ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2013
მიღების თარიღი ივნისი 28, 2013
ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განისაზღვრნენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული შემდეგი პირები:
· შპს ”კავკასუს ონლაინი”;
· სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”;
· სს ”ეგრისი”;
· შპს ”რკინიგზის ტელეკომი”;
· შპს ”ნამიო”;
· შპს ”ვანექსი”;
· შპს ”სერვისი”;
· შპს ”გრენა”;
· შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი”;
· შპს ”ჯეონეთი”;
· შპს ”ულტრაკომი”;
· სს ”გლობალ ერთი”.
ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინს” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, დაუდგინდეთ გაფართოებული ურთიერთჩართვისთვის ზედა ზღვრული ტარიფი 5000 (ხუთი ათასი) ლარი ერთ გბიტ/წამზე თვეში, დღგ-ს გარეშე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 30 აპრილის №215/19 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9 გადაწყვეტილებით სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” (სს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“) და შპს „ვანექსისთვის” დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისრა შპს „სილქნეტს” (შპს”სილქნეტმა” შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გახდა სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან, განცხადების რეგისტრაციისN10067810, ამონაწერის მომზადების თარიღი 08.07.2010, სს „სილქნეტის“ წერილი №636/01-8, 12.07.2010წ.))
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ 2013 წლის 22 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება №37/23 “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 2 ნოემბრის №700/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განმეორებით დაწყების შესახებ” აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის გამოიყო ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ორი ქვესეგმენტი:
ა) გაფართოებული ურთიერთჩართვა და
ბ) ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვება;
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული იქნა ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტი, მაგრამ კომისიის მიერ შესაბამისი მარეგულირებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ქვესეგმენტზე, ხოლო რაც შეეხება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტისთვის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებას, კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ვინაიდან კომისიის წევრებს შორის, აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრის შედეგად ხმები გაიყო (კომისიის 2013 წლის 20 მარტის N179/9 გადაწყვეტილება).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას 2013 წლის 20 ივნისს განცხადებით მომართა სს “სილქნეტმა“ (N6559/05-08,20.06.2013წ.). განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”სილქნეტი“ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებას იღებს შპს „კავკასუს ონლაინისგან“ არაადეკვატურად მაღალი ტარიფებით, შესაბამისად, სს „სილქნეტი“ კომისიას მიმართავს თხოვნით, გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2013 წლის 22 იანვრის N37/22 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კვლევისა და ანალიზის ფარგლებში ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების დანახარჯების გაანგარიშების მოდელის მიხედვით, ურთიერთჩართვის არსებული ტარიფი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია ვიდრე ამ გაანგარიშებებით წარმოდგენილი მონაცემები; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე არსებული რეგულაციები, მათ შორის სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების პირობები საჭიროებს გადახედვას და კომისიის მიერ დამატებით შესაბამისი მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის აქტუალურობისა და იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტის რეგულირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული კომისიის 2013 წლის 22 იანვრის N37/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კომისიაში წარმოდგენილია სს „სილქნეტის“ მოთხოვნა, გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, კომისიას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ”საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ კვლევისა და ანალიზისთვის ავტორიზებული პირებისგან გამოთხოვილი იქნება სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამასთან, კომისიის მხრიდან საჭირო იქნება მიღებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის დამუშავება და ანალიზი. აღნიშნული გარემოების გამო, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური 3 თვიანი ვადა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გაფართოებული ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 6 აგვისტოს 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 3 თვე;
4. დაევალოთ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულს პირებს უზრუნველყონ ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესასწავლად ინფორმაციის და გაანგარიშებების მოწოდება კომისიის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმითა და ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენეტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
