წვდომის მენიუ

შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 461 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2013

მიღების თარიღი ივლისი 22, 2013

 

შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს  „მობიტელმა“ (04.06.13N7/223-13) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელი“ კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის N789/22, 2006 წლის 28 თებერვლის N83/2 და 2006 წლის 24 მაისის N218/22 გადაწყვეტილებების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით — 1775.2მჰც÷1780.2მჰც; 1870.2მჰც÷1875.2მჰც სარგებლობის უფლებას, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2013 წლის 23 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ”, ხოლო ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ”განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილ უნდა იქნას კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.”

შპს ”მობიტელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F5 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2013 წლის 23 ივლისს, შესაბამისად, შპს ”მობიტელის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

“ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“  შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

 ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.”

  კომისია აღნიშნავს, რომ  ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1,000.00 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №6/3588-13 10.07.13)

კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვლის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის სარგებლობით უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

C× Ai/Bi)/n ,

სადაც:

C-გასაგრძელებელი ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობა;

n-ჩატარებულ აუქციონთა რაოდენობაა;

Ai--i-ურ აუქციონზე დაფიქსირებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურია, i=1,2,…,n;

Bi-i-ურ აუქციონზე გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა ოდენობაა, i=1,2,…,n.

„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N10/841-13 18.07.13), რომლის შესაბამისადაც, ვინაიდან მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ბოლო ორი წლის, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად  დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად (ანუ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად 900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად) არ გამართულა არც ერთი  აუქციონი, შპს “მობიტელის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშებისას კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტით და ამავე მუხლის  ვ) ქვეპუნქტით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 2013 წლის 22 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია.

კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად   დანაწილებულ რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო  ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩატარებული ბოლო სამი აუქციონის შედეგები შემდეგნაირია:

·          კომისიის 2006 წლის 23 მაისის N210/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 35 მჰც სიხშირულ ზოლზე (1950მჰც÷1965მჰც; 2140მჰც÷2155მჰც; 2010მჰც÷2015მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა  შპს „ტელეკომინვესტი საქართველო“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 18,681,072 (თვრამეტი მილიონ ექვსასოთხმოცდაერთი ათას სამოცდათორმეტი და 00) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა  35მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 18,681,072/35 = 533,744.91 (ხუთასოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი და 91) ლარი.

·         კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N533/10 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10 მჰც სიხშირულ ზოლზე ( 1740,4მჰც÷1741,2მჰც; 1835,4მჰც÷1836,2მჰც; 1780,6მჰც÷1784,8მჰც; 1875,6მჰც÷1879,8მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯეოკომ ინვესტი“, აღნიშნულ აუქციონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური- 17,808,518.00 (ჩვიდმეტი მილიონ რვაასრვა ათას ხუთასთვრამეტი და 00) ლარი, შესაბამისად 1 მჰც სიხშირის საფასურმა 10მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 17,808,518/10 = 1,780,851.80 (ერთი მილიონ შვიდასოთხმოცი ათას რვაასორმოცდათერთმეტი და 80) ლარი.

·         კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N795/8 გადაწყვეტილებით მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, ჯამში 10.98 მჰც სიხშირულ ზოლზე (880.335მჰც÷883.365; 887.055მჰც÷889.515მჰც; 925.335მჰც÷928.365მჰც; 932.055მჰც÷934.515მჰც) გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „მობიტელი“, აღნიშნულ აუცქიონზე დაფიქსირებული იქნა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 27,874,175.00 (ოცდაშვიდი მილიონ რვაასსამოცდათოთხმეტი ათას ასსამოცდათხუთმეტი და 00) ლარი, შესაბამისად  1 მჰც სიხშირის საფასურმა 10.98მჰც  სიხშირული ზოლისთვის შეადგინა 27,874,175/10.98 = 2,538,631.60 (ორი მილიონ ხუთასოცდათვრამეტი ათას ექვსასოცდათერთმეტი  და 60) ლარი.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5  ლიცენზია ითვალისწინებს 10მჰც (1775.2მჰც÷1780.2მჰც; 1870.2მჰც÷1875.2მჰც) სიხშირული ზოლით  სარგებლობის უფლებას. კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლისას საშუალო არითმეტიკული გამოითვლება შემდეგნაირად: 10×((533,744.91+1,780,851.80+2,538,631.60)/3)=16,177,427.70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შპს “მობიტელის“ მიერ გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 16,177,427.70 (თექვსმეტი მილიონ ასსამოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასოცდაშვიდი და 70) ლარს.

       კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 22 ივლისს  გამართულ კომისიის სხდომაზე  შპს „მობიტელის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ირაკლი ესართიამ დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის  გ) და ვ) ქვეპუნქტების,   კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიას 2013 წლის 23 ივლისიდან 10 წლით-2023 წლის 23 ივლისამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1775.2მჰც÷1780.2მჰც; 1870.2მჰც÷1875.2მჰც.

ბ) დანიშნულება: მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;

გ) გეოგრაფიული ზონა:  საქართველო;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;

ე) შპს „მობიტელი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F5 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

2. შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს -16,177,427.70  (თექვსმეტი მილიონ ასსამოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასოცდაშვიდი  და 70) ლარით;

3. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 16,177,427.70 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სამი თვის ვადაში, შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402

4. შპს „მობიტელი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. შპს „მობიტელის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა(ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე);

გ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა(ნ.ლორთქიფანიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მობიტელისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).

7.   გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8.  გადაწყვეტილება (პირველი პუნქტის გარდა) ძალაში შევიდეს შპს „მობიტელისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული დაგაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა დ)ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) ამავე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                                                           კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი                         

კომისიის წევრი                                                                                                                                                                                                       აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები