წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 41 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2013

მიღების თარიღი იანვარი 22, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.  ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2012 წლის 21 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს  კომისიაში შემოსულია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“   (კომისიაში რეგისტრაციის N6/6479-12) წერილი, რომლითაც კომპანია კომისიას აცნობებს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ მიერ 8 წელიწადზე მეტია არ ხორციელდება კუთვნილი NB18 ლიცენზიის ფარგლებში ახალი ამბების პროგრამების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსება;  ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე, კომისიამ 2012 წლის 14 ნოემბერს წერილობით (N04/2660-12) მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოსთხოვა უკანასკნელი 1 თვის არქივის ციფრულ მატარებელზე კომისიაში წარმოდგენა; შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკამ“ 2012 წლის 26 ნოემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6866-12 ) კომისიას აცნობა, რომ კუთვნილი N B18 ლიცენზიის ფარგლებში უკანასკნელ პერიოდში საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა ახალ ამბებს და საზოგადოებრ-პოლიტიკურ პროგრამებს, თუმცა ესეთი პროგრამების განთავსება იგეგმებოდა 2012 წლის 26 ნოემბრიდან, რის თაობაზეც კომისიას დამატებით აცნობებდა.

შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკამ“ 2012 წლის 10 დეკემბერს (კომისიაში რეგისტრაციის N6/7066-12) კომისიაში დამატებით წარმოადგინა საკუთარი ეთერის 2012 წლის 29 ნოემბრიდან 2012 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდის არქივი. აღნიშნული არქივის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკა“ 2012 წლის 29 ნოემბრიდან 2012 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში კუთვნილი N B18 ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას. კერძოდ, კომპანია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 10 იანვარს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ სანქცირების თაობაზე, მის  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუქნტის,   70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო (ლიცენზიის პირობების შეცვლა - საერთო მაუწყებლობის ნაცვლად, სპეციალიზირებული მაუწყებლობის განხორციელება), ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 22 იანვარს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ შეტყობინება 2013 წლის 11 იანვარს ჩაბარდა (ჩაბარების ქვითრის N010003896388). მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2013 წლის 22 იანვრის  კომისიის სხდომაზე  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.  კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის №10/1472-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიაში დაცული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრების მონაცემები;

3.       კომისიის 2012 წლის 14 ნოემბრის წერილი N04/2660-12, რომლის თანახმად, კომისიამ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ დაავალა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერების ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD)  ჩაწერილი სახით წარმოდგენა;

4.       შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ 2012 წლის 26 ნოემბრის N6/6866-12 წერილი;

5.       შპს „ტელე-რადიო  კომპანია ევრიკას“ 2012 წლის 10 დეკემბრის N6/7066-12 წერილი;

6.       კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილება საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე;

7.       2013 წლის 11 იანვრის საფოსტო ქვითარი N010003896388.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკა“  წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB18 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  როგორც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს, ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის  პროგრამებით მაუწყებლობა;

2.       შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“,  კომისიის 2012 წლის 14 ნოემბრის   N04/2660-12 წერილით განესაზღვრა 5 დღიანი ვადა, უკანასკნელი 1 თვის პროგრამების სრული ჩანაწერის ციფრულ მატარებელზე (CD, DVD) წარმოსადგენად;

3.       შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკამ“ 2012 წლის 26 ნოემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6866-12) კომისიას აცნობა, რომ უკანასკნელ პერიოდში საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს;

4.       შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკამ“ 2012 წლის 10 დეკემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/7066-12) კომისიას დამატებით წარმოუდგინა საკუთარი ეთერის 2012 წლის 29 ნოემბრიდან 2012 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდის არქივი, რომლის შემოწმების შედეგად გარმოირკვა, რომ კომპანიამ განაახლა ახალი ამბების და საზოგადოებრივი -პოლიტიკური გადაცემების სამაუწყებლო ბადეში განთავსება;

5.       შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის -არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა;

2.       „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;  

3.       კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2  საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ N5 ლიცენზია გაიყო ორ ლიცენზიად: NB17 და NB18 ლიცენზიებად, რომელთა შესაბამისად, ორივე ლიცენზიის სახეობაა - საერთო ტელე/რადიო მაუწყებლობა;                              

4.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში (ლიცენზიის სახეობის შეცვლა)  კომისია უფლებამოსილია  მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას “ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუქნტისა და  70-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, აგრეთვე სალიცენზიო პირობები, კერძოდ, არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, რითაც ფაქტიურად შესაბამისი მოდიფიცირების გარეშე შეცვლილია საერთო ლიცენზიის სახეობა სპეციალიზირებული ლიცენზიის სახეობად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული; ამასთან  კომისია ვერ მიიღებს მხედველობაში საერთო რადიომაუწყებლობის 2012 წლის 29 ნოემბრიდან აღდგენის ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან აღნიშნული განხორციელდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიამ,  დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება  საკითხის გამოკვლევის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის   პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.          გაფრთხილდეს  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკა“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუქნტი,  70-ე მუხლის პირველი  პუნქტით, აგრეთვე კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის  N43/2 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის პირობების დარღვევის  გამო;

2.          დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მოცემული სამართლებრივი ნორმების შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკას“ მიერ შესრულებაზე განმეორებითი მონიტორინგი;

3.          დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკასათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.          გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი  თვის ვადაში;

5.          გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ევრიკასთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.          დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ტელე-რადიო კომპანია ევრიკასათვის“ დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის  უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

8.          კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                             მოვალეობის შემსრულებელი                                                                           კ. კვიტიაშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                   ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები