შპს “ჯითიეს“-სა და შპს „რადექს“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2013
მიღების თარიღი ივლისი 05, 2013
შპს “ჯითიეს“-სა და შპს „რადექს“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 6/2896-13, 28.05.2013) მიმართეს შპს „ჯითიესმა“ და შპს „რადექსმა“ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „ჯითიესის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F22 ლიცენზიის შპს „რადექსისთვის“ გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯითიესი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიას 2012 წლის 27 ივლისის N 500/6 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) ქ. თბილისი – 410.300 მჰც და 420.300 მჰც; თითოეული ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;
ა.ბ) ქ. ზუგდიდი, – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;
ა.გ) დაბა სტეფანწმინდა – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 29 ივლისამდე;
გ) შპს „ჯითიესი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლოგავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2013 წლის 10 მაისის N 320/11 გადაწყვეტილებით წინასწარი თანხმობა მიეცა შპს „ჯითიესს“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიის შპს „რადექსის“ მიერ შეძენაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯითიესსა“ და შპს „რადექსს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F22 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 2 აგვისტოს, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯითიესისთვის“ და შპს „რადექსისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
