შპს „მაგთიკომსა“ და სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონალინს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2013
მიღების თარიღი ივნისი 05, 2013
შპს „მაგთიკომსა“ და სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონალინს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
2013 წლის 23 მაისი – 2013 წლის 05 ივნისი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა” (08.05.2013 N6/2461-13; 08.05.2013 N6/2462-13), სს „სილქნეტთან“ და შპს „კავკასუს ონალინთან“ დავის განხილვის მოთხოვნით.
კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“ (შემდგომში „ოპერატორები“) წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და მათი საქმინობის ერთ-ერთი მიმართულებაა IPTV ტექნოლოგიით მაუწყებლობის ტრანზიტი. ოპერატორები მაუწყებლობის ტრანზიტთან და სხვა მომსახურებასთან ერთად, საკუთარი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ე.წ. „გადახვევისა“ და „დაპაუზების“ მომსახურებას, რაც საშუალებას აძლევს მათ მომხმარებლებს განახორციელონ პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაცემის ჩაწერა, „დაპაუზება“ ან/და უკან გადახვევა.
შპს „მაგთიკომი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევით ოპერატორების მხრიდან ხდება მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა. კერძოდ, ირღვევა საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, რაც როგორც შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, გავლენას ახდენს შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული „მაგთისატის“ მომსახურებაზე და კომპანიას აყენებს არათანაბარი კონკურენციის პირობებში.
შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) პუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა ნიშნავს სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალ გადაცემას კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე კანონის მე-4 მუხლის ღ) პუნქტის შესაბამისად, ჩაწერა ნიშნავს გამოსახულების ან/და ხმის ფიქსირებას რაიმე ობიექტური ფორმით, რაც ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით მათი აღქმის, რეპროდუცირებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა. მაუწყებლობის ორგანიზაციას, როგორც მომიჯნავე უფლებების სუბიექტს ეკუთვნის თავისი გადაცემების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს მაუწყებლის უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს მათ შორის :
ა)გადაცემის ჩაწერა;
ბ)გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზეზით რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა, შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ან/და უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს, (საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, მუხლი 50);
როგორც შპს „მაგთიკომის“ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გაეცნო ოპერატორებსა და მაუწყებლობის ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელთა საფუძველზეც ოპერატორები ახორციელებენ სხვადასხვა სატელევიზიო არხების სიგნალის რეტრანსლიაციას საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი მომხმარებლებისათვის და შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ უმეტეს შემთხვევაში მაუწყებლობის ორგანიზაციები ცალსახად უკრძალავენ ოპერატორებს აბონენტებისათვის გადახვევისა და დაპაუზების სერვისის მიწოდების უფლებას, ვინაიდან ხელშეკრულებებში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ ოპერატორს უფლება აქვს მოახდინოს მხოლოდ ხელახალი გადაცემა, რაც მოიცავს სატელევიზიო არხების რეალურ რეჟიმში რეტრანსლიაციას („ხელახალი გადაცემის“ უფლება), და ამ ხელშეკრულებებით მას არ ენიჭება არხის, მისი გადაცემების რაიმე ფორმით ჩაწერის, გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირების, გადაცემის ჩანაწერის სხვა პირებისთვის გადაცემის უფლება, მითუმეტეს საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენებით და თან კომერციული მიზნებისათვის. მხოლოდ აბონენტს შეუძლია საკუთარი, არაკომერციული მოხმარებისათვის მოახდინოს არხების ინდივიდუალურად ჩაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაპაუზებისა“ და „გადახვევის“ სერვისი სხვა არაფერია თუ არა გადაცემის ჩაწერა, ჩანაწერის გადაცემა და რეპროდუცირება. აქედან გამომდინარე შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ცალსახაა ოპერატორის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელშეკრულებებში მითითებულია ოპერატორის უფლება მოახდინონ რეტრანსლიაცია საკუთარი IPTV ქსელის საშუალებით, თუმცა, განმცხადებლის აზრით, ეს თავისთავად და უტყუარად არ ნიშნავს გადახვევის სერვისის აბონენტებზე მიწოდების უფლებას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ITU (International Telecommunication Union)-ს სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად IPTV ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია გადახვევის სერვისის მიწოდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ IPTV თავისთავად განუყოფლად მოიცავს ამ მომსახურებას. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ IPTV-ის მანიპულაციის რეჟიმი (ტელევიზიის სიგნალის პირდაპირ ეთერში მანიპულაცია, „გადახვევა“, „დაპაუზება“) ტექნოლოგიურად თავის მხრივ იყოფა ორ ნაწილად - მომხმარებელზე დაფუძნებულ ფუნქციად და ქსელზე დაფუძნებულ ფუნქციად. მომხმარებელზე დაფუძნებული ფუნქცია წარმოადგენს ინდივიდუალურად მიმღების ტექნიკური საშუალებით, მყარ დისკზე ცოცხალი სატელევიზიო ეთერის შეზღუდული, ციფრული ჩაწერის შესაძლებლობას, ხოლო ქსელზე დაფუძნებული ფუნქციის შემთხვევაში, მყარი დისკი ან/და სხვა ჩანაწერის შენახვის მატარებელი განლაგებულია მიმწოდებელთან, ანუ ამ მომსახურების ოპერატორთან და შესაბამისად, მის გარეშე შეუძლებელია მომხმარებელმა მიიღოს აღნიშნული სერვისი. შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ სს „სილქნეტი“ ახორციელებს IPTV სერვისს ქსელზე დაფუძნებული ფუნქციით, თანაც კომერციული სარგებლით და სწორედ ამის გამო, ოპერატორები ვალდებულნი არიან სიგნალის მიმწოდებლებისაგან მიიღონ „გადახვევის“ სერვისის განხორციელების უფლება და ეს უფლება აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შესაბამის ნებართვაში, ლიცენზიაში, შეთანხმებაში. აღნიშნული კი, როგორც შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, ოპერატორების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტეს ნაწილში არ ფიქსირდება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომმა“ წერილობით მიმართა რამოდენიმე კომპანიას (რომელთა სატელევიზიო არხის რეტრანსლირებასაც ახორციელებენ ქართველი ოპერატორები) შეკითხვით, თუ რამდენათ მიანიჭეს მათ გადახვევის სერვისის მიწოდების უფლება ოპერატორებს და აღნიშნულ კითხვაზე ყველა მათგანისგან მიიღო უარყოფითი პასუხი.
მოთხოვნები:
1. აეკრძალოს სს „სილქნეტს“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ უნებართვო საქმიანობის განხორციელება; კერძოდ, კომპანიებმა შეწყვიტონ იმ სატელევიზიო არხების სიგნალის „გადახვევისა“ და „დაპაუზების“ სერვისის მომხმარებლებზე მიწოდება, რომლებზედაც არ აქვთ მიღებული შესაბამისი ნებართვები.
2. დაევალოს სს „სილქნეტს“ და შპს „კავკასუს ონალიანს“ აღნიშნული მომსახურების გაწევა მხოლოდ სათანადო ფორმით მიღებული ნებართვის საფუძველზე და მხოლოდ ასეთი ნებართვის ფარგლებში;
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ სადაო საკითხთან მიმართებაში კომისიაში წარმოდგენილია შპს „7 არხის“ წერილი (16.05.2013 N6/2581-13) სადაც აღნიშნულია, რომ რამდენადაც შპს „7 არხისთვის“ არის ცნობილი, კომისიაში შემოსულია შპს „მაგთიკომის“ საჩივარი, სადაც ეს უკანასკნელი ითხოვს სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას საკაბელო მაუწყებლობის სფეროში. შპს „7 არხის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ კომისიისგან გამოთხოვილ იქნა IPTV იპერატორების მხრიდან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა შესწავლის შედეგად შპს „7 არხმა“ დაადგინა, რომ უმეტესად როგორც მაუწყებლები, ასევე დილერი კომპანიები არ არიან გათვითცნობიერებულნი ტექნოლოგიების სტანდარტებში, კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონზე და ITU-ს სტანდარტებზე და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიებს ხელშეკრულებების შესაბამისად აქვთ ამა თუ იმ არხის IPTV ტექნოლოგიით გავრცელების უფლება, შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „სილქნეტის“ აზრით, ეს ნიშნავს, რომ IPTV ოპერატორს შეუძლია კუთვნილი სათაო სადგურების მეშვეობით ჩაიწეროს, „დააპაუზოს“ და „გადაახვიოს“ ნებისმიერი სატელევიზიო არხი, აღნიშნული კი შპს „7 არხის“ აზრით კანონისა და სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „7 არხი“ ითხოვს კომისიამ დააგზავნოს წერილობითი მოთხოვნები საქართველოში მოქმედ მაუწყებლებთან და ე.წ. დილერ კომპანიებთან და მოითხოვოს ინფორმაციის წარმოდგენა მათ მიერ წარმოებულ და შეძენილ სამაუწყებლო პროდუქციაზე აქვთ თუ არა ITU-ს სტანდარტების/რეკომენდაციების და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული უფლებები PVR (Personal video recorder) პერსონალურ ვიდეო ჩამწერთან ასოცირებული სერვისული ტექნოლოგიების: Network PVR, Client PVR, Distribution PVR, Timeshift TV, Vod გამოყენებისა და მესამე პირებზე გადაცემის უფლებით.
შპს „7 არხი“ კომისიის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას ითხოვს მანამ, სანამ დაინიშნება დავის განხილვა შპს „მაგთიკომს“, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „სილქნეტს“ შორის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიაში 2013 წლის 22 მაისს შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ წერილი N6/2821-13, სადაც კომპანია ითხოვს, რომ დავის განხილვის ფარგლებში კომისიამ ე.წ. დილერი კომპანიებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესაბამისი ხელშეკრულებები თუ რომელი მაუწყებლისგან რა უფლებით აქვთ მიღებული და შესაბამისად, რამდენად არიან თავად უფლებამოსილნი შუამავალი კომპანიები შპს „კავკასუს ონლაინს“ და სს „სილქნეტს“ მიანიჭონ სამაუწყებლო არხების გადახვევა დაპაუზების სერვისის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2013 წლის 23 მაისს, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“, შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „7 არხის“ წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 მაისის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შედიოდა შპს „მაგთიკომის“ საჩივრის განხილვა კომისიის უფლებამოსილების სფეროში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს „მაგთიკომის“, შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „სილქნეტის“ ახსნა-განმარტებები; კერძოდ,
1. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა შედის კომისიის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებში გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასუს ონლაიანი“ და სს „სილქნეტი“ წარმოადგენენ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, ხოლო ე.წ. „გადახვევა-დაპაუზების“ სერვისი მომხმარებლებისთვის შეთავაზება კომპანიების მიერ ხორციელდება სწორედ ავტორიზებადი საქმიანობის - მაუწყებლობის ტრანზიტის ფარგლებში და შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ შპს „კავკასუს ონალინი“ და სს „სილქნეტი“ ვალდებულნი არიან მომხმარებლებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდება განახორციელონ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ საჩივარი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „სილქნეტის“ მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით განხორციელებული საქმიანობა უშუალო ზიანს აყენებს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას და კომპანიას უქმნის არაკონკურენტულ გარემოს.
2. შპს „კავკასუს ონალიანის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ე.წ. „გადახვევა-დაპაუზების“ მომსახურება არ წარმოადგენს არც გამოძახებით აუდიო ვიზუალურ მომსახურებას (Video on demand) და არც მაუწყებლობის ტრანზიტს, ვინაიდან მაუწყებლობის ტრანზიტი მოიცავს ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემას, ხოლო გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება გულისხმობს, როგორც წესი, ე.წ. „ვიდეოთეკით“ მომსახურებას, როდესაც ამ ვიდეოთეკაში განთავსებულია ძირითადად ფილმები, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს აირჩიოს მისთვის სასურველი ფილმი და უყუროს მას და ამ სახის მომსახურებაზე შპს „კავკასუს ონლაიანს“ ცალკე ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული უფლებამფლობელ კომპანიებთან. რაც შეეხება ე.წ. “Timeshiftings”, შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მართალია გარკვეულ წილად ჰგავს გამოძხებით აუდიო ვიზუალურ მომსაუხრებას, მაგრამ მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები, კერძოდ, „Timeshift”-ი ყოველთვის შეზღუდულია დროში, როგორც წესი ეს არის 24 საათი ან მაქსიმუმ 1 კვირა, რაც შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განცხადებით იმას გულისხმობს, რომ მომხმარებელს შეუძლია უყუროს ამა თუ იმ ვიდეოს 24 საათის ან მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში.
3. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადაო არ არის ის ფაქტი, რომ კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, მაგრამ მნიშვნელოვანია გაირკვეს რა ნაწილში იწყება კომისიის ეს უფლებამოსილება და რა ფარგლებშია კომისია უფლებამოსილი განახორციელოს ეს ზედამხედველობა და კონტროლი. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი რა თქმა უნდა ვალდებულია უზრუნველყოს მის ქსელში გადაცემული ტელე ან რადიოარხის გადაცემა ლეგალურად, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე და ამავე დროს, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ამ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, ვინაიდან კომისია, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილია მოითხოვოს ამგვარი ხელშეკრულებების წარდგენა ავტორიზებული პირებისგან, მაგრამ სწორედ აქ მთავრდება კომისიის კომპეტენცია; სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მიაჩნია, რომ კომისია აღარ არის უფლებამოსილი დეტალურად ჩაეძიოს იმაში, თუ რა უფლებები არის გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშეკრულებით და რა ტერმინოლოგიაა გამოყენებული ამ ხელშეკრულებებში კონტრაჰენტი მხარეების მიერ. ამავე დროს, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მესამე პირების, ამ შემთხვევაში მაუწყებლების, უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე რეაგირება, არ შედის კომისიის უფლებამოსილებაში.
სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხის განხილვა თუ მოხდება მარტო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონების სიტყვასიტყვითი განმარტების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით რომ აღნიშნული არც ერთი კანონი არ იძლევა ამა თუ იმ ტერმინისა თუ მომსახურების დეტალურ დეფინიციას, გამოიწვევს იმას, რომ შესაძლებელია ხელი შეეშალოს ტექნოლოგიურ განვითარებას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და შესაბამისად, დაბრკოლებები შეექმნათ კომპანიებს ამა თუ იმ ახალი სერვისების დანერგვასა და განვითარებაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვა კომისიაში გაგრძელდა 2013 წლის 5 ივნისს 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში 2013 წლის 23 მაისს წარმოდგენილ იქნა შპს „7 არხის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/2835-13), სადაც აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებისმიერი ავტორიზებული პირი ვალდებლია დადგენილ ვადებში მიაწოდოს კომისიას სრული და უტყუარი ინფორმაცია, რაც შპს „7 არხის“ აზრით სს ,,სილქნეტის“ შემთხვევაში დარღვეულია, რადგან როგორც განცხადებაშია აღნიშნული სს „სილქნეტმა“ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისას მიუთითა, რომ 73 არხიდან კომპანიას მხოლოდ 5 არხზე არ აქვს „გადახვევა-დაპაუზების“ უფლება, აღნიშნული კი შპს „7 არხის“ აზრით არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კომპანიის მიერ შესწავლილ იქნა ის ხელშეკრულებები, რაც სს „სილქნეტს“ ჰქონდა წარმოდგენილი კომისიაში და რაც შპს „7 არხმა“ გამოითხოვა კომისიისგან და შპს „7 არხის“ აზრით აღნიშნული ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რომ რიგ სამაუწყებლო არხებზე სს „სილქნეტს“ გარდა რეალური დროის რეჟიმით არხის რეტრანსლირების უფლებისა აქვს ასევე PVR (Personal Video Recorder) სერვისების გამოყენების უფლება, ხოლო რიგ სამაუწყებლო არხებზე აღნიშნული უფლებები კომპანიას არ აქვს მოპოვებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 5 ივნისის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ მიერ დამატებითი არგუმენტაციის სახით წარმოდგენილ იქნა წერილობითი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის განხილვა შედის კომისიის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების სფეროში. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ წერილობით შეპასუხებაში მითითებულია:
1. „ელექტრონული კომუბნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც კომისიის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტებზე, რომელთა შესაბამისადაც კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება:
„ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;“
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.
შპს „მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ ე.წ. „გადახვევა-დაპაუზების“ მომსახურება წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების შემადგენელ ნაწილს და დავის საგანს წარმოადგენს შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „სილქნეტის“ მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების პროცესში, მისი შემადგენელი მომსახურებების („გადახვევა-დაპაუზების“) განხორციელებისას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა, კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ განმარტებით მხარეების მიერ ირღვევა როგორც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ასევე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების (რომის კონვენცია, ბერნის კონვენცია) მოთხოვნები, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „მაგთიკომი“ აყენებს შუამდგომლობას, რომ დავის განხილვის პროცესში მოწვეულ იქნენ კვალიფიციური სპეციალისტები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტიდან“ და საქართველოს ავტორთა საზოგადოებიდან, ვინაიდან საქართველოში საავტორო და მომიჯვნაცე უფლებების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ატარებს „საქპატენტი“ ხოლო საქართველოს ავტორთა საზოგადოება წარმოადგენს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დააზუსტა შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ კომისიის წინაშე აყენებს შუამდგომლობას, რომ დავის განხილვაში სპეციალისტის სახით მოწვეულ იქნას საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოღვაწე სპეციალისტი.
მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი განცხადებების და მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისათვის სათანადო განცხადების წარდგენით.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ და სს „სილქნეტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, რომლესაც ავტორიზაცია კომისიაში გავლილი აქვთ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ისეთ სახეებზე როგორიც არის:
ა) B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი;
ბ) B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (Video on demand);
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი განმარტებულია როგორც ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.
კომისია მიუთითებს ევროკავშირის ფარგლებში ევროპალრამენტის მიერ მიღებულ აუდიოვიზუალური მედია სერვისის დირექტივაზე (2013/10/EU), სადაც გამოძახებით აუდიო ვიზუალური მედის სერვისი (On Demand audiovisual media service) განმარტებულია როგორც მედია სერვის პროვაიდერის მიერ უზრუნველყოფილი აუდიოვიზუალური მედია სერვისი, რომლის დროსაც მედია სერვის პროვაიდერის კატალოგში განთავსებული პროგრამების ყურება აბონენტის მიერ ხორციელდება აბონენტის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ არჩეულ დროის მონაკვეთში.
კომისიას მიაჩნია, რომ იმისთვის, რომ დადგინდეს რა სახის ავტორიზებად საქმიანობასთან გვაქვს საქმე შპს „კავკასუს ონლაინისა“ და სს „სილქნეტის“ მიერ მომხმარებლისთვის ე.წ. „გადახვევა-დაპაუზების“ სერვისის მიწოდების დროს და შესაბამისად, შედის თუ არა მხარეებს შორის დავის განხილვა კომისიის უფლებამოსილების სფეროში, მნიშვნელოვანია გაირკვეს თუ რა სახის მომსახურებას იღებენ შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „სილქნეტის“ აბონენტები (ბოლო მომხმარებლები).
როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ირკვევა, შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „სილქნეტის“ აბონენტებს (ბოლო მომხმარებლებს) საშუალება აქვთ მიიღონ კომპანიების ქსელის მეშვეობით, მათ კატალოგში განთავსებული და რეტრანსლირებული სამაუწყებლო არხები, როგორც უცვლელი სახით, დროის რეალურ რეჟიმში, (რაც თავის მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტს), ასევე დროის არარეალურ რეჟიმში, მომხმარებლის მიერ არჩეულ კონკრეტულ დროს, რაც კომისიის აზრით წარმოადგენს გამოძახებით აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას (Video on demand), რაც თავის მხრივ ავტორიზებული მომსახურების ცალკე სახეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „მაგთიკომს“, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და სს „სილქნეტს“ შორის დავის საგანს წარმოადგენს ამ უკანასკნელების მიერ აბონენტებისთვის მიწოდებული ე.წ. „გადახვევა-დაპაუზების“ მომსახურებისას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა და კომისიის განმარტებით შპს „კავკასუს ონლაინისა“ და სს „სილქნეტის“ მიერ განხორციელებული მომსახურება წარმოადგენს ავტორიზებული საქმიანობას - გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურებას (Video on demand), კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს დავის განხილვა შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „მაგთიკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) პუნქტის შესაბამისად იმსჯელა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობაზე, დავის განხილვაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოღვაწე სპეციალისტის მოწვევასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქიდან, რომ კომისიას აქვს შესაბამისი რესურსი და კვალიფიკაცია, საიმისოდ, რომ საკითხის განხილვა და გადაწყვეტა, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფილ იქნას კომისიაში დასაქმებული სპეციალისტების მიერ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიაში შპს „7 არხის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებები დაკავშირებულია მიმდინარე დავის განხილვასთან, დავის განხილვაში დაინტერესებულ პირად ჩართულ უნდა იქნას შპს „7 არხი“.
შუამავალი (დილერი) კომპანიებისგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შპს „მაგთიკომისა“ და შპს „7 არხის“ განცხადებებში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ რიგი იმ კომპანიებისა, რომლებიც მითითებულია შპს „მაგთიკომის“ და შპს „7 არხის“ განცხადებებში (შპს „TV Medianet”-ი, საერთაშორისო კომპანია „Niltex Holding Limited”-ი, შპს „სი-ენ-ეი ჯორჯია“, შპს „სტეპკომი“, „საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაცია“, „საქართველოს საკაბელო ტელექსელების კავშირი“, „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“) არ წარმოადგენენ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირებს; შესაბამისად, კომისია ამ კატეგორიის დოკუმენტაციის წარმოდგენას ყოველთვის ავალდებულებს თავად ავტორიზებულ პირებს; მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისია გაითვალისწინებს შპს „მაგთიკომისა“ და შპს „7 არხის“ მოთხოვნას, წერილობით მიმართავს აღნიშნულ კომპანიებს და გამოითხოვს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი მაუწყებლისგან რა უფლებით აქვთ მიღებული და შესაბამისად, რამდენად არიან უფლებამოსილნი თავად შუამავალი (დილერი) კომპანიები შპს „კავკასუს ონლაინს“ და სს „სილქნეტს“ მიანიჭონ სამაუწყებლო არხების გადახვევა დაპაუზების სერვისის უფლება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინდაიდან დავის ფარგლებში აუცილებელია დეტალურად იქნას შესწავლილი შპს „კავკასუს ონლაინისა“ და სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყველა ხელშეკრულება, მათ ქსელში განთავსებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების თაობაზე, ასევე შესაძლებელია დავის განხილვის ფარგლებში გამოიკვეთოს ავტორიზებული პირებისგან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის აუცილებლობა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოებისათვის გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური - 3 თვიანი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „მაგთიკომსა“ და სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონალინს“ შორის გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურების (Video on demand) ფარგლებში მიმდინარე დავის განხილვა დაინიშნოს 2013 წლის 11 ივლისს 16 საათზე;
2. დავის განხილვაში დაინტერესებულ პირად ჩართულ იქნას შპს „7 არხი“;
3. არ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა დავის განხილვაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოღვაწე სპეციალისტის მოწვევის თაობაზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიისთვის დასკვნის წარმოდგენა;
5. დავის განხილვის დღის შესახებ შპს „მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“, შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „7 არხი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2013 წლის 5 ივნისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 3 თვე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე)
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
