შპს ,,TV3“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2013
მიღების თარიღი ივლისი 12, 2013
შპს ,,TV3“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
2013 წლის 17 ივნისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 13 ივნისის N10/606-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს ,,TV3“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2013 წლის 22 ივნისს განხორციელდა ცვლილებები. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შეიცვალა კომპანიის დამფუძნებელი (ლალი ეგაძემ თავისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 9% გაასხვისა კახა ბაინდურაშვილზე, 51% - დავით მჟავიაზე და 30% ლაშა ჩხენკელზე) ასევე შეიცვალა დირექტორი და ნაცვლად ლალი ეგაძისა, დირექტორად დაინიშნა კახა ბაინდურაშვილი;
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ითვალისწინებს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე;
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „TV3“-ის დამფუძნებლებისა და დირექტორის შეცვლის თაობაზე, კომპანიას კომისიისათვის არ უცნობებია, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 20 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV3“-ის სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 12 ივლისს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „TV3“-ის ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება;
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 12 ივლისის კომისიის სხდომაზე. სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,TV3”-ის წარმომადგენელი, თუმცა სხდომის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა შპს ,,TV3”-ს 2013 წლის 9 ივლისს, მის იურიდიულ მისამართზე, რაც დასტურდება შეტყობინების ასლზე შეტყობინების ჩამბარებელი პირის - ბერიძის ხელმოწერით. გამომდინარე იქიდან, რომ ,,TV3”-ისათვის ცნობილი იყო საკითხის განხილვის თარიღისა და სხდომის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიას მიაჩნია, რომ კომისია უფლებამოსილია შპს ,,TV3”-ის დაუსწრებლად განიხილოს საკითხი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 13 ივნისის N10/606-13 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს „TV3“-ის 2013 წლის 11 ივნისის N6/3027-13 წერილი, შესაბამისობის დეკლარაცია, შპს „TV3“-ის პარტნიორის გადაწყვეტილება, წილის ნასყიდობის ხელშეკრულება;
3. შეტყობინების შპს „TV3“-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება;
4. შპს „TV3“-ის ოფიციალური ვებგვერდი www.tv3.ge.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „TV3“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფაზე 2009 წლის 16 ივნისიდან, ასევე მაუწყებლობაზე ავტორიზებულია 2012 წლის 5 ივლისიდან;
2. 2013 წლის 22 მაისს შპს „TV3“-ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შეიცვალა კომპანიის დამფუძნებელი (ლალი ეგაძემ თავისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 9% გაასხვისა კახა ბაინდურაშვილზე, 51% - დავით მჟავიაზე და 30% - ლაშა ჩხენკელზე) ასევე შეიცვალა კომპანიის დირექტორი და ნაცვლად ლალი ეგაძისა, დირექტორად დაინიშნა კახა ბაინდურაშვილი, რაც დასტურდება შპს „TV3“-ის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. შპს „TV3“-მა კომისიას ინფორმაცია სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების თაობაზე მიაწოდა, კანონით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დარღვევით, 2013 წლის 11 ივნისს;
4. კომისიის სხდომაზე შემოწმდა შპს „TV3“-ის ოფიციალური ვებგვერდი - www.tv3.ge, სადაც ვერ იქნა მოძიებული გამოქვეყნებული შესაბამისობის დეკლარაცია;
5. შპს „TV3“-ს უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „TV3“-ის მიერ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების შესახებ, კომისიაში კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობით, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოუქვეყნებლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტები, ასევე მაუწყებლობის შესახებ 62-ე მუხლი და 76-ე მუხლის 29-ე პუნქტი.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „TV3“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული, როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, ისე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული სანქცია, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „TV3“-ს მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ) ქვეპუნქტების, ასევე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლისა და 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის დარღვევის გამო;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლისა და 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „TV3“-ს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და მ) ქვეპუნქტების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლისა და 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „TV3“-ს შესაბამისობის დეკლარაციის, დაუყოვნებლივ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაუყოვნებლივ;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV3“-ისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „TV3“-ისათვის დაკისრებული სანქციის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „TV3“-ისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV3“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
