შპს ,,სკაი სერვისისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2013
მიღების თარიღი მაისი 24, 2013
შპს ,,სკაი სერვისისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
2013 წლის პირველ მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის პირველი მაისის N10/397-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს ,,სკაი სერვისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 19 ივნისს განხორციელდა ცვლილებები. აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათს დართული აქვს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა კომპანიის დირექტორი და ნაცვლად მამუკა ჭოჭუასი, დირექტორად დაინიშნა ვალერიან თუმანიშვილი, ასევე შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართი.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ითვალისწინებს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „სკაი სერვისის“ დირექტორისა და იურიდიული მისამართის შეცვლის თაობაზე, კომპანიას კომისიისათვის არ უცნობებია, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 20 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სკაი სერვისის“ სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 24 მაისს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,სკაი სერვისს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ჩაბარდა შპს ,,სკაი სერვისის“ დირექტორს ვალერიან თუმანიშვილს, რაც დასტურდება შეტყობინების ასლზე დირექტორის ხელმოწერით.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 24 მაისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,სკაი სერვისის“ დირექტორი ვალერიან თუმანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის ახლანდელი იურიდიული მისამართი, დღიდან დაარსებისა წარმოადგენდა კომპანიის ფაქტობრივ მისამართს, რაც შეეხება კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებულ ცვლილებებს, შპს ,,სკაი სერვისის“ დირექტორის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე კომისიის დროული ინფორმირება ვერ მოხერხდა კომპანიაში არსებული რთული ვითარებისა და იურიდიული სამსახურის არარსებობის გამო.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 01 მაისის N10/397-13 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,სკაი სერვისის“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის N67765, ამონაწერის მომზადების თარიღი 11.05.2010; განაცხადის N501600, ამონაწერის მომზადების თარიღი 19.06.2012);
3. შპს ,,სკაი სერვისის“ დირექტორის ვალერიან თუმანიშვილის ახსნა-განმარტება მიცემული 2013 წლის 24 მაისის კომისიის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,სკაი სერვისი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2010 წლის 27 იანვრიდან;
2. შპს ,,სკაი სერვისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 19 ივნისს შეიცვალა ავტორიზებული პირის დირექტორი და ნაცვლად მამუკა ჭოჭუასი, დირექტორად დაინიშნა ვალერიან თუმანიშვილი, რაც დასტურდება შპს ,,სკაი სერვისის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. შპს ,,სკაი სერვისის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2012 წლის 19 ივნისს შეიცვალა ავტორიზებული პირის იურიდიული მისამართი და ნაცვლად მისამართისა ქ. თბილისი, ბალაჩივაძის ქ. N39, ბ.32, იურიდიული მისამართი გახდა ქ. თბილისი, ჩიქოვანის ქ. N16;
4. შპს ,,სკაი სერვისმა“ არ მიაწოდა კომისიას ინფორმაცია სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 დღიან ვადაში;
5. შპს ,,სკაი სერვისს“ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სკაი სერვისის“ მიერ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შესახებ, კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტები.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „სკაი სერვისის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „სკაი სერვისისს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „სკაი სერვისს“ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სკაი სერვისისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ,,სკაი სერვისისათვის“ დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სკაი სერვისისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
