წვდომის მენიუ

შპს ,,სისტემა გამასთვის “ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 40 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2013

მიღების თარიღი იანვარი 22, 2013

          

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია;  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 21 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს  კომისიაში შემოსულია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“  (კომისიაში რეგისტრაციის N6/6479-12) წერილი, რომლითაც კომპანია კომისიას აცნობებს, რომ შპს „სისტემა გამას“ ეწურება კუთვნილი NB81 ლიცენზიის მოქმედების ვადა და ამავდროულად მოსთხოვა აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრულ რადიოსიხშირეზე კონკურსის გამოცხადება.       

 კომისიამ, 2012 წლის 14 ნოემბერს, წერილობით (N04/2659-12) მიმართა შპს „სისტემა გამას“ და მოსთხოვა, კომისიაში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად  შენახული უკანასკნელი 1 თვის არქივის ციფრულ მატარებელზე წარმოდგენა, შემოწმების მიზნით. შპს „სისტემა გამამ“ 2012 წლის 20 ნოემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6730-12) კომისიას წარმოუდგინა უკანასკნელი ერთი თვის არქივი, რომლის შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ კომპანიის მიერ NB81 ლიცენზიის ფარგლებში საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ხორციელდება ახალი ამბების პროგრამების განთავსება, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, შპს „სისტემა გამას“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური თემატიკის მქონე პროგრამების განთავსება არ ხორციელდება.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 10 იანვარს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სისტემა გამას“ სანქცირების თაობაზე, მის  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის,  70-ე მუხლის პირველი პუნქტის  და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 22 იანვარს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სისტემა გამას“   გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით შეტყობინება, ამავდროულად, კომპანიის ბუღალტერს 2013 წლის 21 იანვარს, ხელზე ჩაბარდა იგივე შინაარსის შეტყობინება (N03/52-13) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2013 წლის 22 იანვრის  კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სისტემა გამას“ დირექტორი ალექსანდრე წივწივაძე,  რომელმაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  მიერ ჩატარებულ მონიტორინგს და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნას, ვიდაიდან შპს „სისტემა გამა“ თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებს, როგორც საინფორმაციო, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს; კერძოდ, კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ შპს „სისტემა გამასა“ და ჩეხეთის საერთაშორისო საზოგადოებრივ რადიომაუწყებელს შორის გაფორმებულია  ხელშეკრულება და ყოველდღე  შპს „სისტემა გამა“ გადაცემს საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემას. კომისიის წევრების მიერ მოხდა შპს „სისტემა გამას“ სამაუწყებლო ბადის ადგილზე გადამოწმება, რის შედეგადაც დადასტურდა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების მონიტორინგის შედეგი და დადგინდა, რომ შპს „სისტემა გამა“ არ განათავსებს თავის ეთერში საზოგადოებრივი-პოლიტიკური შინაარსის პროგრამებს.                კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;

3.       კომისიის 2012 წლის 14 ნოემბრის წერილი N04/2659-12, რომლის თანახმად, კომისიამ შპს ,,სისტემა გამას“ დაავალა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD)  ჩაწერილი სახით წარმოდგენა;

4.       შპს ,,სისტემა გამას“ 2012 წლის 20  ნოემბრის N6/6730-12 წერილი და მასზე თანდართული CD;

5.       2013 წლის 22 იანვარს  კომისიის სხდომაზე შპს ,,სისტემა გამას“ უფლებამოსილი წარმომადგნელის  მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს ,,სისტემა გამა“  წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB81 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც საერთო  მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს არანაკლებ ორი თემატიკის - ახალი ამბებისა და საზოგადოებირი - პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა;

2.       შპს ,,სისტემა გამას“ კომისიის 2012 წლის 14 ნოემბრის   N04/2659-12 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) წარმოსადგენად;

3.       შპს „სისტემა გამამ“ 2012 წლის 20 ნოემბრის წერილით (N6/6730-12) კომისიას წარმოუდგინა უკანასკნელი ერთი თვის არქივი, რომლის შესწავლის შედეგად დადგინა, რომ შპს „სისტემა გამას“ მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის მქონე პროგრამების განთავსება არ ხორციელდება;

4.       შპს ,,სისტემა გამას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.        „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

2.         „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.                                

3.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში (ლიცენზიის სახეობის შეცვლა), კომისია უფლებამოსილია  მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,სისტემა გამას “ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუქნტი და    70-ე მუხლის პირველი პუქნტის მოთხოვნები,  კერძოდ, იმის გამო, რომ იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სისტემა გამას“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, შპს „სისტემა გამას“ მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მხულის ჯ) ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის   პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.          გაფრთხილდეს  შპს ,,სისტემა გამა“, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუქნტისა და 70-ე მუხლის პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

2.          დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მოცემული სამართლებრივი ნორმების შპს „სისტემა გამას“ მიერ შესრულებაზე განმეორებითი მონიტორინგი;

3.          დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სისტემა გამასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.          გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი  თვის ვადაში;

5.          გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,სისტემა გამასთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.          დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7.          კონტროული აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

8.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                             მოვალეობის შემსრულებელი                                                                           კ. კვიტიაშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები