინფორმაცია.

    კომისიის 2013 წლის 17 მაისის სხდომაზე კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა კომისიის წინაშე კენჭისყრაზე დააყენა წინადადება, რომ საკითხის შესწავლისა და დამატებითი მტკიცებულებების მოძიების  მიზნით, გადაიდოს საკითხის განხილვა ერთი კვირით, ხოლო  დაინტერესებულ პირს ეთხოვოს, არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა შპს ,,ტელეიმედის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი და გამჭვირვალედ გამოქვეყნებული მის ოფიციალურ ვებ–გვერდზე თავის დროზე. კომისიამ აღნიშნული წინადადების საფუძველზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საკითხის განხილვის 2013 წლის 24 მაისს, 16.00 საათზე გადადების შესახებ, რის თაობაზეც შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი სხდომაზევე გაფრთხილდა.

    კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი კობა კვანტალიანი (მოქმედი შპს ,,ტელეიმედის“ გენერალური დირექტორის დან ბეითსის მიერ 2013 წლის 24 მაისს  გაცემული №0040 მინდობილობის საფუძველზე).

შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელ კობა კვანტალიანის ახსნა–განმარტებით,  შპს ,,ტელეიმედის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით განხორციელდა საიტის რეკონსტრუქცია მთლიანად, გაუქმდა ძველი და შეიქმნა ახალი საიტი. მისი განცხადებით, IT სამსახურის მიერ მაქსიმალურად მოძიებულ იქნა ინფორმაცია და  IT სამსახურში ფიქსირდება, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილის მდგომარეობით იქნა ატვირთული  განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია ტელეკომპანიის ვებ–გვერდზე, თუმცა,  მიმდინარე წლის 29 აპრილამდე ტელეკომპანიის ვებ–გვერდზე განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის ატვირთვის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიება ტექნიკურად ვერ ხერხდება, რამდენადაც გაუქმდა ძველი საიტი და ახალი საიტი შეიქმნა. შესაბამისად, შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის განცხადებით, შპს ,,ტელეიმედს“ შეუძლია კომისიას წარმოუდგინოს IT სამსახურის დადასტურება მიმდინარე წლის 29 აპრილის მდგომარეობით. შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის მიერ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს ,,ტელეიმედის“ ვებ–გვერდის უფროსის ირაკლი ბორჩხაძის 2013 წლის 24 მაისის წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, შპს ,,ტელეიმედის“ წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შესახებ ინფორმაცია (შესაბამისობის დეკლარაცია), ატვირთულ იქნა ტელეკომპანიის ვებ–გვერდზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ა.წ. 29 აპრილის მდგომარეობით.

შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის დამატებითი განმარტებით, სალიცენზიო პირობების თანახმად, შპს ,,ტელეიმედი“ ვალდებულია გამგეობის შექმნასთან ან გამგეობის წევრების ცვლილებასთან დაკავშირებით წარმოადგინოს ინფორმაცია  კომისიაში და ვინაიდან შპს ,,ტელეიმედს“ გამგეობა არ შეუქნია, არამედ შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შპს ,,ტელეიმედის“ არაწარმომადგენლობითი ორგანოა, აღნიშნული დამატებით აისახა შესაბამისობის დეკლარაციაში და   წარმოდგენილ იქნა კომისიაში.

   კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 24 მაისის სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა დაადასტურა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე. კ. კვანტალიანის განმარტებით, კანონმდებელი პირდაპირ არ უთითებს კანონში, რომ ინფორმაცია აუცილებლად ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ვებ–გვერდზე. შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აქვე დაადასტურა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის ვადას აკონკრეტებს და აღნიშნულ ვადაში შპს ,,ტელეიმედს“ კომისიაში განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია არ წარმოუდგენია. კ. კვანტალიანის განცხადებით, კანონის მიზანი, რომ ფართო საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი და გამჭვირვალე ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირების ცვლილება, შპს ,,ტელეიმედის“ მიერ განხორციელდა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით. ამასთან, მისი განმარტებით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცხადად არ წერია, რომ კანონდარღვევის პირველივე შემთხვევაზე უნდა მოხდეს მაუწყებლის დასანქცირება და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნულია, რომ კომისიას შეუძლია გამოიყენოს წერილობითი გაფრთხილება  მაუწყებლის მიმართ.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.         კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი.ხარებავას სამსახურებრივი ბარათი (01.05.2013; №10/392-13);

2.         შპს ,,ტელეიმედის“ 2013 წლის 30 აპრილის წერილი თანდართული შესაბამისობის დეკლარაციით და 2013 წლის 17 აპრილის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან   (კომისიაში რეგისტრაციის №6/2376–13);

3.         შპს ,,ტელეიმედის“ 2013 წლის 10 მაისის წერილი თანდართული შესაბამისობის დეკლარაციით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2474–13);

4.         მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ მონაცემები;

5.         კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

6.         შპს ,,ტელეიმედის“ ვებ–გვერდის უფროსის ირაკლი ბორჩხაძის 2013 წლის 24 მაისის წერილობითი განმარტება (შპს ,,ტელეიმედის რეგისტრაციის №0330);

7.         ამონაბეჭდი შპს ,,ტელეიმედის“ ოფიციალური ვებ–გვერდიდან 2013 წლის 24 მაისის მდგომარეობით;

8.         შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის აკაკი გიგინეიშვილის მიერ კომისიის 2013 წლის 17 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება;

9.         შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის კობა კვანტალიანის მიერ კომისიის 2013 წლის 24 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება.

            ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.     შპს ,,ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B16 და №B94 ლიცენზიებს.

2.     კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედს“ გაუგრძელდა  №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 21 აპრილამდე. ამავე გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ტელეიმედს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა მაუწყებლობის პროცესში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის თანახმად, სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წერილობით წარდგენა ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

3.   2013 წლის 29 მარტს შპს ,,ტელეიმედის’’ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, რომლის შედეგად შპს ,,ტელეიმედის“ გენერალურ დირექტორად რევაზ საყევარიშვილის ნაცვლად განისაზღვრა დან ბეითსი, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი: 29/03/2013 14:54:47, განაცხადის ნომერი: 594808, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B13029426). აღნიშნული ცვლილების თაობაზე შპს ,,ტელეიმედმა“ კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 30 აპრილს.

4.  შპს ,,ტელეიმედის“ მიერ 2013 წლის 30 აპრილს შესაბამისობის დეკლარაციასთან ერთად კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2013 წლის 17 აპრილის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის ნომერი: 605753; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B13039995; ამონაწერის მომზადების თარიღი:17/04/2013; 11:38:19), რომლის თანახმად, შპს ,,ტელეიმედის“ გენერალური დირექტორია დან ბეითსი.

5.  შპს ,,ტელეიმედის“ 2013 წლის 10 მაისის წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის №6/2474–13) ირკვევა, რომ შპს ,,ტელეიმედის“ წესდებით ფუნქციონირებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: ინა გუდავაძე, ლიანა ჟმოტოვა, ნანა პატარკაციშვილი, მზია თოთლაძე, ია პატარკაციშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსანდე ჟმოტოვი. შპს ,,ტელეიმედმა“ აღნიშნული ინფორმაცია ასახა შესაბამისობის დეკლარაციაში, რაც დასტურდება 2013 წლის 10 მაისის წერილზე (კომისიაში რეგისტრაციის №6/2474–13) თანდართული განახლებული შესაბამისობის დეკლარაციით.

6.  შპს ,,ტელეიმედის“ ვებ–გვერდზე (www.imedi.ge/index.php?pg=ab) 2013 წლის 24 მაისის მდგომარეობით გამოქვეყნებულია შპს ,,ტელეიმედის“განახლებული  შესაბამისობის დეკლარაცია ტელეკომპანიის მოქმედი გენერალური დირექტორის დან ბეითსისა და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის  შესახებ ინფორმაციის ასახვით, ხოლო შპს ,,ტელეიმედის“ ვებ–გვერდზე  ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირის ცვლილების გათვალისწინებით განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის ატვირთვის ზუსტი თარიღი ვერ დადგინდა, შპს ,,ტელეიმედის“ მიერ აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო.

7.   შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

            ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

  შპს ,,ტელეიმედი“  როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები.

 ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე.

   შპს ,,ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონდებლობა. ამავე გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება  შპს ,,ტელეიმედის“ გენერალური დირექტორის მივლინებაში ყოფნის თაობაზე,  ვერ იქნება მიჩნეული შპს ,,ტელეიმედზე“, როგორც მაუწყებელზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეიმედის“ მიერ დარღვეულ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტი და 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ა) და ნ) ქვეპუნქტებით შპს ,,ტელეიმედისთვის“ განსაზღვრული №B16 ლიცენზიის პირობები,  ვინაიდან,  2013 წლის 29 მარტს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით შესაბამისობის დეკლარაცია  კომისიაში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 2013 წლის 30 აპრილს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  №B16 ლიცენზიის პირობებით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს შპს ,,ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტელეიმედის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას არ დაეთანხმნენ კომისიის წევრები ი. მოსეშვილი და ა. სიხარულიძე. ი. მოსეშვილმა აღნიშნა, რომ მაუწყებლის წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა, რასაც მიზნად ისახავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ორიოდე წლის წინ შესული ცვლილება, შპს ,,ტელეიმედის“ მიერ დაცული იყო, თუმცა, არასრულყოფილი ფორმით. ამასთან, ი. მოსეშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რევაზ საყევარიშვილის ნაცვლად  დან ბეითსი ხდებოდა შპს ,,ტელეიმედის“ დირექტორი, მედიით იყო გავრცელებული. ი. მოსეშვილის განცხადებით, მან მოიძია ინტერნეტში ინფორმაცია, რომლის თანახმად, შპს ,,ტელეიმედის“  საინფორმაციო გამოშვებაში -  ,,ქრონიკაში“ 2013 წლის 15 მარტს იყო დან ბეითსთან ვრცელი ინტერვიუ.   შემდგომში, მისივე განმარტებით, საჯაროდ ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ რ. საყევარიშვილი გადადგა და შეუდგა სატელევიზიო პროექტზე მუშაობას და ასევე, იმის თაობაზე, რომ დან ბეითსი დაინიშნა შპს ,,ტელეიმედის“ დირექტორად. ა. სიხარულიძემ აღნიშნა, რომ მას პირადად ნანახი აქვს განახლებული შესაბამისობის დეკლარაცია შპს ,,ტელეიმედის“ ვებ-გვერდზე თავის დროზე, მაგრამ, ის შემდეგ გაქრა და რეალურად აღნიშნული ინფორმაციის დროულად საჯაროდ წარმოდგენის დამტკიცება ამჟამად შეუძლებელია. ა. სიხარულიძემ ასევე აღნიშნა, რომ გამომდინარე აქედან, ის ხელმძღვანელობს შპს ,,ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, რომლის თანახმად, განახლებული შესაბამისობის დეკლარაციის  შპს ,,ტელეიმედის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მოხდა ცოტა გვიან, რაც მისი აზრით, არ წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას და შესაბამისად, ის მხარს ვერ დაუჭერს შპს ,,ტელეიმედისთვის“ გაფრთხილების მიცემის თაობაზე გადაწყვეტილებას.

 მიუხედავად ამისა, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 96–ე, 97–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70–ე მუხლის მე–2  პუნქტისა და 71–ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ა) და ნ) ქვეპუნტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36–ე მუხლის მე–13 და მე–14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ორი ხმა, ორის წინააღმდეგ (2 – მოხრე, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, 2 – წინააღმდეგი)

გადაწყვიტა:

1.       შპს ,,ტელეიმედს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ა) და ნ) ქვეპუნტებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელეიმედისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,ტელეიმედისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეიმედისთვის”  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  კარლო  კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                  სოფიო  ბრიტანჩუკი  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები