რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2013
მიღების თარიღი ივლისი 22, 2013
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს „სილქნეტმა“ და სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის N6/2962-13, 05.06.2013), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N220/5 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებით და სს „სილქნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების (N10-285) შესაბამისად, პირდაპირი გადაპირების წესით დროებით სარგებლობაში გადაცემული აქვს სს „სილქნეტს“.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზია ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით — 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც სარგებლობის უფლებას მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2013 წლის 23 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2013 წლის 23 ივლისს, შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
“ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;
დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;
ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;
ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”
კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1,000.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის N6/3616-13, 12.07.2013)
კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
C-გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობა;
n-ჩატარებულ აუქციონთა რაოდენობაა;
Ai--i-ურ აუქციონზე დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურია, i=1,2,…,n;
Bi-i-ურ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა, i=1,2,…,n.
„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/840-13, 18.07.2013), რომლის შესაბამისადაც ვინაიდან მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ბოლო ორი წლის, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით (მობილური და ფიქსირებული სამსახურები) სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა არც ერთი აუქციონი, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტით და ამავე მუხლის ვ) ქვეპუნქტით.
კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებულ რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩატარებული ბოლო სამი აუქციონის შედეგები შემდეგნაირია:
· კომისიის 2006 წლის 23 მაისის N210/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 35 მჰც სიხშირულ ზოლზე (1950მჰც÷1965მჰც; 2140მჰც÷2155მჰც; 2010მჰც÷2015მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ტელეკომინვესტი საქართველო“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 18,681,072 (თვრამეტი მილიონ ექვსასოთხმოცდაერთი ათას სამოცდათორმეტი) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა 35მჰც სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 18,681,072/35 = 533,744.91 (ხუთასოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი და 91) ლარი.
· კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N533/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10 მჰც სიხშირულ ზოლზე (1740,4მჰც÷1741,2მჰც; 1835,4მჰც÷1836,2მჰც; 1780,6მჰც÷1784,8მჰც; 1875,6მჰც÷1879,8მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯეოკომ ინვესტი“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური- 17,808,518.00 (ჩვიდმეტი მილიონ რვაასრვა ათას ხუთასთვრამეტი და 00) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა 10მჰც სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 17,808,518/10 = 1,780,851.80 (ერთი მილიონ შვიდასოთხმოცი ათას რვაასორმოცდათერთმეტი და 80) ლარი.
· კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N795/8 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10.98 მჰც სიხშირულ ზოლზე (880.335მჰც÷883.365მჰც; 887.055მჰც÷889.515მჰც; 925.335მჰც÷928.365მჰც; 32.055მჰც÷934.515მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „მობიტელი“, აღნიშნულ აუცქიონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 27,874,175.00 (ოცდაშვიდი მილიონ რვაასსამოცდათოთხმეტი ათას ასსამოცდათხუთმეტი და 00) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა 10.98მჰც სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 27,874,175/10.98 = 2,538,631.60 (ორი მილიონ ხუთასოცდათვრამეტი ათას ექვსასოცდათერთმეტი და 60) ლარი.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზია ითვალისწინებს 7.38მჰც (827,955მჰც÷831,645მჰც და 872,955მჰც÷876,645მჰც) სიხშირული ზოლით სარგებლობის უფლებას. კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგნაირად: 7.38×((533,744.91+1,780,851.80+2,538,631.60)/3)=
=11,938,941.64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 11,938,941.64 (თერთმეტი მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას ცხრაასორმოცდაერთი და 64) ლარს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების განვითარებას შედეგად მოჰყვა ევროპის მასშტაბით სიხშირეების განაწილების მიმართ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომლის მიხედვითაც 790-862 მჰც სიხშირული ზოლი (ე.წ. 800 მჰც დიაპაზონი, რომელიც ევროპაში თავდაპირველად განკუთვნილი იყო მაუწყებლობისათვის) განაწილებული და გაცემულ იქნა მობილური ფართოზოლოვანი საკომუნიკაციო სისტემების დასანერგად. საქართველოს რეალობაში კი ევროპის მასშტაბით ჰარმონიზებული ნორმების შესაბამისად, 800 მჰც დიაპაზონში სიხშირეების განაწილება ნაწილობრივ ემთხვევა და ფარავს CDMA 850 ტექნოლოგიისათვის განსაზღვრულ და გაცემულ სიხშირულ რესურსს, რომლის ნაწილსაც დღეს ფლობს სს „გაერთიანებული ტელეკომი“, ხოლო სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს” შორის გაფორმებული 2010 წლის 9 მარტის N10-285 ხელშეკრულებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობს სს „სილქნეტი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ქვეყანა დგას მობილური სიხშირეების განაწილების, მართვისა და გამოყენების გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული და ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავების ძალზედ მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მობილური ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) ბაზრის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ინოვაციური და ახალი მომსახურებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პრიორიტეტულია განისაზღვროს, თუ რა მიმართულებას აირჩევს სახელმწიფო 800მჰც დიაპაზონთან დაკავშირებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, 800მჰც სიხშირული დიაპაზონი გაანაწილოს ევროპის ფარგლებში არსებული სტანდარტის შესაბამისად („Down-link”-ი 790-821მჰც და “Up-link”-ი 832-862მჰც) და ხელმისაწვდომი გახადოს მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიებისთვის, სამომავლოდ უნდა განისაზღვროს რა მიდგომა ექნება ქვეყანას იგივე დიაპაზონში CDMA 850 ტექნოლოგიის შესაბამისად გაცემული სიხშირეების მიმართაც, ვინაიდან აღნიშნული მიმართულების განსაზღვრის გარეშე შეუძლებელი იქნება, ერთიდაიგივე სიხშირულ დიაპაზონში შევინარჩუნოთ სიხშირეების დანაწილების ორი სხვადასხვა სტანდარტი.
კომისია აღნიშნავს, იმის გამო, რომ 800/900მჰც დიაპაზონების ევროპის ფარგლებში არსებული სტანდარტების შესაბამისად განაწილებისას, პრობლემას ქმნის CDMA 850 ტექნოლოგიისთვის განაწილებული და გაცემული სიხშირული რესურსი მათ შორის, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის ფარგლებში გათვალისწინებული სიხშირეები, 800-900 მჰც დიაპაზონების ევროპული ჰარმონიზებული პრაქტიკის თანახმად მობილური ტექნოლოგიებისათვის განაწილების გადაწყვეტილების მიღებისას დღის წესრიგში დადგება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სარგებლობაში არსებული ლიცენზიის მიმართ სამომავლო მიდგომის საკითხი.
იმის გათვალისწინებით, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით, კერძოდ, 2×3.69 მჰც სიხშირული რესურსის გამოყენებით ხორციელდება 100 000-მდე აბონენტისთვის ფიქსირებულ და მობილურ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიმართული იქნება 800 მჰც დიაპაზონში სიხშირული სპექტრის დანაწილების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისაკენ, შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მფლობელის დღევანდელი CDMA 850 ქსელის შემდგომ განვითარებაზე და მის კონკურენტუნარიანობაზე.
სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადანაწილება განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების მთელ ვადაზე, 10 წელზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 22 ივლისს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ დირექტორი ლევან ტრაპაიძე, რომელმაც დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 11,938,941.64 (თერთმეტი მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას ცხრაასორმოცდაერთი და 64) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, გადახდაზე მზადყოფნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას 2013 წლის 23 ივლისიდან 10 წლით-2023 წლის 23 ივლისამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;
ბ) დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;
გ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს -11,938,941.64 (თერთმეტი მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას ცხრაასორმოცდაერთი და 64) ლარით.
3. უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 11,938,941.64 (თერთმეტი მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას ცხრაასორმოცდაერთი და 64) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402
1,193,894,20 ლარი-2013 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2014 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2015 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2016 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2017 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2018 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2019 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2020 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2021 წლის 23 აგვისტომდე;
1,193,894,16 ლარი-2022 წლის 23 აგვისტომდე;
4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.შოვნაძე);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე).
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების ლიცენზიის მფლობელისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).
7. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
8. გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა დ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ამავე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
