წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის № B111 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 457 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2013

მიღების თარიღი ივლისი 19, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

            ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 2 ივლისის N10/732-13 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისადაც შპს „ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერია“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB111 ლიცენზიას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურებით მაუწყებლობაზე, არ ახორციელებს მაუწყებლობას, ამავე დროს, კომპანია თავის ვებ გვერდზე არ აქვეყნებს და არც კომისიას აწვდის მომდევნო კვირის პროგრამების განრიგს.

 კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს შპს „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ 2013 წლის 12 ივნისის N6/3035-13 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერია“ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო 2012 წლის განმავლობაში არ გასულა ეთერში და კომპანია არ ფუნქციონირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.  ამავე კანონის  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ქართული ტელემაუწყებლობა ივერიის”  კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერიის”  კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №436/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის  16 აგვისტოს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე                           (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ ”ქართული ტელე-მაუწყებლობა ივერიისთვის” გაგზავნა  (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის სესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა)

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                           კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                         ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                         ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები