წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტ

ნომერი: 426 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2013

მიღების თარიღი ივნისი 28, 2013

 

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2012 წლის 13 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”.  გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგინდა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები, კერძოდ:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი.

ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.

    კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის შესაბამისადაც, საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ აგვისტომდე; ამასთან, კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირებს ეთხოვათ კომისიისთვის შეთანხმებული წინადადებების  წარმოდგენა, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საკითხის სისტემურად რეგულირების მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საკითხის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით, კომისიას წერილით მომართა შპს ”მაგთიკომმა”  (წერილი №13/101-2, 05.06.2013წ.), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით განხორციელებულმა ცვლილებამ, კერძოდ – საერთაშორისო ტერმინაციის საფასურის გაზრდამ მობილურ ქსელში მინიმუმ 0,10 USD–მდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 0,05 USD–მდე პოზიტიური გავლენა მოახდინა (ცვლილებამდე მოქმედი ტარიფი ფაქტიურად ტოლი იყო ადგილობრივი ოპერატორებისათვის დადგენილ ურთიერთჩართვის ტარიფისა) როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირების შემოსავლების ზრდასა და უცხოელ პარტნიორებთან მანამდე არსებული უარყოფითი ფინანსური ბალანსის შემცირებაზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გაზრდის პერსპექტივასა და ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების შემცირებაზეც. როგორც წერილშია აღნიშნული, კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტარიფების ზრდის პოტენციურმა ეფექტმა 8 თვის განმავლობაში დამატებით 16,8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა; თუმცა, კომპანიას მიაჩნია, რომ  მიღწეული შედეგები ეკონომიკური ინტერესებიდან და სხვადასხვა თანმდევი ფაქტორებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს.

შპს ”მაგთიკომი” ზემოაღნიშნულ წერილში განიხილავს თუ რა ტიპის პრობლემები გაჩნდა საბითუმო ბაზარზე საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების დაწესების შედეგად, კერძოდ:

ა) კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების მიხედვით, ქვედა ზღვრული ტარიფი საერთაშორისო ზარის დასრულებაზე დადგენილია საზღვარზე და არა აბონენტების მომსახურე ოპერატორის ქსელში, სადაც რეალურად სრულდება ზარი. არ არსებობს არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამოვლენის და მათთან ბრძოლის მექანიზმები, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. კერძოდ, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, რიგმა საერთაშორისო ოპერატორებმა და სავარაუდოდ ადგილობრივმა ავტორიზებულმა პირებმა ფაქტობრივად გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე დაიწყეს საქართველოს მიმართულებით კომისიის მიერ დადგენილ საერთაშორისო ტარიფებზე ოდნავ ნაკლები ტარიფების შეთავაზება, დაახლოებით 0,098USD და 0,049USD ოდენობით. ის გარემოება, რომ ფაქტიურად შეუძლებელია არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოვლენა, აბონენტის მფლობელ ოპერატორებს ადგებათ ფინანსური ზიანი, რაც თავის მხრივ ქსელის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს;

ბ) მარეგულირებელმა კომისიამ დასაწყისშივე არ განახორციელა პრევენციული ზომები, რათა არ დაეშვა ტარიფების მკვეთრი კლება.

გ) დღეისათვის, რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიზებული პირების არაკეთილსინდისიერი მოქმედების გამო საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მობილური ქსელების მიმართულებით შეთავაზების ტარიფი შეადგენს 0,07-0,075 USD, ხოლო ფიქსირებული ქსელების მიმართულებით - 0,03 USD-0,035 USD;

დ) მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის მფლობელი ოპერატორების შემოსავლები, სადაც რეალურად სრულდება საერთაშორისო ზარები, რამაც თავის მხრივ განაპირობა უცხოელ პარტნიორებთან უარყოფითი ფინანსური ბალანსის და ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების ზრდა;

ე) რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიზებული პირების არაკეთილსინდისიერი ქმედებით მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოში შემომავალი ზარების ხარისხი;

ვ) არაპროგნოზირებადი ტარიფების გამო შეუძლებელი გახდა პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორებთან ტრაფიკების გაცვლაზე მოკლევადიანი შეთანხმების დადებაც კი.

ზ) შესამჩნევია რიგი ქვეყნების მიმართულებით ტარიფების ზრდის ტენდენციები. მაგალითად, ნოემბერში დაიწყო რუსეთის მობილურ ქსელებში (მთლიანი გამავალი საერთაშორისო ტრაფიკის დაახლოებით 35%) ზარის დასრულების ტარიფის ზრდა 0,10 USD–დან 0,14 USD-მდე, აგვისტოს თვიდან თურქეთის მობილური ქსელების მიმართულებით (მთლიანი გამავალი საერთაშორისო ტრაფიკის დაახლოებით 15%) ტარიფები გაიზარდა 0,0285-0,0315 USD-დან 0,107 USD-მდე, 2012 წლის განმავლობაში უკრაინის მობილური ქსელების მიმართულებით ტარიფები გაიზარდა 0,115 USD-დან -  0,153 USD-მდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ქმედითი ზომები, რათა უმოკლეს ვადებში მაქსიმალურად აღმოიფხვრას საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები; ამ მიზნით კომპანია კომისიას სთავაზობს რამდენიმე მიდგომას, კერძოდ:

1. განხილულ იქნას საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ახალი (გაზრდილი) ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების პროცესს და მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების აკუმულირებას (კომპანიის მიერ შემოთავაზებულია მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაციაზე საფასურის დაწესება 0,25 USD-ის ოდენობით, ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში - 0,15 USD-ის ოდენობით.); როგორც შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, ეს ცვლილებები საქართველოს სავაჭრო ბალანსს, იგივე ტრაფიკების არსებობის პირობებში, წლის ჭრილში გაზრდის 64 მილიონი აშშ დოლარით;

2. განისაზღვროს არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამოვლენის და მათთან ბრძოლის მექანიზმები, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა მოხდეს დარგში კონკურენტული, თანაბარ პირობებში გამჭვირვალედ ოპერირების შესაძლებლობის ხელშეწყობა;

3. განხილულ იქნას საერთაშორისო ზარების ავტორიზებული პირის ქსელში დასრულებაზე ფიქსირებული ტრანზიტული მომსახურების საფასურის დაწესება, რაც შპს ”მაგთიკომის“ აზრით 0,035 USD უნდა იყოს;

4. განხილულ იქნას ადგილობრივ ოპერატორებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორების შესაძლო მოდელი, რომლის მიხედვითაც ავტორიზებულ პირებს შორის ანგარიშსწორება საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე განხორციელდება დადგენილი (გაზრდილი) ქვედა ზღვრული ტარიფების შესაბამისად, რომელიც დაწესდება რეალური აბონენტების მომსახურე ოპერატორის ქსელში ზარის დასრულებაზე და არა საზღვარზე;

5. განხილულ იქნას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისათვის, გარკვეული ვალდებულებების დაწესება; კერძოდ, საერთაშორისო ოპერატორებისათვის მათ მიერ შეთავაზებული საბაზრო ტარიფი დადგინდეს არაუმეტეს დაწესებულ ქვედა ზღვრული და ტრანზიტული ტარიფის ჯამური ოდენობისა.

შპს ”მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ შემოთავაზებული მოდელი საბითუმო ბაზრის ბუნებრივი რეგულაციის და ეკონომიკურად პოზიტიური შედეგების საწინდარია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ყველა და ყველანაირი ზომის მოთამაშის ინტერესების გათვალისწინებით;  ამავე დროს, შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ ადგილობრივ მცირე ზომის ოპერატორებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ბოლო მომხმარებლები და მხოლოდ საბითუმო ბაზარზე ოპერირებენ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ასევე წერილობით მომართა შპს „მაიფონმა“ (წერილი №049, 11.06.2013წ.), რომელშიც წარმოდგენილია კომპანიის მოსაზრებები საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედ მოდელთან დაკავშირებით. 

შპს „მაიფონი“ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომისიამ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხელი შეუწყო საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სეგმენტის საგრძნობ გავითარებას. გარდა ამისა, დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტში შესული გადასახადები (მოგების გადასახადის სახით), ხოლო ქართული კომპანიების მიერ უცხოელი პარტნიორებისაგან მიღებული თანხები (რაც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკაში შემოსულ კაპიტალსაც წარმოადგენს) 5,8-დან დაახლოებით 34,2 მლნ. ლარამდე გაიზარდა;  როგორც შპს „მაიფონი“ აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომსახურების ღირებულების გაზრდა ფაქტიურად არ შეხებია საქართველოში მცხოვრებ აბონენტებს.

განცხადებაში შპს „მაიფონი“ კომისიას სთავაზობს მათთვის მისაღებ ოპტიმალურ სქემას და მოდელს თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტარიფების და შემომავალი ზარების რეგულირება.

კომპანიის აზრით ახალი რეგულირება, უნდა პასუხობდეს სამ ძირითად მოთხოვნას კერძოდ:

1. კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებამ, მოახდინა შედარებით მცირე ავტორიზებული პირების გააქტიურება და შესვლა აღნიშნულ საბაზრო სეგმენტში, რამაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს გარკვეულწილად შეუმცირა მოზიდული საერთაშორისო ზარების ტრაფიკის მოცულობა. შესაბამისად ახალი რეგულირება უნდა აძლევდეს მცირე კომპანიებს განვითარების/ზრდის საშუალებას, მაგრამ მათი ზრდა ასევე თავსებადი უნდა იყოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს კომერციულ ინტერესებთან;

2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა ვერ უნდა მოახერხონ ხელოვნური ბარიერების შექმნა მცირე ოპერატორებისათვის (მაგალითად E1 არხების მიწოდების შეფერხებით);

3. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა და მცირე ოპერატორებმა  არ უნდა მოახდინონ პირდაპირ ან ირიბად ფასების დემპინგი.

ზემოაღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით, შპს „მაიფონი“ კომისიას სთავაზობს, რომ კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მინიმალური ზღვრული ტარიფები 2013 წლის 1 აგვისტოს შემდეგ შეიცვალოს შემდეგნაირად:

ა) ადგილობრივი მობილური ოპერატორების ნომრებზე საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ტარიფი გაიზარდოს 0,1 აშშ. დოლარიდან 0,15 აშშ. დოლარამდე;

ბ) ფიქსირებულ ქსელებში ტერმინაციისას 0,05 აშშ. დოლარიდან 0,1 აშშ. დოლარამდე.

იმისათვის,  რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების შემოსავალი გაიზარდოს მცირე კომპანიების ზრდასთან ერთად, შპს „მაიფონი“ კომისიას სთავაზობს ურთიერთჩართვის ტარიფის შემდეგი სახით რეგულირებას:

ა) საერთაშორისო ზარების მობილურ ოპერატორში ტერმინაციის ურთიერთჩართვის ტარიფი უნდა განისაზღვროს შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ანგარიშსწორების შესაბამისი თვის განმავლობაში თითოეულ მობილურ ოპერატორში დასრულებული წუთების რაოდენობა

500,000

500 001 –

1 000 000

1 000 001 –

1 500 000

1 500 001 –

2 000 000

ურთიერთჩართვის ტარიფი (თეთრი)

8.0

10.5

13.5

16.5

საშუალო ლარი–დოლარის გაცვლითი კურსი

1.65

1.65

1.65

1.65

ტარიფი (აშშ ცენტი)

4.8

6.4

8.2

10.0

ბ) საერთაშორისო ზარების ფიქსირებულ ხაზებზე ტერმინაციისას ურთიერთჩართვის ტარიფი უნდა განისაზღვროს ცხრილის მიხედვით:

ანგარიშსწორების შესაბამისი თვის განმავლობაში თითოეულ ფიქსირებულ ოპერატორში დასრულებული წუთების რაოდენობა

500,000

500 001 –

1 000 000

1 000 001 –

1 500 000

1 500 001 –

2 000 000

ურთიერთჩართვის ტარიფი (თეთრი)

2.0

4.0

6.0

9.0

საშუალო ლარი–დოლარის გაცვლითი კურსი

1.65

1.65

1.65

1.65

ტარიფი (აშშ ცენტი)

1.2

2.4

3.6

5.5

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”მაიფონს” მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებებით, ბაზარზე მოქმედი მცირე კომპანიები შეინარჩუნებენ მათი საბაზრო წილის მინიმუმ 45%–ს მაინც, ხოლო ყველაზე აქტიურად მზარდ კომპანიებს მოუწევთ შედარებით დაბალ მზარდ მარჟაზე ოპერირება. ამასთან, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები მიიღებენ გაზრდილ შემოსავლებს როგორც მათ უკვე არსებულ ტრაფიკზე, ასევე მცირე კომპანიების საბაზრო წილის ზრდის შემთხვევაშიც.

შპს ”მაიფონის” წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ახლად შექმნილი კომპანიები ოპერირების პირველი 6 თვის განმავლობაში უნდა სარგებლობდნენ ურთიერთჩართვის  მესამე დონის სატარიფო პაკეტით (ყოველთვიურად 1.000.000 - 1.500.000 წუთის დაშვებით), რადგან მცირე კომპანიას, რომელიც ისედაც ამ დიაპაზონში მუშაობს, ხარჯების შემცირების მიზნით არ გაუჩნდეს ინიციატივა დაარსოს ახალი კომპანია. ამასთან, იგივე შეზღუდვის მისაღწევად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები უფლებამოსილი უნდა იყვნენ დამატებით E1 არხების ჩართვისას მოსთხოვონ კომპანიას საბანკო გარანტია, მაგრამ არაუმეტეს 10.000 ლარის ოდენობით, თითო ასეთ არხზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით  ავტორიზებულ პირებს ეთხოვათ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საკითხის სისტემურად დარეგულირების მიზნით, კომისიისთვის შეთანხმებული წინადადებების წარმოდგენა, რაც ვერ განხორციელდა ავტორიზებული პირების მიერ; კომისიაში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მაიფონის“ წინადადებები, საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საკითხის დარეგულირების მიზნით, რომლებითაც კომისიისთვის შემოთავაზებულია აღნიშნული საკითხის დარეგულირების განსხვავებული მოდელები.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი ერთობლივი, შეთანხმებული წინადადებები საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საკითხის დარეგულირების მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის გაგრძელება, იმ დადებითი შედეგების გათვალისწინებითა და შესაბამისი პოზიტიური ეფექტის შენარჩუნების მიზნით, რაც მოჰყვა კომისიის მიერ 2012 წლის 13 მარტის 199/9 გადაწყვეტილებით დადგენილ რეგულაციებს.

კომისია მიუთითებს:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში,  რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, კომისია ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიან რეგულაციებს;

2. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის N199/9 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისადაც დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები, კერძოდ:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და ავტორიზებული პირების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის  26 ივლისს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                            ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები