წვდომის მენიუ

სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 355 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2013

მიღების თარიღი მაისი 24, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

     ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

     კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 10 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის  ი.ხარებავას  სამსახურებრივი ბარათი  (№10/425-13; 10.05.13), საიდანაც ირკვევა, რომ  2013 წლის 8 მაისს, სს ,,საქართველოს რკინიგზამ”  კომისიას წერილობით აცნობა, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით და სს ,,საპარტნიორო ფონდის“ თანხმობით, 2013 წლის პირველი აპრილიდან სს ,,საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მამუკა ბახტაძე, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2013 წლის 11 აპრილის ამონაწერის მონაცემებით, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში კომპანიის დირექტორის ცვლილება განხორციელდა 2013 წლის 11 აპრილს. აღნიშნული ცვლილების თაობაზე  სს ,,საქართველოს რკინიგზამ” კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან  7  სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 8 მაისს, რითაც დაარღვია  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტი.

  კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 10 მაისის №10/425-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 15 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის  24 მაისს,  რის შესახებ  სს ,,საქართველოს რკინიგზას” ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით  და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

    კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 24 მაისის სხდომაზე. 2013 წლის 24 მაისის კომისიის სხდომაზე  გამოცხადდნენ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსი დავით წივწივაძე და ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის იურისტი დავით ახვლედიანი (მოქმედნი სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსის ნ. კლარჯეიშვილის 2013 წლის 24 მაისის №3736 მინდობილობის საფუძველზე; აღნიშნულ მინდობილობას თან ერთვის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორის გ. გურამიშვილის მიერ 2012 წლის 30 ნოემბერს გაცემული №6888 მინდობილობა (მოქმედი 2013 წლის 30 ნოემბრამდე), რომლის თანახმად, ნანა კლარჯეიშვილს უფლება აქვს აღნიშნული მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს).

  სს ,,საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა დავით წივწივაძემ აღნიშნა, რომ ის ადასტურებს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენას. მან ასევე, აღნიშნა, რომ ამ კანონდარღვევის  გამამართლებელი გარემოება სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს. ამასთან, მისი განმარტებით, აღნიშნული განაპირობა კომპანიის გენერალური დირექტორის დანიშვნის გართულებულმა პროცედურამ, რომლის გამო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა გვიან.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.     კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (10.05.2013; №10/425-13);

2.     სს  ,,საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის 8 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/2455–13);

3.     მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შესახებ მონაცემები;

4.     სს ,,საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება.

    ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.     სს ,,საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 17.11.2009. ავტორიზებული საქმიანობის  სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება, ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა, ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა  და სხვ.);

2.     2013 წლის 11 აპრილს  სს ,,საქართველოს რკინიგზის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შედეგად სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორად განისაზღვრა მამუკა ბახტაძე, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან (ამონაწერის მომზადების თარიღი:11.04.2013; 13:03:22, განაცხადის ნომერი: 603296, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B13037657). აღნიშნული ცვლილების თაობაზე სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ კომისიას აცნობა არა ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, არამედ 2013 წლის 8 მაისს.

3.     სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

            ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

 ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული პირისთვის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს – საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის  შეცვლის შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში კომისიისთვის მიუწოდებლობით, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ დაარღვია  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტების,  43-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ)  ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.     დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა:

3.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის”  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.     გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს ,,საქართველოს რკინიგზისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები