საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2013
მიღების თარიღი მაისი 31, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის წლიურმა დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის მიხედვით, ნაცვლად 2012 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 7,465,000.00 ლარისა (1,295,000.00 ლარის სარეზერვო ფონდის ჩათვლით), შეადგინა 7,872,380.28 ლარი (ანგარიშს თან ერთვის დანართი 1), რაც 407,380.28 ლარით ანუ 5.46%-ით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. დარიცხული შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების 2010-2011 წლების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2010-2011 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული გარკვეული შემოსავლების დამატება 2012 წლის წლიურ შემოსავლებზე.
2012 წლის შემოსავლების ზრდის მიუხედავათ, 345,229.57 ლარით ანუ 4.87%-ით ნაკლებია კომისიის 2012 წლის ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 7,082,900.00 ლარის ნაცვლად შეადგინა 6,737,670.43 ლარი. ხარჯვითი ნაწილის ეკონომია გამოწვეულია იმით, რომ 2012 წელს ვერ განხორციელდა კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი სხვადასხვა სახის კვლევები, ასევე მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენა.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის უმრავლეს პუნქტებში მიღებული ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები. 2012 წლის ფაქტიური მონაცემებით, ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეული პრიორიტეტული მუხლების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად ჩათვალა, ცალკეულ შემთხვევებში, საოპერაციო დანახარჯების მუხლებში კორექტირების შეტანა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით გამოთავისუფლებული დამატებითი ფინანსური რესურსების და გასულ წლებში არსებული ფინანსური რეზერვის საშუალებით დაეფინანსებინა სხვა პრიორიტეტული მუხლები. კერძოდ:
კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯების მუხლით, 2012 წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით შეადგინა 124,383.28 ლარი, რაც 44,383.28 ლარით მეტია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული წლიურ მაჩვენებელზე;
45,717.58 ლარით ანუ 26.89%–ით არის გაზრდილი სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 170,000.00 ლარისა შეადგინა 215,717.58 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა გამოწვეულია: კომისიის მიერ სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით განცხადებების გავრცელებით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 7,008.49 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებით – 66,000.00 ლარი, სადაზღვევო (სამედიცინო დაზღვევის ხარჯების გარდა) ხარჯებით - 7,725.02 ლარი, სანიტარული მომსახურების ხარჯებით - 450.00 ლარი, სამეურნეო ხარჯებით - 13,515.46 ლარი; სხვა წინასწარ გაწეულმა ხარჯებმა (კარტრიჯების დატენვა, კომპიუტერების მაკომპლექტებელი ნაწილების შეძენა) შეადგინა 33,371.65 ლარი, კომპიუტერულ-პროგრამულმა, კომისიის ვებ გვერდის მომსახურებამ და სხვა საგადასახადო ხარჯმა ჯამში შეადგინა 53,242.00, დასუფთავების მოსაკრებელმა, ავტომანქანებით ტვირთის გადაადგილების მომსახურებამ, სატენდერო მასალების გამოქვეყნების ღირებულებამ, საკურსო სხვაობამ და არამატერიალური აქტივების (სალიცენზიო ბლანკები და მოწმობები) გამოყენებამ ჯამში შეადგინა – 17142,84 ლარი, ცვეთა და ამორტიზაციამ - 15,462.12 ლარი და კომისიის შენობაში განთავსებულმა ლიფტის წლიურმა მომსახურებამ - 1,800.00 ლარი;
შრომის ანაზღაურების წლიურმა ფაქტიურმა ხარჯებმა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების წლიური, ფაქტიური ხარჯების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ანარიცხებთან ერთად 3,777,396.57 ლარი ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 572,503.43 ლარით ნაკლები შეადგინა. აღნიშნული თანხით და რეზერვების ფონდებით, კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის, კომისიაში დასაქმებულთა წახალისების და შრომითი მოტივაციისათვის დამატებით გამოყოფილ იქნა 1,049,300.26 ლარი;
ამავე დროს, 2012 წლის კომისიის ბიუჯეტის ძირითად მუხლებში წლის განმავლობაში, ფაქტიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია, კერძოდ:
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2012 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 146,204.63 ლარი, რაც 15,560.80 ლარით ნაკლებია 2011 წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტიურ მაჩვენებელზე, ხოლო 43,795.37 ლარით ანუ 23.05%-ით ნაკლებია 2012 წლის კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. აღნიშნული ხარჯიდან 87,732.76 ლარი შეადგენს მოხმარებული ბენზინის საწვავის ხარჯს, ხოლო 12,223.89 ლარი მოხმარებული დიზელის საწვავის ხარჯს, 41,748.18 ლარი - კომისიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების რემონტის ხარჯს, ხოლო 4,500.00 ლარი - ავტომანქანების რეცხვის ხარჯს;
მივლინების წლიურმა ხარჯებმა, ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 270,000.00 ლარისა, შეადგინა 214,211.02 ლარი. აღნიშნული თანხა 55,788.88 ლარით ანუ 20.66%-თ ნაკლებია შესაბამის პერიოდში კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. მივლინების ხარჯები ძირითადად შედგება ისეთი აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების ფაქტიური დაფინანსებებით, რომელთაგან ძირითადად აღსანიშნავია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქ. ჟენევაში, რადიოკავშირის (WRC-12) მსოფლიო კონფერენციაზე დასწრება, საერთაშორისო საკონსულტაციო („PA Consulting” da “RED-M”) ფირმებთან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, მობილური საკომუნიკაციო საშუალებების (GSMA 2012) მსოფლიო კონგრესზე დასწრება, ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) გენერალურ ასამბლეასა და ნაციონალური დელეგაციების წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, „IREX”-ის მიერ ორგანიზებულ და სხვა სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ვიზიტორთა პროგრამაში მონაწილეობის მიღება, “CEPT”-ის ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტის (ECC) რადიოსიხშირული სპექტრის მართვის შემსწავლელი ჯგუფის (WG FM) მორიგ 74–ე სხდომებზე დასწრება, სხვადსხვა ქვეყნების ტელეკომუნიკაციების მარეგულირებლებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეხვედრებში (UKE) მონაწილეობა, ამერიკა–საქართველოს დემოკრატიულ სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრები, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სხვადსხვა შეხვედრებში და მსოფლიო სამიტზე (LTE) დასწრება, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 35–ე შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ–კორპორაციის სამთავრობო საკონსულტაციო კომიტეტის 44–ე შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, იაპონიის კომუნიკაციების სამინისტროსა და „Sony Corporation”-თან ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება და სხვა. აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული მივლინებების დაფინანსება, რომლებიც ძირითადად ემსახურებოდა ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების სალიცენზიო და საავტორიზაციო პირობების შესრულების მონიტორინგს და რადიოელექტრონული მოწყობილობების პელინგაციასა და ტექნიკური მახასიათებლების ადგილზე შემოწმებას;
სამეცნიერო – საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა - 232,672.12 ლარი ანუ კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულზე 567,327.88 ლარით ნაკლები. აღნიშნული ეკონომია ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 2012 წელს ვერ განხორციელდა (შესასრულებლად გადატანილი იქნა 2013 წელს) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის, მნიშვნელოვანი და აუცილებელი კვლევები.
საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების წლიურმა დანახარჯებმა 2012 წელს 28,785.13 ლარი ანუ დაგეგმილზე 26,214.87 (47.66%-ით) ლარით ნაკლები, ხოლო 2011 წელის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,214.87 ლარით ნაკლები შეადგინა. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა 10,663.35 ლარი, საფოსტო ხარჯებმა – 9,239.18 ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 3,970.00 ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ხარჯებმა – 4,912.60 ლარი;
კომუნიკაციის,ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯმა ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 220,000.00 ლარისა მთლიანობაში შეადგინა - 118,497.29 ლარი ანუ კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ მაჩვენებელზე 101,502.71 ლარით ნაკლები, ხოლო 2011 წელის შესაბამის პერიოდთან შედარებით 59,477.94 ლარით ნაკლები. ამ პუნქტით არსებული დანახარჯებიდან ელექტროენერგიის მთლიანმა ხარჯმა შეადგინა 44,042.84 ლარი; წყლის ხარჯმა - 8,845.70 ლარი; ბუნებრივი აირის ხარჯმა - 19,636.75 ლარი, ხოლო კომუნიკაციის ხარჯმა - 45,972.00 ლარი;
კომისიის საჭიროებისათვის, 2012 წელს ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა 213,601.43 ლარი, რომელიც შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 586,398.57 ლარით ანუ 73.30%-ით ნაკლებია. ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯვითი ნაწილის მუხლში, ეკონომია გამოწვეულია იმით, რომ 2012 წელს ვერ განხორციელდა (შესასრულებლად გადატანილი იქნა 2013 წელს) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენა;
წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით განსაზღვრულმა ხარჯებმა 2012 წლის ფაქტიური მონაცემების შესაბამისი პერიოდის მიხედვით, ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 28,000.00 ლარისა, საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით შეადგინა 20,091.97 ლარი, რაც 7,908.03 ლარით ანუ 28.24%-თ ნაკლებია კომისიის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე;
2012 წელს, საბანკო მომსახურების ფაქტიურმა ხარჯებმა ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 10,000.00 ლარისა შეადგინა – 1,491.90 ლარი, ანუ 8,508.10 ლარით ნაკლები;
კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტის მუხლით, მიუხედავად კომისიის 2012 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, რომელზეც გამოყოფილი იყო 70,000.00 ლარი, 2012 წელს სულ გაიხარჯა 3,537.40 ლარი ანუ 94.95%-თ ნაკლები;
კომისიის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებული, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯებზე გამოყოფილი თანხების მიხედვით, ეკონომიაა აგრეთვე ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებული 10,000.00 ლარისა, ფაქტიური დანახარჯებით შეადგინა 2,046.02 ლარი ანუ 79.54%–ით ნაკლები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2012 წლის ბიუჯეტის მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2012 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები:
რეგულირების საფასური და სხვა შემოსავლები------–7,872,380.28 ლარი;
ბ) საოპერაციო ხარჯები------------------------------------- 6,524,069.00 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები----------– 213,601.43 ლარი;
3. დამტკიცდეს 2012 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით კომისიის შემოსავლების ხარჯებზე გადამეტება 1,134,709.85 ლარის ოდენობით;
4. დაევალოთ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის, მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა და ავტორიზებულ პირთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;
5. კომისიის აპარატის შესაბამისმა დეპარტამენტებმა ხელი შეუწყონ “რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებას;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ლიცენზიის მფლობელთა ან/და ავტორიზებულ პირთა მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
