წვდომის მენიუ

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „მობიტელს“ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 407 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2013

მიღების თარიღი ივნისი 21, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (25.04.2013 - N6/2286-13; N6/2287-13 და N6/2288-13),  მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“  არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით, შპს „ჯეოსელთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „,მობიტელთან“ დავის განხილვისა და შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებებით ედავება შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მობიტელს“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“  არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას. კერძოდ, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელი“ განცხადებებში აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს „მობიტელი“ წარმოადგენენ სატელეფონო მომსახურების მიწოდების ბაზარზე ავტორიზებულ პირებს, რომლებიც კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით ცნობილ არიან  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და დაკისრებული აქვთ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის       მომსახურების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის;

ბ) კონკრეტულ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულმა ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს საკუთარი ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის       მომსახურების პირობების (მათ შორის ტექნიკური ხასიათის) თაობაზე ინფორმაციის ყველა მსურველი ავტორიზებული პირისათვის შეუზღუდავად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად მიწოდება.

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს „მობიტელი“ არღვევენ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით მათზე დაკისრებულ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებას იმით, რომ აღნიშნული კომპანიები შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ სთავაზობენ საკუთარ მობილურ, ფიქსირებულ სადენიან და ფიქსირებულ უსადენო ქსელებზე ზარის დასრულების ბევრად მაღალ ტარიფს, ვიდრე ამას სთავაზობენ საკუთარ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს; შესაბამისად, შპს „ჯეოსელი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს „მობიტელი“ უკანონოდ იღებენ მნიშვნელოვან უპირატესობას სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზარზე, რაც როგორც შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიაჩნია, არათანაბარ პირობებში აყენებს კომპანიას და უქმნის არაკონკურენტულ გარემოს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 4 ივნისს კომისიაში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, რომელზედაც კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები N322/16, N323/16 და N324/16 შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მობიტელს“ შორის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებულ იქნა მოთხოვნები შემდეგი რედაქციით:

1. დაევალოს შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „მობიტელს“ შეასრულონ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულება და შესთავაზონ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ ურთიერთჩართვის (ზარის დასრულების) ისეთი ტარიფი, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის შეთავაზებული ტარიფი;

2. შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „მობიტელს“  კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაეკისროთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქციები;

3. კომისიის მიერ დავის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს მიეცათ წინადადება მორიგების თაობაზე, ასევე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს დაევალა განსახილველ დავასთან დაკავშირებით დასკვნის წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 4 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური და შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია.

კომისიის სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მორიგება ვერ შედგა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 4 ივნისის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ  მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ შპს „მაგთიკომის“,  შპს „ჯეოსელის“ და შპს “მობიტელისგან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია (კომისიის წერილი №08/967-13, 14/05/2013) კომპანიების მიერ საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ან აფილირებული ავტორიზებული პირებისათვის საკუთარ მობილურ ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ღირებულების შესახებ. ამავე წერილით კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომზე“, შპს „ჯეოსელზე“ და შპს “მობიტელზე“ დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების შესრულების შესამოწმებლად, კომისიამ მოითხოვა  კომპანიებისგან  2012 წლის 12 თვის და 2013 წლის 3 თვის პერიოდისთვის თვეების მიხედვით ინფორმაცია მობილური სატელეფონო საცალო მომსახურებიდან  და  მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლების და ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული რეალიზაციის ხარჯების  შესახებ;  ასევე, ინფორმაცია აღნიშნული პერიოდისთვის  მობილური სატელეფონო საცალო ხმოვანი მომსახურებიდან  გენერირებული გამავალი ტრაფიკის შესახებ, თვეების და მიმართულებების  მიხედვით.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ

ა) შპს „მობიტელმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N395/13 წერილით. შენიშვნა: შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დაზუსტდა შპს ”მობიტელის” თანამშრომლის ვლადიმერ დანგაძის მიერ კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის დავით გოგიჩაიშვილის სახელზე გამოგზავნილი ელ-ფოსტის საშუალებით.

ბ) შპს „მაგთიკომმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N13/094-6 წერილით. შენიშვნა: შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში სხვა მობილურ ქსელებზე გამავალი ტრაფიკი არ იყო გამიჯნული კომპანიების მიხედვით. კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ურთიერთჩართვის ხარჯი გაანგარიშებულ იქნა სხვა მობილურ ქსელზე გამავალი ტრაფიკის ოდენობის გამრავლებით შპს ”ჯეოსელის” და შპს ”მაგთიკომის” ქსელში ზარის დასრულების საფასურის ოდენობაზე; შესაბამისად, დასკვნაში არ არის ასახული შპს ”მობიტელის” და სს ”სილქნეტის” ქსელში ზარის დასრულების განსხვავებული საფასურის ეფექტი.

გ) შპს „ჯეოსელმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N2/152-13  წერილით. შენიშვნა: შპს ”ჯეოსელის” წარმოდგენილ ჯამურ ინფორმაციაში არ იყო გათვლისწინებული 2012 წლის აპრილის თვის მონაცემები, კერძოდ, წარმოდგენილი ინფორმაციის დაჯამებისას მექანიკურად გამორჩენილი იყო 2012 წლის აპრილის თვის მონაცემები, რაც კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ, შპს „ჯეოსელთან“ შეთანხმებით დაკორექტირებულ იქნა.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიებს  საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ან  აფილირებული ავტორიზებული პირისათვის საკუთარ მობილურ ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ. კერძოდ:

ა) შპს ”მაგთიკომი” 2013 წლის 27 მაისის N13/094-6 წერილში აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”მაგთიკომი” მომსახურებას ეწევა საკუთარი სახელით და მომსახურების გაწევისას არ არის წარმოდგენილი თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფებით, შპს „მაგთიკომში“ არ არსებობს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ24 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფი;

ბ) შპს ”ჯეოსელი” 2013 წლის 27 მაისის N2/152-13  წერილში აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელს” არ ჰყავს აფილირებული პირი და არც სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;

გ) შპს ”მობიტელი” 2013 წლის 27 მაისის N395/13 წერილში აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელს“ არ ჰყავს აფილირებული ავტორიზებული პირები, ხოლო რაც შეეხება საკუთარ  სტრუქტურული ქვედანაყოფში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ღირებულებას, კომპანიისთვის გაუგებარია აღნიშნული წინადადება და სიცხადისთვის ითხოვს მისი შინაარსის დაზუსტებას.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტისაგან, რომლის მიერ მომზადებული ინფორმაცია კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს ჩაბარდა 2013 წლის 4 ივნისს, შესაბამისად, კომპანიების მიერ ზემოაღნიშნული წერილებით წარმოდგენილი შემოსავლების და ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის  გადამოწმება/შედარება სტატისტიკურ ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან წინამდებარე დასკვნის მომზადების პროცესში ვერ იქნა უზრუნველყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის განმარტებით, დასკვნაში მოცემული ანალიზი ეყრდნობა მხოლოდ კომპანიების მიერ ზემოაღნიშნული წერილებით წარმოდგენილ ინფორმაციას.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2012 წლის და 2013 წლის 3 თვის საანალიზო პერიოდის განმავლობაში კომპანიების მიერ საცალო მომხმარებლებისთვის მიწოდებული მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, დღგ და აქციზის გარეშე, სამივე კომპანიისთვის  მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე  მობილურ ქსელში დაწესებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი.

წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, მობილურ ქსელში დაწესებული  ურთიერთჩართვის ტარიფები კომპანიების მიხედვით შეადგენს:

ა) შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“  მობილურ ქსელში - 0,062 ლარი, დღგ-ს და აქციზის გარეშე   (0,08/1,18/1,1);

ბ) შპს „მობიტელის“ მობილურ ქსელში - 0,085 ლარი, დღგ-ს და აქციზის გარეშე (0,11/1,18/1,1).

წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საშუალო ფასმა ანალიზური პერიოდისთვის კომპანიების მიხედვით შეადგინა:

ა) შპს „მაგთიკომი“ – 4 თეთრი/წუთი;

ბ) შპს „ჯეოსელი“   –  5 თეთრი/წუთი;

გ) შპს „მობიტელი“ – 6 თეთრი/წუთი.

შენიშვნა: საშუალო ფასი გაანგარიშებულია საშუალო შეწონილი არითმეტიკული  მეთოდის მიხედვით;

საშუალო ფასების დინამიკა თვეების და კომპანიების მიხედვით შემდეგია:

შენიშვნა: მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საშუალო ფასი გაანგარიშებულია, კომპანიების მიერ წარმოდგენილი შემოსავლების და ტრაფიკის ინფორმაციის მიხედვით.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ იმის გასარკვევად, თუ რა ფასად ხდება ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურების შემოსავალს გამოაკლდა იმ ხარჯების ჯამი (რეალიზაციის ხარჯები და ურთიერთჩართვის ხარჯები), რომელსაც ოპერატორი არ გასწევდა იმ შემთხვევაში, რომ ჰქონოდა მხოლოდ საბითუმო მომსახურება და არ ჰქონოდა საცალო მომსახურება. მიღებული შედეგი გაიყო ფაქტიურად განხორცილებული ტრაფიკის ოდენობაზე.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა,  რომ კომპანიების მიერ საცალო მომხმარებლებისთვის მიწოდებული მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურებიდან  შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული  რეალიზაციის ხარჯების (მათ შორის მარკეტინგის, რეკლამის,  საცალო გაყიდვების ოფისების, სადილერო, გაყიდვების წამახალისებელი აქციების, საცალო და კორპორატიულ გაყიდვებთან დაკავშირებული პერსონალის ხელფასი და  საოპერაციო ხარჯები, კომერციული, ფულის ამოღების საკომისიო და ა.შ) პროცენტულმა წილმა შემოსავლებში ანალიზური პერიოდისთვის, კომპანიების მიხედვით შეადგინა:

ა) შპს „მაგთიკომი“ – 8%;

ბ) შპს „ჯეოსელი“   – 17%;

გ) შპს „მობიტელი“ – 49%;

შენიშვნა: კომპანიებმა რეალიზაციის ხარჯები მობილურ ხმოვან სატელეფონო ზარების მომსახურებაზე და სხვა მომსახურებებზე გადაანაწილეს მთლიანი მობილური მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებში ხმოვანი სატელეფონო ზარების მომსახურებიდან  მიღებული შემოსავლის  პროპორციული წილის მიხედვით.

დასკვნის შესაბამისად, წარმოდგენილ ანალიზში გამოყენებული ტრაფიკის ოდენობის განსაზღვრა განხორციელდა  ორი მეთოდით:

1) მთლიანი საცალო ტრაფიკი (სხვა მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით განხორციელებული ტრაფიკის და შიდა ტრაფიკის ჯამი);

2) სხვა მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით განხორციელებული ტრაფიკის და შიდა ტრაფიკის გაორმაგებული ოდენობის ჯამი. აღნიშნული მიდგომა იქნა გამოყენებული შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს ”მობიტელის” ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის დროს. ვინაიდან მობილურ ქსელში განხორციელებული შიდა ზარი კომუტირდება საკომუტაციო სადგურში და რადიოდაშვების ქსელის ელემენტებს მოიხმარს როგორც ზარის წამომწყები აბონენტიდან საკომუტაციო სადგურამდე, ასევე საკომუტაციო სადგურიდან გამოძახებულ აბონენტთან სიგნალის მიწოდებისას, განხორციელებული შიდა ტრაფიკი დანახარჯების განაწილების მოდელში ასახულია როგორც ზარის წამოწყების, ისე ზარის დასრულების ტრაფიკის ოდენობაში (იხ. კომისიის გადაწყვეტილებები: 1.  N 26 / 9 - 25 იანვარი, 2011წ.  ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ; 2. N 657 / 9 - 18 ნოემბერი, 2011წ. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“).

გაანგარიშების შედეგები კომპანიების მიხედვით შემდეგია:

1. პირველი მეთოდის მიხედვით:

ა) შპს „მაგთიკომი“ –  0,030  ლარი/ წუთი;

ბ) შპს „ჯეოსელი“   –   0,032  ლარი/ წუთი;

გ)შპს „მობიტელი“ –   0,013 ლარი/ წუთი.

2. მეორე  მეთოდის მიხედვით: 

ა) შპს „მაგთიკომი“ –   0,016 ლარი/ წუთი;

ბ) შპს „ჯეოსელი“   –   0,018  ლარი/ წუთი;

გ) შპს „მობიტელი“ –   0,0077 ლარი/ წუთი.

შენიშვნა:

1. გაანგარიშებაში გამოყენებული ფინანსური/საბუღალტრო ინფორმაცია არ არის აუდირებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, შესაბამისად კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის ანალიზში გამოყენებული ინფორმაციის სისწორე წარმოადგენს კომპანიების პასუხისმგებლობას;

2. ვინაიდან ანალიზი მომზადებულია დავის განხილვის რეჟიმში და არა კვლევისა და ანალიზის ადმინისტრაციული წარმოების გზით, არ იყო საკმარისი დრო წარმოდგენილი ინფორმაციის სრულად შესწავლის, ინფორმაციის სხვა წყაროებთან შედარების და სრულყოფილი დასკვნის წარმოსადგენად.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული შენიშვნებისა, წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზიდან ირკვევა, რომ ადგილი აქვს შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის” მიერ სხვა ავტორიზებული პირისათვის საბითუმო მომსახურების (ზარის წამოწყება/დასრულება) იმგვარი დისკრიმინაციული და არაერთგვაროვანი  ტარიფებით მიწოდებას, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის იგივე სახის მომსახურების მიწოდებისას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნა კომისიის 2013 წლის 4 ივნისის სხდომაზე გადაეცა შპს „კავკასიის ციფრულ ქსელის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ წარმომადგენლებს, რომლებმაც აღნიშნული დასკვნის გაცნობისა და მასზე საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით კომისიის წინაშე დააყენეს შუამდგომლობა დავის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად იმსჯელა შუამდგომლობის თაობაზე და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტიდან გამომდინარე, დააკმაყოფილა შუამდგომლობა დავის განხილვის გადადების თაობაზე. შესაბამისად, დავის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2013 წლის 21 ივნისს 16:00 საათზე. მხარეები დავის განხილვის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე გაფრთხილდნენ კომისიის 2013 წლის 4 ივნისის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვა გაგრძელდა კომისიის 2013 წლის 21 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური, შპს „,მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი ბატონი დავით თუთბერიძე.

კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დავის განხილვის დაწყებამდე კომისიის წინაშე ჰქონდა შუამდგომლობები, მაგრამ ამ შუამდგომლობების დაყენებამდე ასევე ჰქონდა რამოდენიმე შეკითხვა შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორ ბატონ დავით თუთბერიძესთან; კერძოდ,

1. შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ პირველი მოთხოვნა იყო, შპს „ჯეოსელს“ დავალებოდა კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელისთვის“ ურთიერთჩართვის (ზარის დასრულების) ისეთი ტარიფის შეთავაზება, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის შეთავაზებული ტარიფი, თუ მისი მოთხოვნაა შპს „ჯეოსელს“ დაევალოს კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიის მოთხოვნა არის, რომ შპს „ჯეოსელმა“ უზრუნველყოს კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

2. შპს „ჯეოსელსა“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის არსებობდა თუ არა მოქმედი ურთიერთჩართვა, რასთან დაკავშირებითაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა ბატონმა დავით თუთბერიძემ აღნიშნა, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვა შეჩერებული იყო კომისიის წინასწარი თანხმობით, იმის გამო, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შპს „ჯეოსელის“ მიმართ ერიცხებოდა ურთიერთჩართვის მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შემდეგი შუამდგომლობები:

1. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავის განხილვის დღეს დააზუსტა მის მიერ დავის განხილვის ფარგლებში დაყენებული პირველი მოთხოვნა,  კომისიამ იმსჯელოს პროცედურულად რამდენად ჰქონდა აღნიშნულის უფლება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“;

2. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჯეოსელსა“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის არ არსებობს მოქმედი ურთიერთჩართვა, შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ აღნიშნულ დავაში არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს და შესაბამისად, კომისიაში დავის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს;

3. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ შპს „ჯეოსელს“ ედავება ამ უკანასკნელის მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულების, კერძოდ, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ კონკურენციის უზრუნველმყოფ და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისადაც, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება და ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამავე კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.

შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შპს „ჯეოსელის“ მე-2 და მე-3 შუამდგომლობას და მოითხოვა, ერთი მხრივ, დავის განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ შპს „მობიტელსა“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ შორის არ არსებობს მოქმედი ურთიერთჩართვა და შესაბამისად, განსახილველ დავაში შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ხოლო მეორე მხრივ, დავის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შპს „ჯეოსელის“ მე-3 შუამდგომლობას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, დავის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ შუამდგომლობები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად და ამავე მუხლის პირველი ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ

1. შპს „ჯეოსელის“ შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელი“ არ იყო უფლებამოსილი დაეკორექტირებინა მოთხოვნა დავის განხილვის სხდომაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, ერთი მხრივ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლები არ ზღუდავს მოდავე მხარეებს უზრუნველყონ დავის განხილვის სხდომაზე მოთხოვნების დაზუსტება და მეორე მხრივ, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიერ, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის შეკითხვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოთხოვნის დაკონკრეტება, არ ცვლის შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნის შინაარსს და არ წარმოადგენს ახალ მოთხოვნას, ვინაიდან შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ შპს „ჯეოსელს“ ედავება კომისიის  2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულების, კერძოდ, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების შეუსრულებლობას, რაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ აზრით არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში აყენებს კომპანიას და ითხოვს, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ განუხრელად იქნას დაცული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულება.

2. შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ შუამდგომლობები დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ მოტივით, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ არ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს იმის გამო, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელს“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის არ არსებობს მოქმედი ურთიერთჩართვა არ უნდა დაკამყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ბ) პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;

შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს „მობიტელი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“, როგორც ავტორიზებულ პირი, უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად კომისიას მიმართოს განცხადებით სხვა ავტორიზებულ პირებთან დავის განხილვის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელს“, შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის, კომისიის წინასწარი თანხმობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შეჩერებულია პირდაპირი ურთიერთჩართვა, კომპანიებს შორის არსებობს არაპირდაპირი ურთიერთჩართვა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული სხვა პირების მეშვეობით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ სატელეფონო კავშირი შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ აბონენტებთან. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი თვალსაზრისითაც პირდაპირი ურთიერთჩართვა მხარეთა შორის არის მხოლოდ შეჩერებული და არა შეწყვეტილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ შუამდგომლობები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ კომისიის  2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ, რასაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ ედავება კომპანიებს და რასთან დაკავშირებითაც კომისიის მიერ მიღებულ უნდა იქნას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, შესაძლებელია უშუალო გავლენა მოახდინოს შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  მომსახურებაზე ავტორიზებული პირის საქმიანობაზე.

3. შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ შუამდგომლობა დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

ა) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამავე კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.

ბ) შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მობიტელს“ შორის დავის საგანს წარმოადგენს შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის  2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“  არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენება;

გ) კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად დადგენილ იქნენ შპს „ჯეოსელი“, შპს „მაგთიკომი“ და შპს „მობიტელი“, რომლებსაც ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე, სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად,  დაეკისრათ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით:

  • ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების მსურველი (აქცეპტანტი) ავტორიზებული პირისათვის მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის;
  • ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მომსახურების პირობების (მათ შორის ტექნიკური ხასიათის) თაობაზე ინფორმაციის ყველა მსურველი ავტორიზებული პირისათვის შეუზღუდავად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად მიწოდება.

კომისიამ დავის განხილვის პროცესში გამოარკვია, რომ დავის საგანი არსებითად უკავშირდება შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული, კომისიის მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების (კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებები) დარღვევას; ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი აქვს შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს ”მობიტელის” მიერ სხვა ავტორიზებული პირისათვის საბითუმო მომსახურების (ზარის წამოწყება/დასრულება) დისკრიმინაციული და არაერთგვაროვანი  ტარიფებით მიწოდებას, რომელიც ნაკლებად ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის იგივე მომსახურების მიწოდებისას გამოყენებული ტარიფები, რაც შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულლიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე უნდა შეწყდეს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „მობიტელს“  შორის  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“  არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ 25.04.2013 - N6/2286-13; N6/2287-13 და N6/2288-13 განცხადებების საფუძველზე დაწყებულ დავებზე ადმინისტრაციული წარმოება და ამავე დროს, უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ, კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით.

კომისია განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად:

1. თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, ან შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებისას მისთვის დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.

2. კომისია უფლებამოსილია დააკისროს ან აუკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება იმ ავტორიზებულ პირს, რომელიც ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ხოლო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.

3. თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც პირდაპირ საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ადამიანთა ჯანმრთელობას ან რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან საოპერაციო პრობლემები შეუქმნას სხვა მიმწოდებლებს ან ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების მომხმარებლებს, კომისია უფლებამოსილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოს აღსრულება უშუალო იძულების გამოყენებით.

4. იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. ობიექტურად დასაბუთებული მტიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის  გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს ამ ვალდებულებების პირობებში.

5. კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო  პასუხისმგებლობისაგან.

6. კომისიამ შეიძლება შეარჩიოს მხოლოდ ის ობიექტური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს გამოვლენილი დარღვევის უსწრაფეს და ნაკლებდანახარჯიან აღმოფხვრას და არ მიაყენებს ზიანს მომხმარებლებს და შესაბამის ავტორიზებულ პირს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარების მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ შესაძლებელია ჩართულ იქნას  როგორც დაინტერესებული მხარე, ვინაიდან კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისიწინებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია უშუალო გავლენა მოახდინოს შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული იმ პირის კანონიერ ინტერესზე, რომელიც შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „მობიტელს“ ედავებოდა კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“  არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას, გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შინაარსიდან..

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის წინაშე ასევე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რომ კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარება განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიამ განიხილა შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ აღნიშნული შუამდგომლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად და ამავე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას) გადაწყვიტა, რომ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, ან შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებისას მისთვის დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.

2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა  ფართო წრის ინტერესებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რომ შპს „ჯეოსელის“ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ წარმომადგენლებს განემარტათ, რომ კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასაწყებად აუცილებელი იყო, რომ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ წარმომადგენლებს  კომისიის წინაშე დაეყენებინათ დასაბუთებული შუამდგომლობა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების სახის გამოყენების თაობაზე.

კომპანიების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დადგენილად იქნება მიჩნეული შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ, მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ამის გამო კომპანიების მიმართ გამოყენებული იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, კომისიის ეს გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული ხასიათის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამომავლოდ შესაძლებელია გავრცელდეს კომისიის მიერ გამოკვლეულ და ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე ცნობილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ყველა ავტორიზებულ პირზე, მათ მიერ სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიებს მიაჩნიათ, რომ კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  28-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ, შესაძლოა შეეხოს პირთა ფართო წრის ინტერესებს და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისიმ არ გაიზიარა შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

კომისია დამატებით განმარტავს, რომ

1. კომისიის ყველა სხდომა საჯაროა, კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 3 სამუშაო დღით ადრე აქვეყნებს  ინფორმაციას მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას და გამოხატოს საკუთარი პოზიცია კომისიის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;

2. კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დაკისრებული აქვთ მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სამ ავტორიზებულ პირს: შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „მობიტელს“;   შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარებისას დადგინდება აღნიშნული ავტორიზებული პირების მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის ფაქტი და კომისიის მიერ აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებულ იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, კომისიის ეს გადაწყვეტილება გავრცელდება შპს „ჯეოსელზე“, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „მობიტელზე“; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია მიიჩნევს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებების შეტანა შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელისთვის“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში, კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის, 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) პუნქტის, 95-ე და 96-ე მუხლების 98-ე მუხლის მეორე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად

              გადაწყვიტა:

1.    შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით დავაზე;

2.    შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით დავაზე;

3.    შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „მობიტელს“ შორის  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით დავაზე;

4.    დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების მიზნით და საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართოს 2013 წლის 12 ივლისს 16:00 საათზე;

5.    წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის შესახებ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის 2013 წლის 21 ივნისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

6.    დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე) შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის თაობაზე დასაბუთებული არგუმენტაციის წარმოდგენა 2013 წლის 12 ივლისის სხდომაზე;

7.    დაევალო კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, წინამდებარე გადაწყვეტილების:

ა) შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

ბ) ინტერნეტში კომისიის ოფიციალური ვებ გვერდზე გამოქვეყნება (ნ.ჯანელიძე);

8.     გადაწყვეტილების მე-4  და მე-5 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

9.    გადაწყვეტილება (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6)  ერთი თვის ვადაში;

10.  გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;

11. გადაწყვეტილება (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) ძალაში შევიდეს შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                       კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრები                                                                  ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                                                                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები