წვდომის მენიუ

შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 469 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2013

მიღების თარიღი ივლისი 26, 2013

შპს  ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2013 წლის 09 ივლისს წარმოებაში გადაეცა, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 08 ივლისის N10/749-13 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ 2013 წლის 01 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ გააჩნია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 3,326.00 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 08 ივლისის N10/749-13 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2013 წლის 23 ივლისს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს  ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის  მიერ კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N414/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 26 ივლისს; აღნიშნულის თაობაზე შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას ჩაბარდა ხელზე 2013 წლის 23 ივლისს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; აღნიშნული შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2013 წლის 24 ივლისს კომისიას მომართა (წერილი N6/4077-13) შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ გენერალურმა დირექტორმა მამული კუჭავამ. აღნიშნულ წერილში განმცხადებელი აღნიშნავს, რომ კომპანიას ნამდვილად გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 3326.00 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორის განცხადებით, ბიზნესისა და შესაბამისად სარეკლამო ბაზრის ტოტალური კონტროლით იბლოკებოდა დამოუკიდებელი მედია სუბიექტებისა და რეკლამის მიმტანთა ჯანსაღი ურთიერთობა, რამაც გამოიწვია შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც გამოიწვია აღნიშნული დავალიანების დაგროვება. ზემოაღნიშნულის საფუძველზე კომპანიამ მოითხოვა 2013 წლის ოქტომბრის თვემდე სალიცენზიო გადასახდელის გადახდისათვის ვადის მიცემა.

2013 წლის 26 ივლისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“  დირექტორი მამული კუჭავა, რომელმაც კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა მის 2013 წლის 24 ივლისის N6/4077-13 განცხადებას.

2013 წლის 26 ივლისის კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა ირაკლი მოსეშვილმა დააყენა შუამდგომლობა შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისათვის“ სალიცენზიო გადასახდელის გადასახდელად 4 თვიანი ვადის მიცემის თაობაზე, რასაც მხარი არ დაუჭირეს კომისიის წევრებმა (1 ხმა 3 ხმის წინააღმდეგ);

2013 წლის 26 ივლისის კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისათვის“ სალიცენზიო გადასახდელის დასაფარად სამთვიანი ვადის განსაზღვრის საკითხს. კომისიამ მხარი დაუჭირა შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისათვის“ სალიცენზიო გადასახდელის დასაფარად 3 თვიანი ვადის განსაზღვრას.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2013 წლის 08 ივლისის N10/749-13 მოხსენებითი ბარათი;

2.       კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N414/6 გადაწყვეტილება;

3.       შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ 2013 წლის 24 ივლისის N6/4077-13 განცხადება;

4.       შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ ამონაწერი საჯარო რეესტრის სამეწარმეო (არასამეწარმეო) პირთა რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

5.       კომისიის 2013 წლის 26 ივლისის სხდომაზე შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ გენერალური დირექტორის მამული კუჭავას ახსნა-განმარტება.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.       შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმა“ წარმოადგენს საერთო მაუწყებლობის NB67  ლიცენზიის მფლობელს;

2.       შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N414/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, დაეკისრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7 484,40 ლარი) გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

 831.60 ლარი    - 2004 წლის 27 აგვისტომდე;

831.60 ლარი    - 2005 წლის 27 აგვისტომდე;

831.60 ლარი    - 2006 წლის 27 აგვისტომდე;

831.60 ლარი    - 2007 წლის 27 აგვისტომდე;

831.60 ლარი    - 2008 წლის 27 აგვისტომდე;

831.60 ლარი    - 2009 წლის 27 აგვისტომდე;

831.60 ლარი    - 2010 წლის 27 აგვისტომდე;

831.60 ლარი    - 2011 წლის 27 აგვისტომდე;

831.60 ლარი    - 2012 წლის 27 აგვისტომდე;

3.       შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 3326.00 ლარი, რაც ნიშშნავს, რომ გრაფიკის მიხედვით გაწერილი თანხიდან ბოლო 4 წლის თანხა არ აქვს გადახდილი;

4.       შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3.       ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ მიერ არ იქნა შესრულებული  კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N414/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, კომისიას მიაჩნია, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ მიმართ,  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა; ამასთანავე, კანონდარღვევის აღმოფხვრისა და კომისიის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“  უნდა დაეკისროს, სალიცენზიო გადასახდელის - 3326.00 ლარის გადახდა 3 თვის ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და 71-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს გაფრთხილება  შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმას“, კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N414/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

2.       შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმამ“ უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N414/6 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ნებაყოფლობითი შესრულება და №B67 ლიცენზიით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 3326 (სამიათას სამასოცდაექვსი) ლარის ოდენობით,  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ა/ა  - N200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი -TRESGE22;

 საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773062;

3.       შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმა“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2  პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისათვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.       დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისათვის“  დაკისრებული სანქციის თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში  შეტანა;

6.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

7.       გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,რადიოკომპანია საქართველოს ხმისათვის“  ჩაბარების დღიდან;

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      კარლო კვიტაიშვილი

              კომისიის წევრი                                                                     ირაკლი მოსეშვილი

              კომისიის წევრი                                                                     აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები