წვდომის მენიუ

შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 365 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2013

მიღების თარიღი ივნისი 04, 2013

შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისია აღნიშნავს, რომ, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2013 წლის 22 მაისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 21 მაისის №10/489-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ 2013 წლის 21 მარტს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს შესასწავლად გადაეცა ვებგვერდ www.livepress.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია (N6/1609-13 21.03.13) შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ მაუწყებლობის განუხორციელებლობის შესახებ. კომისიის 2013 წლის 4 აპრილის N04/663-13 წერილით (შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ წარმომადგენელს ჩაბარდა ხელზე - 2013 წლის 2 მაისს) მაუწყებელს ეთხოვა კომისიისათვის 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა კომისიისათვის ახორციელებდა თუ არა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“  კუთვნილი NB121 და NB122 ლიცენზიებით განსაზღვრულ 21-ე (ქ. ზუგდიდი) და 30-ე (ქ. სენაკი) სატელევიზიო არხებზე საერთო ტელემაუწყებლობას და ამასთან ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოედგინა სამაუწყებლო პროგრამების 1 თვის არქივი ციფრულ მატარაბლებზე. ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია და უკანასკნელი 1 თვის არქივი კომისიაში არ წარმოუდგენია, რის საფუძველზედაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“  მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც  კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 21 მაისის  №10/489-13  სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 28 მაისს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   70-ე  მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 4 ივნისს; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ შეტყობინება  2013 წლის 29 მაისს ჩაბარდა, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ საფოსტო ქვითრით (გზავნილის კოდი 040002259653);  მას, აღნიშნული შეტყობინებით, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2013 წლის 04 ივნისის  კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“ ცნობილი იყო სხდომის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა კომისიაში საქმის გადადების მოთხოვნით არ შემოსულა, კომისიამ მიიჩნია, რომ კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე დამატებითი ინფორმაცია წარმოადგინა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გარდა მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 21.05.13 N10/489-13  სამსახურებრივ ბარათში მითითებული დარღვევისა, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ არ ასრულებს შემდეგ კანონისმიერ და სალიცენზიო ვალდებულებებს: ყოველკვირეულად არ აქვეყნებს და კომისიას არ აწვდის მომდევნო კვირის პროგრამების განრიგს, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ვებგვერდზე არ აქვს ატვირთული შესაბამისობის დეკლარაცია, უფრო მეტიც - საერთოდ არ აქვს საკუთარი ვებგვერდი, კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2007, 2009, 2010, 2011, 2012 წლების საქმიანობის ანგარიშები საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, 2008 წლის ანგარიში წარმოდგენილი აქვს არასრულად - აუდიტის დასკვნის გარეშე.

კომისიის 2013 წლის 04 ივნისის სხდომაზე, კომისიას ინფორმაცია წარუდგინა ასევე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა იოსებ აბულაძემ, რომელმაც განაცხადა შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, გარდა ამისა, სავარაუდოდ, კომპანიას აქვს სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება; აღნიშნული სავარაუდოა, იმდენად, რამდენადაც, ,,შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხების  ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო კომისიაში,  სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი; შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ აღნიშნული ქვითრები კომისიაში წარმოდგენილი არ არის.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.              კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 21 მაისის  №10/489-13  სამსახურებრივი ბარათი;

2.              ვებგვერდ www.livepress.ge-ზე 2013 წლის 18 მარტს დაბეჭდილი სტატია სათაურით: ,,ტელეკომპანია ,,სამეგრელოს“ მფლობელი და შეუსრულებელი ვალდებულება“;

3.              კომისიის 2013 წლის 4 აპრილის N04/663-13 წერილი და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის თანახმად, კომისიამ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მოსთხოვა ინფორმაცია მაუწყებლობის განხორციელების თაობაზე და დაავალა უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD)  ჩაწერილი სახით კომისიაში წარმოდგენა;

4.              2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომის თაობაზე შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“ გაგზავნილი შეტყობინება და შეტყობინების შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება (გზავნილის კოდი 040002259653);

5.              2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ივანე მახარაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

6.              2013 წლის 4 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.                  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB121 და NB122 ლიცენზიის მფლობელს;

2.                  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კომისიის 2013 წლის 4 აპრილის   N04/663-13 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, მის მიერ მაუწყებლობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისა და უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) წარმოსადგენად;

3.                  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ არც კომისიის მიერ მიცემულ 5 დღიან ვადაში და არც აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოუდგენია კომისიაში ინფორმაცია, მის მიერ მაუწყებლობის განხორციელების თაობაზე, ასევე არ წარმოუდგენია უკანასკნელი 1 თვის არქივი, რომლის შენახვაც კანონით ევალება;

4.                  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“  არ აქვეყნებს და კომისიას არ აწვდის მომდევნო კვირის პროგრამების განრიგს, რაც მას ყოველკვირეულად ევალება პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

5.                  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ ვებგვერდზე არ აქვს ატვირთული შესაბამისობის დეკლარაცია და მეტიც - საერთოდ არ აქვს საკუთარი ვებგვერდი;

6.                  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2007, 2009, 2010, 2011, 2012 წლების საქმიანობის ანგარიშები საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის  კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ხოლო 2008 წლის ანგარიში წარმოდგენილი აქვს არასრულად - აუდიტის დასკვნის გარეშე;

7.                  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე საკითხის შესწავლისას გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიას არც სალიცენზიო  გადასახდელი აქვს გადახდილი;

8.                  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია  შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები, დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე;

3.       ,,შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები (სალიცენზიო ვალდებულება);

4.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში  მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;  

5.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით (სალიცენზიო ვალდებულება);

6.       შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ ვალდებულია, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით (სალიცენზიო ვალდებულება);

7.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია; შესაბამისობის დეკლარაციას მაუწყებელი აქვეყნებს, საკუთარ ვებგვერდზე, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ვებგვერდი;

8.       ,,შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის კ) ქვეპუნქტისა და მე-8 პუქტის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“ ვალდებულია ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (სალიცენზიო ვალდებულება);

9.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელო“, ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

10.    ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,  რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

11.    ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

12.    ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და მე-8 პუქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

13.    ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია  მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 53-ე მუხლის პირველი პუნქტი, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი,  70-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი, ,,შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ), გ), თ), კ) და მ) ქვეპუნქტებითა და მე-8 პუნქტის ბ), გ), თ), კ) და მ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები, კომისიას მიაჩნია, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიმართ,  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა; ამასთანავე, კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ უნდა დაეკისროს, მის მიერ

შეუსრულებელი კანონისმიერი და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულება.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.             მიეცეს გაფრთხილება  შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის,  70-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევისა და ,,შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მაუწყებლობის N419 და N420 ლიცენზიების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ), გ), თ), კ) და მ) ქვეპუნქტებითა და მე-8 პუნქტის ბ), გ), თ), კ) და მ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;

2.             შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ დაევალოს:

ა) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს კომისიას ინფორმაცია მის მიერ მაუწყებლობის განხორციელების/არ განხორციელების თაობაზე;

ბ)  5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, უკანასკნელი 1 თვის არქივის კომისიაში წარმოდგენა,     ციფრულ მატარებლებზე (CD);

გ) მომდევნო კვირის პროგრამების განრიგის  ყოველკვირეულად საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნება და კომისიაში წარმოდგენა, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისობის დეკლარაციის  გამოქვეყნება და კომისიისათვის წარდგენა;

ე) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012 წლების საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ საქმიანობის ანგარიშების კომისიაში წარდგენა, აუდიტის დასკვნით;

ვ) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში,  უკანასკნელი 2 წლის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენა და  კომისიის ანგარიშზე შესაბამისი რეგულირების საფასურის ჩარიცხვა;

ზ) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების კომისიაში წარმოდგენა.

3.             დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვისა და მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტებს მონიტორინგის ჩატარება შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ მაუწყებლობის განხორციელების/არ განხორციელების დადგენის მიზნით;

4.             დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე) შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ, კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N51/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება;

5.             დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.             დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“ დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ  რეესტრში  შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8.             გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოსათვის“ ჩაბარების დღიდან;

9.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის (გარდა ვ) და ზ) ქვეპუნქტებისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

10.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები