წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 474 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2013

მიღების თარიღი ივლისი 26, 2013

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2012 წლის 31 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №199/9 ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ”.  გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები, კერძოდ:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,1 აშშ დოლარი - 1 წუთი;

ბ)ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0.05 აშშ დოლარი - 1 წუთი.

ზღვრული ტარიფები ამოქმედდა 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი.

                კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის პირველ აგვისტომდე; ამასთან, კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებს ეთხოვათ შეთანხმებული წინადადებების კომისიისთვის წარმოდგენა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საკითხის სისტემურად რეგულირების მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიას წერილობით მომართა შპს ”მაგთიკომმა”  (წერილი №13/101-2, 05.06.2013წ.) რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით განხორციელებულმა ცვლილებამ, კერძოდ – საერთაშორისო ტერმინაციის საფასურის გაზრდამ მობილურ ქსელში მინიმუმ 0,10 USD–მდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 0,05 USD–მდე– პოზიტიური გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კომუნიკაციების სექტორზე ავტორიზებული პირების შემოსავლის ზრდის და უცხოელ პარტნიორებთან მანამდე არსებული უარყოფითი ფინანსური ბალანსის შემცირების კუთხით, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გაზრდის პერსპექტივით და ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების შემცირებით.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეფექტური იყოს კანონი თუ წესი, ყოველგვარ ფასეულობას მოკლებულია თუ კი არ ხდება აღნიშნული კანონებისა და წესების დაცვა და არ/ვერ ხორციელდება კონტროლი.

უფრო მეტი სიცხადისათვის შპს ”მაგთიკომი” ზემოაღნიშნულ წერილში განიხილავს თუ რა ტიპის პრობლემები გაჩნდა საბითუმო ბაზარზე საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების დაწესების შემდეგ, კერძოდ:

ა) კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილების მიხედვით, ქვედა ზღვრული ტარიფი საერთაშორისო ზარის დასრულებაზე დადგენილია საზღვარზე და არა აბონენტების მომსახურე ოპერატორის ქსელში, სადაც რეალურად სრულდება ზარი. არ არსებობს არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამოვლენის და მათთან ბრძოლის მექანიზმები, როგორც ტექნიკური ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. კერძოდ, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, რიგმა საერთაშორისო ოპერატორებმა და სავარაუდოდ ადგილობრივმა ავტორიზებულმა პირებმა ფაქტობრივად გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე დაიწყეს საქართველოს მიმართულებით კომისიის მიერ დადგენილ საერთაშორისო ტარიფებზე ოდნავ ნაკლები ტარიფების შეთავაზება, დაახლოებით 0,098USD და 0,049USD ოდენობით. ის გარემოება, რომ ფაქტიურად შეუძლებელია არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამოვლენა, აბონენტის მფლობელ ოპერატორებს აყენებს ფინანსურ ზიანს, რაც თავის მხრივ ქსელის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, რომლის საჭიროებაც არ გააჩნიათ ადგილობრივ ავტორიზებულ პირებს;

ბ) მარეგულირებელმა კომისიამ დასაწყისშივე არ განახორციელა პრევენციული ზომები, რათა არ დაეშვა ტარიფების მკვეთრი კლება.

გ) დღეისათვის, რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიზებული პირების არაკეთილსინდისიერი მოქმედების გამო საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მობილური ქსელების მიმართულებით შეთავაზების ტარიფი შეადგენს 0,07-0,075 USD, ხოლო ფიქსირებული ქსელების მიმართულებით 0,03 USD-0,035 USD;

დ) მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის მფლობელი ოპერატორების შემოსავლები, სადაც რეალურად სრულდება საერთაშორისო ზარები, რამაც თავის მხრივ განაპირობა უცხოელ პარტნიორებთან უარყოფითი ფინანსური ბალანსის და ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების ზრდა;

ე) რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიზებული პირების არაკეთილსინდისიერი ქმედებით მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოში შემომავალი ზარების ხარისხი;

ვ) არაპროგნოზირებადი ტარიფების გამო შეუძლებელი გახდა პარტნიორ საერთაშორისო ოპერატორებთან ტრაფიკების გაცვლაზე მოკლევადიანი შეთანხმების დადებაც კი.

ზ) ამავდროულად შესამჩნევია რიგი ქვეყნების მიმართულებით ტარიფების ზრდის ტენდენციები. მაგალითად, ნოემბერში დაიწყო რუსეთის მობილურ ქსელებში (მთლიანი გამავალი საერთაშორისო ტრაფიკის დაახლოებით 35%) ზარის დასრულების ტარიფის ზრდა 0,10 USD–დან 0,14 USD-მდე, აგვისტოს თვიდან თურქეთის მობილური ქსელების მიმართულებით (მთლიანი გამავალი საერთაშორისო ტრაფიკის დაახლოებით 15%) ტარიფები გაიზარდა 0,0285-0,0315 USD-დან 0,107 USD-მდე, 2012 წლის განმავლობაში უკრაინის მობილური ქსელების მიმართულებით ტარიფები გაიზარდა 0,115 USD-დან 0,153 USD-მდე.

შპს “მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ქმედითი ზომები, რათა უმოკლეს ვადებში მაქსიმალურად აღმოიფხვრას საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, რისთვისაც შემოთავაზებულია რამდენიმე მიდგომა:

1.       განხილული იქნას საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ახალი (გაზრდილი) ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყნიდან სავალუტო სახსრების გადინების პროცესს და მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების აკუმულირებას. (ჩვენი ხედვით, გთავაზობთ მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაციაზე საფასურის დაწესებას 0,25 USD-ის ოდენობით, ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში -0,15 USD-ის ოდენობით. აღნიშნული ცვლილებები საქართველოს სავაჭრო ბალანსს, იგივე ტრაფიკების არსებობის პირობებში, წლის ჭრილში გაზრდის 64 მილიონი აშშ დოლარით);

2.       განისაზღვროს არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამოვლენის და მათთან ბრძოლის მექანიზმები, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა მოხდეს დარგში კონკურენტული, თანაბარ პირობებში გამჭვირვალედ ოპერირების შესაძლებლობის ხელშეწყობა;

3.       განხილულ იქნას საერთაშორისო ზარების ავტორიზებული პირის ქსელში დასრულებაზე ფიქსირებული ტრანზიტული მომსახურების საფასურის დაწესება, რაც შპს ”მაგთიკომის“ მოსაზრებით 0,035 USD უნდა იყოს;

4.       განხილულ იქნას ადგილობრივ ოპერატორებს შორის საერთაშორისო ზარებზე ანგარიშსწორების შესაძლო მოდელი, რომლის მიხედვითაც ავტორიზებულ პირებს შორის ანგარიშსწორება საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე განხორციელდება დადგენილი (გაზრდილი) ქვედა ზღვრული ტარიფების შესაბამისად, რომელიც დაწესდება რეალური აბონენტების მომსახურე ოპერატორის ქსელში ზარის დასრულებაზე და არა საზღვარზე;

5.       განხილულ იქნას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისათვის, გარკვეული ვალდებულებების დაწესება; კერძოდ, საერთაშორისო ოპერატორებისათვის მათ მიერ შეთავაზებული საბაზრო ტარიფი დადგინდეს არაუმეტეს დაწესებულ ქვედა ზღვრული და ტრანზიტული ტარიფის ჯამურ ოდენობისა.

შპს ”მაგთიკომს“  მიაჩნია, რომ შემოთავაზებული მოდელი საბითუმო ბაზრის ბუნებრივი რეგულაციის და ეკონომიკურად პოზიტიური შედეგების საწინდარია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ყველა და ყველანაირი ზომის მოთამაშის ინტერესების გათვალისწინებით, თავის მხრივ,  მისი აზრით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ ადგილობრივ მცირე ზომის ოპერატორებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ბოლო მომხმარებლები და მხოლოდ საბითუმო ბაზარზე ოპერირებენ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ასევე წერილობით მომართა შპს „მაიფონმა“ (წერილი №049, 11.06.2013წ.), რომელშიც წარმოდგენილია კომპანიის მოსაზრებები საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედ მოდელთან დაკავშირებით.  კერძოდ, კომპანია აღნიშნავს, რომ კომისიამ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხელი შეუწყო საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სეგმენტის საგრძნობ გავითარებას. გარდა ამისა, დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტში შესული გადასახადები (მოგების გადასახადის სახით), ხოლო ქართული კომპანიების მიერ უცხოელი პარტნიორებისაგან მიღებული თანხები (ე.ი. საქართველოს ეკონომიკაში შემოსული კაპიტალი) 5,8-დან დაახლოებით 34,2 მლნ. ლარი გახდა;  გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომსახურების ღირებულების გაზრდა ფაქტიურად არ შეხებია საქართველოში მცხოვრებ აბონენტებს.

კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მაიფონი“ კომისიას სთავაზობს მათთვის მისაღებ ოპტიმალურ სქემას და მოდელს თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტარიფების და შემომავალი ზარების რეგულირება. კერძოდ:

კომპანიის აზრით ახალი რეგულირება, უნდა პასუხობდეს სამ ძირითად მოთხოვნას:

1.       კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებამ, მოახდინა შედარებით მცირე ავტორიზებული პირების გააქტიურება და შესვლა აღნიშნულ საბაზრო სეგმენტში, რამაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს გარკვეულწილად შეუმცირა მოზიდული საერთაშორისო ზარების ტრაფიკის მოცულობა. შესაბამისად ახალი რეგულირება უნდა აძლევდეს მცირე კომპანიებს განვითარების/ზრდის საშუალებას, მაგრამ მათი ზრდა ასევე უნდა თავსდებოდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს კომერციულ ინტერესებთან;

2.       მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა ვერ უნდა მოახერხონ ხელოვნური ბარიერების შექმნა მცირე ოპერატორებისათვის (მაგალითად E1 არხების მიწოდების შეფერხებით);

3.       მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა და მცირე ოპერატორებმა  არ უნდა მოახდინონ პირდაპირ ან ირიბად ფასების დემპინგი.

შპს „მაიფონი“ კომისიას მიმართავს წინადადებით, რომ №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მინიმალური ზღვრული ტარიფები 2013 წლის 1 აგვისტოს შემდეგ შეიცვალოს შემდეგნაირად:

ადგილობრივი მობილური ოპერატორების ნომრებზე საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ტარიფი გაიზარდოს 0,1 აშშ. დოლარიდან 0,15 აშშ. დოლარამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელებში ტერმინაციისას 0,05 აშშ. დოლარიდან 0,1 აშშ. დოლარამდე. იმისათვის,  რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების შემოსავალი გაიზარდოს მცირე კომპანიების ზრდასთან ერთად, შპს „მაიფონი“ კომისიას სთავაზობს ურთიერთჩართვის ტარიფის შემდეგი სახით რეგულირებას:

ა) საერთაშორისო ზარების მობილურ ოპერატორში ტერმინაციის ურთიერთჩართვის ტარიფი უნდა განისაზღვროს შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ანგარიშსწორების შესაბამისი თვის განმავლობაში თითოეულ მობილურ ოპერატორში დასრულებული წუთების რაოდენობა

500,000

500 001 –

1 000 000

1 000 001 –

1 500 000

1 500 001 –

2 000 000

ურთიერთჩართვის ტარიფი (თეთრი)

8.0

10.5

13.5

16.5

საშუალო ლარი–დოლარის გაცვლითი კურსი

1.65

1.65

1.65

1.65

ტარიფი (აშშ ცენტი)

4.8

6.4

8.2

10.0

ბ) საერთაშორისო ზარების ფიქსირებულ ხაზებზე ტერმინაციისას ურთიერთჩართვის ტარიფი უნდა განისაზღვროს ცხრილის მიხედვით:

ანგარიშსწორების შესაბამისი თვის განმავლობაში თითოეულ ფიქსირებულ ოპერატორში დასრულებული წუთების რაოდენობა

500,000

500 001 –

1 000 000

1 000 001 –

1 500 000

1 500 001 –

2 000 000

ურთიერთჩართვის ტარიფი (თეთრი)

2.0

4.0

6.0

9.0

საშუალო ლარი–დოლარის გაცვლითი კურსი

1.65

1.65

1.65

1.65

ტარიფი (აშშ ცენტი)

1.2

2.4

3.6

5.5

შპს ”მაიფონს” მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებებით, ბაზარზე მოქმედი მცირე კომპანიები შეინარჩუნებენ მათი საბაზრო წილის მინიმუმ 45%–ს მაინც, ხოლო ყველაზე აქტიურად მზარდ კომპანიებს მოუწევთ შედარებით დაბალ მზარდ მარჟაზე ოპერირება. ამასთან, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები მიიღებენ გაზრდილ შემოსავლებს როგორც მათ უკვე არსებულ ტრაფიკზე, ასევე მცირე კომპანიების საბაზრო წილის ზრდის შემთხვევაშიც.

                შპს ”მაიფონის” წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ახლად შექმნილი კომპანიები ოპერირების პირველი 6 თვის განმავლობაში უნდა სარგებლობდნენ ურთიერთჩართვის  მესამე დონის სატარიფო პაკეტით (ყოველთვიურად 1.000.000 - 1.500.000 წუთის დაშვებით), რადგან მცირე კომპანიას, რომელიც ისედაც ამ დიაპაზონში მუშაობს, ხარჯების შემცირების მიზნით არ გაუჩნდეს ინიციატივა დაარსოს ახალი კომპანია. ამასთან, იგივე შეზღუდვის მისაღწევათ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები უფლებამოსილი უნდა იყვნენ დამატებით E1 არხების ჩართვისას მოსთხოვონ კომპანიას საბანკო გარანტია, მაგრამ არაუმეტეს 10.000 ლარის ოდენობით, თითო ასეთ არხზე.

კომისია აღნიშნავს, ასევე რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს „გლობალ ერთმა“, შპს „სერვისნეტმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა–გუდვილკომმა“, შპს „ლაგიმ“, შპს „მაიფონმა“ და შპს „ჯეონეთმა“ (წერილი №22604, 28.03.2013წ.), რომელშიც წარადგინეს კომპანიის მოსაზრებები საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედ მოდელთან დაკავშირებით. 

კომპანიები აღნიშნავენ, რომ კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა კომისიის მიერ ჩატარებული ბაზრის სეგმენტის კვლევა, სადაც გამოყენებული იქნა კომისიაში არსებული ავტორიზებულ პირთა საერთაშორისო გამავალი და შემავალი ზარების თაობაზე 2005-2011 წლების ინფორმაცია. ასევე აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ კვლევამ აჩვენა თუ როგორ არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ საშუალო და პატარა ოპერატორები მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ფიქსირებულ და მოძრავ საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებთან შედარებით, კერძოდ იმის გამო რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების სატელეფონო ზარების წამოწყება–დასრულების (ურთიერთჩართვის) ზედა ზღვრულ ტარიფს გაუთანაბრდა ტერმინაციის ტარიფები, აღნიშნულ კომპანიებს (მაგთის, ჯეოსელს, მობიტელს, სილქნეტს) საშუალება ჰქონდათ საერთაშორისო ზარები საკუთარ ქსელში დაესრულებინათ მათივე ქსელში დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფით ან როგორც უმეტესად  ხდებოდა, ურთიერთჩართვის ტარიფზე უფრო დაბალ ფასად. მაშინ როცა დანარჩენ ოპერატორებს კონკრეტულ ქსელში ზარის დასრულებისათვის ურთიერთჩართვის ტარიფზე (2 თეთრი ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში და 8 და 11 თეთრი მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში) უნდა დაემატებინათ თავისი თუნდაც მიზერული ინტერესი და შედარებით ძვირად გაეყიდათ ტერმინირებული წუთი, ყოველივე ამან გამოიწვია პატარა  და საშუალო ოპერატორების ბაზრის ამ სეგმენტიდან განდევნა.

სწორედ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტერმინაციის ფასები ბევრად დაბალი იყო, ვიდრე ანალოგიურ მომსახურებაზე ბევრ სხვა ქვეყანაში, უცხოეთიდან საქართველოს მიმართულებით დადგენილ საცალო ტარიფებში ტერმინაციის ღირებულება ადეკვატურად არ აისახებოდა და შედეგად საქართველოში ტერმინაციის დაბალი ფასის ხარჯზე მაქსიმალურ მოგებას იღებდნენ უცხო ქვეყნის სატელეკომუნიკაციო კომპანიები.

კომპანიები ფიქრობენ, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაარეგულირა საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის ეს სეგმენტი. გასაყიდ ფასსა და ხარჯს შორის მიღებულმა სხვაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ავტორიზებულ პირთა შემოსავლები ისე, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის არ გაზრდილა საერთაშორისო ზარების საცალო ტარიფი. კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ კომპანიებმა მიიღეს დაახლოებით 24 მილიონი დოლარით მეტი შემოსავალი ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე.

კომპანიები აღნიშნავენ, რომ კომისიის ამ გადაწყვეტილებამ ყველა ავტორიზებული პირი ჩააყენა თანაბარ პირობებში, რამაც გამოიწვია ის, რომ თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო და პატარა ოპერატორები ბაზრის ამ სეგმენტზე ვერ ოპერირებდნენ, 2012 წლის 1 მაისიდან საშუალება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ ბაზარზე და კონკურენცია გაეწიათ წლების განმავლობაში კონკურენციაგადაჩვეულ ქსელის მფლობელი დიდი ოპერატორებისათვის.

კომპანიები ასევე აღნიშნავენ რომ მ/წლის 22 მარტს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. კომისიის სხდომაზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა განაცხადეს, რომ პატარა  და საშუალო ოპერატორების მხრიდან მოხდა დადგენილი ზრვრული ტარიფების დარღვევა და გაცილებით დაბალი ტარიფით საერთაშორისო ზარების ტერმინაცია, რის შედეგად მათ დაკარგეს საერთაშორისო ოპერატორებისაგან შემომავალი წუთების გარკვეული ოდენობა (და არა შემოსავალი) და დააყენეს საკითხი რომ პატარა და საშუალო ოპერატორებისაგან ამ მომსახურებაზე მათ ქსელში დასრულების ტარიფი ყოფილიყო განსხვავებული. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პატარა და საშუალო ოპერატორების ცალსახად დადანაშაულება ზღვრული ტარიფის დარღვევაში და ამ მიზეზით მათთვის განსხვავებული ტარიფის დადგენის მოთხოვნა ყოვლად მიუღებელია, რადგან აღნიშნული გამოიწვევს პატარა ოპერატორების განდევნას არა მარტო ბაზრის ამ სეგმენტიდან, არამედ მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზრიდან, ვინაიდან პატარა და საშუალო ოპერატორებისათვის მომსახურების ეს სახე (ტერმინაცია) წარმოადგენს მათი არსებობის ძირითად საშუალებას, მაშინ როცა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებისათვის მომსახურების ეს სახე არის მათი ბიზნესის ერთ–ერთი დამატებითი წყარო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის და დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანიები მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავნჯდომარეს დაავალოს შესაბამის სამსახურს ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის პროცესს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წერილით მიმართა შპს „სისტემნეტმა“ (წერილი №130, 24.06.2013წ.), რომელშიც წარმოადგინა მოსაზრებები შპს „მაგთიკომის“ და შპს „მაიფონის“ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედ მოდელთან დაკავშირებით. შპს „სისტემნეტი“ აღნიშნავს, რომ მათი მოსაზრებები  რიგ საკითხებთან მიმართებაში, არსებითად განსხვავდება წარმოდგენილი პოზიციებისგან. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ წარმოდგენილი წინადადება არასწორია და არ შეესაბამება სინამდვილეს იმ თვალსაზრისით, თითქოს არაკეთილსინდისიერი ქმედება ხორციელდებოდეს საერთაშორისო ოპერატორების მხრიდან, რაც ზარალს აყენებს ადგილობრივი ქსელის ოპერატორებს. რადგან, დღეს მოქმედი სამართლებრივი რეგულირება, სწორედ ადგილობრივ ოპერატორებს და არა, საერთაშორისო ოპერატორებს, აძლევთ საშუალებას დემპინგურ ფასად გაყიდონ საერთაშორისო ტრაფიკი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სისტემნეტს“ მიიაჩნია, რომ ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანს წარმოადგენს, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ ბაზარზე მოქმედმა ყველა ავტორიზებული პირის წარმომადგენელმა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ასევე  ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „მაიფონმა“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა–გუდვილკომმა“, სს „გლობალ ერთმა“ და შპს „ლაგიმ“ (წერილი №059, 11.07.2013წ.), რომელშიც წარმოადგენილია კომპანიების  მოსაზრებები საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედ მოდელთან დაკავშირებით.

ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიას წერილობით მიმართა შპს „სერვისმა“ (წერილი №6/3853-13, 19.07.2013წ.), რომელშიც წარმოადგინა კომპანიის  მოსაზრებები საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედ მოდელთან დაკავშირებით. კერძოდ, შპს „სერვისი“ ითხოვს:

1.       2013 წლის 1 აგვისტოს შემდეგ №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მინიმალური ზღვრული ტარიფები შეიცვალოს შემდეგნაირად: საერთაშორისო ზარების ტერმინაციისას ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებზე ტარიფი გაიზარდოს 0,10 აშშ დოლარიდან 0,15 აშშ დოლარამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელებზე ტერმინაციისას 0,05 აშშ დოლარიდან 0,07 აშშ დოლარამდე.

2.       ყოველთვიურად კომისიამ გაუგზავნოს ავტორიზებულ პირებს გასული თვის საერთაშორისო და ადგილობრივი ტრაფიკის შესახებ დეტალური მონაცემები.

3.       ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ღირებულება სატრანზიტო ოპერატორისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად: თითოეული წუთის ღირებულება თვეში 300 000 წუთამდე საერთაშორისო ტრაფიკის შემთხვევაში ტოლია კონკრეტული ოპერატორის ქსელში ზარის დასრულების ტარიფისა, ხოლო 300 001-ე ყოველი შემდეგი წუთის ღირებულება ტოლია საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრულ ტარიფს დამატებული დღგ.

კომპანიის აზრით ზემოთ აღწერილი სქემის ამოქმედების შემთხვევაში საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში ტერმინაციის ფასები შენარჩუნდება ზღვრული ტარიფის ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ასევე ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „ჯეონეთმა“ და შპს „სერვისნეტმა“ (წერილი №6/4038-13, 23.07.2013წ.), რომელშიც წარმოადგინეს კომპანიის  მოსაზრებები საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედ მოდელთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ მოითხოვეს:

1.       2013 წლის 1 აგვისტოს შემდეგ №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი მინიმალური ზღვრული ტარიფები შეიცვალოს შემდეგნაირად: საერთაშორისო ზარების ტერმინაციისას ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებზე ტარიფი გაიზარდოს 0,10 აშშ დოლარიდან 0,15 აშშ დოლარამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელებზე ტერმინაციისას 0,05 აშშ დოლარიდან 0,07 აშშ დოლარამდე.

2.       ყოველთვიურად კომისიამ გაუგზავნოს ავტორიზებულ პირებს გასული თვის საერთაშორისო და ადგილობრივი ტრაფიკის შესახებ დეტალური მონაცემები.

3.       ოპერატორის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ღირებულება სატრანზიტო ოპერატორისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად: თითოეული წუთის ღირებულება თვეში 200 000 წუთამდე საერთაშორისო ტრაფიკის შემთხვევაში ტოლია კონკრეტული ოპერატორის ქსელში ზარის დასრულების ტარიფისა, ხოლო 200 001-ე ყოველი შემდეგი წუთის ღირებულება ტოლია საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრულ ტარიფს დამატებული დღგ.

კომპანიების აზრით ზემოთ აღწერილი სქემის ამოქმედების შემთხვევაში საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში ტერმინაციის ფასები შენარჩუნდება ზღვრული ტარიფის ფარგლებში, რითაც ამ ბიზნესში მონაწილე ყველა სუბიექტი დარჩება მოგებული.

აღნიშნული კომპანიების მიერ შემოთავაზებულია ქსელის მფლობელი ოპერატორების ურთიერთჩართვის ტარიფის იმგვარად რეგულირება, რომელიც დამოკიდებული იქნება დასრულებული საერთაშორისო ტრაფიკის ოდენობაზე, კერძოდ, ძირითად პრინციპს წარმოადგენს ტრაფიკის ზრდასთან ერთად ქსელის მფლობელი კომპანიისთვის გადასახდელი ურთიერთჩართვის მომსახურების (ზარის დასრულების) ტარიფის ზრდა.

ამ წინადადების ფარგლებში წარმოდგენილია სხვადასხვა ვარიანტები, როგორც ტრაფიკის, ასევე ტარიფის ოდენობის კუთხით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ასევე  ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „გლობალ ერთმა“ და შპს „მაიფონმა“ (წერილი №99, 22.07.2013წ.), რომელშიც წარმოადგინეს კომპანიის  მოსაზრებები საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედ მოდელთან დაკავშირებით. კომპანიები აღნიშნავენ, რომ კომისიის №199/9 გადაწყვეტილებამ ყველა ავტორიზებული პირი ჩააყენა თანაბარ პირობებში, რის შედეგადაც საშუალო და პატარა ოპერატორებს საშუალება მისცათ დაბრუნებულიყვნენ ბაზრის ამ სეგმენტზე.  კომპანიები აღნიშნავენ, რომ კომისიის 2013 წლსი 22 აპრილს საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ზღვრულ ტარიფების მოქმედების ვადის გაგრძელების შემდეგ ოპერატორებს შორის მრავალჯერ გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საკითხის დარეგულირების თაობაზე წინადადებების შემუშავების მიზნით, მაგრამ შეთავაზებული წინადადება მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებისათვის ცალსახად მიუღებელი იქნა. ასევე მიუღებელია საშუალო და პატარა ოპერატორებისათვის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების წინადადება ანგარიშსწორების შესაძლო მოდელზე. ამასთან კომპანიები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ბაზარზე მოქმედი თითქმის ყველა ავტორიზებულ პირთა მოსაზრებაა, რომ ტერმინაციის ზღვრული ტარიფი არათუ გაუქმდეს, არამედ უნდა მოხდეს მისი გაზრდა. ზღვრული ტარიფის გაზრდის შემთხვევაში (მობილურ ქსელში 15 ცენტამდე და ფიქსირებულში 8 ცენტამდე) იგივე ტრაფიკის არსებობის პირობებში შესაძლებებლია შემოსავლების ზრდა განხორციელდეს დაახლოებით 62 მილიონ დოლარამდე. კომპანიების მოსაზრებით ზღვრული ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს ქსელის მქონე ოპერატორების ინტერესები და ამასთანავე შენარჩუნებულ იქნას დღეს არსებული საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ზღვრულ ტარიფსა და ქსელში ზარის დასრულების ტარიფს შორის არსებული ანგარიშსწორების პრინციპი.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ვარიანტები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ძირითადი პრინციპი ყველა წარმოდგენილი წინადადებებისა მდგომარეობს შემდეგში:

ხმოვანი სატელეფონო ზარების დასრულებისათვის ავტორიზებული პირების ქსელში ურთიერთჩართვის (კერძოდ, ზარის დასრულების) მომსახურების ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენა საერთაშორისო ზარებისათვის.

ამ პრინციპს ითვალისწინებს, როგორც ქსელის მფლობელი, ასევე ტრანზიტული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.

კომისია აღნიშნავს, რომ ამგვარი რეგულაცია, ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონს.

კანონში გათვალისწინებულია კომისიის ფუნქცია, საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე,  დაადგინოს სათანადო, ეფექტიანი რეგულაციები. თუმცა, აღნიშნული ნორმა არ გულისხმობს ქვეყნის შიგნით ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობის იმგვარი რეგულაციის შემოღებას, რაც წინააღმდეგობაში მოვა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონთან, ავტორიზებული პირების ვალდებულებებთან, გარეთვე კონკრეტული ბაზრის რეგულირების თაობაზე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს კომპანიების მიერ წარმოდგენილ რომელიმე წინადადებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “პ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე, კომისია უფლებამოსილია, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №274/9 გადაწყვეტილებით ეთხოვათ ავტორიზებულ პირებს წარმოედგინათ კომისიისათვის შეთანხმებული წინადადებები,  რაც კომპანიების მიერ ვერ მოხერხდა, თუმცა უდაოა, რომ აღნიშნული საკითხის დროებითი რეგულაცია საჭიროა მიღებული დადებითი შედეგების შესანარჩუნებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი რეგულაციის დადგენა უნდა მოხდარიყო კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად,  კომისიის მიერ 2013 წლის 28 ივნისს მიღებულ იქნა №426/23 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2013 წლის 26 ივლისს  16:00 საათზე.

ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ: ვ.აბაშიძე - სს ”სილქნეტის” ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახური; დ.თუთბერიძე - შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორი; ი.ჭანტურია - შპს ”კავკასუს ონლაინის” საერთაშორისო გაყიდვების და ოპერატორებთან ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი; ზ.გორგაძე - შპს ”მობიტელის” ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; ზ.გალუმაშვილი - შპს ”მაგთიკომის” გენერალური დირექტორის მოადგილე; დ.ძიძიგური - შპს ”მაგთიკომის” იურისტი; ნ.კახიძე – შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი; ა.ზოდელავა – შპს „მაგთიკომის“ დირექტორი; ი.შარაბიძე – შპს „მაგთიკომის“ იურისტი; მ.ჭილაღაძე – სს „სილქნეტის“ იურისტი; მ.გონაშვილი – სს „სილქნეტის“ იურიდიული სამსახურის უფროსი; ლ.ბუჩუკური – სს“სილქნეტის“ გენერალური დირექტორი; ნ. ოთარიძე – სს“სილქნეტის“ იურისტი; ნ.სუქიძე – სს“სილქნეტის“ იურისტი; რ.გოგინავა - სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელი; ხ.პეტრიაშვილი - შპს ”სერვისნეტის” დირექტორი; ი.ჭანტურია – შპს „კავკასუს ონლაინის“ საერთაშორისო გაყიდვების სამსახური; ნ. გიორგობიანი – შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტი; გ.ჭელიძე – შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტი; გ. ხანჯალაძე - შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” დირექტორი; ა.ქევხიშვილი – შპს „ჯეონეთის“ დირექტორი; თ.ხარაზიშვილი – შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტი; თ. ლალაზაშვილი – სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი; გ.ყურულაშვილი – შპს „ინტელფონის“ ტექნიკური დირექტორი; ლ.ჯავაზიშვილი – შპს “ინტელფონის“ მენეჯერი; გ. მთიულიშვილი – სს „სილქნეტის“ სტაჟიორი; ქ. ჩლაიძე - შპს ”მაიფონის” დირექტორი; გ. მელიქიძე – შპს ”მაიფონის” გენერალური დირექტორი; მ. გოთოშია - შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვიკომის” დირექტორი; ლ.გიორგაძე - შპს ”ჯეოსელის” იურისტი; გ.არღანაშვილი – სს ”გლობალ ერთის” დირექტორის მოადგილე; გ.მიქელაძე – სს“სილქნეტის“ ტექ. სპეციალისტი; ი.ენუქაშვილი – სს“სილქნეტის“ სტრატეგიული განყოფილება; ი. ვეკუა – შპს „სმარტლაინის“ დირექტორი.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ (მ.კანკავა)  წარმოდგენილი იქნა კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებით დადგენილი დროებითი რეგულირების შედეგები, კერძოდ:

აღინიშნა, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მიერ ყოველთვიურად ხდებოდა შემომავალი და გამავალი საერთაშორისო ტრაფიკების შესახებ ინფორმაციების წარმოდგენა უცხო ქვეყნის სატელეკომუნიკაციო კომპანიების დასახელებითა და შესაბამისი ანგარიშსწორების მიხედვით; ასევე შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ავტორიზებული პირების მიხედვით.

ანალიზისთვის ასევე გამოყენებულ იქნა კომისიაში არსებული ინფორმაცია ავტორიზებულ პირთა მიერ განხორციელებული საერთაშორისო ტრაფიკების შესახებ 2005-2012 წლებში და ინფორმაცია  2013 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით.

ინფორმაციის წარმოდგენა ხდებოდა შემდეგი ავტორიზებული პირების მიერ: შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“, სს “გლობალ ერთი“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები – გუდვილკომი“, შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „სისტემნეტი“, შპს „ლაგი“, შპს „ჯეონეთი“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია – ჯტს“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელები“, შპს „ახალი ტექნოლოგიები“,  შპს „ინტელფონი“, შპს „მაიფონი“, შპს „სერვისნეტი“, შპს „პრემიუმ ნეტი“ და შპს „სმარტ ლაინი“.

ავტორიზებული პირების ჩამონათვალი, რომლებიც ეწევიან შემომავალი და გამავალი საერთაშორისო ტრაფიკების მომსახურებას (მონაცემები 2012 წლის მაისიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით) შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი №1

არსებული მონაცემების ანალიზით საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ტრაფიკის მოცულობა (როგორც გამავალი, ასევე შემომავალი საერთაშორისო ზარები) 2005-2012 წლების განმავლობაში მატების ტენდენციით ხასიათდება, რომელიც გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №1

გამავალი და შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის მოცულობა  2012 წლის  იანვრიდან  2013 წლის მაისის ჩათვლით გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №2

2012 წლის მაისის თვეში შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის 55%–ის ტერმინაცია განხორციელდა მობილურ  ქსელებში, ხოლო 45%–ის ტერმინაცია ფიქსირებულ ქსელებში, ხოლო 2013 წლის მაისის თვეში შემომავალი საერთაშორისო ტრაფიკის 63%–ის ტერმინაცია განხორციელდა მობილურ  ქსელებში, ხოლო 37%–ის ტერმინაცია ფიქსირებულ ქსელებში, რაც გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №3

რაც შეეხება გამავალ საერთაშორისო ტრაფიკის მოცულობას 2012 წლის მაისის თვეში, გამავალი საერთაშორისო ტრაფიკის 66%–ი ხორციელდებოდა მობილური  ქსელებიდან, ხოლო 34%–ი ფიქსირებული ქსელებიდან, ხოლო 2013 წლის მაისის თვეში გამავალი საერთაშორისო ტრაფიკის 76%–ი განხორციელდა  მობილური  ქსელებიდან, ხოლო 24%–ი ფიქსირებულ ქსელებიდან, რაც გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №4

2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით გამავალი და შემომავალი  საერთაშორისო ტრაფიკიდან მიღებული შემოსავალი და გაწეული ხარჯი გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №5

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიების მიერ მიღებული  დადებითი ფინანსური ბალანსი უცხო ქვეყნის ოპერატორებთან ანგარიშსწორებისას გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №6

შემომავალი საერთაშორისო ზარები კომპანიების ჯგუფების მიხედვით 2012 წლის მაისი - 2013 წლის მაისი გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №7

გამავალი საერთაშორისო ზარები კომპანიების ჯგუფების მიხედვით 2012 წლის მაისი - 2013 წლის მაისი გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №8

2012 წლის მაისის თვეში საერთაშორისო შემომავალი ზარების ტერმინაციის 82%-ს ახორციელებდნენ აბონენტების მფლობელი მსხვილი კომპანიები, კერძოდ, შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“ და სს „სილქნეტი“, ხოლო 18%-ს –  სხვა დანარჩენი ავტორიზებული პირები. 2013 წლის მაისის თვის მონაცემებით კი საერთაშორისო შემომავალი ზარების ტერმინაციის 48% განახორციელა ზემოთ მოხსენიებულმა მსხვილმა კომპანიებმა (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“ და სს „სილქნეტი“), ხოლო 52% – შემდეგმა ავტორიზებულმა პირებმა: სს “გლობალ ერთი“, შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „ჯეონეთი“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები – გუდვილკომი“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია – ჯტს“, შპს „ინტელფონი“, შპს „ახალი ტექნოლოგიები“, შპს „სისტემნეტი“, შპს „მაიფონი“, შპს „ლაგი“, შპს „სერვისნეტი“, შპს „პრემიუმ ნეტი“ და შპს „სმარტ ლაინი“. აღნიშნული მონაცემები  შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი №2

კომპანიები

2012 წელი, მაისი

2013 წელი, მაისი

ქსელის მფლობელი კომპანიები

82.00%

48.00%

გლობალ ერთი

8.00%

11.00%

კავკასუს ონლაინი

3.00%

3.00%

ჯეონეთი

1.00%

2.00%

გუდვილკომი

0.00%

7.00%

ალექს დეველოპმენტი

5.00%

4.00%

GTC

1.00%

1.00%

ინტელფონი

3.00%

ახალი ტექნოლოგიები

4.00%

სისტემნეტი

1.00%

მაიფონი

6.00%

ლაგი

3.00%

სერვისნეტი

1.00%

პრემიუმ ნეტი

3.00%

სმარტ ლაინი

3.00%

            საქართველოში ზარების ტერმინაციისათვის 2011 წელს ავტორიზებული პირების მიერ გაწეული მომსახურების მოცულობამ შეადგინა 16,2 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 1,35 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო უცხო ქვეყნებში  ზარის ტერმინაციისათვის ავტორიზებული პირების მიერ გადასახდელმა თანხებმა შეადგინეს 12,7  მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 1,06 მლნ. აშშ დოლარი), ანუ საერთო ჯამში დადებითმა სალდომ შეადგინა  3,5 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 0,291 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო 2012 წლის მაისის თვიდან 2013 წლის მაისის თვემდე ავტორიზებული პირების მიერ გაწეული მომსახურების მოცულობამ შეადგინა 42,3 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 3,53 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო უცხო ქვეყნებში  ზარის ტერმინაციისათვის ავტორიზებული პირების მიერ გადასახდელმა თანხებმა შეადგინა 18,2  მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 1,52 მლნ. აშშ დოლარი), ანუ საერთო ჯამში დადებითმა სალდომ შეადგინა  24,1 მლნ. აშშ დოლარი (საშუალოდ თვეში 2,01 მლნ. აშშ დოლარი), რაც გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი №9

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას და კომპანიებს შორის გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ აღინიშნა კონტროლის განხორციელების მექანიზმის აუცილებლობის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის დარღვევის შესაძლებლობა. ამავე დროს, არ არის შემოთავაზებული რაიმე ფორმა, გზა, კონტროლის განხორციელებისა. ვერც კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტი ვერ სთავაზობს კომისიას მონიტორინგის ეფექტურ მექანიზმს. კომპანიების მიერ ყოველთვიურად ხორციელდება კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა:  განხორციელებული საერთაშორისო ტრაფიკის, გადასახდელი და მისაღები თანხების და კონტრაგენტების შესახებ. წარმოდგენილია ხელშეკრულებები და ინვოისები. თუმცა ამ ინფორმაცით და დოკუმენტაციით ვერ ხერხდება დამრღვევი ავტორიზებული პირების დადგენა.

ამავე დროს ყველა კომპანია აღნიშნავს არსებული რეგულაციის შედეგად ქვეყნისთვის მიღებულ დადებით შედეგებზე. განსაკუთრებით აპელირება ხდება ერთი მხრივ, კომპანიების,  მეორე მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის  გაზრდილ შემოსავლებზე.

კომისიამ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლების გაზრდის კუთხით ცალსახად დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ, ამავე დროს,  აღნიშნულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ხარვეზები გააჩნია, რაც ძირითადად დადგენილი ზღვრული ტარიფების ხელოვნურ შემცირებაში და ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ საერთაშორისო ტრაფიკების და შესაბამისად შემოსავლების  მკვეთრ შემცირებაში გამოიხატება, ამასთან ისიც, რომ კომპანიებისაგან დღეის მდგომარეობით  შეთანხმებული წინადადება ან რაიმე სხვა შემოთავაზება კომისიაში წარმოდგენილი არ არის, მიიჩნია, რომ 2012 წლის 13 მარტის №199 გადაწყვეტილებით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის მოქმედების ვადა,  უცვლელი რედაქციით შესაძლოა გაგრძელდეს სამი თვით – 2013 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე დროს, კომისიამ უნდა მიმართოს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღების თაობაზე საკითხის განხილვის თხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ” კომისიის 2012 წლის 13 მარტის №199/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. ზღვრული ტარიფები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 1 ნოემბრამდე;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის  და სამართლებრივ დეპარტამენტებს, მოამზადონ დაინტერესებულ პირთა და საკუთარი მოსაზრებების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით  საკითხის საკანონმდებლო რეგულაციის თაობაზე წერილის პროექტი.

3.გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                      ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                    ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                    ი. მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები