რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2013
მიღების თარიღი ივნისი 20, 2013
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 20 მაისის №344/8 გადაწყვეტილებით, შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს განცხადებების (კომისიაში რეგისტრაციის №7/73-13, 18.02.2012წ. და №6/183-13, 26.04.2013წ.), საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 17975 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 18985 მჰც ± 13,75 მჰც; მიმართულება: შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს სტუდიიდან (ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №117) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 27,5 მჰც; გასხივების სიმძლავრე - 0,5 ვატი; დანიშნულება: ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 2,557.44 (ორი ათას ხუთასორმოცდაჩვიდმეტი და 44) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 4 ივნისი, 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2013 წლის 20 ივნისი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 128.00 (ასოცდარვა) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა, მხოლოდ შპს ტელეკომპანია ”s-tv”-მ, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2013 წლის 20 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ნატო ამირეჯიბი.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ტელეკომპანია ”s-tv”-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ნატო ამირეჯიბმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 2,557.44 (ორი ათას ხუთასორმოცდაჩვიდმეტი და 44) ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის 128.00 (ასოცდარვა) ლარის საერთო ოდენობის - 2,685.44 (ორი ათას ექვსასოთხმოცდახუთი და 44) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ტელეკომპანია ”s-tv” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2013 წლის 20 მაისის №344/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2,685.44 (ორი ათას ექვსასოთხმოცდახუთი და 44) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ტელეკომპანია ”s-tv”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 805,63 (რვაასხუთი და 63) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 256.00 (ორასორმოცდათექვსმეტი და 00) ლარი ანუ 549.63 (ხუთასორმოცდაცხრა და 63) ლარის გადახდა 2013 წლის 20 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 1,879.80 (ერთი ათას რვაასსამოცდაცხრამეტი და 80) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია ”s-tv”-სთვის ჩაბარებისთანავე;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
