ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2013
მიღების თარიღი ივნისი 28, 2013
ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (18.06.2013; №10/641-13), რომელშიც აღნიშნულია, რომ ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“ მიმდინარე წლის 17 ივნისის მდგომარეობით, 2009 წლის მაისის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები. ამავე სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“ მიმდინარე წლის 17 ივნისის მდგომარეობით, სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 18 ივნისის №10/641-13 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 24 ივნისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 28 ივნისს, 16.00 საათზე, რის თაობაზეც ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას’’ ეცნობა დაზღვეული წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 28 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ წარმომადგენელი შორენა კოპალეიშვილი (2013 წლის 25 ივნისის მინდობილობა, გაცემული ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ; მინდობილობა მოქმედია 2013 წლის 31 დეკემბრამდე). ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ წარმომადგენელმა დაადასტურა ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის“ კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტი. ამასთან, მისი განმარტებით, 2013 წლის 25 ივნისს, ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ“ კომისიაში დაგვიანებით წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები სრულად. აღნიშნული ფაქტი კომისიის სხდომაზე ასევე დაადასტურა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა ი. აბულაძემ.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 18 ივნისის №10/641-13 სამსახურებრივი ბარათი;
2. ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის“ კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილება;
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ შესახებ მონაცემები;
4. ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ 2013 წლის 25 ივნისის №6/3447-13 წერილი თანდართული 2009 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშებებით;
5. ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2013 წლის 28 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
6. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის იოსებ აბულაძის კომისიის 2013 წლის 28 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის №B 86 ლიცენზიის მფლობელს (ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა);
2. ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“ 2009 წლის მაისის თვის შემდეგ, 2013 წლის 25 ივნისამდე კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. 2013 წლის 25 ივნისს ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ“ წარმოადგინა 2009 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე პერიოდის რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები;
3. ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
3. ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1 და დანართი №2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის“ კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო ამავე პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაცია“ ვალდებულია წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი, ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, მის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის“ კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 მარტის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის 2006 წლის 22 დეკემბრის №564/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) წინამდებარე გადაწყვეტილებით ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის“ დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ააიპ ,,კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავას);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილს).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
