შპს ,,რადიო არტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2013
მიღების თარიღი იანვარი 22, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 21 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ (კომისიაში რეგისტრაციის N6/6479-12) წერილი, რომლითაც კომპანია კომისიას აცნობებს, რომ შპს „რადიო არტი“, კუთვნილი NB52 ლიცენზიის ფარგლებში, ამავე ლიცენზიით განსაზღვრულ რადიოსადგურებზე (FM 101.9 და FM 97.5) წელიწადზე მეტია არ მაუწყებლობს სალიცენზიო პირობების შესაბამისად; ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე, კომისიამ 2012 წლის 14 ნოემბერს წერილობით (N04/2661-12) მიმართა შპს „რადიო-არტს“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოსთხოვა კომისიაში უკანასკნელი 1 თვის არქივის ციფრულ მატარებელზე წარმოდგენა; შპს „რადიო არტმა“ 2012 წლის 26 ნოემბრის წერილით (N6/6867-12) კომისიას აცნობა, რომ კომპანიის ფაქტობრივი მისამართის შეცვლის დროს დაზიანდა ტექნიკა, რა დროსაც დაზიანდა არა მარტო შენახული პროგრამები, არამედ წაიშალა კომპანიის სრული არქივი. კომპანიის ცნობით პროგრამების დაარქივება განახლდა 2012 წლის 20 ნოემბრიდან და შესაბამისად, კომისიაში წარმოდგენილ იქნა 20 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე პერიოდის არქივი.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დამატებით გადმოეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების 2013 წლის 09 იანვრის N10/27-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმადაც, ირკვევა, რომ შპს „რადიო არტი“ მაუწყებლობას ახორციელებს მის კუთვნილ ორივე რადიოსადგურზე, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება კომპანიის მიერ წარმოდგენლი მხოლოდ ოთხი დღის არქივით. ამასთან, ზემოაღნიშნული დეპარტამენტის აზრით, კომპანია არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 და 2013 წლის 09 იანვრის N10/27-13 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 10 იანვარს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,რადიო არტის“ სანქცირების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის , ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 22 იანვარს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,რადიო არტს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „რადიო არტს“ შეტყობინება 2013 წლის 14 იანვარს ჩაბარდა. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2013 წლის 22 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,რადიო არტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი შარაშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თანამშრომლების დაუდევრობის გამო მოხდა სრული არქივის წაშლა, რაც არ წარმოადგენს ფორს-მაჟორულ გარემოებას და რომ იგი აღიარებს კანონდარღვევის ჩადენის ფაქტს.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 09 იანვრის N10/27-13 სამსახურებრივი ბარათი;
3. კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;
4. კომისიის 2012 წლის 14 ნოემბრის წერილი N04/2661-12, რომლის თანახმად, კომისიამ შპს ,,რადიო არტს“ დაავალა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD) ჩაწერილი სახით წარმოდგენა;
5. შპს ,,რადიო-არტის“ 2012 წლის 26 ნოემბრის N6/6867-12 წერილი;
6. შპს „რადიო-არტის“ კუთვნილი NB52 კერძო მაუწყებლობის ლიცენზია, დანართი N1-თ და დანართი N2-თ;
7. 2013 წლის 22 იანვარს კომისიის სხდომაზე შპს ,,რადიო არტის“ უფლებამოსილი წარმომადგნელის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,რადიო არტი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB52 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ვალდებულება, შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
2. შპს ,,რადიო არტს“ კომისიის 2012 წლის 14 ნოემბრის N04/2661-12 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) წარმოსადგენად;
3. შპს „რადიო არტმა“ 2012 წლის 26 ნოემბრის წერილით (N6/6867-12) კომისიას აცნობა, რომ კომპანიის ფაქტობრივი მისამართის შეცვლის დროს დაზიანდა ტექნიკა, რა დროსაც დაზიანდა არა მარტო შენახული პროგრამები, არამედ წაიშალა კომპანიის სრული არქივი. დაარქივება განახლდა 2012 წლის 20 ნოემბრიდან, შესაბამისად კომისიაში წარმოდგენილია 20 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე არქივი; კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებლად, კომისიაში მტკიცებულებები არ არის წარმოდგენლი;
4. შპს ,,რადიო არტმა“ წარმოადგინა კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არასრულად, მხოლოდ კომისიის მიერ მოთხოვნის გაგზავნის (2012 წლის 14 ნოემბტის N04/2661-12 წერილი) შემდეგ, ოთხი დღის არქივის ჩანაწერი;
5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 09 იანვრის N10/27-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შპს „რადიო არტი“ მაუწყებლობას ახორციელებს მის კუთვნილ ორივე რადიოსადგურზე ლიცენზიის სახეობის შესაბამისად, თუმცა არქივის არასრული წარმოდგენით, კომპანიას დარღვეული აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი;
6. შპს ,,რადიო არტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები, დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;
გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,რადიო არტის “ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, აგრეთვე მისი კუთვნილი NB52 ლიცენზიის პირობები (დანართ N2, პუნქტი „თ“) კერძოდ, ვინაიდან მან არ შეინახა საკუთარი პროგრამების უკანასკნელი 1 თვის არქივი, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,რადიო არტის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, შპს „რადიო არტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული; ამასთან საგულისხმოა, რომ დამრღვევი პირის მიერ აღნიშნული არქივის განადგურების ფორს-მაჟორული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, საკითხის განხილვისას, კომპანიის წარმომადგენელმა კომისიაში არ წარმოადგინა, ხოლო არქივის არ შენახვის ფაქტი თავად დაადასტურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, 49-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,რადიო არტის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე, 70-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების, აგრეთვე მისი კუთვნილი NB52 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის პირობის (დანართ N2, პუნქტი „თ“) შეუსრულებლობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტში მოცემული სამართლებრივი ნორმების შპს „რადიო არტის“ მიერ შესრულებაზე განმეორებითი მონიტორინგი;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,რადიო არტისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,რადიო არტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „რადიო არტისათვის“ დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
7. კონტროული აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტიაშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
