საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის Nბს-567-557(კ-12) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფად შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2013
მიღების თარიღი ივლისი 01, 2013
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის Nბს-567-557(კ-12) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფად შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 15 ივლისის N360/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,სუპერ ტვ“-ს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 8,295.94 (რვა ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი მთელი ოთხმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარის ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, 2011 წლის 20 აპრილს განხორციელდა ცვლილება - შეიცვალა დამფუძნებელი და ნაცვლად არჩილ თაბაგარისა დამფუძნებლად განისაზღვრა ,,Super TV S.A”, რასთან დაკავშირებითაც შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში ინფორმაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად, დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით დადგენილი 7 დღიანი ვადა;
კომისიის 2011 წლის 15 ივლისის N360/18 გადაწყვეტილება შპს ,,სუპერ ტვ“-მ გაასაჩივრა სასამართლო წესით და მოითხოვა კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილეს შპს ,,სუპერ ტვ“-ს სარჩელი და სააპელაციო საჩივარი, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,სუპერ ტვ“-ს საკასაციო საჩივარი, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2011 წლის 15 ივლისის N360/18 გადაწყვეტილება შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კომისიას ასევე დაეკისრა შპს ,,სუპერ ტვ“-ის სასარგებლოდ მის მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 664 (ექვსას სამოცდაოთხი) ლარისა და სამოცდაცხრამეტი (სამოცდაცხრამეტი) თეთრის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (პირველადი რედაქცია) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ასევე მიუთითებს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში 2011 წლის 15 აპრილს განხორციელებულ ცვლილებაზე, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და რომლის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილებაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ავტორიზებული პირის მიერ ამა თუ იმ მოქმედების განხორციელების შემდგომ კანონში შეტანილი ცვლილება არ უნდა გავრცელებულიყო ცვლილებამდე არსებულ ქმედებაზე.
კომისიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2013 წლის 14 ივნისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების განმეორებითი ჩატარებისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
კომისიის სხდომა დანიშნული იყო 2013 წლის 25 ივნისს, თუმცა საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევის მიზნით, სხდომა გადაიდო 2013 წლის პირველი ივლისისათვის.
კომისიის 2013 წლის პირველი ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სუპერ ტვ“-ის დირექტორი გივი ხორხელი და შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი არჩილ თაბაგარი.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი (ძვ.რედაქცია) ითვალისწინებს, რომ ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ავტორიზებული იურიდიული პირის მიერ კომისიაში წარმოსადგენ დეკლარაციაში შემავალი ინფორმაციის ჩამონათვალი მოცემულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და მათ შორისაა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები; კომისიამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გაბათილებული გადაწყვეტილების მიღებისას, შპს-ს დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია მიიჩნია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად და სწორედ ამის გამო მიიღო 2011 წლის 15 ივლისის N360/18 გადაწყვეტილება. კომისიის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას არ დაეთანხმა საქართველოს უზენაესი სასამართლო და ბათილად ცნო კომისიის 2011 წლის 15 ივლისის N360/18 გადაწყვეტილება;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისია ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებას და აღნიშნულის საფუძველზე და მასზე დაყრდნობით, შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2011 წლის 15 ივლისის N360/18 ბათილად ცნობილი გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღებს შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ კომისიას ასევე დაავალა ემსჯელა, იმაზე, რომ როცა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც დაფიქსირებულია ყველა მონაცემი პირის შესახებ, საჯაროა, ხელმისაწვდომია ყველასათვის, რამდენად მართებულია კომისიის მიერ ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დადება იმ საფუძვლით, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-მ დროულად არ აცნობა კომისიას სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე.
კომისიამ იმსჯელა აღნიშნულთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნა ავტორიზებულ პირთა მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე კომისიის ინფორმირების ვალდებულების შესახებ, კომისიის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელების სპეციფიკიდან გამომდინარეობს, კერძოდ: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიაში რეგისტრირებულია 335 ავტორიზებული პირი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გავლილი აქვს 45 პირს და სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს 82 პირი; ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საქმიანობის, შერწყმისა და წილის შეძენის დროს გამჭვირვალე, ობიექტური და ეფექტიანი მარეგულირებელი რეჟიმის არსებობა. კომისიას, აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად ესაჭიროება დროული ინფორმაცია ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების დამფუძნებლების, ამ პირთა აფილირებულობის თაობაზე, სხვა სარეგისტრაციო მონაცემები, რაც აისახება დეკლარაციაში და კომისიის უწყებრივ რეესტრებში; ამ რეესტრების წარმოების კანონისმიერი ვალდებულება ამითაა განპირობებული; ამასთანავე, კომისიის უწყებრივ რეესტრში შეიტანება უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე საჯარო რეესტრში; კომისია ყოველდღიურ რეჟიმში ვერ მოახერხებს საჯარო რეესტრში 335 ავტორიზებული პირის, 82 მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელისა და 45 მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის მონიტორინგს, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ადამიანური რესურსების არაეფექტურ გამოყენებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, კანონით განსაზღვრული კომისიის ისეთი ვალდებულებების შესასრულებლად, როგორიცაა ავტორიზებულ/ლიცენზიის მქონე პირთა აფილირებულობის დასადგენად ინფორმატიულ-ანალიტიკური მონაცემების წარმოება, ერთსა და იმავე მომსახურების ზონაში კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ პირთა აღრიცხვა, კომისიას ესაჭიროება ოპერატიული ინფორმაცია ზემოაღნიშნული კომპანიების სადამფუძნებლო და კომისიის უწყებრივ რეესტრებში შესატან სხვა დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიზებულ პირთა მიერ თავიანთი ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში შეუძლებელია კომისიის მიერ ეფექტური მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელება, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ კომისიის რეგულირების სფეროში, გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფასა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისა, შედიან ასევე მაუწყებლობაზე ავტორიზებული, ასევე მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელი და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მქონე პირებიც.
კომისია აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ კომისიის მიერ თავისი ფუნქციის განხორციელებისათვის არის აუცილებელი ავტორიზებულ პირთა მიერ თავიანთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა, კომისია, კანონის წმინდა ფორმალური გაგებით არის ვალდებული ავტორიზებულ პირთა მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენოს კანონით განსაზღვრული სანქცია, ვინაიდან, კომისია არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების მიზნობრიობასა თუ მიზანშეწონილობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 15 ივლისის N360/18 გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ბათილად ცნობიდან გამომდინარე, დგება საჭიროება გადახედილ იქნას კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786 გადაწყვეტილება შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და ცვლილება იქნას შეტანილი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტში, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ,,სუპერ ტვ“-ს ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი,, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო დაეკისრა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა, ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, რაც ავტორიზებული პირის მიერ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაშია გათვალისწინებული. კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა დაანგარიშებულ უნდა იქნას, როგორც პირველადი ჯარიმა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ წერილობითი გაფრთხილებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაშია გათვალისწინებული და შეადგენს ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიის აპარატის საფინანსო სამსახურის 2013 წლის 26 ივნისის N10/704-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ბოლო 12 თვის (2011 წლის თებერვალ-ნოემბერი) ჯამური შემოსავლის 0,5%, რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, 2011 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 23,854.05 (ოცდასამიათას რვაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 03 თეთრი) ლარს, რაც გულისხმობს, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილებით დაკისრებული და შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ გადახდილი 43,031.96 (ორმოცდასამიათას ოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარიდან, შპს ,,სუპერ ტვ“-ს უნდა დაუბრუნდეს 19,177.91 (ცხრამეტიათას ას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.
კომისიის 2013 წლის პირველი ივლისის კომისიის სხდომაზე შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი არჩილ თაბაგარი იურიდიულ ნაწილში დაეთანხმა კომისიის პოზიციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება თანხების დაბრუნების საკითხს, აღნიშნა, რომ აზრის გამოთქმისაგან თავს შეიკავებს და დაელოდება კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის Nბს-567-557(კ-12) გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის Nბს-567-557(კ-12) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, შეწყდეს შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. შპს ,,სუპერ ტვ“-ს დაუბრუნდეს მის მიერ, კომისიის 2011 წლის 15 ივლისის N360 გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა - სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 8,295.94 (რვა ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი მთელი ოთხმოცდათოთხმეტი მეასედი) ლარი;
3. შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
,,1. შპს ,,სუპერ ტვ”-ს დაეკისროს ჯარიმა 23,854.05 (ოცდასამიათას რვაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 03 თეთრი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო“;
4. შპს ,,სუპერ ტვ“-ს დაუბრუნდეს კომისიის 2011 წლის 21 დეკემბრის N786/18 გადაწყვეტილების შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის - სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხის ნაწილი, რაც შეადგენს 43,031.96 (ორმოცდასამიათას ოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარსა და 23,854.05 (ოცდასამიათას რვაას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 03 თეთრი) ლარს შორის არსებულ სხვაობას - 19,177.91 (ცხრამეტიათას ას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარს;
5. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის მის მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 664,79 (ექვსასსამოცდაოთხი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადარიცხვა, შპს ,,სუპერ ტვ“-ს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სუპერ ტვ”-სათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სუპერ ტვ”-სათვის ჩაბარების დღიდან;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
