შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2013
მიღების თარიღი ივლისი 17, 2013
შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 21 ივნისს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N407/22 „შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „მობიტელს“ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებულ დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.“ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2013 წლის 12 ივლისს 16:00 საათზე, საკითხის განხილვის თაობაზე შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასიის ციფრულ ქსელის“ წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კომისიის 2013 წლის 21 ივნისის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2013 წლის 12 ივლისს 16:00 საათზე, სხდომას ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური, შპს „,მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დორექტორმა დავით თუთბერიძემ კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებისა და კომისიის მიერ ამ წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. დავით თუთბერიძემ განმარტა, რომ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევის გამო მატერილაური ზარალი ადგება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“, რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების დაუყოვნებლი აღსასრულებლად მიქცევის საფუძველს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ შორის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ არათანაბარ, არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში (კომისიის გადაწყვეტილება 21.06.2013 N407/22), 2013 წლის 4 ივნისს წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/560-13) შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევის თაობაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს “მობიტელისგან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია (კომისიის წერილი №08/967-13, 14/05/2013) კომპანიების მიერ საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ან აფილირებული ავტორიზებული პირებისათვის საკუთარ მობილურ ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ღირებულების შესახებ. ამავე წერილით კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომზე“, შპს „ჯეოსელზე“ და შპს “მობიტელზე“ დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების შესრულების შესამოწმებლად, კომისიამ მოითხოვა კომპანიებისგან 2012 წლის 12 თვის და 2013 წლის 3 თვის პერიოდისთვის თვეების მიხედვით ინფორმაცია მობილური სატელეფონო საცალო მომსახურებიდან და მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლების და ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული რეალიზაციის ხარჯების შესახებ; ასევე, ინფორმაცია აღნიშნული პერიოდისთვის მობილური სატელეფონო საცალო ხმოვანი მომსახურებიდან გენერირებული გამავალი ტრაფიკის შესახებ, თვეების და მიმართულებების მიხედვით.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ
ა) შპს „მობიტელმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N395/13 წერილით.
შენიშვნა: შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დაზუსტდა შპს ”მობიტელის” თანამშრომლის ვლადიმერ დანგაძის მიერ კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის დავით გოგიჩაიშვილის სახელზე გამოგზავნილი ელ-ფოსტის საშუალებით.
ბ) შპს „მაგთიკომმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N13/094-6 წერილით.
შენიშვნა: შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში სხვა მობილურ ქსელებზე გამავალი ტრაფიკი არ იყო გამიჯნული კომპანიების მიხედვით. კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ურთიერთჩართვის ხარჯი გაანგარიშებულ იქნა სხვა მობილურ ქსელზე გამავალი ტრაფიკის ოდენობის გამრავლებით შპს ”ჯეოსელის” და შპს ”მაგთიკომის” ქსელში ზარის დასრულების საფასურის ოდენობაზე; შესაბამისად, დასკვნაში არ არის ასახული შპს ”მობიტელის” და სს ”სილქნეტის” ქსელში ზარის დასრულების განსხვავებული საფასურის ეფექტი.
გ) შპს „ჯეოსელმა“ ინფორმაცია წარმოადგინა 2013 წლის 27 მაისის N2/152-13 წერილით.
შენიშვნა: შპს ”ჯეოსელის” წარმოდგენილ ჯამურ ინფორმაციაში არ იყო გათვლისწინებული 2012 წლის აპრილის თვის მონაცემები, კერძოდ, წარმოდგენილი ინფორმაციის დაჯამებისას მექანიკურად გამორჩენილი იყო 2012 წლის აპრილის თვის მონაცემები, რაც კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ, შპს „ჯეოსელთან“ შეთანხმებით დაკორექტირებულ იქნა.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიებს საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ან აფილირებული ავტორიზებული პირისათვის საკუთარ მობილურ ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ. კერძოდ:
ა) შპს ”მაგთიკომი” 2013 წლის 27 მაისის N13/094-6 წერილში აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ”მაგთიკომი” მომსახურებას ეწევა საკუთარი სახელით და მომსახურების გაწევისას არ არის წარმოდგენილი თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფებით, შპს „მაგთიკომში“ არ არსებობს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ24 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფი;
ბ) შპს ”ჯეოსელი” 2013 წლის 27 მაისის N2/152-13 წერილში აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელს” არ ჰყავს აფილირებული პირი და არც სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;
გ) შპს ”მობიტელი” 2013 წლის 27 მაისის N395/13 წერილში აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელს“ არ ჰყავს აფილირებული ავტორიზებული პირები, ხოლო რაც შეეხება საკუთარ სტრუქტურული ქვედანაყოფში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების ღირებულებას, კომპანიისთვის გაუგებარია აღნიშნული წინადადება და სიცხადისთვის ითხოვს მისი შინაარსის დაზუსტებას.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტისაგან, რომლის მიერ მომზადებული ინფორმაცია კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს ჩაბარდა 2013 წლის 4 ივნისს, შესაბამისად, კომპანიების მიერ ზემოაღნიშნული წერილებით წარმოდგენილი შემოსავლების და ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება/შედარება სტატისტიკურ ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან წინამდებარე დასკვნის მომზადების პროცესში ვერ იქნა უზრუნველყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის განმარტებით, დასკვნაში მოცემული ანალიზი ეყრდნობა მხოლოდ კომპანიების მიერ ზემოაღნიშნული წერილებით წარმოდგენილ ინფორმაციას.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით 2012 წლის და 2013 წლის 3 თვის საანალიზო პერიოდის განმავლობაში კომპანიების მიერ საცალო მომხმარებლებისთვის მიწოდებული მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, დღგ და აქციზის გარეშე, სამივე კომპანიისთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე მობილურ ქსელში დაწესებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი.
წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, მობილურ ქსელში დაწესებული ურთიერთჩართვის ტარიფები კომპანიების მიხედვით შეადგენს:
ა) შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მობილურ ქსელში - 0,062 ლარი, დღგ-ს და აქციზის გარეშე (0,08/1,18/1,1);
ბ) შპს „მობიტელის“ მობილურ ქსელში - 0,085 ლარი, დღგ-ს და აქციზის გარეშე (0,11/1,18/1,1).
წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საშუალო ფასმა ანალიზური პერიოდისთვის კომპანიების მიხედვით შეადგინა:
ა) შპს „მაგთიკომი“ – 4 თეთრი/წუთი;
ბ) შპს „ჯეოსელი“ – 5 თეთრი/წუთი;
გ) შპს „მობიტელი“ – 6 თეთრი/წუთი.
შენიშვნა: საშუალო ფასი გაანგარიშებულია საშუალო შეწონილი არითმეტიკული მეთოდის მიხედვით;
საშუალო ფასების დინამიკა თვეების და კომპანიების მიხედვით შემდეგია:
შენიშვნა: მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საშუალო ფასი გაანგარიშებულია, კომპანიების მიერ წარმოდგენილი შემოსავლების და ტრაფიკის ინფორმაციის მიხედვით.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ იმის გასარკვევად, თუ რა ფასად ხდება ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურების შემოსავალს გამოაკლდა იმ ხარჯების ჯამი (რეალიზაციის ხარჯები და ურთიერთჩართვის ხარჯები), რომელსაც ოპერატორი არ გასწევდა იმ შემთხვევაში, რომ ჰქონოდა მხოლოდ საბითუმო მომსახურება და არ ჰქონოდა საცალო მომსახურება. მიღებული შედეგი გაიყო ფაქტიურად განხორცილებული ტრაფიკის ოდენობაზე.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიების მიერ საცალო მომხმარებლებისთვის მიწოდებული მობილური ხმოვანი სატელეფონო ზარების საცალო მომსახურებიდან შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული რეალიზაციის ხარჯების (მათ შორის მარკეტინგის, რეკლამის, საცალო გაყიდვების ოფისების, სადილერო, გაყიდვების წამახალისებელი აქციების, საცალო და კორპორატიულ გაყიდვებთან დაკავშირებული პერსონალის ხელფასი და საოპერაციო ხარჯები, კომერციული, ფულის ამოღების საკომისიო და ა.შ) პროცენტულმა წილმა შემოსავლებში ანალიზური პერიოდისთვის, კომპანიების მიხედვით შეადგინა:
ა) შპს „მაგთიკომი“ – 8%;
ბ) შპს „ჯეოსელი“ – 17%;
გ) შპს „მობიტელი“ – 49%;
შენიშვნა: კომპანიებმა რეალიზაციის ხარჯები მობილურ ხმოვან სატელეფონო ზარების მომსახურებაზე და სხვა მომსახურებებზე გადაანაწილეს მთლიანი მობილური მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებში ხმოვანი სატელეფონო ზარების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის პროპორციული წილის მიხედვით.
დასკვნის შესაბამისად, წარმოდგენილ ანალიზში გამოყენებული ტრაფიკის ოდენობის განსაზღვრა განხორციელდა ორი მეთოდით:
1) მთლიანი საცალო ტრაფიკი (სხვა მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით განხორციელებული ტრაფიკის და შიდა ტრაფიკის ჯამი);
2) სხვა მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების მიმართულებით განხორციელებული ტრაფიკის და შიდა ტრაფიკის გაორმაგებული ოდენობის ჯამი. აღნიშნული მიდგომა იქნა გამოყენებული შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს ”მობიტელის” ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის დროს. ვინაიდან მობილურ ქსელში განხორციელებული შიდა ზარი კომუტირდება საკომუტაციო სადგურში და რადიოდაშვების ქსელის ელემენტებს მოიხმარს როგორც ზარის წამომწყები აბონენტიდან საკომუტაციო სადგურამდე, ასევე საკომუტაციო სადგურიდან გამოძახებულ აბონენტთან სიგნალის მიწოდებისას, განხორციელებული შიდა ტრაფიკი დანახარჯების განაწილების მოდელში ასახულია როგორც ზარის წამოწყების, ისე ზარის დასრულების ტრაფიკის ოდენობაში (იხ. კომისიის გადაწყვეტილებები: 1. N 26 / 9 - 25 იანვარი, 2011წ. ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ; 2. N 657 / 9 - 18 ნოემბერი, 2011წ. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზე 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“).
გაანგარიშების შედეგები კომპანიების მიხედვით შემდეგია:
1. პირველი მეთოდის მიხედვით:
ა) შპს „მაგთიკომი“ – 0,030 ლარი/ წუთი;
ბ) შპს „ჯეოსელი“ – 0,032 ლარი/ წუთი;
გ)შპს „მობიტელი“ – 0,013 ლარი/ წუთი.
2. მეორე მეთოდის მიხედვით:
ა) შპს „მაგთიკომი“ – 0,016 ლარი/ წუთი;
ბ) შპს „ჯეოსელი“ – 0,018 ლარი/ წუთი;
გ) შპს „მობიტელი“ – 0,0077 ლარი/ წუთი.
შენიშვნა:
1. გაანგარიშებაში გამოყენებული ფინანსური/საბუღალტრო ინფორმაცია არ არის აუდირებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, შესაბამისად კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის ანალიზში გამოყენებული ინფორმაციის სისწორე წარმოადგენს კომპანიების პასუხისმგებლობას;
2. ვინაიდან ანალიზი მომზადებულია დავის განხილვის რეჟიმში და არა კვლევისა და ანალიზის ადმინისტრაციული წარმოების გზით, არ იყო საკმარისი დრო წარმოდგენილი ინფორმაციის სრულად შესწავლის, ინფორმაციის სხვა წყაროებთან შედარების და სრულყოფილი დასკვნის წარმოსადგენად.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული შენიშვნებისა, წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზიდან ირკვევა, რომ ადგილი აქვს შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის” მიერ სხვა ავტორიზებული პირისათვის საბითუმო მომსახურების (ზარის წამოწყება/დასრულება) იმგვარი დისკრიმინაციული და არაერთგვაროვანი ტარიფებით მიწოდებას, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის იგივე სახის მომსახურების მიწოდებისას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროს ელისო ასანიძის ახსნა-განმარტება, რომელმაც აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 4 ივნისს, შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევის თაობაზე მომზადებულ დასკვნაში (სამსახურებრივი ბარათი N10/560-13), აღნიშნული იყო, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ვერ მოესწრო შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის შედარება კომისიაში არსებულ სტატისტიკურ ბაზასთან; აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, კომისიის მიმდინარე სხდომისთვის, კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ შედარებულ იქნა შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის სტატისტიკურ ბაზაში, არსებულ ინფორმაციასთან და შედარების შედეგად გამოიკვეთა განსხვავებები შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებში, შესაბამისად, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ ეთხოვათ დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში; დაზუსტებული ინფორმაცია კომისიაში ასევე წარმოადგინა შპს „მაგთიკომმაც“, ვინაიდან კომპანიის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ინფორმაციაში არ იყო ასახული ტრაფიკი მიმართულებების მიხედვით, სადაც ურთიერთჩართვის ტარიფი განსხვავებულია.
ე.ასანიძემ აღნიშნა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ინფორმაციის შედეგად გადაანგარიშება მოხდა იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც იქნა დათვლილი პირველადი მონაცემები: მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა რეალიზაციის და ურთიერთჩართვის ხარჯები და ხარჯები, რომელიც არ ექნებოდა კომპანიებს იმ შემთხვევაში, მათ რომ არ ჰქონოდათ საცალო მომსახურება. მიღებული შედეგი გაიყო ფაქტიურად განხორციელებული ტრაფიკის ოდენობაზე.
ე.ასანიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის დროს, ცალკე არ გამოყოფილა საცალო მომსახურებიდან მიღებული მოგება და ის აისახა საბითუმო ღირებულებაში, რამაც, მოგების კუთხით, არ შეამცირა მომსახურების საბითუმო ღირებულება, ანუ ღირებულება, რასაც კომპანია საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს. როგორც ე.ასანიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა წარმოადგინეს დაზუსტებული ინფორმაცია, ამას არსებითი ცვლილებები გადაანგარიშებაში არ გამოუწვევია, მართალია დაფიქსირდა გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ფაქტობრივი გარემოება, რაც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 4 ივნისის N10/560-13 სამსახურებრივ ბარათში იყო მითითებული არ შეცვლილა, კერძოდ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ საცალი მომსახურებიდან, ანუ მომხმარებლებისათვის მიწოდებული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან შემოსავალი 1 წუთზე, აგრეთვე 1 წუთზე ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების შიდა მოხმარების საბითუმო ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე აღნიშნული ავტორიზებული პირების მიერ სხვა ავტორიზებული პირებისთვის საბითუმო მომსახურების ბაზარზე ზარის წამოწყება/დასრულებაზე დადგენილი ტარიფები.
ე.ასანიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ საცალო მომსახურების ტარიფი ნაკლებია, ვიდრე საბითუმო მომსახურების ტარიფი, კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ვერ დგინდება თუ რა ფასად მოიხმარს შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“ და შპს „მობიტელი“ საბითუმო მომსახურებას იმისათვის, რომ მიაწოდონ აბონენტებს საცალო მომსახურება. ე.ასანიძემ ასევე აღნიშნა, რომ ღირებულების ზუსტად დადგენის მიზნით აუცილებელია, რომ შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“ და შპს „მობიტელმა“ მოამზადონ და კომისიას წარმოუდგინონ შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული ანგარიში, რომელიც შესაძლებელს გახდის დადგინდეს კომპანიის შიგნით მომსახურების გადაცემის ღირებულება ყველა ფაქტორის გათვალისწინებით;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის, ლევან გიორგაძის მიერ წარმოდგენილ იქნა ამონარიდი კომისიის 2011 წლის წლიური ანგარიშიდან, სადაც მითითებულია საქართველოს ფარგლებში განხორციელებული ზარების (მობილურ და ფიქსირებულ ქსელებზე დასრულებული) საშუალო ტარიფი. ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამივე მობილური კომპანიის საცალო ტარიფი ურთიერთჩართვის ტარიფზე ნაკლებია. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოსაკვლევი საკითხია შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულების დარღვევა, მას მიაჩნია, რომ მხოლოდ იმ ფაქტის დადგენა, რომ საცალო ტარიფი ურთიერთჩართვის ტარიფზე ნაკლებია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ რომელიმე კომპანია არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკურ ვალდებულებას. ლევან გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები, თუ როგორ არღვევენ მობილური კომპანიები დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებას და რაში გამოიხატება ეს დარღვევა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის 2011 წლის წლიური ანგარიშიდან იკვეთება რომ კომისიისთვის ცნობილი იყო, რომ 2011 წლის ბოლო კვარტალში საქართველოს ფარგლებში განხორციელებულ ზარებზე საშუალო ტარიფი შეადგენდა 6.6 თეთრს, ანუ საცალო ტარიფი დაბალი იყო ურთიერთჩართვის ტარიფზე, შესაბამისად, ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ ადგენს კომისია ახლა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რომ კომპანიები არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას, მაშინ როდესაც თუ კომისიას ეს დარღვევად მიაჩნია, ეს ფაქტი ჯერ კიდევ 2011 წლის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესში იყო ცნობილი.
კომისიის სხდომაზე შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავით თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:
1. ჰქონდა თუ არა ადგილი შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მხრიდან კომისიის მიერ მიღებული კონკურენციის უზრუნველმყოფი გადაწყვეტილების დარღვევას;
2. თუ ამ დარღვევას ადგილი ჰქონდა, გამოიწვია თუ არა ამან რაიმე ფინანსური ამ ეკონომიკური ზარალი რომელიმე ავტორიზებული პირის, თუნდაც შპს „კავკასიის ციფრულ ქსელის“ მიმართ;
3. თუ ზემოაღნიშნულ გარემოებებს ჰქონდა ადგილი, როგორ უნდა განხორციელდეს საბითუმო ბაზრის რეგულირება.
დავით თუთბერიძემ აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების (რომელმაც შემდგომში შესაბამისი ასახვა ჰპოვა კომისიის მიერ მიღებულ კონკურენციის უზრუნველმყოფ გადაწყვეტილებაში) არსი იმდგომარეობს იმაში, რომ ბაზარზე მოქმედ მცირე ოპერატორებს ჰქონდეთ საშუალება კონკურენცია გაუწიონ ამავე ბაზარზე მოქმედ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებს საცალო ბაზარზე, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ საბითუმო ფასი, რომლითაც ოპერირებენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები, უნდა იყოს იმდენად ხელსაყრელი, რომ მცირე კომპანიებმა, როგორც ე.წ. „დისტრიბუტორებმა“ კონკურენცია გაუწიონ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს. დავით თუთბერიძემ მიუთითა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, ან ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები მსურველი ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან დაშვების, აგრეთვე მომსახურების ბაზარზე შეთავაზებული საბითუმო და შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა. ასევე ამავე კანონის მე–2 მუხლის ჭ) ქვეპუნქტზე, რომელიც განმარტავს, რომ ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს და აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ეს განმარტებები ჩადებულია სწორედ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს არ ჰქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა ბაზარზე და პატარა ოპერატორებმა შეძლონ მათთვის კონკურენციის გაწევა.
დავით თუთბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2013 წლის 4 ივნისს წარმოდგენილი დასკვნით დასტურდება რომ შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“ და შპს „მობიტელი“ არღვევენ კომისიის მიერ მათთვის დაკისრებულ დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებას.
დავით თუთერიძემ აღნიშნა, რომ კომპანიები მხრიდან დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევამ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელის“ მიმართ გამოიწვია თითქმის გამოუსწორებელი შედეგები. კერძოდ კომპანიამ დაკარგა რამდენიმე მსხვილი კლიენტი, რომელთაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ აწვდიდა ზარის დასრულების მომსახურებას შპს „მაგთიკომში“, შპს „ჯეოსელში“ და შპს „მობიტელში“ იმის გამო, რომ შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“ და შპს „მობიტელმა“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ კლიენტებს შესთავაზე ზარის დასრულების ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ მიადგა დიდი მატერიალური ზიანი და მან ვერ შეძლო რიგი ვალდებულებების შესრულება მობილური ოპერატორების მიმართ, რაც გახდა რიგ მათგანთან ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერების საფუძველი.
დავით თუთბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბაზარზე ფასების რეგულირება ხდება არა საცალო, არამედ საბითუმო ფასებიდან გამომდინარე და შესაბამისად, როდესაც სამი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი აცხადებს, რომ თუ კომისია დარღვევას ხედავს იმაში, რომ საცალო ფასები უფრო დაბალია ვიდრე საბითუმო, მაშინ ოპერატორების ასწევენ საცალო ფასებს, დავით თუთბრიძის აზრით ეს არის მობილური კომპანიების მუქარა სოციალური დესტაბილიზაციის მიმართულებით, როდესაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები ემუქრებიან სახელმწიფოს იმით, რომ საცალო ბაზარზე ფასების აწევით გამოიწვევენ სოციალურ დესტაბილიზაციას, ხოლო კითხვების გაჩენის შემთხვევაში ხელს გაიშვერენ კომისიისკენ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისკენ“, რომ საცალო ფასების აწევა გამოწვეულია კომისიის მიერ განხორციელებული მარეგულირებელი ქმედებებით. დავით თუთბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ამოცანა ის კი არ არის, რომ საცალო ტარიფები მაღლა აიწიოს, ამოცანა არის ის, რომ დაბლა დაიწიოს საბითუმო ტარიფებმა, აქედან გამომდინარე დადგინდეს შესაბამისად საცალო ტარიფები და კომპანიებმა დაიცვან დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება რაც მათ დაკისრებული აქვთ კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის სხდომაზე კომისიამ მოისმინა როგორც კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტის პოზიცია, ასევე დაინტერესებული პირების შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული დოკუმენტაცია, კომისიის სხდომაზე გამოაცხადა შესვენება და გადაწყვეტილების მიღების დარიღად დაასახელა 2013 წლის 17 ივლისის 16:00.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა განახლდა კომისიის 2013 წლის 17 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დავით თუთბერიძე.
კომისია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად აღნიშნავს შემდეგს:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი კონკურენციის წახალისება წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთ მიზანს.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება, ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად:
1. თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, ან შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებისას მისთვის დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.
2. კომისია უფლებამოსილია დააკისროს ან აუკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება იმ ავტორიზებულ პირს, რომელიც ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ხოლო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.
3. თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც პირდაპირ საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ადამიანთა ჯანმრთელობას ან რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან საოპერაციო პრობლემები შეუქმნას სხვა მიმწოდებლებს ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მომხმარებლებს, კომისია უფლებამოსილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოს აღსრულება უშუალო იძულების გამოყენებით.
4. იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. ობიექტურად დასაბუთებული მტიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს ამ ვალდებულებების პირობებში.
5. კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან.
6. კომისიამ შეიძლება შეარჩიოს მხოლოდ ის ობიექტური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს გამოვლენილი დარღვევის უსწრაფეს და ნაკლებდანახარჯიან აღმოფხვრას და არ მიაყენებს ზიანს მომხმარებლებს და შესაბამის ავტორიზებულ პირს.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ კომისიის მიერ შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ განხორციელდეს „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები და კომისიის მიერ აღნიშნული ავტორიზებული პირების მიმართ გამოყენებულ იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს აღნიშნული ავტორიზებული პირების მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „მობიტელის“ საცალო მომსახურების ტარიფი ნაკლებია, ვიდრე საბითუმო მომსახურების ტარიფი, კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, ისევე როგორც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნით, ადმინისტრაციული წარმოების ამ ეტაპზე უტყუარად ვერ დგინდება თუ კონკრეტულად რა ფასად მოიხმარს შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“ და შპს „მობიტელი“ საბითუმო მომსახურებას იმისათვის, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა მიაწოდონ აბონენტებს საცალო მომსახურება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ იმისთვის, რომ უტყუარად იქნას დადასტურებული შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 18 ნოემბრის N657/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ადმინისტრაციული წარმოების ამ ეტაპზე, კომპანიებისგან გამოთხოვილ უნდა იქნას ინფორმაცია, კერძოდ: შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“, საკუთარი შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საბითუმო ფუნქციური ქვედანაყოფის მიერ, ამავე შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საცალო ფუნქციური ქვედანაყოფისთვის მიწოდებული სატელეფონო ხმოვანი ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით, უნდა დაევალოთ 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის (მათ შორის, ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და დატვირთული კაპიტალის განაწილების ანგარიში საქმიანობის სახეების მიხედვით) კომისიისთვის წარმოდგენა 2013 წლის 16 ოქტომბრამდე; განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებს“ და დამოწმებული უნდა იყოს იმ აუდიტორის მიერ, რომელიც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების მიხედვით;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანიების მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ კომისია იმსჯელებს შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
ზემოღნიშნული ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნა შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქციების გამოყენების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და 28-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას)
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“ და შპს „მობიტელმა“ საკუთარი შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საბითუმო ფუნქციური ქვედანაყოფის მიერ, ამავე შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საცალო ფუნქციური ქვედანაყოფისთვის მიწოდებული სატელეფონო ხმოვანი ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით, უზრუნველყონ 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის (მათ შორის, ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და დატვირთული კაპიტალის განაწილების ანგარიში საქმიანობის სახეების მიხედვით) კომისიისთვის წარმოდგენა 2013 წლის 16 ოქტომბრამდე; განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებს“ და დამოწმებული უნდა იყოს იმ აუდიტორის მიერ, რომელიც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების მიხედვით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელისთვის“ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეთათვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე);
6. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
