წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია ,,І სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 470 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2013

მიღების თარიღი ივლისი 26, 2013

შპს ტელეკომპანია  ,,І სტერეოსთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

                ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (09.07.2013 10/764-13; 12.07.2013 N10/972-13) კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანდართული სამსახურებრივი ბარათებით (24.05.2013 N10/513-13 და 10.06.2013 N10/588-13) და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (10.07.2013 №10/774-13 და 11.07.2013 №10/788-13) შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის თაობაზე.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის  2013 წლის 24 მაისის N10/513-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, კომისიის რადიომონიტორინგის სისტემის ურთის მთის სტაციონალური სადგურის (RMS-2) მეშვეობით შესაძლებელია შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიით გათვალისწინებული 3 სატელევიზიო სადგურის (ბათუმი, სენაკი და ზუგდიდი) გადამცემის გასხივებული სიმძლავრის დაფიქსირება, შესაბამისად, მონიტორინგის შედეგად, 2013 წლის 24 მაისის მდგომარეობით, ქ.ბათუმის, ქ.სენაკის და ქ.ზუგდიდის სატელევიზიო გადამცემებიდან შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მაუწყებლობა არ ფიქსირდება.

სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წლის 8-10 მაისს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილურმა ჯგუფმა, დასავლეთ საქართველოში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დააფიქსირა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ სატელევიზიო გადამცემების ფუნქციონირება ქ.გორში და ქ.ქუთაისში.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (09.07.2013 10/764-13) აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 6 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ქალაქებში გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და ზუგდიდი, ჩატარებულ იქნა რადიომონიტორინგი (კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართივს დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 10.06.2013 N10/588-13), შპს „ტელეკომპანია I სტერეო“-ს მიერ კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიის ფარგლებში განხორციელებული სამაუწყებლო საქმიანობის შემოწმების მიზნით და დადგინდა, რომ ქ.გორში დაფიქსირდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მაუწყებლობა კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიით გათვალისწინებულ 36-ე სატელევიზიო არხზე, რაც შეეხება მაუწყებლობას ქ.ქუთაისში 23-ე სატელევიზო არხზე, ქ.ბათუმში 53-ე სატელევიზიო არხზე, ქ.სენაკში 28-ე სატელევიზიო არხზე და ქ.ზუგდიდში 37-ე სატელევიზიო არხზე, კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიით გათვალისწინებულ აღნიშნულ სატელევიზიო არხებზე შპს „ტელეკომპანია I  სტერეოს“ მაუწყებლობა არ დაფიქსირებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია І სტერეოს“ მიერ დარღვეულია “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა, მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90% -ისათვის.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათებში (10.07.2013 N10/774-13 და 12.07.2013 N10/972-13) აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 69,173.94 ლარის ოდენობით, ხოლო 0.30 ლარის დავალიანება კომპანიას წარმოეშვა მთლიანობაში ჩარიცხული სხვადასხვა სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის შედეგად. შესაბამისად, მთლიანობაში შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 69,174.24 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების, რადიოსიხშირეთა მართვისა და საფინანსო დეპარტამენტების ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 11 ივლისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია І სტერეოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 17 ივლისს, 16.00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობა შპს ტელეკომპანია “І სტერეოს“ შეტყობინებით (11.07.2013 N03/1476-13) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

                კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 17 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, დირექტორი დავით ზილფიმიანი, რომელმაც კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ ყოფილი დირექტორი ვასილ კობაიძე,  კომპანიის დირექტორად დანიშვნის დღიდან წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან მისი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად, ვასილ კობაიძის მიერ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მმართველობის დროს განხორციელებული ყველა ქმედება არის უკანონო. დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ მას შეუძლია კომისიას წარმოუდგინოს დოკუმენტაცია, კერძოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ ვასილ კობაიძე შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორად დანიშნული იყო უკანონოდ და შესაბამისად, მის მიერ 2012 წლის 18 მაისიდან შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მართვასთან დაკავშირებული ყველა ქმედება არის იურიდული ძალის არ მქონე. დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ სანქცირების თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო. რაც შეეხება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 69,173.94 ლარის გადაუხდელობას, დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ ეს თანხა არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში იმის გამო, რომ კომპანიას არ მიეცა მე-11 ზონით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ ზოგაში მაუწყებლობის განხორციელების საშუალება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ დამატებითი მტკიცებულებებისა და შესაბამისად საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო 2013 წლის 26 ივლისს 16:00 საათზე.

                კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდა კომისიის 2013 წლის 26 ივლისის სხდომაზე, სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

                კომისიის სხდომაზე წარმოდგენლ იქნა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის დავით ზილფიმიანის წერილი (26.07.2013 N6/4119-13), რომლითაც კომპანიამ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 ივლისის წერილი თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლით. კომისიაში წარმოდგენილ წერილში აღნიშნულია, რომ იმის გამო, რომ ურთიდან აფხაზეთზე მაუწყებლობა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ არ განხორციელებულა და დღეის მდგომარეობით აქტუალურია კომპანიის მიერ აფხაზეთზე მაუწყებლობის განხორციელება, ამავე დროს, იმის გამო, რომ თავად კომისიის მიერ გაწეულ იქნა მნიშვნელოვანი სამუშაოები იმ ტექნიკური პარამენტრების განსასაზღვრად, რაც უზრუნველყოფდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მაუწყებლობას, კომპანია მზად არის უზრუნველყოს სალიცენზიო გადასახდელის გადახდა და შესაბამისად, კომპანია ითხოვს, ამ ტექნიკური პარამეტრების ასახვა მოხდეს კომპანიის კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიაში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 17 და 26 ივლისის სხდომებზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.   კომისიის აპარატის მაუწყებლობის  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (09.07.2013 N10/764-13, 12.07.2013 N10/792-13) თანდართული კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათებით (24.05.2013 N10/513-13 და 10.06.2013 N10/588-13);

2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (10.07.2013 N10/774-13 და 11.07.2013 N10/788-13) თანდართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წერილით 28.06.2013 N3/50-13 ;

3. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზია;

4. კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის N508/1 გადაწყვეტილება „შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეოსთვის“ საეთერო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“;

5. კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილება „შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეოსთვის“ მე-11 სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობისთვის ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრის შესახებ“;

6. კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის N43/2   გადაწყვეტილება „საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე“;

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის  უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია І სტერეოს“ შესახებ მონაცემები;

8.     შპს ტელეკომპანია “І სტერეოს“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

9. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ კომისიაში 2013 წლის 26 ივლისს წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/4119-13) თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2013 წლსი 15 ივლისის N121650 წერილით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისიამ  დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიას კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის N508/1 და 2006 წლის 3 თებერვლის N43/2  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებით.

კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის N508/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატების შესაბამისად მოიცავს ქალაქებს: ბათუმი, გორი, ბოლნისი, ახალქალაქი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი, ზუგდიდი, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტს (სანავარდო), ბორჯომის მუნიციპალიტეტს (სოფ.ცხრა წყარო).

2. შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების პ) პუნქტის შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ ვალდებულია უზრუნველყოს სატელევიზიო სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად;

3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირებისა  და რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების (09.07.2013 N10/764-13, 12.07.2013 N10/792-13, 24.05.2013 N10/513-13 და 10.06.2013 N10/588-13) საფუძველზე დგინდება, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ არ ახორციელებს მაუწყებლობას კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიით განსაზღვრულ შემდეგ გეოგრაფიულ ზონაში:

ა)   ქ.ქუთაისში 23-ე სატელევიზო არხზე;

ბ)   ქ.ბათუმში 53-ე სატელევიზიო არხზე;

გ)   ქ.სენაკში 28-ე სატელევიზიო არხზე;

დ)  ქ.ზუგდიდში 37-ე სატელევიზიო არხზე;

4. კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიის ფარგლებში განესაზღვრა ტექნიკური პარამეტრები მე-11 სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობისთვის;

შენიშვნა: მე-11 სამაუწყებლო ზონა განსაზღვრული იყო „საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2003 წლის 13 ივნისის  N267/10 გადაწყვეტილებით და მოიცავდა ქ.სოხუმს, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გუდაუთის, გაგრის რაიონებს.

კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, შპს ტელეკომპანია ”პირველი სტეროს” №B20 ლიცენზიის მოქმედების ვადაში (2013 წლის 3 ნოემბერი) მაუწყებლობის  დარჩენილ პერიოდზე გადაანგარიშებით, მე-11 სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობისთვის სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განესაზღვრა  69,173.94 ლარით. ამავე გადაწყვეტილების მე-8 და მე-9  პუნქტით შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის 69,173.94 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.

4. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ტელეკომანია I სტერეოს“ მიერ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გადახდილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელი 69,173.94 ლარის ოდენობით; საფინანსო დეპარტამენტის ახსნა-განმარტების შესაბამისად, 0.30 ლარის დავალიანება კომპანიას წარმოეშვა მთლიანობაში ჩარიცხული სხვადასხვა სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის შედეგად. შესაბამისად, მთლიანობაში შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება 69,174.24 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს  ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის  დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასევე შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების შესაბამისად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

ა) კომისიამ შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც დაკმაყოფილდა დავით ზილფიმიანის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ პარტნიორთა 2012 წლის 18 მაისის კრების ოქმი, რომლითაც დავით ზილფიმიანი გათავისუფლდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის თანამდებობიდან და კომპანიის დირექტორად დაინიშნა ვასილ კობაიძე.

ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ნოემბრის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 15.07.2013 განაცხადის N637545 განაცხადის რეგისტრაციის NB13070229) შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორად  განისაზღვრა დავით ზილფიმიანი, როგორც ეს იყო შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ ბათილად ცნობილი 2012 წლის 18 მაისის კრების ოქმის მიღებამდე.             

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ გაზიარებულ უნდა იქნას კომისიის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის, დავით ზილფიმიანის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი, როგორც კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე (2013 წლის 15 ივლისი) მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულყოფილად შეესრულებია კომპანიის მიერ კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებები, ლიცენზიით გათვალისწინებული სამაუწყებლო ზონის სრულად მოცვის თაობაზე; აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს სანქცირებათან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ მიერ კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიით განსაზღვრულ რიგ გეოგრაფიულ ზონებში (ქ.ქუთაისში 23-ე სატელევიზო არხზე; ქ.ბათუმში 53-ე სატელევიზიო არხზე; ქ.სენაკში 28-ე სატელევიზიო არხზე; ქ.ზუგდიდში 37-ე სატელევიზიო არხზე) მაუწყებლობის განუხორციელებლობისა და შესაბამისად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

ბ) რაც შეეხება კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიის ფარგლებში, კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 69,173.94 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობას, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ აღნიშნული ვალდებულება დაკისრებული ჰქონდა კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან (გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაბარდა 2007 წლის 28 თებერვალს) შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ ვალდებული იყო საქართველოს სახელმწფიო ბიუჯეტში უზრუნველეყო სალიცენზიო გადასახდელის გადახდა კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რაც არ განუხორციელებია; აღნიშნული ასევე დადასტურებულ იქნა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ დირექტორის დავით ზილფიმიანის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით და ასევე მის მიერ 2013 წლის 26 ივლისს კომისიაში წარმოდგენილი წერილით (N6/4119-13).

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2006 წლის  11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილების მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის გამო; ამავე დროს, კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა მიეცეს გონივრული ვადა - 3 თვის ოდენობით დარღვევის აღმოფხვრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების  69,173.94  გადახდის მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს სანქცირების ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ მიერ კერძო მაუწყებლობის NB20 ლიცენზიით განსაზღვრულ რიგ გეოგრაფიულ ზონებში (ქ.ქუთაისში 23-ე სატელევიზო არხზე; ქ.ბათუმში 53-ე სატელევიზიო არხზე; ქ.სენაკში 28-ე სატელევიზიო არხზე; ქ.ზუგდიდში 37-ე სატელევიზიო არხზე) მაუწყებლობის განუხორციელებლობისა და შესაბამისად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;

2. მიეცეს გაფრთხილება შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N351/22 გადაწყვეტილების მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევი გამო;

3. უზრუნველყოს შპს „ტელეკომპანია I სტერეომ“ სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების 69,173.94  ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 3 თვის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22;

სახაზინო  კოდი - 300773062;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკისრებული სანქციის თაობაზე კომისიის უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კ.კვიტაიშვილი

                კომისიის წევრი                                                                                ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                ი.მოსეშვილი                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები