წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 392 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2013

მიღების თარიღი ივნისი 14, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-მ 2013 წლის 04 ივნისს, კომისიას მომართა N194 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/2945-13). აღნიშნულ წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილებით შპს ,,სუპერ ტვ“-ის დაეკისრა, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის ვადის გაგრძელებისათვის, 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის ერთიანად გადახდა, რაც  კომპანიას  მძიმე ტვირთად აწვება, რადგან შპს ,,სუპერ ტვ“-ს უკვე დაწყებული აქვს  მომხმარებელთა ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანა, რაშიც იყენებენ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ NF8 ლიცენზიას; კომპანიას შეძენილი აქვს ციფრული სადგური, გადამცემები, კოდირების სისტემა და სააბონენტო მოწყობილობები. საერთო ჯამში აღნიშნულ პროექტში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი და აღნიშნული თანხის კომპანიაში არ არსებობის გამო, კომპანიის მიერ აღებული იქნა საბანკო კრედიტი, რამაც კომპანია, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. ზემოაღნიშნულის გამო, შპს ,,სუპერ ტვ“-მ მოითხოვა, რომ კომისიამ განუსაზღვროს შპს ,,სუპერ ტვ“-ს თანხის ეტაპობრივად გადახდის გრაფიკი და ლიცენზიის სარგებლობისათვის განსაზღვრული თანხის 3 წელიწადზე განაწილვადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას ემუქრება გაკოტრება აღნიშნულია შპს ,,სუპერ ტვ“-ის წერილში.

კომისია აღნიშნავს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ,,სუპერ ტვ“-ის მოთხოვნა ნაწილობრივ და კომისიის 2013 წლის 22 აპრილის N276/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში  ცვლილების შეტანის გზით, შპს ,,სუპერ ტვ“-ის გაუწეროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის გადახდის სამთვიანი გრაფიკი.

კომისიის 2013 წლის 14 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სუპერ ტვ“-ის დირექტორი გიორგი ხორხელი, წარმომადგენლები არჩილ თაბაგარი და სოფიო ნემსაძე. შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა კომისიას სხდომაზე წარუდგინა შპს ,,სუპერ ტვ“-ის საფინანსო მდგომარეობის ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია:

1.       შპს  ,,სუპერ ტვ“-ის 2013 წლის 15 მაისის დღგ-ს დეკლარაცია;

2.       შპს  ,,სუპერ ტვ“-სა და კომპანია ,,Beijing Novel Super Digital TV Tecnology Company Limited“-ს შორის 2013 წლის 22 მაისს გაფორმებული, ციფრული მაუწყებლობის განხორციელებისათვის კოდირების სისტემისა და დეკოდერების  ნასყიდობის ხელშეკრულება;

3.       შპს  ,,სუპერ ტვ“-სა და სს ,,კორ სტანდარტ ბანკს“ შორის 2013 წლის 08 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ;

4.       შპს  ,,სუპერ ტვ“-სა და სს ,,ბაზისბანკს“ შორის 2013 წლის 27 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება;

5.       შპს  ,,სუპერ ტვ“-სა და სს ,,კორ სტანდარტ ბანკს“ შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

შპს ,,სუპერ ტვ“-ის დირექტორმა გიორგი ხორხელმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე, კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ლიცენზიის გასაგრძელებლად დაკისრებული თანხის 1 წელზე განაწილვადების თაობაზე, რასაც კომისია არ დაეთანხმა;

კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა ზემოაღნიშნული თანხის 6 თვეზე განაწილვადებასთან დაკავშირებით; აღნიშნულ შუამდგომლობას კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

კომისიამ შპს სუპერ ტვ-ს შესთავაზა ლიცენზიის გასაგრძელებლად დაანგარიშებული თანხის - 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის 3 თვეზე განაწილვადება, რასაც დაეთანხმა შპს ,,სუპერ ტვ-ს დირექტორი გიორგი ხორხელი და განაცხადა მზადყოფნა შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის მიერ გაწერილი 3 თვიანი  გრაფიკის შესაბამისად გადახდაზე.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ( 1 ხმა 3 ხმის წინააღმდეგ, კომისიის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა)

გადაწყვიტა:

1.          კომისიის 2013 წლის 22 აპრილის 276/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უზრუნველყოს შპს „სუპერ ტვ“-იმ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 465,287.04 (ოთხასსამოცდახუთი ათას ორასოთხმოცდაშვიდი და 04) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი გრაფიკისა და  რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ა/ა  - N200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -TRESGE22;

 საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

155 095.68 ლარი - 24 ივნისამდე;

155 095.68 ლარი - 24 ივლისამდე;

155 095.68 ლარი - 24 აგვისტომდე;“

2.          დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის გაგზავნა;

3.          გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“ -სათვის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

4.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-2 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                       აკაკი სიხარულიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები