წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №64/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების, შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაცი

ნომერი: 424 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2013

მიღების თარიღი ივნისი 28, 2013

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის №64/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების,  შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/247-13, 18.06.2013წ.) მიმართა შპს ტელეკომპანია ”აისმა” კუთვნილი მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”აისი”  ფლობს კერძო მაუწყებლობის №B106  ლიცენზიას 2013 წლის 29 ივლისამდე, კომისიის 2003 წლის 25 ივლისის №366/9  გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

სატელევიზიო მაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე 600 ვტ-მდე სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით,  ქ. თბილისში;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 25 ივლისის №366/9 გადაწყვეტილებით, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოდიფიცირებულ იქნა №702 ლიცენზია (ამჟამინდელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზია №B106) და ქ. თბილისში მე-2 სატელევიზიო არხზე 600 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ტელემაუწყებლობის ნაცვლად გადამცემის სიმძლავრედ განისაზღვრა 2 კვტ. ამავე გადაწყვეტილებით, გაზრდილი სიმძლავრის გათვალისწინებით, განისაზღვრა ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობაც. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო გადასახდელი სრულად იქნა გადახდილი. 2009 წლის 13 თებერვალს კომისიის №64/2 გადაწყვეტილებით  ცვლილება შევიდა კომისიის 2003 წლის 25 ივლისის №366/9 გადაწყვეტილებაში, მოდიფიცირდა შპს ”ტელეკომპანია აისის” №702 ლიცენზია კერძო სპეციალიზებულ (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) ლიცენზიად და მიენიჭა №B106. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მე-2 სატელევიზიო არხზე ტელემაუწყებლობის ტექნიკურ პარამეტრებში 2კვტ.-ს ნაცვლად მითითებულ იქნა  600 ვტ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კომისიის 2009 წლის 13 თებერვლის           № 64/2 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ტელეკომპანია ”აისის” მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ტელეკომპანია ”აისის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული არ აქვს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ტელეკომპანია ”აისს” უნდა მიეცეს ვადა, რათა ზეპირი მოსმენის სხდომამდე კომისიაში წარმოადგინოს სალიცენზიო მოსაკრებლის – 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო  მაუწყებლობის№B106 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 63,374.40 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ                               შპს ტელეკომპანია ”აისის” მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის გადასახდელი სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება განხორციელდა ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმავე გეოგრაფიული ზონისა და არსებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში.

კომისია აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად. 2006 წლის 5 დეკემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება N10 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ანალოგური საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობისთვის განისაზღვრა 25 სამაუწყებლო ზონა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულებით  დამტკიცდა რეგიონალური შეთანხმება „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961) ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმისა“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში პირველ რაიონში (პირვეელი რაიონის ნაწილები მდებარეობს აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“. ზემოაღნიშნული რეგიონალური შეთანხმების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებაზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე.

კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების ზემოაღნიშნულ რეგიონალურ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიის მიერ 2011 წლის 1 აპრილს მიღებულ იქნა დადგენილება №2 „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საეთერო ციფრული სამაუწყებლო მომსახურების 10 ზონა, ნაცვლად 25 ანალოგური სამაუწყებლო ზონისა.

კომისია დამატებით მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონა (სატელევიზიო მაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე ქ. თბილისში) არ შეესაბამება ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ საეთერო  ციფრული სამაუწყებლო მომსახურების არც ერთ ზონას, რაც თავის მხრივ, შემდგომ (ლიცენზიის მოქმედების პერიოდში) ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (2015 წლის 17 ივნისამდე) წარმოშობს შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირების აუცილებლობას, აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა დროსაც აუცილებელი გახდება სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სალიცენზიო პირობებში უნდა აისახოს კომისიის უფლებამოსილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განახორციელოს შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის პირობების მოდიფიცირება და შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელის გადაანგარიშება, აღნიშნული ლიცენზიის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (შეთანხმებებთან) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებით-მუსიკალურ-გასართობი) ტელემაუწყებლობა  არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) პუნქტს, რომლის შესაბამისად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ასევე, საჭიროა შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოდიფიცირება, რათა ლიცენზიების სახეობა მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, IX თავისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის, 39-ე მუხლის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გასწორდეს კომისიის 2009 წლის 13 თებერვალის №64/2 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული ”600 ვტ-მდე” შეიცვალოს ”2 კვტ”-ით და შემდგომ, როგორც ტექსტშია;

2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია ”აისის” კერძო მაუწყებლობის №B106 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე;

3. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 26 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის სხდომაზე;

4. უზრუნველყოს შპს ტელეკომპანია ”აისმა” სალიცენზიო მოსაკრებლის 2000 (ორი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა 2013 წლის 26 ივლისამდე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ტელეკომპანია ”აისისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

6.   გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება (გარდა პირველი პუნქტისა) ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                             კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები