წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 364 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2013

მიღების თარიღი ივნისი 04, 2013

შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში  გადაეცა  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (21.05.2013, №10/485–13) სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 12 მარტის N157/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალს“ დაევალა მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის ყოველკვირეულად გამოქვეყნება და კომისიაში წარმოდგენა, თუმცა მომდევნო კვირის პროგრამების კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალის“ მიერ შესრულდა მხოლოდ ერთხელ 2013 წლის 10 აპრილს და მომდევნო პერიოდში აღნიშნული ვალდებულება კომპანიის მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N829/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობა.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, ასევე გადაეც, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013  წლის 21 მაისის N10/488-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალს“ 2013 წლის მარტის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება, ამასთანავე აპრილის თვის (არ არის წარმოდგენილი) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების გარეშე, გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება 13.37 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტების ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 28 მაისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 4 ივნისს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და   მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე. სხდომაზე  გამოცხადდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალის“ დირექტორი გია ნაცვლიშვილი, რომელმაც განაცხადა, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალს“ ვებ გვერდზე განთავსებული ჰქონდა ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე და დარღვევას წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ იქნა გადმოგზავნილი, რაც მისი განმარტებით არ არის არსებითი დარღვევა, ვინაიდან ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მათ შორის მომხმარებელსაც და კომისიასაც. დირექტორის გია ნაცვლიშვილის განმარტებით, კანონის არსებული მუხლი მოძველებულია და არ არის გათვლილი ინტერნეტის საყოველთაო მოხმარების შესაძლებლობაზე. მისი განმარტებით, შეცდომა დაშვებულია შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ, მაგრამ შინაარსობრივად ვალდებულება შესრულდა, მომხმარებელი ინფორმაციას ღებულობს ტელეპროგრამების შესახებ და არ ზარალდება. რაც შეეხება რეგულირების საფასურის დავალიანების -13.37 ლარის გადახდის ვალდებულებას, დირექტორის განმარტებით აღნიშნული დავალიანება გააჩნია კომპანიას და მოხდება მისი დაფარვა. გია ნაცვლიშვილმა ასევე განმარტა, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობა განპირობებულია შემოსავლების არ არსებობით.

 2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა იოსებ აბულაძემ გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ შემოსავლების არარსებობის შემთხვევაში  მაუწყებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები;

2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა დაადასტურა, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ დირექტორის მიერ გაკეთებული განმარტება და განაცხადა, რომ კომპანიის ვებგვერდზე სისტემატურად იტვირთება მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 21 მაისის N10/485-13 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 21 მაისის N10/488-13 მოხსენებითი ბარათი და 2013 წლის 03 ივნისის N10/551-13 სამსახურებრივი ბარათი;

3.       შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალის“ დირექტორის გია ნაცვლიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე;

4.       კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის განმარტება გაკეთებული კომისიის 2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე;

5.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის განმარტება გაკეთებული კომისიის 2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე;

6.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

7.        კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ შესახებ მონაცემები;

8.       კომისიის  2011 წლის 30 დეკემბრის N829/6 და 2013 წლის 12 მარტის N157/18 გადაწყვეტილებები.

 ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B68 ლიცენზიას;

2.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები;

3.       შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ 2013 წლის 10 აპრილის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

4.       შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალს“ 2013 წლის მარტის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება;

5.       შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალს“ აპრილის თვის (არ არის წარმოდგენილი) რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების გარეშე, გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება 13.37 ლარის ოდენობით;

6.       კომისიის 2013 წლის 12 მარტის N157/18 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ დაეკისრა გაფრთხილება მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის მე–4 პუნქტის, 62–ე მუხლის პირველი პუნქტის, 70–ე მუხლის მე–3 პუნქტის და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო, რაც ითვალისწინებს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

7.       კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 03 ივნისის N10/551-13  მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 0,5% არ აღემატება 2500 ლარს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,  რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

2.       ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

3.       ,,შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მაუწყებლობის №B68 ლიცენზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის 829/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალი“ ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ ვალდებულებას წარმოადგენს, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით კომისიისათვის ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი თანხების ჩარიცხვა კომისიის ანგარიშზე (სალიცენზიო პირობები), აღნიშნული ვალდებულება შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ ასევე დაეკისრა კომისიის 2013 წლის 12 მარტის N157/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად;

4.       მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

 გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალის“ მიერ დარღვეულ იქნა   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი,  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობები, აგრეთვე კომისიის 2013 წლის 12 მარტის N157/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება, უზრუნველყოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის ყოველკვირეულად კომისიაში წარმოდგენა, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ასევე 2013 წლის აპრილის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა და რეგულირების საფასურის დავალიანების -13.37 ლარის დაფარვა.

კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა შემდეგი დათქმით: ირაკლი მოსეშვილი მხარს უჭერს კომპანიისათვის სანქციის დაკისრებას, მხოლოდ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობისა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო, რაც შეეხება სამაუწყებლო ბადის კომისიაში წარმოუდგენლობას, აღნიშნული კომისიის წევრს ბატონ ირაკლი მოსეშვილს არ მიაჩნია დარღვევად, ვინაიდან, სამაუწყებლო ბადე შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ ყოველთვის ატვირთული აქვს საკუთარ ვებგვერდზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე, 95–ე, 98–ე და 99–ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36–ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების,  71–ე მუხლის მეორე პუნქტის, 72-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.          შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის  ოდენობით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №829/6 გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების, აგრეთვე კომისიის 2013 წლის 12 მარტის N157/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის  დარღვევის გამო;

2.          შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო  ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

        მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში;

        - ანგარიშის ნომერი  -  200122900,

        - ბანკი-სახელმწიფო ხაზინა;

        - კოდი  - TRESGE22;

        - სახაზინო კოდი - 300773251;

       და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3    

       სამუშაო დღის ვადაში.

3.          უზრუნველყოს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალმა“ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში 2013 წლის მარტის თვის შემდგომი პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა;

4.          უზრუნველყოს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალმა“ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში დაფაროს რეგულირების საფასურის დავალიანება 13.37 (ცამეტი ლარის და ოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;

5.          უზრუნველყოს შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალმა“ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის ყოველკვირეულად კომისიაში წარმოდგენა პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, სალიცენზიო პირობების შესაბამისად;

6.          დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7.          დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8.          გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე–რადიო კომპანია თვალისათვის“ ჩაბარების დღიდან;

9.          გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თვალისათვის”  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

10.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2, მე–3 და მე–4  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

12.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე–3, მე-4, მე-5 და მე–6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები