წვდომის მენიუ

შპს ”რადიო უცნობის” მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2004 წლის №364/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 359 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2013

მიღების თარიღი მაისი 29, 2013

 

შპს ”რადიო უცნობის” მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2004 წლის №364/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/1441-13, 18.03.2013) მიმართა შპს ”რადიო უცნობმა” მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის  მოდიფიცირების თაობაზე. კერძოდ, შპს ”რადიო უცნობი” ითხოვს ქ. თბილისში კუთვნილი მაუწყებლობის №B70 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის (98.0 მგჰც) კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირით (98.1 მგჰც) შეცვლას, ვინაიდან ქ. თბილისში არსებული ავტომანქანების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკული წარმოებისაა, რის გამოც მანქანაში არსებულ რადიომიმღებს, მხოლოდ კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირის მიღება შეუძლია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო უცნობი”  ფლობს მაუწყებლობის №B70 ლიცენზიას 2014 წლის 23 ივლისამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო  რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 98.0 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი, ანტენის განთ. ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფ.კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100მ, მაუწყებლობის საშ.რად.            25 კმ;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2013 წლის 28 მარტის №10/237-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ეთერში ელექტრომაგნიტური თავსებადობის შენარჩუნებით შესაძლებელია შპს ”რადიო უცნობის” კუთვნილი №B70 მაუწყებლობის ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირე 98.0 მგჰც შეიცვალოს 98.1მგჰც სიხშირით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 26 აპრილის №288/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო უცნობის” მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2004 წლის №364/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს,                       შპს ”რადიო უცნობის” მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ”რადიო უცნობის”  №B70 ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ”რადიო უცნობის” მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები გაწერილია კომისიის 2004 წლის №364/1 გადაწყვეტილებით  ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ასევე მიზანშეწონილია მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის სახის მოდიფიცირება და სალიცენზიო ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”რადიო უცნობის” მაუწყებლობის №B70 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2004 წლის №364/1 გადაწყვეტილებებში და

ა) 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”45. შპს “რადიო უცნობის” №1410 ლიცენზია (მოქმედების ვადა 23.07.2014 წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად,  მიენიჭოს №B70 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო  რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 98.1 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი, ანტენის განთ. ადგილი: თბილისის ანძა, გეოგრაფ.კოორდინატები: 44E47; 41N41, ანტენის სიმაღლე 100მ, მაუწყებლობის საშ.რად. 25 კმ;

ბ) 2004 წლის 23 ივლისის №364/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. შპს ”რადიო უცნობი” ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.”

გ) 2004 წლის 23 ივლისის №364/1 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-31 პუნქტი:

”31. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგრძლივობად განისაზღვროს 24 საათი”;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიო უცნობისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  შპს „რადიო უცნობისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

    კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                                                             სოფიო ბრიტანჩუკი

       კომისიის წევრი                                                                                                   აკაკი სიხარულიძე

       კომისიის წევრი                                                                                                   ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები