წვდომის მენიუ

შპს ”სისტემ ნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 405 / 12

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 28, 2013

მიღების თარიღი ივნისი 21, 2013

 

შპს ”სისტემ ნეტის”  მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  კომისიაში შემოვიდა შპს “მაიფონის“ წერილი №023 21.02.2013 (კომისიაში რეგისტრაციის №1111-13 22.02.2013), რომლის თანახმად იგი ითხოვდა ინფორმაციას 2010, 2011 და 2012 წლების განმავლობაში იმ კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციას, ასევე მათი ტრაფიკების მოცულობის ოდენობას. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად კომისიის მიერ შესაბამის ავტორიზებულ პირებს დაეგზავნათ წერილები შეკითხვით, წარმოადგენდა თუ არა შპს “მაიფონის“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შესაბამისი ავტორიზებული პირებისათვის კომერციულ საიდუმლოებას. აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „სისტემ ნეტმა“ 2013 წლის 27 მარტის №65 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/1692-13 27.03.2013) დაადასტურა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური დეტალური ინფორმაცია ურთიერთჩართვის ტრაფიკის შესახებ, პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და გეგმა მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, წარმოდგენილი 2010, 2011 და 2012 წლებში, წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას. აღნიშნული წერილის პასუხად, კომისიის მიერ 2013 წლის 10 აპრილის №01/705-13 წერილით შპს “სისტემ ნეტს“ ეცნობა, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ, არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ამასთან კომისიამ შპს “სისტემ ნეტს“ მიმართა თხოვნით, შემდგომი განხილვის მიზნით წარმოედგინა დასაბუთება, კონკრეტულად რომელი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვდა კომპანია.

კომისიის 2013 წლის 10 აპრილის №01/705-13 წერილის პასუხად შპს “სისტემ ნეტის“ მიერ წარმოდგენილ 2013 წლის 23 აპრილის №88 წერილში აღნიშნულ იქნა, რომ კომერციული საიდუმლოების შემცველია მთელი ინფორმაცია, რომელიც დაფიქსირებულია  2013 წლის 27 მარტის №65 წერილში. ამასთან ერთად, კომპანია ამავე წერილში მიუთითებს, რომ ასევე კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს 2012 წლის 27 დეკემბრის №143 (კომისიაში რეგისტრაციის №6/7523-12) და 2013 წლის 15 თებერვლის №32 (კომისიაში რეგისტრაციის №6/874-13) წერილებით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციები.

კომისია ცნობისათვის აღნიშნავს, რომ შპს “სისტემ ნეტის“ 2012 წლის 27 დეკემბრის №143 წერილით, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე (წერილი № 08/2866-12, 10.12.2012), წარმოდგენილ იქნა 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის პერიოდის შემდეგი მონაცემები: გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიების დასახელება; გლობალური ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიასთან შეერთების სიმძლავრე; მოწოდებული გლობალური ინტერნეტის ღირებულება; მოწოდებული გლობალური ინტერნეტის დატვირთული რესურსი.

კომისია, ასევე ცნობისათვის აღნიშნავს, რომ შპს “სისტემ ნეტის“ 2013 წლის 15 თებერვლის №32 წერილით, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე (წერილი № 08/292-13, 05.02.2013), წარმოდგენილ იქნა 2011 წლის და 2012 წლის 9 თვის პერიოდის შემდეგი მონაცემები: გლობალური ინტერნეტის მყიდველი კომპანიების დასახელება; ავტორიზებულ პირებზე გაყიდული გლობალური ინტერნეტის შეერთების სიმძლავრე; ავტორიზებულ პირებზე გაყიდული გლობალური ინტერნეტის ღირებულება; მიწოდებული გლობალური ინტერნეტის დატვირთული რესურსი.

შპს “სისტემ ნეტის“ 2013 წლის 23 აპრილის №88 წერილის პასუხად, კომისიის მიერ 2013 წლის 8 მაისის №08/924-13 წერილით მოთხოვნილ იქნა შპს “სისტემ ნეტისაგან“ 2012 წლის 27 დეკემბრის №143 და 2013 წლის 15 თებერვლის №32 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაციიდან კონკრეტულად რომელი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვდა კომპანია. ამასთან ერთად, შპს “სისტემ ნეტს“ მოეთხოვა შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, რათა კომისიას ჰქონოდა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი განეხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე   მუხლის შესაბამისად და მიეღო პოზიტიური გადაწყვეტილება.

ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 17 აპრილის №85 წერილით შპს “სისტემ ნეტმა“ გამოაგზავნა 2013 წლის მარტის თვის ინფორმაცია შემომავალი და გამავალი საერთაშორისო ტრაფიკებისა და მასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების თაობაზე, სადაც აღნიშნა, რომ მოწოდებული ინფორმაცია კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა და გავრცელებას არ ექვემდებარება (აღნიშნულ ინფორმაციას ყოველთვიურად წარმოადგენენ ავტორიზებული პირები, კომისიის №199/9 13.03.2012 გადაწყვეტილების თანახმად). აღნიშნული წერილის პასუხად, კომისიის მიერ 2013 წლის 2 მაისს გაგზავნილ იქნა წერილი №08/903-13, სადაც კომისიამ მოითხოვა  შპს “სისტემ ნეტისაგან“ 2013 წლის 17 აპრილის №85 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან კონკრეტულად რომელი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვდა კომპანია.

კომისიის 2013 წლის 2 მაისის №08/903-13  და 2013 წლის 8 მაისის №08/924-13 წერილების პასუხად, ”სისტემ ნეტმა” კომისიას მიმართა 2013 წლის 22 მაისის №112 წერილით  (კომისიაში რეგისტრაციის №6/2815-13) და მოითხოვა შპს ”სისტემ ნეტის” 2013 წლის 27 მარტის №65, 2012 წლის 27 დეკემბრის №143, 2013 წლის 15 თებერვლის №32 და 2013 წლის 17 აპრილის №85  წერილებში აღნიშნული ყველა მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, გარდა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული განზოგადებული ინფორმაციისა.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის არა ერთი მოთხოვნისა, რომ შპს “სისტემ ნეტს“ წარმოედგინა შესაბამისი არგუმენტაცია, კონკრეტული მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის აუცილებლობის თაობაზე, 2013 წლის 22 მაისის №112  წერილში შპს “სისტემ ნეტი“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა, ხოლო დამატებითი არგუმენტაციის ან რაიმე დასაბუთების წარმოდგენა კომპანიას არ მიაჩნია აუცილებლად. შპს “სისტემ ნეტი“ ასევე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას და შესაბამისად ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობა.

  კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2013 წლის 21 ივნისს, კომისიის №93 სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ლ. ამაშუკელი, რომელსაც შპს „სისტემ ნეტის“ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტაცია კომისიისათვის არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ იმისათვის რომ კომისიამ ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ცნოს კომერციულ საიდუმლოებად, გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  272-ე მუხლიდან, აღნიშნული  უნდა წარმოადგენდეს ინფორმაციას კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს “სისტემ ნეტის“ კონკურენტუნარიანობას.

კომისია მიუთითებს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად “განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური“.

გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს “სისტემ ნეტის“ მიერ არ იქნა მითითებული, თუ კონკრეტულად კომისიაში წარმოდგენილი წერილებით (№65 27.03.2013; №143 27.12.2012; №32 15.02.2013 და №85 17.04.2013) გათვალისწინებული რომელი მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვდა, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს შპს “სისტემ ნეტის“ მოთხოვნა №65 27.03.2013; №143 27.12.2012; №32 15.02.2013 და №85 17.04.2013 წერილებში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე, ვინაიდან, კომისია ერთი მხრივ, ითვალისწინებს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) ქვეპუნქტის დანაწესს, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნავს, რომ  თავად ვერ განსაზღვრავს და შეაფასებს, წარმოდგენილი ინფორმაციიდან რისმა გამჟღავნებამ შეიძლება ავნოს “სისტემ ნეტის“ კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  შპს „სისტემ ნეტის“ მიერ კონკრეტული მონაცემების მიმართ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის დაზუსტებისა და შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენის შემდგომ, კომისია უფლებამოსილი იქნება შეაფასოს მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლთან და იმსჯელოს შპს “სისტემ ნეტის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს  შპს “სისტემ ნეტის“ განცხადება შპს “სისტემ ნეტის“ მიერ კომისიისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო;

2. შპს “სისტემ ნეტის“ მიერ კომისიისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობილ იქნეს ღიად ამ გადაწყვეტილების ასლის შპს “სისტემ ნეტისათვის“ ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “სისტემ ნეტისათვის“ დაუყოვნებლივ გადაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6), მისი ასლის შპს “სისტემ ნეტისათვის“ ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

               კომისიის თავმჯდომარე                                                 კ. კვიტაიშვილი           

                კომისიის წევრი                                                               ს. ბრიტანჩუკი

                კომისიის წევრი                                                               ა.სიხარულიძე

                 კომისიის წევრი                                                               ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები