წვდომის მენიუ

შპს ,,მაქსტელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 36 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2013

მიღების თარიღი იანვარი 18, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2012 წლის 14 დეკემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ.სხირტლაძე) 2012 წლის  13 დეკემბრის  №10/1439-12 სამსახურებრივი ბარათი  თანდართული მასალით, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. 2011 წლის 30 მარტს, კომისიამ წერილობით (№02/565-11.; 30.03.11.)  მიმართა შპს ,,მაქსტელს”,  კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად,   კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და განუმარტა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნული წერილი შპს ,,მაქსტელს” ჩაბარდა 2011 წლის 5 აპრილს;

2. 2011 წლის 3 ოქტომბერს, კომისიამ წერილობით (№02/2277-11.; 3.10.11)  მიმართა შპს ,,მაქსტელს”  კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და გააფრთხილა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, რაც გახდებოდა კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. აღნიშნული წერილი შპს ,,მაქსტელს” ჩაბარდა 2011 წლის 17 ოქტომბერს;

3. 2012 წლის 2 ნოემბერს, კომისიამ წერილობით (№05/2550-12.; 02.11.12)  მიმართა შპს ,,მაქსტელს”  კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და გააფრთხილა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, რაც გახდებოდა კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. აღნიშნული წერილი შპს ,,მაქსტელს” ჩაბარდა 2012 წლის 6 ნოემბერს;

4. მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, 2012 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,მაქსტელს” არ შეუვსია  და კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით, ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის 18 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაქსტელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; კერძოდ, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულების, ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის  25 დეკემბერს,  რის თაობაზეც შპს ,,მაქსტელს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ.სხირტლაძე) 2012 წლის  13 დეკემბრის  №10/1439-12 სამსახურებრივი ბარათი  თანდართული დოკუმენტებით. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 25 დეკემბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაქსტელის” წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც კომისიის სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინების მისთვის ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე,  კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,მაქსტელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა უნდა გადადებულიყო 2013 წლის 11 იანვრისთვის, რათა ავტორიზებული პირისათვის მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთან, კომისიის მიერ დაცული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის 2012 წლის 11 იანვარს დანიშვნის თაობაზე შეტყობინება დაზღვეული საფოსტოს გზავნილით გაეგზავნა შპს ,,მაქსტელს” და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებასთან ერთად მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ.სხირტლაძე) 2012 წლის  13 დეკემბრის  №10/1439-12 სამსახურებრივი ბარათი  თანდართული დოკუმენტებით. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 11 იანვრის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაქსტელის” წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც კომისიის სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინების მისთვის ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა. შპს ,,სმარტექსის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი შეტყობინების (№4402; 3.01.13) ბარათიდან ირკვევა, რომ შპს ,,მაქსტელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ ფაქტობრივ მისამართზე, რომელიც დაცულია კომისიის უწყებრივ რეესტრში, კერძოდ, ქ.თბილისი, ალმასიანის ქ. №23/25, შპს ,,მაქსტელი” არ ფუნქციონირებს, ხოლო იურიდიულ მისამართზე შეტყობინება ვერ ჩაბარდა.  აქედან გამომდინარე,  კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,მაქსტელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა უნდა გადადებულიყო 2013 წლის 18 იანვრისთვის, რათა ავტორიზებული პირისათვის მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთან, კომისიის მიერ დაცული იქნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის 2013 წლის 18 იანვარს დანიშვნის თაობაზე  წერილობითი შეტყობინება დაზღვეული საფოსტო გზავნილით, კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ მისამართზე, გაეგზავნა შპს ,,მაქსტელს” და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ამავე დროს, შეტყობინება თანდართული მასალებით მას გაეგზავნა კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ, შპს ,,მაქსტელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე (office@maxtel.ge). ასევე, შპს ,,მაქსტელს” შეტყობინება გაეგზავნა კომისიაში დასაქმებული პირის (ა. ამირეჯიბი) მეშვეობით. შეტყობინებასთან ერთად მას გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები, კერძოდ, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ.სხირტლაძე) 2012 წლის  13 დეკემბრის  №10/1439-12 სამსახურებრივი ბარათი  თანდართული დოკუმენტებით. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, შპს ,,მაქსტელს” შეტყობინება თანდართული მასალებით ჩაბარდა 2013 წლის 15 იანვარს, კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ მის იურიდიულ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, მე-4 კორპუსი, ბინა №161, მისი წარმომადგენელი 2013 წლის 18 იანვრის კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს  ,,მაქსტელისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის (რ.სხირტლაძე) 2012 წლის  13 დეკემბრის  №10/1439-12 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის 2011 წლის 30 მარტის №02/565-11 წერილი, რომელიც გაეგზავნა შპს ,,მაქსტელს”;

3. კომისიის 2011 წლის 30 მარტის №02/565-11 წერილის შპს ,,მაქსტელისთვის” ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი (№284; 5.04.11);

4. კომისიის 2011 წლის 3 ოქტომბრის №02/2277-11 წერილი, რომელიც გაეგზავნა შპს ,,მაქსტელს”;

5. კომისიის 2011 წლის 3 ოქტომბრის №02/2277-11 წერილის შპს ,,მაქსტელისთვის” ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი (№29; 17.10.11);

6. კომისიის 2012 წლის  2 ნოემბრის №05/2550-12 წერილი, რომელიც გაეგზავნა შპს ,,მაქსტელს”;

7. კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №05/2550-12 წერილის შპს ,,მაქსტელისთვის” ჩაბარების დამადასტურებელი, შპს ,,სმარტექსის” მიერ გაცემული საფოსტო ქვითარი (№3496; 6.11.12);

8. შპს ,,სმარტექსის” შეტყობინებების (№4402; 31.12.12; №4402; 2.01.13; №4402; 3.01.13) ბარათები, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,მაქსტელს” კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები კომისიის სხდომის ჩატარების თაობაზე, არ ჩაბარდა, ვინაიდან კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ, შპს ,,მაქსტელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე ადრესატი არ იმყოფებოდა, ხოლო ფაქტობრივ მისამართზე, კერძოდ, ქ.თბილისი, ალმასიანის ქ. №23/25, შპს ,,მაქსტელი” არ ფუნქციონირებს;

9. 2013 წლის 18 იანვარს კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინების, კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ, შპს ,,მაქსტელის” ელექტრონულ მისამართზე (office@maxtel.ge), გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, აღნიშნული შეტყობინების არმიღების დამადასტურებული დოკუმენტი, ელექტრონული მისამართის არფუნქციონირების გამო (ამონარიდები კომისიის ოფიციალური ელექტრონული მისამართიდან);

10. 2013 წლის 18 იანვარს საკითხის განხილვის  დანიშვნის თაობაზე  წერილობითი შეტყობინების  (№03/78-13; 14.01.13) შპს ,,მაქსტელისთვის”, კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ იურიდიულ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, მე-4 კორპუსი, ბინა №161, ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი და კომისიაში დასაქმებული პირის ა.ამირეჯიბის ახსნა-განმარტება;

11. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება, კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ;

12. კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №443/18 გადაწყვეტილება, რიგი ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელების სანქცირების თაობაზე;

13. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1469-12 სამსახურებრივი ბარათი;

14. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,მაქსტელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 19.06.2006, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება);

2. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით, ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

3. 2011 წლის 30 მარტს, კომისიამ წერილობით (№02/565-11.; 30.03.11.)  მიმართა შპს ,,მაქსტელს”,  კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად,   კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და განუმარტა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნული წერილი შპს ,,მაქსტელს” ჩაბარდა 2011 წლის 5 აპრილს;

4. 2011 წლის 3 ოქტომბერს, კომისიამ წერილობით (№02/2277-11.; 3.10.11)  მიმართა შპს ,,მაქსტელს”  კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და გააფრთხილა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, რაც გახდებოდა კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. აღნიშნული წერილი შპს ,,მაქსტელს” ჩაბარდა 2011 წლის 17 ოქტომბერს;

5. 2012 წლის 2 ნოემბერს, კომისიამ წერილობით (№05/2550-12.; 02.11.12)  მიმართა შპს ,,მაქსტელს”  კომისიაში წარმოედგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და გააფრთხილა, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, რაც გახდებოდა კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

შპს ,,სმარტექსის” მიერ გაცემული საფოსტო ქვითრიდან (№3496; 6.11.12) ირკვევა,  რომ კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის წერილი (№05/2550-12.; 02.11.12)  შპს ,,მაქსტელს” ჩაბარდა მისამართზე: ქ.თბილისი, ჩიქოვანის ქუჩა №30, მე-2 სადარბაზო, ბინა №1, რაც  არ წარმოადგენს შპს ,,მაქსტელის” იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს. ამასთან,  წერილი ჩაბარდა ვინმე გიორგი ჯაღმაიძეს, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით არა თუ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, არამედ საერთოდ გაურკვეველია მუშაობს თუ არა ის შპს ,,მაქსტელში”. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უდავოდ ვერ დგინდება კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის წერილის (№05/2550-12.; 02.11.12)  შპს ,,მაქსტელსთვის” ჩაბარების ფაქტი;

6. მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, 2012 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,მაქსტელს” არ შეუვსია  და კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

7. 2013 წლის 18 იანვარს საკითხის განხილვის  დანიშვნის თაობაზე  წერილობითი შეტყობინება  (№03/78-13; 14.01.13) შპს ,,მაქსტელს” ჩაბარდა  კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ იურიდიულ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, მე-4 კორპუსი, ბინა №161, რაც დასტურდება შეტყობინების ასლზე კომპანიის იურიდიულ მისამართზე მყოფი პირის ნ.ჩლაიძის ხელმოწერითა და კომისიაში დასაქმებული პირის ა.ამირეჯიბის ახსნა-განმარტებით;

8. შპს ,,სმარტექსის” შეტყობინებების ჩაბარების ბარათებიდან (№4402; 31.12.12; №4402; 2.01.13; №4402; 3.01.13) და შპს ,,საქართველოს ფოსტის” ქვითრიდან (№010003905143; 14.01.13)  ირკვევა, რომ შპს ,,მაქსტელს” კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები კომისიის სხდომის ჩატარების თაობაზე, კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ, შპს ,,მაქსტელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე არ ჩაბარდა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო, ხოლო ფაქტობრივ მისამართზე, კერძოდ, ქ.თბილისი, ალმასიანის ქ. №23/25, შპს ,,მაქსტელის” არფუნქციონირების გამო.

კომისიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართის (post@gncc.ge)  ამონარიდებიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 18 იანვარს დანიშნული კომისიის სხდომის თაობაზე შეტყობინება თანდართული დოკუმენტებით, რომელიც შპს ,,მაქსტელს” გაეგზავნა კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ, შპს ,,მაქსტელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე (office@maxtel.ge), არ ჩაბარდა აღნიშნული ელექტრონული მისამართის არფუნქციონირების გამო.

კომისია აქვე განმარტავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს, რომელშიც, ამავე კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შეიტანება დეკლარაციის მონაცემები. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის მსურველი პირი  მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომელშიც, იურიდიულმა პირმა სხვა მონაცემებთან ერთად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა მიუთითოს საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი. ამასთან დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, მისამართის (ადგილსამყოფელის) შეცვლის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ავტორიზებული პირი,  ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართის შეცვლის შესახებ, რაც შედის როგორც კომისიის ისე ავტორიზებული პირის ინტერესებში, ვინაიდან აღნიშნული ნორმების ობიექტური მიზანია ხელი შეუწყოს როგორც კომისიას, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში, ისე ავტორიზებული პირს, კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში და მისი უფლებების რეალიზაციაში. კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირის ერთ-ერთი უფლებაა მიიღოს შეტყობინება მისი სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო კომისიის ვალდებულებაა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ავტორიზებული პირის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ, მისამართის (ადგილსამყოფელის) შეცვლის თაობაზე ინფორმაციის კომისიისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, კომისიისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება შეატყობინოს/ინფორმაცია მიაწოდოს ავტორიზებულ პირს მასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს  ავტორიზებული პირის უფლებების რეალიზაცია;

9. კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №443/18 გადაწყვეტილებით შპს ,,მაქსტელს” მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) და ლ) ქვეპუნქტის და ,,რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების   დარღვევის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,მაქსტელს” მიერ დარღვეულია  ,,ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ   3 000 და არა უმეტეს 30 000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №443/18 გადაწყვეტილებით შპს ,,მაქსტელს” მიეცა გაფრთხილება, ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის განმარტებით, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, შპს ,,მაქსტელის” მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შეადგენს 3000 ლარზე ნაკლებს. შესაბამისად, შპს ,,მაქსტელის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,მაქსტელს” უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის,  მე-15 მუხლის ა) ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,მაქსტელს” დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს ,,მაქსტელმა” წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს ,,მაქსტელმა” წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4.  შპს ,,მაქსტელს” დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაქსტელისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

7.  კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ.სხირტლაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაქსტელისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             კარლო კვიტაიშვილი        

კომისიის წევრი                                                                                       ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                       აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები