შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შპს „პალიტრა TV“-ს განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2013
მიღების თარიღი აგვისტო 01, 2013
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2013 წლის 30 ივლისს კომისიას განცხადებით მომართა შპს „პალიტრა TV“-მ (30.07.2013 N6/4169-13) შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „პალიტრა TV”-მ 2013 წლის 4 ივლისს განცხადებით მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შპს „მაგთიკომს“ და სს „ჯი ენ ენს“, შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოთხოვნა ეფუძნებოდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 და მე-19 პუნქტებს. შპს „პალიტრა TV” განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ არ განხორციელდა შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ განიხილოს აღნიშნული საკითხი, შპს „მაგთიკომი“ და სს „ჯი ენ ენი“ გააფრთხილოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევის გამო და ამავე დროს, დაავალდებულოს შპს „მაგთიკომი“ და სს „ჯი ენ ენი“, რათა მათ განათავსონ შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხი მათ სამომხარებლო პაკეტში, გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-19 პუნქტიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს წყვეტს კომისია შესაბამისი მაუწყებლის მომართვიდან 48 საათში.
შპს „პალიტრა TV“-მ განცხადება, შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის 30 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის N6/4169-13), შესაბამისად, კომისიაში საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 1 აგვისტოს 11:00 საათზე. საკითხის განხილვის თაობაზე წერილობითი შეტყობინებებით ეცნობათ შპს „პალიტრა TV“-ს (31.07.2013 - N04/1612-13), შპს „მაგთიკომს“ (31.07.2013 N04/1615-13) და სს „ჯი ენ ენს“ (31.07.2013 - N04/1616-13) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „მაგთიკომს“ და სს „ჯი ენ ენს“ ასევე გადაეგზავნათ ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეპასუხების წარმოდგენა 2013 წლის 31 ივლისის 19 საათამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 31 ივლისს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „მაგთიკომის“ (31.07.2013 N6/4187-13) და სს „ჯი ენ ენის“ (31.07.2013 N6/4202-13) შეპასუხებები შპს „პალიტრა TV”-ს განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ მზად არის განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება და განათავსოს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხი „მაგთისატის“ ქსელში. ამ მიზნით, კომპანიამ მიმართა შპს „პალიტრა TV”-ს რათა ამ უკანასკნელს შპს „მაგთიკომისთვის“ მიეწოდებინა ღია სატელევიზიო სიგნალი თანამგზავრზე, რათა შპს „მაგთიკომს“ ტექნიკურად შესძლებოდა განეთავსებინა სამაუწყებლო არხი სატრანზიტო ქსელში.
სს „ჯი ენ ენის“ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ სს „ჯი ენ ენი“ უზრუნველყოფს შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხის განთავსებას სამომხმარებლო პაკეტში, თუ შპს „პალიტრა TV” თავის მხრივ უზრუნველყოფს სამაუწყებლო სიგნალის მიტანას სს „ჯი ენ ენის“ საკაბელო ქსელის ჩართვის წერტილამდე (ქ.თბილისი წინამძღვრიშვილის ქუჩა N57-სა და N59-ს შორის ბ.38) როგორც შეპასუხებაშია აღნიშნული, ამის თაობაზე შპს „პალიტრა TV” არაერთხელ იქნა ინფორმირებული და მიეცა წინადადება, რათა უზრუნველეყო სამაუწყებლო სიგნალის მიტანა სს „ჯი ენ ენის“ ტექნიკური ჩართვის წერტილამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2013 წლის 1 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „პალიტრა TV”-ს, სს „ჯი ენ ენის“ და შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ შეპასუხებებს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ როგორც შპს „მაგთიკომი“, ასევე სს „ჯი ენ ენი“ მზად არიან განათავსონ შპს „პალიტრა TV”-ს სამაუწყებლო არხი მათ სატრანზიტო ქსელში და შესაბამისად, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში, იმ შემთხვევაში თუ შპს „პალიტრა TV” უზრუნველყოფს სამაუწყებლო სიგნალის მიტანას როგორც შპს „მაგთიკომის“ ასევე სს „ჯი ენ ენის“ ტექნიკური ჩართვის წერტილამდე.
კომისიის სხომაზე შპს „პალიტრა TV”-ს დირექტორმა ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, რომ მათთვის არ იყო ცნობილი რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის სამაუწყებლო სიგნალის ტექნიკური მიტანა უნდა უზრუნველეყო შპს „პალიტრა TV”-ს და კომპანია მზად არის განახორციელოს სიგნალის ტექნიკურად მიტანა როგორც შპს „მაგთიკომის“ ასევე სს „ჯი ენ ენის“ ტექნიკური ჩართვის წერტილამდე.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის, ასევე მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება; ამავე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტი, ხოლო მე-19 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში; მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა.
3. შპს „პალიტრა TV“ ფლობს კერძო საერთო მაუწყებლობის NB136 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს ტელემაუწყებლობის განხორციელებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით; შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტში შპს „პალიტრა TV”-ს განთავსების ვალდებულება აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს.
4. სს „ჯი ენ ენი“ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
1. A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქცელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ა) კოაქციალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ბ) კოაქციალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
2. B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
სს „ჯი ენ ენი“ ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას (მაუწყებლობის ტრანზიტს) ახორციელებს ქ.თბილისში. შესაბამისად, მის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს განათავსოს შპს „პალიტრა TV“ სამაუწყებლო სიგნალი მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტებში.
5. შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
1. A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
ა) სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ბ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
გ) სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
დ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
2. A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
3. A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
4. A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
5. A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
6.A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
GSM;
WCDMA;
CDMA.
7.A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
ა) თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ბ) თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
8.B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ა) ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ბ) საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
გ)საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
დ)ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
9.B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
ა) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);
ბ) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiMax;
WiFi;
3G;
CDMA.
10. B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ა) ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
ბ) რადიომაუწყებლობის ტრანზიტი;
11. B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ა) ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ბ) მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
გ) როუმინგული კავშირით მომსახურება;
12. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ა) ტექსტური შეტყობინებებით მომსახურება;
ბ) მულტიმედიური შეტყობინებებით მომსახურება;
გ) ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა)
დ)მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
ე) სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება;
13. B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
14. B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით
ციფრული მონაცემის გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით;
15.B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება;
16. B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
17. B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება;
შპს „მაგთიკომი“ ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას (თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებას) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად, მის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს განათავსოს შპს „პალიტრა TV“ სამაუწყებლო სიგნალი მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ სამომხმარებლო პაკეტებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიუთითებს კომისიის 2012 წლის 8 აგვისტოს N521/22 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, შემდეგს:
1. იმისათვის, რომ ტრანზიტულმა მაუწყებელმა უზრუნველყოს თანამგზავრული მაუწყებლის სიგნალის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში საჭიროა თანამგზავრულმა მაუწყებელმა მას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: თანამგზავრის სახელწოდება და მდებარეობა (კოორდინატი) გეოსტაციონალურ ორბიტაზე, სამუშაო სიხშირის (მიღების სიხშირის) მნიშვნელობა, პოლარიზაციის სიბრტყის პარამეტრი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური), სატელიტის მიმღების კოდი, კოდირების ტიპი და სიჩქარე.
2. იმისათვის, რომ ტრანზიტულმა მაუწყებელმა უზრუნველყოს თანამგზავრული მაუწყებლის სიგნალის განთავსება სამომხმარებლო პაკეტში საჭიროა განხორციელდეს სიგნალის მიტანის ტექნიკური უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი ტექნიკური საშუალებები:
ა) მიმღები ანტენა, რომელიც შედგება ”თეფშისა” (პარაბოლური რეფლექტორი), და მიმღები თაურასაგან ანუ კონვერტორისაგან (ამ რეფლექტორის ფოკუსში), რომელიც პირველადი გარდამქმნელია, ანუ გარდაქმნის სიგნალს 12 გჰც დიაპაზონიდან პირველ საშუალედო (1 გჰც) სიხშირულ დიაპაზონში;
ბ) მიმღები (რესივერი), რომელიც თაურადან მიღებულ სიგნალს გარდაქმნის სატელევიზიო სიგნალად (მეორე საშუალედო სიხშირე 70 მჰც დიაპაზონში) სატელევიზიო მიმღებზე მიღებისათვის. ერთი თანამგზავრული მიმღები (რესივერი) ღებულობს (გამოყოფს სატელევიზიო მიმღებით მიღებისათვის) ერთ არხს და იგი გადაწყობადია;
გ) ტრასნკოდერი - იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული სამაუწყებლო სიგნალის ფორმატი არ შეესაბამება ტრანზიტული მაუწყებლობის მიმწოდებლის მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიას.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალებიდან და მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ შპს „პალიტრა TV“-ს არ განუხორციელებია საკუთარი სამაუწყებლო სიგნალის შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ ტექნიკური ჩართვის წერტილამდე მიტანა და კომპანიებისთვის არც ის ტექნიკური პარამეტრები მიუწოდებია, რაც აუცილებელია სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კომისიის სხდომაზე დადასტურებულ იქნა თავად შპს „პალიტრა TV”-ს დირექტორის ზაზა ქანთარიას მიერ.
კომისიას მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე არ დასტურდება შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით მათზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებისა და კანონსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც შეიძლება გახდეს შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ მიმართ ამავე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, კერძოდ, გაფრთხილების გამოყენების საფუძველი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „პალიტრა TV“-ს განცხადება შპს „მაგთიკომის“ და სს „ჯი ენ ენის“ გაფრთხილების თაობაზე, მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17, მე-19 და მე-20 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-51 პუნქტის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „პალიტრა TV“-ს განცხადება (30.07.2013 N6/4169-13) შპს „მაგთიკომის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „მაგთიკომი“ გაფრთხილების თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს „პალიტრა TV“-ს განცხადება (30.07.2013 N6/4169-13) სს „ჯი ენ ენის“ მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს „ჯი ენ ენის“ გაფრთხილების თაობაზე, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 პუნქტის დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით გამოცხადებიდან 48 საათში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი..მოსეშვილი
