წვდომის მენიუ

შპს ”ვარსკისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 433 / 15

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2013

მიღების თარიღი ივლისი 05, 2013

 

 

შპს ”ვარსკისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

           საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის  №7/218-13, 30/05/13 და №6/2965-13 06.06.13) მიმართა შპს ”ვარსკიმ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული  118(XX)  ფორმატის ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს ”ვარსკი“ ფლობს ერთიან საინფორმაციო ბაზას, რაც შესაძლებლობას აძლევს კვირაში 7 დღე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს მომხმარებელს სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით.

   კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს და ამავე დროს, კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი არაავტორიზებულ პირებს ენიჭებათ საინფორმაციო-საცნობარო (ევრონომერი) სამსახურებისთვის (რომლის სრული ფორმატი 5- ციფრიანია და მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) – შესაბამისი საქმიანობის ვადით; ამავე წესების მე-13 მუხლის შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

   კომისიამ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს ”ვარსკის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს ”ვარსკიმ” კომისიაში  №7/218 30.05.13 წერილთან ერთად წარმოადგინა ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელიც შეიცავდა საკონტაქტო ინფორმაციას, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირების შესახებ. კომისიის 2013 წლის 5 ივნისის №01/1169-13 წერილით შპს ”ვარსკის” განემარტა, რომ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელებისას, საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების თაობაზე (მათ შორის თანხმობა მესამე პირებზე გადაცემაზე), მოპოვებული უნდა იქნას კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისგან (რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ საკუთარი აბონენტის პერსონალური მონაცემები მხოლოდ აბონენტების თანხმობით) ან უშუალოდ აბონენტისგან. ამავე წერილით შპს ”ვარსკის” მოეთხოვა კომისიაში წარმოედგინა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების თაობაზე პერსონალური მონაცემების კანონიერ საფუძველზე მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები. შპს ”ვარსკის” მიერ კომისიაში ვერ იქნა წარმოდგენილი ავტორიზებული პირების აბონენტების (ფიზიკური პირები) პერსონალური მონაცემების კანონიერ საფუძველზე მოპოვების  დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ ამავე დროს შპს „ვარსკის” მიერ 2013 წლის 06 ივნისის №6/2965-13 წერილით კომისიაში წარმოდგენილი იქნა ახალი საინფორმაციო ბაზა, რომელიც შეიცავს მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ იურიდიული პირების საკონტაქო ინფორმაციას. 

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „ვარსკის”  2013 წლის 30 მაისის №7/147-13  და 2013 წლის 6 ივნისის №6/2965-13 განცხადებების საფუძველზე, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში მიმდინარე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2013 წლის 5 ივლისს და შპს „ვარსკი” (№01/1425-13 01.07.13) შეტყობინებით მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

       კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

       1) შპს „ვარსკი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის. შპს  „ვარსკი”   ითხოვს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებითა” და  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის (118XX ევრონომერი) მინიჭებას.

        2) მიუხედავად იმისა, რომ შპს ”ვარსკის” მიერ კომისიაში ვერ იქნა წარმოდგენილი მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების (ფიზიკური პირები) თაობაზე პერსონალური მონაცემების კანონიერ საფუძველზე მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შპს ”ვარსკიმ” წარმოადგინა იურიდიული პირების საჯაროდ ხელმისაწვდომი საკონტაქო ინფორმაციის ფლობის დამადასტურებელი მონაცემთა ბაზა და აღნიშნა,  რომ სწორედ ამ ბაზის გამოყენებით უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”ვარსკისთვის” საინფორმაციო-საცნობარო მომსამსახურისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებები.

         კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  2013 წლის 5 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს  „ვარსკის” წარმომადგენელი გიორგი ქოჩლაძე, რომელსაც  კომისიის სხდომაზე  განემარტა, რომ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება მომხმარებილისთვის მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ენაზე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული და მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია. ამავე დროს კომპანიას განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის მიერ განხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების (ფიზიკური პირები) საკონტაქო ინფორმაციის დამუშავება და განთავსება მონაცემთა ბაზაში, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემები მოპოვებული უნდა იქნას კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისგან (რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ საკუთარი აბონენტის პერსონალური მონაცემები მხოლოდ აბონენტების თანხმობით) ან უშუალოდ აბონენტისგან.

კომისიის სხდომაზე შპს  „ვარსკის” წარმომადგენელმა გიორგი ქოჩლაძემ გამოთქვა აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების მზადყოფნა.

          ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების”, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის,  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს „ვარსკის”  ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-0-6 (ერთი-ერთი-რვა-ნული-ექვსი), სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელების ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. შპს „ვარსკი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით  საინფორმაციო - საცნობარო მომსახურება განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

3. შპს ”ვარსკი” ვალდებულია ფიზიკური პირების სატელეფონო-საცნობარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების თაობაზე (მათ შორის თანხმობა მესამე პირებზე გადაცემაზე), მოიპოვოს კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისგან (რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ საკუთარი აბონენტის პერსონალური მონაცემები მხოლოდ აბონენტების თანხმობით) ან უშუალოდ აბონენტისგან.

4. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს „ვარსკის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს „ვარსკის”  არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ვარსკისთვის”  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრები:                                             სოფიო ბრიტანჩუკი

                                                                             აკაკი სიხარულიძე

                                                                            ირაკლი მოსეშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები